რატომ იქნებოდა ქეთათო მძიმე მამაკაცი და როგორი ქალი ენდომებოდა მას გვერდით
საკმაოდ ძლიერია, მაგრამ, მიაჩნია, რომ ეს სქესის კი არა, პიროვნული ღირსებების დამსახურებაა. ქეთათოსთვის ქალი და კაცი სულერთი ხდება, როცა ისინი ცხოვრებასთან პირისპირ ჭიდილში რჩებიან და საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა უწევთ. ამ დროს ნაკლებად უნდა იფიქრო იმაზე, ქალი ხარ თუ კაცი და წუწუნის გარეშე გაუმკლავდე პრობლემებს. ადამიანის მთავარი დანიშნულებაც ეს არის და მისი მოვალეობაც.
– ძალიან ბევრ მამაკაცს ჰგონია, რომ გაუმართლა, კაცად რომ გაჩნდა.
ქეთათო: დიახ, ბევრი მამაკაცი ფიქრობს ამას და, შეიძლება, მართლებიც არიან. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი სქესი ყველასთვის უფრო მნიშვნელოვანია – მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც. ქალებიც ფიქრობენ, რომ გაუმართლათ, რადგან ქალობაც არანაკლები ბედნიერებაა, თუმცა, თავისთავად, ბევრი სირთულეც ახლავს. მე ასე ვიტყოდი: არც კაცობაა ადვილი და არც ქალობა. ორივემ უნდა იცოდეს, რა აკეთოს და როგორ იპოვოს თავისი ადგილი ამ სამყაროში.
– კაცობა ადვილი იმ მამაკაცებს ჰგონიათ, პასუხისმგებლობას რომ გაურბიან.
– ადამიანები საერთოდ გაურბიან პასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ არ არის ადვილი. თანაც, ყველას თავისებურად ესმის ეს პასუხისმგებლობა. ქალებს სხვანაირად გვესმის და კაცებს კიდევ უფრო სხვანაირად. საქმე ისაა, რომ ჩვენი აზროვნებაა განსხვავებული, ჩვენი შინაგანი სამყარო. თან, ადამიანები ინდივიდუალურებიც არიან და ესეც მოქმედებს.
– გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა, მამაკაცი ყოფილიყავი?
– რა ვიცი, შეიძლება, ვყოფილიყავი. მაგრამ, თუ გულისხმობ იმას, ვაკეთებ თუ არა მე კაცის საქმეს, მგონი, ჩვენს დროში საქმე უკვე აღარ იყოფა კაცისა და ქალის საკეთებლად. ყველა სფერო ერთნაირად არის ათვისებული როგორც ქალის, ისე მამაკაცის მიერ. ქალები ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რისი კეთებაც ადრე მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ. რაც შემეხება მე, ჩემთვის მთავარია ადამიანი: ან არის ადამიანი, ან – არა, სქესს ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. ვერ დავყოფ ისე, რომ, რადგან კაცია, ამიტომ იმსახურებს პატივისცემას, ან – პირიქით. ყველა ადამიანური სისუსტე და, ასევე, ღირსებაც, ერთნაირად შეიძლება ჰქონდეს როგორც ქალს, ასევე მამაკაცს. მე ასე მიმაჩნია. ადამიანების უმეტესობამ, საერთოდ არ იცის, რა უნდა და რისკენ მიილტვის. მათი სქესი ამ შემთხვევაში არაფერს წყვეტს.
– მამაკაცები უფრო მეოცნებენი არიან, ქალები კი პრაგმატულად აზროვნებენო.
– კონკრეტულად, მეზღაპრე მამაკაცი უფრო მეტია. ძმები გრიმები, ანდერსენი მათ ისეთი ზღაპრული სამყარო შექმნეს, რომ ათეულობით წლებს გაუძლო. მაგრამ ქალებმაც არანაკლები კონკურენცია გაუწიეს მათ ზღაპრების შეთხზვაში და ამის დასამტკიცებლად ასტრიდ ლინდგრენიც საკმარისია. ზოგადად, ყველა ადამიანს აქვს ზღაპრის მოთხოვნილება. მიდრეკილია, იოცნებოს იმაზე, რაც არ აქვს, თავის წარმოსახვაში მაინც იცხოვროს ისე, როგორც უნდა, რომ ცხოვრობდეს. ეს არ არის არც ტრაგედია და არც სისუსტე. მე ვიცი ქალები, რომლებიც სულ რაღაც ოცნებით ცხოვრობენ. ამიტომ ვამბობ, სქესი არ არის განმსაზღვრელი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში. მიზანდასახული უნდა იყო, რომ რაღაცას მიაღწიო, თუნდაც, იმ შენს წარმოსახვაში შექმნილს. რა მნიშვნელობა აქვს, ქალი იქნები, თუ კაცი?!
– საქართველოში ქალები ძალიან ხშირად არიან „შემძვრალი“ „კაცის ტყავში“. ვგულისხმობ იმას, რომ მათ კაცის საქმის კეთებაც უწევთ და ქალისაც, მაგალითად – ოჯახის შენახვა.
– გააჩნია, როგორ ქალებსა და კაცებზე გვაქვს საუბარი. როცა ადამიანს საკუთარი ადგილი ნაპოვნი არ აქვს, როცა არ იცის, რა მოვალეობა აკისრია და, საერთოდ, რისთვის ცხოვრობს, ის ვერაფერს გააკეთებს. ქალი თუ „კაცის ტყავშია“, ეს არ არის მისი პრობლემა, არც დანაშაული. თუ შეუძლია, ძალიან ბევრი ფუნქცია აიღოს საკუთარ თავზე და არ ეშინია ამის, ძალიან კარგია.
– ეთანხმები მოსაზრებას, რომ პროგრესის მამოძრავებელი არის ქალი, თავისი ინტრიგული ბუნებიდან გამომდინარე?
– მამაკაცები არ არიან ინტრიგანები? ინტრიგანი კაცები მინახავს?! – არ დაგესიზმრება ეგეთი. (იცინის). გოიმ კაცს ინტრიგის ხლართსაც გაუბამ, გადაუბამ კიდეც და წააქცევ. მაგრამ, ინტრიგას დიდი დღე არ უწერია, ისევე, როგორც ინტრიგანი მამაკაცი არ სჭირდება არავის. მაგრამ, საერთოდ, ჩემთვის ასეთ რაღაცეებზე ფიქრი ძალიან დიდი ფუფუნებაა, უფრო მნიშვნელოვანზე ვფიქრობ, ღირებულზე.
– ხომ არ ფიქრობ, რომ ახლა გაცილებით მეტი საზრუნავი გაქვს, როცა ცხოვრებასთან პირისპირ მარტო ხარ?
– ადამიანი ცხოვრებასთან პირისპირ ყოველთვის მარტოა, მნიშვნელობა არა აქვს, ჰყავს გვერდით საყვარელი ადამიანი, თუ არა. მარტო იბადები და მარტო კვდები. ასეა ეს ქვეყანა მოწყობილი. მარტო ხარ და პრობლემები მოგემატაო?! (იღიმება) არ ვიცი. შეიძლება, რაღაც პრობლემები მომემატა კიდეც, ხანდახან წამოყოფენ, ხოლმე თავს. მაგრამ ვცდილობ, მალევე მოვაგვარო.
– ქალს უფრო შეუძლია იყოს მობილიზებული და ძლიერი?
– ქალს გააჩნია. თუმცა, როცა უკვე დედა ხარ, უნდა იყო მობილიზებული, სხვანაირად არ გამოდის. რაც შეხება ქალურ ეგოიზმს, არსებობს თუ არა ის, რა თქმა უნდა, არსებობს. დედაა და ეგოისტი ვერ იქნებაო, არ არის მართალი. არიან ქალები, რომლებსაც არავინ უყვართ საკუთარი თავის გარდა. მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც თავად ესიამოვნებათ, არც დედის როლი ადინჯებთ და არც სიყვარული. ძალიან ძნელია, კონკრეტულად, ერთი საზომით მიუდგე ყველას და ყველაფერს, რადგან ყველა თვისება, ღირსება, ნაკლი ინდივიდუალურია. იმიტომ, რომ თვითონ ადამიანია ინდივიდი. აქედან უნდა გააზრება ამ ყველაფერს.
– რატომ არის კაცი ძლიერი სქესი? ყოველ შემთხვევაში, მათ ასე ჰქვიათ. საქმე მარტო ფიზიკურ ძალაშია?
– ერქვათ, რა შავდება ამით, თუკი მოსწონთ და უნდათ? კი, მამაკაცი ფიზიკურად არის ძლიერი. გამომგონებლის ნიჭიც აქვს და მეცნიერებაშიც ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ ჩვენ გარეშე მამაკაცს არ შეუძლია ყოფნა და ვერაფერს შექმნიდა, ქალი რომ არ ყოფილიყო (იცინის).
– ვერც ვერაფერს გამოიგონებდნენ და ისხდებოდნენ გამოქვაბულებში.
– რა არის, იცი? რადგან ღმერთმა ორი სქესი გააჩინა, ესე იგი, ასე იყო საჭირო. ასე ჯობია და ცალ-ცალკე მათ არსებობას აზრი არ აქვს. მთავარია, ქალმაც და მამაკაცმაც თავიანთი ადგილი იცოდნენ. ეს არის ნორმალური. დანარჩენი უკვე ანომალიაა.
– როგორია გამაღიზიანებელი მამაკაცი?
– ანუ, როგორი არ უნდა იყოს მამაკაცი?! მამაკაცი არ უნდა იყოს დაკომპლექსებული. სულერთია, ეს კომპლექსი რაში გამოიხატება. მე მიმაჩნია, რომ ეს ისეთი ცუდი რაღაცაა, ყველაფერში გამოიხატება და ასეთი კაცი ძალიან არასასურველია. კომპლექსი ბადებს შიშს, შეშინებულ მამაკაცზე საშინელი სანახავი კი, არაფერია.
– ტკივილსაც ჩვენზე ცუდად იტანენ?
– სიმართლე გითხრა, მამაკაცის ტკივილზე არ მიფიქრია.
– წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს გაიგო, რას ფიქრობენ მამაკაცები, ანუ, მოუსმინო, მათ ფიქრებს...
– მე არ მჭირდება მაგის წარმოდგენა, ისედაც მესმის მათი ფიქრების. თანაც, არა მარტო მამაკაცების, ქალებისაც. ასე პირდაპირ არ მესმის, მაგრამ ვგრძნობ, თანაც, ძალიან კარგად. არ არის აუცილებელი, ხმები ჩაგესმოდეს. ეს უფრო ნიჭია, ალბათ, ვიდრე გამოცდილება.
– ანუ, დაახლოებით გრძნობ, რას ფიქრობენ, როცა გელაპარაკებიან?
– დაახლოებით კი არა, ზუსტად ვხვდები (იცინის).
– ამ ნიჭის წყალობით შეცდომებს ნაკლებად დაუშვებ?
– შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის. შეცდომას ვუშვებთ ყველა, იმიტომ, რომ ადამიანი მაინც იმპულსურია და ძალიან ხშირად მის საქციელს სურვილი განსაზღვრავს. მაგრამ, ცხოვრებაც ხომ ეს არის შეცდომა დაუშვა, ზოგჯერ მაინც აკეთო ის, რაც გინდა. მთავარია, ისეთი შეცდომა არ დაუშვა, მერე მთელი ცხოვრება, სანანებლად გქონდეს.
– ქეთათო როგორი კაცი იქნებოდა?
– მძიმე ძალიან (იცინის) და გვერდით აუცილებლად ჭკვიანი ქალი მენდომებოდა, რომ მყოლოდა.