მოუხელთებელი ბანდა, კარნავალი, ფიფქია და შვიდი ოპერი
ფიფქია და შვიდი ოპერი...
„მურში“, როცა ბანდიტიზმთან ბრძოლის განყოფილებაში გადამიყვანეს სამუშაოდ, იმ პერიოდში მოსკოვში პოგორელოვის ბანდა თარეშობდა. ვიტალი პოგორელოვი ყოფილი მილიციელი იყო, რომელიც სამსახურიდან გააგდეს და ციხეში ჩასვეს. ხოლო რომ გამოვიდა, თავისნაირები შემოიკრიბა და ბანდა ჩამოაყალიბა. ბანდის შემადგენლობაში რვა კაცი იყო.
1975 წლის 31 დეკემბერია, „მურში“ ტრადიციული საახალწლო კარნავალი იმართება და მე თოვლის ბაბუა ვარ, ხოლო ჩვენი ახალგაზრდა ექსპერტ-კრიმინალისტი ლენა პავლოვა კი – ფიფქია. ჩემი განყოფილების ოპერებმა ჯუჯების კოსტიუმები ჩაიცვეს. სცენარის მიხედვით, ახალი წლის დადგომისთანავე მე და ლენას მაგიდებს შორის უნდა ჩამოგვევლო და თანამშრომლებისთვის პატარ-პატარა სუვენირები ჩამოგვერიგებინა, რითაც უზარმაზარი ხურჯინი მქონდა გამოტენილი.
მხიარულება პიკს უახლოვდება, ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც 2 საათია დარჩენილი, როდესაც „მურის“ მორიგემ გამიხმო და ერთ-ერთ ჩემს აგენტს შემახვედრა, რომელმაც მაცნობა, რომ ბანდიტი პოგორელოვი და მისი მეგობრები მოსკოვის ცენტრში, მცირე არბატზე მდებარე ერთ-ერთ სახლში იმყოფებიანო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი ჩემი განყოფილების „ჯუჯობა“ გამოვიძახე და პოგორელოვის ბანდის აყვანის გეგმის შედგენას შევუდექით. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვეძლო, რომ ალყაში მოგვექცია სახლი და ბანდისთვის დანებება შეგვეთავაზებინა, მაგრამ ეს საშიში იყო ფიზიკურადაც, რადგან ხაფანგში მომწყვდეული ბანდიტები მშვიდობიან მოსახლეობას ამოეფარებოდნენ და ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპებოდა და იდეოლოგიურადაც, რადგან მოსკოვის ცენტრში მასობრივ სროლას და აურზაურს არავინ გვაპატიებდა და სამსახურს დაგვატოვებინებდნენ. ამიტომ პატარა სპექტაკლის დადგმა გადავწყვიტეთ. მთელი ჩვენი განყოფილება მიკროავტობუსში ჩავსხედით, თან ჩვენი ფიფქია, მომხიბვლელი ლენაჩკა წავიყვანეთ და ძველი არბატის იმ სახლს მივადექით, სადაც პოგორელოვი და მისი დამქაშები ბუდობდნენ. როცა სამსართულიანი, ძველი სახლის ეზოში შევედით, ისეთი გნიასი ავტეხეთ, რომ მთელი მეზობლები ღია აივნებზე გამოვიდნენ და ჩვენს ცეკვა-თამაშს ტაშს უკრავდნენ. როდესაც საკონცერტო ნაწილი დასრულდა, ჩვენ საჩუქრების დარიგება დავიწყეთ და სართულებს ჩამოვუარეთ. პოგორელოვი და მისი ბიჭები პირველი სართულის ბინაში იმყოფებოდნენ. ლენამ მათ დაუკაკუნა, კარი გააღებინა და ოთახში, სადაც რვა საშიში დამნაშავე იმყოფებოდა, ცეკვა-თამაშით შევედით. მე და ლენა ვმღეროდით, „ჯუჯები“ ცეკვავდნენ და როდესაც სიმღერა დავასრულე და წინასწარ შეთანხმებული ფრაზა ვთქვი „მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს!“ „ჯუჯები“ ბანდიტებს დაეტაკნენ, განაიარაღეს, ხელბორკილები დაადეს და „მურში“ წავიყვანეთ. ახალი წლის დადგომას ბეწვზე მივუსწარით და ჩვენს დანარჩენ კოლეგებთან ერთად შამპანურიც შევსვით. მაგრამ საჩუქრების დარიგება ვერ მოვახერხეთ, რადგან ისინი ძველი არბატის მობინადრეებს ერგოთ...
„ქსივიანი“ მძარცველები
1985 წლის 31 დეკემბერია, გაგანია „პერესტროიკა“. ახალ წლამდე სამიოდე საათია დარჩენილი. იმ პერიოდში უკვე უშიშროებაში ვმუშაობდი და „მურელ“ სტუმრებს ველოდებოდი. სუფრა გაწყობილი მქონდა და როდესაც თვალი გადავავლე, აღმოვაჩინე, რომ მარილი აკლდა. რადგან სახლში მარტო ვიყავი, გასტრონომში მე თვითონ ჩავედი, მარილი რომ მეყიდა. ჩემი სტუმრები კი კიბეზე შემხვდნენ. მე მათ გასაღები მივეცი, ვუთხარი, ბინაში შესულიყვნენ და გზა განვაგრძე. გასტრონომი უკვე იკეტებოდა, იქ მხოლოდ გამყიდველი იყო და ბეწვზე მივუსწარი. დამდეგი ახალი წელი მივულოცე, ფული გავუწოდე და ვუთხარი:
– თუ შეიძლება, მარილი მომეცით.
უცებ უკნიდან მომესმა:
– არ გაინძრეთ, თორემ აქაურობას ჰაერში ავწევთ!
შევტრიალდი და რას ვხედავ, გასტრონომში ვიღაც ნიღაბაფარებული ბიჭი დგას, მარცხენა ხელში ხელყუმბარა უჭირავს, მარჯვენაში კი – უზარმაზარი ჩანთა და გამყიდველს ნავაჭრ ფულს და სურსათ-სანოვაგეს სთხოვს, თან იქაურობის აფეთქებით იმუქრება. ბიჭს ისე უკანკალებდა ხელყუმბარიანი ხელი, რომ ვუთხარი:
– ნუ ნერვიულობ, დეტონატორს მაგრად მოუჭირე ხელი, რომ არ აგიფეთქდეს-მეთქი.
ბიჭმა ჩემი რჩევა ყურად იღო და ხელყუმბარას მაგრად ჩასჭიდა ხელი. გამყიდველმა კი მას 600 მანეთი მისცა, შემდეგ სხვადასხვა პროდუქტები ჩაულაგა ჩანთაში. ბიჭმა უღრიალა:
– სასმელები, ჩქარა კონიაკი და არაყიც ჩამიდე!
მართალია, ბიჭს ნიღაბი ეკეთა და სახე არ უჩანდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, ასაკით პატარა იყო. დაბნეულმა გამყიდველმა უთხრა:
– სასმელი არ გერგება, ასაკით პატარა ხარ და არასრულწლოვნებზე სასმელის გაცემა კატეგორიულად იკრძალება.
დაიბნა ბიჭიც. მან ჩანთა იატაკზე დადო, პასპორტი ამოიღო და გამყიდველს დაანახვა, თან უთხრა:
– შენ მე ვიღაც ლაწირაკი ხომ არ გგონივარ, უკვე 18 წლის ვარ, აი, ჩემი „ქსივა“...
ყმაწვილის პასპორტს მეც ჩავხედე, მისი ვინაობა და მისამართი ამოვიკითხე და გამყიდველს ვუთხარი:
– ბიჭი მართალია, 18 წლისაა და სასმელი ეკუთვნის...
გამყიდველმა ბიჭს სასმელები ჩაუწყო და გაისტუმრა. მე კი მარილით ჩემს ყოფილ კოლეგებთან დავბრუნდი. მძარცველის ყველა კოორდინატი გადავეცი და „ქსივიანი“ მძარცველი ახალი წლის დადგომამდე აიყვანეს...
პოლკოვნიკ ნოდარ კოხრეიძის ნაამბობის მიხედვით