სად მიულოცა ახალი წელი მდედრობითი სქესის თოვლის ბაბუამ ირაკლი ჩოლოყაშვილს და რატომ იქეიფეს 31 დეკემბერს მან და პრეზიდენტმა ჰაერში
მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი ძალიან თბილი, ენაწყლიანი და კომუნიკაბელური ადამიანია. ალბათ, ბევრი ვერ დაიკვეხნის, რომ ახალ წელს ჰაერში შეხვდა. აი, ირაკლის კი, 31 დეკემბრის ღამეს ისეთი სუფრა გაუშალა საქართველოს პრეზიდენტმა თვითმფრინავის სალონში, რომ ჩიტის რძეც კი არ აკლდა.
თუ რატომ ჩაითრია მშიერ კუჭზე თურქეთის ჭაობმა ირაკლი, ვის ულოცავდა ის დაბადების დღეს ჰაერში ყანწით და მრავალჟამიერით, როგორ არბენინებდა ის მეზობელ ქალებს ნაგვის ყუთებით დილაობით, ამაზე თავად გვესაუბრება.
– ირაკლი, ხშირად ხვდები გამოუვალ, კურიოზულ და სასაცილო სიტუაციებში და რა გეხმარება იქიდან თავის დაძვრენაში – იუმორი, მოხერხებულობა, თუ რამე შენეული მეთოდები გაქვს?
– კურიოზულ, გამოუვალ, თუ სასაცილო სიტუაციებში არაერთხელ მოვხვედრილვარ, მაგრამ ყოველთვის დამიძვრენია თავი. ხომ იცით, ამბობენ, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობსო.
– თოვლის ბაბუა თუ გილოცავდა ბავშვობაში ახალ წელს და საჩუქრებით განებივრებდა?
– სანამ ამ ისტორებს მოგიყვებით, გეტყვით, რომ ერთხელ ახალ წელს ლონდონში შევხვდი. თეატრიდან გასტროლები გვქონდა. ძალიან მაგარი იყო. მთელი ხალხი ქუჩაში ზეიმობდა. ჩვენც ქუჩაში შევხვდით შამპანურის ბოთლებით ხელში. ულამაზესი სანახაობა იყო, შთამბეჭდავი და განსხვავებული. ერთხელ კი, საბავშვო ბაღში მოგვიწყვეს ბავშვებს საახალწლო ზეიმი. წარმოიდგინეთ, თოვლის ბაბუა ქალი იყო (იცინის). როცა მივხვდი, რომ ჩვენს მზარეულ ქალს ჰქონდა ხელოვნური წვერი გაკეთებული და ხმას იბოხებდა, აი, იქ დაიმსხვრა მითი ჩემთვის თოვლის ბაბუის შესახებ. ბალიშის ქვეშაც მხვდებოდა ხოლმე საჩუქრები და მახსოვს, როგორ მიხაროდა. იცით, რაზე ვბრაზდები ხოლმე ახალი წლის დღეებში?
– არა, არ ვიცი, რაზე ბრაზდები?
– რაზე და ასაფეთქებლებით რომ იციან ხუმრობა. შენ გულს გიხეთქავენ და თვითონ კი კვდებიან სიცილით. მე ახალგაზრდა ვარ და ჯანდაბას, მოხუცები მეცოდება. წარმოიდგინეთ, მიდიან თავისთვის ჩაფიქრებულები და უცბად ფეხქვეშ რაღაც ფეთქდება. ბებია მყავს, სულ მალე ოთხმოცდაცამეტი წლის გახდება. ასაკთან შედარებით კარგ მდგომარეობაშია. მოდის თავის საქმეებზე ქუჩაში და მას რომ ვიღაცამ ასაფეთქებელი შეუგდოს ფეხებში, ხომ გადაირია? ჩემი აზრით, ასე არ უნდა იხუმრონ ბავშვებმა, ეს ცუდი ხუმრობაა. თავად მეც მიხუმრია ბავშვობაში. ადრე დადიოდა ნაგვის მანქანები და მენაგვე შემოჰკრავდა ხოლმე ზარს და ხალხიც გარბოდა ნაგვით ხელში ქუჩაში. მე მეორე სართულზე ვცხოვრობდი. პირდაპირ ჩემი ფანჯრის ქვეშ აჩერებდა და აივნიდანვე ვყრიდი ნაგავს მანქანაზე. ერთ დღესაც ვიფიქრე და მოვიფიქრე: თუჯის ქვასანაყი მქონდა, გავდიოდი დილით, შემოვკრავდი ქვასანაყს და ზუსტად მენაგვის ზარის ხმა ჰქონდა. მერე მე ჩავიმალებოდი და ვუყურებდი, როგორ გამორბოდნენ მეზობლის ქალები ნაგვის ვედროებით ხელში. მიხვდებოდნენ, რომ მოტყუვდნენ და უკანვე შეჰქონდათ ნაგავი სახლში. მერე ნამდვილი მენაგვე რომ მოვიდოდა და ჩამოჰკრავდა ზარს, არავინ აღარ გადიოდა, ისევ ხუმრობა ეგონათ. უკვირდა ხოლმე მენაგვეს, ეს ხალხი სად დაიკარგაო. (იცინის) სულ მინდოდა, ბავშვობაში თბილისში მეგუნდავა, მაგრამ ისე თოვდა, სანამ გარეთ გავიდოდი, მანამდე დნებოდა თოვლი. გული მწყდებოდა. არადა, ჩავითბუნებოდი, გავიკეთებდი ხელთათმანებს, გავიდოდი გარეთ და ასფალტზე მივახოხიალებდი ციგას, მაგრამ დღეს ესეც სასიამოვნოდ მახსენდება. ერთხელ კი ბავშვობაში ხარაგაულში ვისვენებდი და ერთ სახლში სტუმრად მისულმა დავინახე ქლიავის ტყლაპი. ისე მომინდა, მივადექი და ვჭამე და ვჭამე. ახალი დასხმული იყო, მზეზე იდო გასაშრობად და ისე გამოიყურებოდა, პირდაპირ მეძახდა, მოდი და შემჭამეო. (იცინის) მეც მივვარდი და გადავჭამე. რას მეტყოდა სახლის პატრონი? ბავშვი ვიყავი, იდო, ავიღე და შევჭამე, ხომ არ მომიპარავს და არც სხვაგან წამიღია? ასე რომ, დანაშაული არ ჩამიდენია. ისე, დღესაც რომ დავინახო ისეთი ქლიავის ტყლაპი, „სპასობნი“ ვარ მივვარდე და შევჭამო.
– ამბობენ, ირაკლი ხშირად ეშლებოდათ ვაკაჭიშიო. კი მაგრამ, რა გაქვთ საერთო?
– არ ვიცი, რა გაქვს საერთო, მაგრამ ფაქტია, მიგვამსგავსეს. ერთი რეჟისორია და სულ ვაკაჭიში ვეშლებოდი. ვაკაჭი ტელევიზიაში მუშაობდა და ხშირად ჩანდა ეკრანზე. მეუბნებოდა ხოლმე, ტელევიზიაში რომ ასე ხარ და ისეო. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა. ერთხანს თმა მქონდა გადაპარსული და ალბათ, ამიტომ მიმამსგავსა. ეტყობა, თავის ფორმით ვგავართ მე და ვაკაჭი ერთმანეთს. რა გითხრათ.
– ახალ წელს ჰაერში მართლა იქეიფეთ შენ და სააკაშვილმა ყანწებით ხელში?
– რაც შეეხება ჰაერში შეხვედრას. ახალი წლის წინა დღეს, კერძოდ, 31 დეკემბერს მომიწია პრეზიდენტის ოჯახთან ერთად კიევში გაფრენა და აღმოვჩნდი ჰაერში ედუარდ რულოვსის, ანუ პრეზიდენტის ცოლის მამის დაბადების დღეზე. არასდროს დამავიწყდება ეს დღე. ჩვენთან ახალი მომხდარი იყო ვარდების რევოლუცია და მთელი ჯგუფი მივდიოდით კიევში ნარინჯისფერი რევოლუციის მხარდასაჭერად. მოკლედ, თვითმფრინავში გავიგეთ, უფრო სწორად, პრეზიდენტმა გვითხრა, ჩემი სიმამრის დაბადების დღეა და აბა, ბიჭებო, მივულოცოთო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა? გაიშალა სუფრა, ჩამოასხეს სასმელი და მრავალჟამიერიც დავამღერეთ ხმებში.
– დარწმუნებული ვარ, ეს დაბადების დღე იუბილარს არასდროს დაავიწყდება. არ მეთანხმები?
– გეთანხმებით აბა, ჰაერში რომ მოგილოცავენ და თან ქართულ მრავალჟამიერს გაგიშლიან ხმებში, ამას რა ჯობია?! კარგადაც „ჩავუფინე“ სასმელი და კარგი დროც ვატარე.
– თურქეთში როგორღა გადაურჩი დახრჩობას – ერთი ეს ისტორიაც მომიყევი.
– თურქეთში, კერძოდ, ანკარაში ვიყავით ჩასულები. ფესტივალი ტარდებოდა. სასტუმროსთან გვაკითხავდა ხოლმე ავტობუსი და სასადილოში, სადაც ვიკვებებოდით, იქ მივყავდით. დაახლოებით ათ წუთს ვუნდებოდით იქ მისვლას. იქ ერთი ტბა არის, იმ ტბას ავტობუსით შემოვუვლიდით და ადგილზე ვიყავით. დღეში სამჯერ გვიწევდა ამ ავტობუსში ჩაჯდომა და საჭმელად წასვლა. ერთ დღესაც, დავაგვიანე სასტუმროდან გამოსვლა და ავტობუსი წასული დამხვდა. ვიფიქრე, რაღა შემოვუარო იმ ტბას და დრო დავკარგო, არ ჯობია მოკლეზე წავიდე და ტბა გადავცურო პირდაპირ-მეთქი. მოკლედ, შევტოპე, ტბამ ჩამითრია და ისე ჩამიყოლა, ვერ გეტყვით, როგორ გადავურჩი იქ დახრჩობას. მე მეგონა, მიწა იყო, ფეხი რომ დავდგი, ჭაობი აღმოჩნდა და მე იქ ჩემი ცხოვრების კადრებმა გამირბინა თვალწინ, მტრისას, არავის ვურჩევ იგივე განიცადოს. ვფართხალებდი, არ ვნებდებოდი, თან ვფიქრობდი, ეჰ, სად ვკვდები, ცეცხლი ჭამა ჩემმა პირმა-მეთქი (იცინის). როგორც იქნა, ამოვძვერი, მაგრამ, რად გინდა, ასე გატურტყლული ხომ არ მივიდოდი იქ, სადაც მთელი რიგი ქვეყნების წარმომადგენლები კულტურულად და სუფთად მიირთმევდნენ?
– მერე, შენც უკან დაბრუნებულიყავი სასტუმროში და გამოგეცვალა ტანსაცმელი.
– რას ამბობ, იმ ჭაობში ჩავიდოდი ისევ? გაზონის სარწყავი დავინახე, მივედი და კარგად ჩამოვიბანე ჭაობის ჭუჭყი. ასე სველი მივედი იმ სასადილოში. ბედი არ გინდა? როცა მივედი, სადილი დასრულებული იყო. (იცინის). ასე სველი და უჭმელ-უსმელი დავბრუნდი უკან სასტუმროში შემოვლითი გზით, მაგრამ, რადგან სიკვდილს გადავურჩი, მაგას დავეძებდი?!