ქართველების მიერ აღმოჩენილი ციმბირული ალმასების უმდიდრესი საბადო დღესაც დიდ მოგებას აძლევს რუსეთს
უცნაური ქურდობა
ნონამ კარი გააღო, სახლში შევიდა და ძალიან უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. პროფესორი არ შემოეგება და მოახლე გოგონას გულმა რეჩხი უყო. გაიფიქრა: „ბატონ ვასილს ხომ არ შეემთხვა რამე?“ – ნონამ პროფესორის კაბინეტს მიაშურა და გაქვავდა. გეოლოგიის პროფესორი ვასილ ლეონიძე საკუთარ სავარძელში იჯდა, თავი მარცხნივ ჰქონდა გადაგდებული და გაშავებულ სახეზე ეტყობოდა, რომ გარდაცვლილი იყო. იატაკზე „ნიტროგლიცერინის“ ღია კოლოფი ეგდო და აბები ხალიჩაზე ეყარა. პროფესორის კაბინეტი არეულ-დარეული იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იქ ვიღაც რაღაცას ეძებდა. ნონამ შეჰკივლა, სასტუმრო ოთახში გავარდა, ტელეფონს დასწვდა და მილიციას გამოუძახა...
მილიციის ოპერჯგუფი, პროკურატურის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები ერთდროულად მივიდნენ პროფესორის სახლში. მილიციის კაპიტანმა, დიმიტრი მიქაძემ, ფაქტის მოკვლევა დაიწყო. ერთადერთი, რაც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებდა, პროფესორის კაბინეტში არსებული უწესრიგობა იყო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, პროფესორი ვასილ მიქაძე ინფარქტით იყო გარდაცვლილი და მის მიმართ ძალადობრივი ქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს.
კაპიტანმა დიმიტრი მიქაძემ იმავე საღამოს დაკითხა ბათუმიდან ჩამოსული პროფესორის ქალიშვილი ლია, მამის კაბინეტი დაათვალიერებინა და მხოლოდ მას შემდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც ლიამ აღმოაჩინა, რომ 1881 წელს პეტერბურგში გამოცემული გეოლოგიური ატლასი იყო დაკარგული. საქმე ქურდობის მუხლით აღძრეს. მანამდე კი მიქაძემ პროფესორის ქალიშვილს ჰკითხა:
– დარწმუნებული ხართ, რომ წიგნი მართლაც დაიკარგა? იქნებ, ის მამათქვენმა ვინმეს ათხოვა?
– გამორიცხულია, – თავი გააქნია ლიამ, – მამა წიგნებს არავის ათხოვებდა, ატლასი კი მეექვსე თაროზე, მეორე რიგში იდო.
– რამე ბიბლიოგრაფიული ან სხვა ღირებულება ხომ არ ჰქონდა დაკარგულ წიგნს. იქნებ, ის ათასები ღირდა? – დაინტერესდა მიქაძე.
– არ მგონია, – მხრები აიჩეჩა ლიამ, – მართალია, ძალიან ძველი იყო, ვაისმანის გამოცემა, მაგრამ ასეთი ფასი მას არ ექნებოდა. აქ სხვა რამეშია საქმე, მით უმეტეს, რომ მამას სეიფები ხელუხლებელია, რაც მე თვალის ერთი შევლებით შევამჩნიე. იქ კი საკმაოდ ბევრი ძვირფასეულობა ინახება.
– რას გულისხმობთ? – დაინტერესდა მიქაძე.
ლია ლეონიძე კედელზე დაკიდებულ უცნობი მხატვრის რეპროდუქციას მიუახლოვდა და ნახატი ჩამოხსნა. შემდეგ კედელში ჩამონტაჟებული ორი პატარა სეიფი გახსნა და კაპიტანს უთხრა:
– ხომ ვთქვი, სეიფები ხელუხლებელია. ხომ გითხარით, აქ სხვა რამეშია საქმე.
დიმიტრი მიქაძემ საქმე ქურდობის მუხლით აღძრა და პროფესორის მოახლე, 19 წლის ნონა მურვანიძე დაკითხა. გოგონამ მიქაძეს უთხრა, რომ პროფესორის ცხედარი დილის 10 საათსა და 5 წუთზე აღმოაჩინა. გამომძიებელმა კი მეზობლებისა და გასტრონომის გამყიდველის დაკითხვების შედეგად გაარკვია, რომ პროფესორი ლეონიძე დაახლოებით დილის 9 საათზე ჯერ გასტრონომში შევიდა და სიგარეტი „საქართველო“ შეიძინა, შემდეგ გვერდით მდებარე აფთიაქში შეიარა და „ნიტროგლიცერინის“ კოლოფი იყიდა. როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტმა ცხადყო, პროფესორი სულ რაღაც 30 წუთის განმავლობაში იყო გარეთ და მიქაძის ვარაუდოთ, ქურდი სწორედ ამ დროს შევიდა სახლში და ატლასი მოიპარა. კაბინეტში დაბრუნებულმა პროფესორმა, როცა ქურდობის კვალი აღმოაჩინა, ინფარქტმა დაარტყა და გარდაიცვალა...
– უცნაური ქურდობაა, – თქვა მიქაძემ, – ქურდმა არანაირი კვალი არ დატოვა და მხოლოდ ძველი ატლასი მოიპარა....
პროფესორის ნაამბობი
65 წლის ქართველი პროფესორი ვასილ ლეონიძე საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო აკადემიურ წრეებში. მას საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხეებშიც კარგად იცნობდნენ, ამიტომ მის დასაფლავებაზე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებიდანაც ჩამოვიდნენ. ლეონიძე დიდი პატივით დაკრძალეს. მეორე დღეს დიმიტრი მიქაძის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა. კაპიტანმა ყურმილი აიღო და უპასუხა:
– კაპიტანი მიქაძე გისმენთ.
– გამარჯობა. მე ლია ლეონიძე ვარ, თქვენთან შეხვედრა მინდა, საქმე მაქვს.
– ჩემთან მობრძანდით.
– არა, აჯობებს, თქვენ მოხვიდეთ. თუ, რა თქმა უნდა, გცალიათ. ირკუტსკელ პროფესორს, მამაჩემის მეგობარს, ლეონიდ ვაისმანს სურს თქვენთან საუბარი და მთხოვა, დაგკავშირებოდით. პროფესორი სასტუმრო „საქართველოში“ ცხოვრობს და თუ თანახმა ხართ, დღეს 3 საათზე შევხვდეთ ერთმანეთს.
დიმიტრი მიქაძე ლია ლეონიძეს სასტუმროსთან შეხვდა. შემდეგ ისინი ირკუტსკელი პროფესორის ნომერში ავიდნენ. ლიამ კაპიტანი ლეონიდ ვაისმანს გააცნო. 75 წლის პროფესორი, მხცოვანი ასაკის მიუხედავად, საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. მან პაპიროსი გააბოლა და მიქაძეს უთხრა:
– ლიამ მითხრა, რომ ვასილ ანდრეევიჩის გარდაცვალების მიზეზი მამაჩემის მიერ გამოცემული წიგნის დაკარგვა გამხდარა.
– მამათქვენის წიგნის? – გაიმეორა მიქაძემ.
– დიახ, ახალგაზრდავ, მამაჩემის. მამა ცნობილი გეოლოგი იყო და ციმბირის გეოლოგიური რუკა ჰქონდა შედგენილი. 1881 წელს გამოცემული წიგნი კი, რომელსაც ვასილ ანდრეევიჩის სიკვდილი მოჰყვა, სულ რამდენიმე ეგზემპლარიღაა დარჩენილი. მათ შორის, ერთი მე მაქვს, ირკუტსკში. როგორც ეტყობა, ვასილ ანდრეევიჩის გარდა, კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ციმბირული საგანძურის არსებობის სჯერათ. მე კი, სიმართლე გითხრათ, ამის ნამდვილად არ მჯერა. მამა ცოტა უცნაური კაცი იყო, ზოგჯერ ცინიკურადაც ხუმრობდა და ვფიქრობ, ხმები ციმბირული საგანძურის შესახებ მისი გავრცელებულია და ეს მისი ყველაზე დიდი ხუმრობა იყო. თუმცა, ამ ხუმრობას ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
კაპიტანმა მიქაძემ ბევრი ვერაფერი გაიგო ვაისმანის სიტყვებიდან და ჰკითხა:
– მაპატიეთ, პროფესორო, მაგრამ ვერაფერი გავიგე.
ვაისმანს გაეღიმა, ისევ გააბოლა პაპიროსი და მიქაძეს უთხრა:
– საქმე ის არის, ახალგაზრდავ, რომ გავრცელებული ცრურწმენით, რომელიც საკმაოდ პოპულარულია გეოლოგიურ წრეებში, მამაჩემის მიერ გამოცემულ გეოლოგიურ ატლასში მინიშნებულია ის არეალი, სადაც ციმბირის უმდიდრესი ალმასების საბადო მდებარეობს. ამის მიხედვით, ვინც იმ არეალს მიაგნებს, ალმასებს დიდი პრობლემებისა და განსაკუთრებული ტექნოლოგიური დამუშავების გარეშე ამოიღებს. ფაქტობრივად, ასე გამოდის, რომ საბადოს მპოვნელი ალმასებს მიწიდან ამოიღებს. მე ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ აზრის მიმართ. ვასილ ანდრეევიჩს კი სჯეროდა და ჯიუტად განაგრძობდა ძიებას. მან ზეპირად იცოდა მამაჩემის წიგნი და ვფიქრობ, ამ კუთხით გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია.
– რას გულისხმობთ? – ჰკითხა მიქაძემ.
– იმას, კაპიტანო, რომ პროფესორმა ამოხსნა ატლასის საიდუმლო და როდესაც მას წიგნი მოჰპარეს, იმდენად იმოქმედა ამ ფაქტმა, რომ გული გაუსკდა, – უთხრა გამომძიებელს მხცოვანმა პროფესორმა.
მიქაძემ გაიღიმა და ვაისმანს უთხრა:
– თქვენ არ ამბობდით, რომ ციმბირული საგანძურის ისტორიას სკეპტიკურად ვუყურებდიო?
– მართალს ბრძანებთ, ვუყურებდი. ყოველივე იმის შემდეგ კი, რაც მოხდა, მჯერა, რომ მამა სიმართლეს ამბობდა.
– თუ თქვენი ვარაუდი სწორია, მაშინ გამოდის, რომ ბოროტმოქმედი თქვენს კოლეგებს შორისაა საძიებელი.
– მეტსაც გეტყვით, კაპიტანო, – გაეღიმა ვაისმანს, – დარწმუნებული ვარ, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი ვასილ ანდრეევიჩის უახლოესი კოლეგაა...
გაუჩინარებული „ინჟინერა“
მოხუცი პროფესორის მტკიცების მიუხედავად, მიქაძეს მაინცდამაინც არ სჯეროდა ციმბირული საგანძურის ამბავი, თუმცა პროფესორ ლეონიძის კოლეგებიც დაკითხა და გაარკვია, რომ ციმბირული საგანძურის ისტორია ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ თითქმის არავის სჯეროდა. პროფესორმა ნაკაშიძემ კი კაპიტანს უთხრა:
– ცხონებული ვასო რომანტიკოსი იყო და ვფიქრობ, ეს დანაშაული მისნაირმა, მხოლოდ ბოროტმა ადამიანმა ჩაიდინა.
გულმოდგინე ძიების მიუხედავად, მიქაძე ჩიხში შევიდა, საქმე ადგილიდან არ იძვროდა. მოწადინებულ კაპიტანს გაუმართლა და როდესაც ოპერატიულ ცნობებს კითხულობდა, აღმოაჩინა, რომ პროფესიონალი ქურდი ჯემალ კაპანაძე, მეტსახელად „ინჟინერა“, მტკვარში, ორთაჭალჰესთან იპოვეს გარდაცვლილი. მიქაძე კარგად იცნობდა კაპანაძეს და ეჭვმიტანილთა სიაშიც ჰყავდა შეყვანილი, რადგან „ინჟინერა“ იმ ქურდთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომელიც არანაირ კვალს არ ტოვებდა და სუფთად მუშაობდა. ამიტომ მიქაძე არ გამორიცხავდა, რომ „ინჟინერასაც“ შეეძლო პროფესორის ბინის გაქურდვა. თუმცა, როდესაც კაპიტანმა კაპანაძე მოიკითხა, აღმოჩნდა, რომ ის გაუჩინარდა. ოპერატიულ ცნობებში ამოკითხულმა ინფორმაციამ ის კვლავ „ინჟინერას“ კვალზე დააყენა და მან პროზექტურას მიაკითხა, სადაც კაპანაძის გვამის ექსპერტიზა ტარდებოდა. პროზექტურაში მიქაძეს გაკვეთის დასკვნა მისცეს, რომელშიც ეწერა: „მამაკაცი 2 კვირის მკვდარია. მას ჯერ მძიმე საგანი ჩაარტყეს თავში, შემდეგ გრძელი, მჭრელი იარაღით ოთხი ჭრილობა მიაყენეს გულის არეში, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა...“
„ინჟინერას“ მკვლელობის საქმეს მაიორი ჯანელიძე იძიებდა, რომელმაც მიქაძეს უთხრა:
– კაპანაძე 15 დღის წინ გაუჩინარდა. ბოლოს ის ლევან გაგუასთან ერთად ნახეს. გაგუა „ინჟინერას“ მეზობელი, პატივცემული ადამიანია. თავის ჩვენებაში მან აღნიშნა, რომ ჯემალს იმ საღამოს ეზოში შეხვდა, ფეხბურთზე ესაუბრა და მას შემდეგ არ უნახავს.
– ლევან გაგუა, ლევან გაგუა... – იმეორებდა მიქაძე, – რა ნაცნობი გვარია...
– პროფესორი გაგუა, – თქვა ჯანელიძემ, – გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია, ძალიან პატივსაცემი ადამიანი.
სიტყვა „გეოლოგიის პროფესორის“ გაგონებაზე მიქაძეს გონება გაუნათდა, თუმცა ჯანელიძესთან არაფერი შეიმჩნია. კოლეგას გამოემშვიდობა და თავის კაბინეტში დაბრუნდა...
ციმბირული საგანძური
დიმიტრი მიქაძეს 56 წლის ლევან გაგუა ვასილ ლეონიძის საქმეზე დაკითხული არ ჰყავდა, მაგრამ მას ესაუბრა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დარჩა. გაგუა და ლეონიძე, გარდა იმისა, რომ კოლეგები იყვნენ, ლეონიძე გაგუას კურატორი იყო და სადოქტორო დისერტაცია მისი დახმარებით დაიცვა. ამიტომ კაპიტანი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ლეონიძის ბინის გაქურდვა „ინჟინერამ“ ჩაიდინა, რაც მას გაგუამ შეუკვეთა. მერე კი, მოკლა და მტკვარში გადააგდო, თუმცა ამ ვერსიას კაპიტანი არ ახმაურებდა, რადგან თავისი ვარაუდების არანაირი დამამტკიცებელი საბუთები არ ჰქონდა. ამიტომ, კაპიტანმა სხვა გზით წასვლა გადაწყვიტა და პროფესორ გაგუას ფარული თვალთვალი დაიწყო. ამისთვის კი კაპიტანმა თავისი სტაჟიორი, მეხუთე კურსის სტუდენტი, თაზო ქვარცხავა გამოიყენა. თაზო დღედაღამ უთვალთვალებდა გაგუას, ერთი კვირის შემდეგ მან მიქაძეს უთხრა:
– ამხანაგო კაპიტანო, პროფესორმა გაგუამ ირკუტსკის თვითმფრინავზე ბილეთი შეიძინა და ზეგ მიფრინავს.
თაზო ქვარცხავას სიტყვები მიქაძეს სულაც არ გაჰკვირვებია და გაგუას დაკავება აეროპორტში თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ გადაწყვიტა. კაპიტანი დარწმუნებული იყო, რომ გაგუას თან ექნებოდა ლეონიძის სახლიდან წაღებული, 1881 წელს ვაისმანის მიერ გამოცემული გეოლოგიური ატლასი. ეს კი მისი ბრალეულობის უდავო დასტური იყო, თუმცა მიქაძემ ისიც იცოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაგუას ვაისმანის წიგნი არ აღმოაჩნდებოდა, მას სამსახურიდან გააგდებდნენ.
ლევან გაგუა მიქაძემ და ქვარცხავამ აეროპორტის დარბაზში დააკავეს, ოთხი მოწმის თანხლებით გაჩხრიკეს და 1881 წელს გამოცემული ატლასი უპოვეს. ლია ლეონიძემ დაადასტურა, რომ წიგნი მამამისის ბიბლიოთეკიდან იყო დაკარგული და გაგუას აღიარების მეტი სხვა არაფერი დარჩენოდა. პროფესორი გამოტყდა, რომ სწორედ მან შეუკვეთა „ინჟინერას“ წიგნის მოპარვა, შემდეგ კი ქურდი მოკლა და მტკვარში გადააგდო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ციმბირული საგანძური მართლაც არსებობდა და ვაისმანის ატლასში ეს საიდუმლო ლეონიძემ და გაგუამ ერთობლივად აღმოაჩინეს, თუმცა საბოლოო კოორდინატების დასადგენად გაგუას წიგნი სჭირდებოდა და ამიტომ მოაპარინა „ინჟინერას“. პროფესორი გაგუა მარტო აპირებდა ციმბირული საბადოდან ალმასების მოპოვებას, თუმცა არ დასცალდა, დააპატიმრეს, გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მოგვიანებით უმაღლესი ზომა თხუთმეტწლიანი პატიმრობით შეუცვალეს და მკაცრი რეჟიმის ციხეში გაამწესეს, სადაც 2 წელიწადში გარდაიცვალა.
P. S. ეგრეთ წოდებული ციმბირული საგანძური, მსოფლიოში ცნობილი ალმასების საბადო „ლაზურნაიაა“, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და რუსეთის ყველაზე შემოსავლიანი ადგილია.