ჩინეთის ტერიტორიაზე შხამიანი დინოზავრები ცხოვრობდნენ
სწავლულებმა დაადგინეს, რომ სინორნიტოზავრები, ბუმბულიანი დინოზავრები, რომლებიც ჩინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 125 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდნენ, შხამის საშუალებით კლავდნენ თავიანთ მსხვერპლს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში გათხრებისას ნაპოვნი ნარჩენების შესწავლისას, ბიოლოგებმა გამოარკვიეს, რომ დინოზავრები მსხვერპლს ორი გრძელი კბილიდან უშხაპუნებდნენ შხამს.
ამ ჰიპოთეზის განვითარება ჩინელი და ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყურადღება მიაქციეს იმას, რომ დინოზავრების ზედა ყბას ორი უჩვეულოდ გრძელი კბილი ჰქონდა, სწორედ ასეთი კბილები აქვთ თანამედროვე შხამიან გველებსა და ხვლიკებს. რიგი კვლევების ჩატარების შემდეგ, სწავლულები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სინორნიტოზავრებს ეშვები სჭირდებოდათ იმისთვის, რომ შხამი მსხვერპლის სხეულში შეეშხაპუნებინათ. ამ ვერსიის დამამტკიცებელ საბუთად ზოოლოგები განიხილავენ მათ თავის ქალაში აღმოჩენილ ჩაღრმავებებს, რომლებშიც შეიძლება, შხამიანი ჯირკვლები მდებარეობდა.
როგორც მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორმა გუნ ენპუმ ახსნა, სინორნიტოზავრის ეშვები ძალზე გრძელია საიმისოდ, რომ მათი დახმარებით დინოზავრს მსხვერპლის მოკვლა მოეხერხებინა. სავარაუდოდ, ის ფრინველებით იკვებებოდა, რომლებსაც შხამის საშუალებით კლავდა. ჯერჯერობით სწავლულები ვერ ამტკიცებენ, ჰქონდათ თუ არა დინოზავრებს საკმარისად ძლიერი შხამი, რომ სწრაფად მოეკლათ მსხვერპლი, მაგრამ, მათ მსხვერპლის პარალიზება რომ შეეძლოთ, ეს დადგენილია.
მეცნიერები სინორნიტოზავრებს თანამედროვე ფრინველების წინაპრებად მიიჩნევენ. ისინი საკმაოდ მცირე ზომის იყვნენ, დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის. პირველად მათი ნარჩენები 1996 წელს ჩინეთის ჩრდილო აღმოსავლეთით აღმოაჩინეს.