როგორ აპირებდა ავტოკალამში ჩამონტაჟებული ტყვიის საშუალებით სტალინის ლიკვიდაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
1944 წელი ძალზე მძიმე აღმოჩნდა ნაცისტური გერმანიისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების, ინგლისისა და საბჭოთა კავშირის სამხედრო პოლიტიკური კავშირი გერმანიას სრული განადგურებით ემუქრებოდა. ამას დაერთო 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი, რომლის დროსაც ფიურერი შემთხვევით გადარჩა. ნაცისტური გერმანიის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში უკვე 1944 წლის დამდეგიდან სერიოზულად განიხილებოდა სტალინის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის საკითხი. საკითხის განხილვა კიდევ უფრო დაჩქარდა ჰიტლერის მოკვლის მიზნით განხორციელებული ტერაქტის შემდეგ. ჰიტლერმა პირდაპირ განაცხადა: „თუკი შესაძლებელია ჩემ წინააღმდეგ ტერაქტის განხორციელება, რატომ არ შეიძლება ტერაქტი განხორციელდეს სტალინის წინააღმდეგ?!“ კატასტროფის პირას მისული გერმანიის პოლიტიკური ლიდერები სტალინის მკვლელობას ომის ბედის შემობრუნების ერთადერთ პირობად მიიჩნევდნენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ფონ რიბენტროპმა ჰიტლერს ასეთი გეგმა შესთავაზა: უნდა მიეღწიათ იმისთვის, რომ დანიშნულიყო მოლაპარაკება გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის სტალინის მონაწილეობით. რიბენტროპი კისრულობდა, მოლაპარაკების პროცესში, ავტოკალამში ჩამონტაჟებული ტყვიით მოეკლა სტალინი. სასოწარკვეთილებაში მყოფ ჰიტლერს გეგმა ჭკუაში დაუჯდა. მან სასწრაფოდ გამოიძახა გერმანიის დაზვერვის სამსახურის უფროსი ვალტერ შელენბერგი და რიბენტროპის გეგმა გააცნო. შელენბერგმა გეგმა არასერიოზულად მიიჩნია, ხოლო ჰიტლერს განუცხადა, საბჭოთა კავშირს სამხედრო წარმატებები აქვს და ამიტომ ის გერმანიასთან არანაირ მოლაპარაკებაზე არ დათანხმდებაო. თანამშრომელთა წრეში კი გერმანიის დაზვერვის შეფს ასეთი რამ უთქვამს: როგორც ჩანს, რიბენტროპს გადაღლილობისაგან ნევროზი დაემართა და ფსიქიკაც მოეშალაო.
სტალინის მოკვლის მიზნით გერმანიის უმაღლეს სამხედრო პოლიტიკურ წრეებში ორი მოსაზრება ჩამოყალიბდა: ცნობილი ტერორისტი ოტო სკორცენი შესაძლებლად მიიჩნევდა ლოკალური ოპერაციით სტალინის რეზიდენციაზე თავდასხმას და მის მოტაცებას ან მოკვლას (ასეთი ოპერაცია სკორცენმა წარმატებით განახორციელა და მოიტაცა კიდეც იტალიის ფაშისტი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი). ვალტერ შელენბერგს მიაჩნდა, რომ მუსოლინის მსგავსად სტალინის მოტაცება მხოლოდ ოცნება იყო. გერმანიის დაზვერვის შეფის აზრით, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე საგანგებოდ მომზადებული დივერსანტების, რაც შეიძლება დიდი რაოდენობა უნდა გადაესხათ, რომელთაგან ერთი მაინც მიაღწევდა მიზანს. მას შემდეგ, რაც თეირანის კონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის მოტაცების და იოსებ სტალინისა და ინგლისის პრემიერ-მინისტრის – უინსტონ ჩერჩილის მოკვლის ოტო სკორცენისეული გეგმა ვერ განხორციელდა, უპირატესობა მიენიჭა ვალტერ შელენბერგის გეგმას. გერმანიის დაზვერვამ და უშიშროების სამსახურმა 1944 წლის შუა ხანებისათვის შეძლეს 62-ე სპეციალიზებულ სკოლაში საგანგებოდ მომზადებული 330 დივერსანტის გადასხმა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამ დივერსანტების მიზანი იყო ტერაქტების განხორციელება ცნობილი საბჭოთა სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეების, პირველ ყოვლისა კი – სტალინის წინააღმდეგ. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მომზადდა ტერორისტი პეტრე ტავრინი. პეტრე ტავრინის ნამდვილი გვარი იყო შილო. იგი დაბადებული გახლდათ ჩერნიგოვის გუბერნიაში, თაღლითობისთვის მოხვდა ციხეში, საიდანაც გაიქცა და მოახერხა პასპორტის აღება პეტრე გავრინის სახელზე. შემდეგ პასპორტში გვარის პირველი ასო შეცვალა და ასე იქცა პეტრე ტავრინად. 1941 წელს იგი ომში გაიწვიეს. მან მალევე მოახერხა გერმანიის მხარეზე გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე ტავრინი ნებაყოფლობით ჩაჰბარდა გერმანელებს, მისი ხასიათის გამო ნაცისტები არ ენდობოდნენ მას. მხოლოდ გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა გერმანელები, ტავრინი სპეციალურად მოემზადებინათ და ცოლთან ერთად საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გადაესხათ. ტავრინს ბოლომდე არ ეუბნებოდნენ, ვის წინააღმდეგ უნდა განეხორციელებინა ტერაქტი. როცა მან გაიგო ყოველივე, შეშინდა, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. გერმანელების მიერ შემუშავებული გეგმა ასეთი იყო: ტავრინს სპეციალურად დამზადებული მცირე ზომის ყუმბარმტყორცნით, რომელიც ქურთუკის სახელოშიც კი იმალებოდა, უნდა აეფეთქებინა სტალინის მანქანა. თუ ეს ვერ მოხერხდებოდა, არსებობდა გეგმის სათადარიგო ვარიანტი: ტავრინს უნდა შეეღწია რომელიმე შეკრებაზე, რომელსაც დაეწრებოდა სტალინი და მის ახლოს უნდა დაეტოვებინა საქაღალდეში ჩამონტაჟებული მაგნიტური ბომბი, რომელიც უნდა აეფეთქებინა რადიოსიგნალით. ცხადია, ორივე გეგმა უტოპიური იყო და ეს თვით ტავრინმაც კარგად იცოდა.
1944 წელს ტავრინი რიგის აეროდრომიდან ცოლთან ერთად გადასხეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ოპერაცია წარუმატებლად დაიწყო: თვითმფრინავმა აფრენა ვეღარ შეძლო, მფრინავები გაიქცნენ და ტავრინიც ქვეყნის სიღრმეში ცდილობდა მიმალვას. გზაზე იგი გააჩერა ერთ-ერთი რაიონის სპეცსამსახურის უფროსმა და საბუთები მოსთხოვა. ტავრინმა წარუდგინა საბჭოთა ოფიცრის მოწმობა. სპაცსამსახურის უფროსი დაეჭვდა და ტავრინის საბუთები გადაამოწმა. მან მალევე მიიღო დადასტურება, რომ ასეთი ოფიცერი არ არსებობდა. ტავრინი დააპატიმრეს, მაგრამ სიკვდილით არ დაუსჯიათ. საბჭოთა დაზვერვამ იგი თავისი მიზნებისათვის გამოიყენა. ტავრინი და მისი მეუღლე თითქმის ომის ბოლომდე გადასცემდნენ გერმანიაში ცნობებს იმის შესახებ, რომ სტალინის წინააღმდეგ ტერაქტის მზადება წარმატებით მიმდინარეობდა. გერმანიის დაზვერვა მალევე მიხვდა, რომ ტავრინი ჩავარდა და უკვე სერიოზულად აღარ ეკიდებოდა მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს.
პეტრე ტავრინმა თავისი მისია ამოწურა და 1950 წელს იგი მეუღლესთან ერთად დახვრიტეს.
ვახტანგ გურულის
მასალების მიხედვით მოამზადა
ანრი შავლაძემ