როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
კლდიაშვილი
ამ გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კლდია.
არსებობს მოსაზრება, რომ კლდიაშვილების ძველი გვარია შალვაშვილი. მეორე მოსაზრებით, გვარი როჭიკაშვილ-შალიკაშვილებიდან იღებს სათავეს. ამის თაობაზე წერენ ცნობილი კლდიაშვილები. როგორც შალვაშვილები, ისე კლდიაშვილები მესხეთის მკვიდრნი ყოფილან. მეფე ბაგრატ მესამის დროს, მეთექვსმეტე საუკუნეში, ისინი იმერეთში გადასახლებულან. შალვაშვილი კიდევ რამდენიმე გვარიდანაც იღებს სათავეს, მაგალითად, თეთრაძეებიდან. „თეთრაძე ბერუკა, შვილი მახარე თეთრაძე-შალვაშვილისა“.
„კლდიაშვილ-შალიკაშვილს ჰყავს შვილები: გოგიჩა, შალიკა, ზაქარია, ბენიამენ“. ის გიორგი მეფეს ემსახურებოდა ყაენთან. როცა ხვანთქარიდან წამოსულა, თან წამოჰყოლია კლდიაშვილი-შალიკაშვილი ცოლ-შვილით, შვიდი გლეხით, ცხენის, ხარის, ძროხის, ცხვრისა და თხის ჯოგით. მეფეს მისთვის სხვადასხვა ადგილი შეუთავაზებია, მაგრამ მას საცხოვრებლად მხოლოდ სვიმონეთი მოსწონებია. გიორგი მეფემ მას აქ უწყალობა წინამძღვარ გახაძისეული მამული, სვიმონეთშივე – საყდარი და სასაფლაო. მანამდე კი მეფეს ერთი ტანის საფლავი გელათში შეუთავაზებია, მეფის საფლავის „საფერხეს“, მაგრამ ის არ დასთანხმებულა. ის მეფემ დანიშნა დეკანოზად, ჩააბარა თემის უფროსობა, ხოლო მისი სახლიდან „ერისგანს“ – მოხელეობა. მოიხსენებიან კლდიაშვილ-შალიკაშვილი ბენიამენ, კლდიაშვილ-შალიკაშვილი გოგიჩა, კლდიაშვილ-შალიკაშვილი ზაქარია, კლდიაშვილ-შალიკაშვილი შალიკა.
შალიკაშვილი მსხვილი ფეოდალური საგვარეულო იყო ძველ საქართველოში. როგორც ითქვა, წინარე გვარი როჭიკაშვილი ყოფილა. „როჭიკაშვილი არს შალიკაშვილი, მოვიდა სამცხიდამ“. ამავე ძირისაა შალიკაძე.
საქართველოში 1 687 კლდიაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 539, თერჯოლაში – 530, თბილისში – 258.
პაჭკორია
გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი პაჭკორი (პაპაშჭკორი). მეგრულად ის მღვდლის ყმას ნიშნავს. არსებობს, ასევე, პაჭიკა, პაჭიკო და ასე შემდეგ.
საპაჭკორიო უბანია ციზეთში, ზემო ქვალონის საზღვართან. იქ პაჭკორიების ორიოდე კომლიღა დარჩა. ასევე, არის უბანი ხეცერაში, უმპიასა და უჩაღალს შუა, სადაც, პირველმოსახლენი გიორგი გვათუა და კირიბა პაჭკორია ერთად მოსულან ხორშიდან. ხორშიდან შემდეგაც მოსულან პაჭკორიები. მათ „ნაეკოხონარ“ პაჭკორიებს ეძახიან. საპაჭკორიო არის, აგრეთვე, უბანი ბიაში, საცხვიტაოში, საადამიოში. ისტორიულად ყოფილ დასახლებულ უბანში – გამოღმა, პატარა ხორგაში, პაჭკორიებიც ყოფილან.
ნაპაჭკორუ არის სახნავი მდინარე აბაშის მარცხენა ნაპირას.
1733 წელს შედგენილ ერთ საბუთში გვხვდება გვარი პააჭკორია. ამ გვარით მოიხსენიებიან „ხობის საცხომარიოს“ მცხოვრებლები – გიორგი პააჭკორია და მისი ძმისწული მასტიშია.
საარქივო მასალებით ირკვევა, რომ პაჭკორიებს ზანთაში უცხოვრიათ მეჩვიდმეტე საუკუნეში, ხოლო შემდეგ გადასულან საწულეისკიროში.
საქართველოში არსებულ 25 000-ზე მეტ გვარში პაჭკორიას 736-ე ადგილი უჭირავს.
ეს გვარი გვხვდება აბასთუმანში, ცაიშში, ლიაში, წალენჯიხაში, ინგირში, ეკში, ზემო ჭალადიდში, ახალსოფელში (ზუგდიდის რაიონი), ურთაში, ხორშში...
საქართველოში 1 373 პაჭკორია ცხოვრობს: ზუგდიდში – 526, სენაკში – 181, ფოთში – 164.
ყორღანაშვილი
ყორღანოვები იგივე ყორღანაშვილები არიან. ისტორიულად ყორღანაშვილები ქართველები არიან და მათ ისევე, როგორც მათ წინაპრებს საერთო არაფერი აქვთ მოღალატე და გამცემ ყორღანოვთან. ის გზაზე ღრმა ხევში გადააგდეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ამასთან დაკავშირებით ვ. ველიჩკო მოღალატე ყორღანოვის ოჯახთან დაკავშირებით წერდა: „მეფე ერეკლე მეორესთან მისულა ყორღანოვის მოგვარე, ბოდიში მოუხდია და დანაშაულის პატიება უთხოვნია.“
თბილისში და ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში გაფანტულმა რამდენიმე ოჯახმა (დარცხვენილებმა) დატოვეს საქართველო და სომეხი ყორღანოვი ისტორიის კუთვნილებად იქცა.
დღევანდელი ყორღანაშვილები მრავლად ჩანან ქვემო ქართლში, 1721 წლის აღწერაში, გვარის წინაპრები კი არიან მესხეთ-ჯავახეთიდან ქვემო ქართლში გადმოსახლებული თავადი გოგიბაშვილები, რომლებიც დანაწილდნენ საგვარეულოებად.
ყორღანაშვილიდან იღებს სათავეს გვარები: როინაშვილი, როსტომაშვილი, არდაზდიანიშვილი, არდაზიანი, მერაბისშვილი, ავდროზანაშვილი, მდივანასშვილი, მდივანისშვილი.
1995 წელს გაცემული ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირდა 411 ყორღანაშვილი: საგარეჯოში – 121, თბილისში – 95, სიღნაღში – 84.
ბჟალავა
შუა სამეგრელოში გვხვდება გვარები: ბჟავა, ბჟალავა, ბჟანია, ბჟინავა. პაატა ცხადაიასთან ბჟალა განმარტებულ-ახსნილია როგორც ნათელი, მზიანი. მზეს კოლხურში ეწოდება „ბჟა“. წარმოიდგინეთ, რომ კოლხურში „ბჟა“ ეწოდება, ასევე, ძროხის რძეს და საერთოდ, რძე იგივეა, რაც „ბჟა“.
ბატონი ლადო ალფენიძე უფრო შორს წავიდა და ის ეგვიპტური ენის საუძველზე ახსნა. ის წერს: საქმე ის არის, რომ ეგვიპტური საკრალური მითების თანახმად, „მზა“ შვა საკრალურმა ძროხამ, რომელსაც ჰქვია „მეხეთურთ“ – დიდი „ციური ძროხა“.
მზეს და „რძეს“ ერთი სახელი ჰქვია კოლხურში. მზე და რძე ერთი იდეითაა შეკრული ეგვიპტეშიც.
ეს ეგვიპტური იდეა, ვფიქრობთ, რამზეს მეორის ეგვიპტელებმა მოიტანეს კოლხეთში 33 საუკუნის წინათ.
მეორე ვერსიით, ამ ეგვიპტური საკრალური მზისა და რძის გამოძახილი ისმის ლათინურ სამყაროში, ვერგილიუსის გენიალურ პოემა „ენეიდაში“.
იქ არის ერთი ბრწყინვალე ეპიზოდი. როცა ენეახი და მისი ტროელი თანამგზავრები თბილ რძეს სწირავდნენ მზეს, რადგანაც მზე, ეგვიპტური მითის თანახმად, არის ოქროს ხბო, ხბოს კი რძე სჭირდება, ამიტომ სწირავდნენ კოლხები, ტროელები და ეგვიპტელები მზეს რძეს. ასეთია მითის ლოგიკა. ასეთი აზრი ქართულშიც იყო გავრცელებული.
არნოლდ ჩიქობავა მთის ერთ ქართველურ დიალექტში წააწყდა გამოთქმას „ზის ცვარი“. მთიელი მწყემსები რძეს „ზის ცვარს“ ეძახდნენ.
„ზის ცვარი იგივე მზის ცვარია“.
ებჟაე უბანია აბაშის მარჯვენა მხარეს.
ნაბჟალუ ბორცვია სალაგვილოში.
საბჟალა უბანია კოტიანეთის და ზემო სორტის საზღვარზე.
საბჟალაო უბანია ყულევის საზღვართან.
საბჟალიო უბანია პირველ ონტოფოში.
ამავე ფუძისაა გვარი ბჟავა, სავარაუდოდ, ბჟალავა.
საქართველოში 26 ბჟავა ცხოვრობს.
1 231 ბჟალავა: მარტვილში – 375, სენაკში – 211, თბილისში – 171,
271 – ბჟინავა.
მირუაშვილი
გვარის ფუძე სათავეს იღებს სახელიდან მირიანი.
მირიანის მოფერებით-კნინობითი ფორმებია: მირო, მირონ, მირონა, მირუმა, მირუა.
„მირუა კარშაგარს მცხოვრები, მამულით ერგო იოთამ ბარათაშვილს 1537-1538 წლებში“.
„მირუაშვილი გულეულს მცხოვრები მამულით ერგო როსტევან ჯანიაშვილს 1537-1538 წლებში“.
„მირუაშვილი შაჰყულა მოწმეა ბოლნელ აბრამ ბარათაშვილის მიერ გიორგი შანშიაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა, 1621 წელი“.
საქართველოში 771 მირუაშვილი ცხოვრობს: გორში – 424, თბილისში – 294, კასპში – 15.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით