რამ დააშორა ერთმანეთს მამა-შვილი და ვინ ეძებს მეუღლის შვილს სანკტ-პეტერბურგში
45 წლის ელენე გურამის ასული კაშია ეძებს 21 წლის ლეილა კონსტანტინეს ასულ დონაძეს.
ისტორია: ვეძებთ 21 წლის ლეილა კონსტანტინეს ასულ დონაძეს. ლეილა ჩემი ქმრის პირველი შვილია, რომელიც მას უკვე 17 წელია, არ უნახავს.
– როგორ გადაწყვიტეთ ლეილას მოძებნა? როგორც ვიცი, თქვენ უკვე რამდენიმე წელია, მას ეძებთ და ძალიან გინდათ მისი პოვნა.
– ჩემი მეუღლე ძალიან განიცდის შვილის უნახაობას, უკვე ჩვიდმეტი წელია, რაც მას ლეილას ხმა არ გაუგონია და არ უნახავს. ყოველთვის ვკითხულობ თქვენს რუბრიკას და ვხედავ, როგორ ეძებთ და პოულობთ სხვადასხვა მიზეზით დაკარგულ და დაშორებულ ადამიანებს. ამან გადამაწყვეტინა თქვენთან მოსვლა და ჩვენი ისტორიის მოყოლა.
– დიდი იშვიათობაა, როდესაც მეორე მეუღლეს ასეთი დიდი სურვილი აქვს, აპოვნინოს ქმარს თავისი პირველი ოჯახის წევრი. მოგვიყევით, რატომ დაკარგა ერთმანეთი მამა-შვილმა და რა იცით ამ ისტორიის შესახებ?
– სანამ ჩემს ქმარს ცოლად გავყვებოდი, მეც მქონდა ოჯახი და შვილიც მყავს. ამჟამად ის ბათუმშია, მე კი – თბილისში. ჩემი მეუღლე ყოველთვის ეხმარება ჩემს შვილს და განიცდის, ასე შორს რომ ვართ ერთმანეთისგან. ისედაც, ბუნებით ძალიან კეთილი ადამიანია. უბრალოდ, შეიძლება ითქვას, პირველი ოჯახის შექმნაში არ გაუმართლა. მისი პირველი მეუღლე მუსლიმანი იყო, დაღესტნიდან. მოგეხსენებათ, მათ როგორი მკაცრი და ხშირად უსამართლო წესებიც აქვთ. სიდედრს არ უნდოდა ქართველი სიძე და მისი დიდი მონდომებით მოხდა ისე, რომ მან თავის შვილს ოჯახიც კი დაანგრევინა. ასე დაშორდნენ ლეილა და მამამისი ერთმანეთს.
– ასე ადვილად როგორ დათმო სიდედრის ჩარევის გამო თავისი შვილი ქართველმა კაცმა?
– ადვილად ნამდვილად არ დაუთმია. მას ლეილა საქართველოშიც კი ჰყავდა ჩამოყვანილი. მოიტაცა და ჩუმად ჩამოიყვანა, რადგან შვილის დაკარგვა არ უნდოდა. ნებით კი არ ატანდნენ. მაგრამ მაშინ ბავშვი 3 წლის იყო და, რამდენჯერაც დაინახავდა ცაში თვითმფრინავს, სულ ტიროდა – დედასთან მინდაო. მამამისსაც გულმა ვეღარ გაუძლო და თავისი ხელით ჩაუყვანა მათ ბავშვი. მას შემდეგ წლებია გასული, მაგრამ მას ლეილა აღარ უნახავს. სიდედრისა და მეუღლის ნათესავებმა შვილი დააკარგვინეს მამას. შემდგომ კი ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, ძალიან შეგვიყვარდა და დავქორწინდით. საერთო შვილიც გვყავს, მაგრამ ჩემი მეუღლის ეს ტკივილი სულ მაწუხებს და მინდა, დახმარება გავუწიო.
– მან თუ იცის თქვენი ასეთი მოწადინების შესახებ, ასე რომ ეძებთ ლეილას?
– დამოუკიდებლად, ჯერჯერობით ვერაფერი მოვახერხე და ლეილა ვერ ვიპოვე, მაგრამ, დამიჯერეთ, დღე არ გასულა ისე, რომ ამაზე არ მეფიქროს. ერთხელ შევთავაზე კიდეც, მოდი, „ჟდი მენიაში“ გავგზავნოთ ლეილას ფოტო, იქნებ გვაპოვნინონ-მეთქი, მაგრამ უიმედოდ იყო განწყობილი. მათ ძალიან ბევრი ისტორია აქვთ და მაინცდამაინც ჩემსას რატომ მოჰკიდებენ ხელსო. რამდენჯერ დამირეკავს მისგან ფარულად სანკტ-პეტერბურგში, იმ ბოლო ცნობილ მისამართზე, სადაც ადრე ლეილა და დედამისი ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი იქიდან დიდი ხნის გადასულები არიან და ამის გამო ჩვენ მას ვერანაირად ვუკავშირდებით. ყოფილ სიდედრთანაც მისაუბრია. ამდენი წელია გასული, იქნებ გადაიფიქროს და დააკავშიროს-მეთქი ერთმანეთს მამა-შვილი, მაგრამ უშედეგოდ. შევდივარ ჩემი ქმრის მდგომარეობაში და მესმის, რა ძნელია შვილის უნახაობა. შეიძლება, ლეილა გათხოვდა კიდეც, შეიძლება, უკვე შვილებიც კი ჰყავს, მაგრამ მამამისმა მის შესახებ არაფერი იცის. ეს ხომ დიდი უსამართლობაა. თქვენი იმედი მაქვს, იქნებ დამეხმაროთ და გვაპოვნინოთ ლეილა. ჩემს მეუღლეს მისი ერთადერთი სურათი აქვს, სადაც ის სამი წლის ასაკშია, თვალის ჩინივით უფრთხილდება ამ ფოტოს და ამიტომ ვერ გამოვაქვეყნეთ.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.