რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მაინტერესებს, რატომ აქვთ სპორტულ ავტომობილებს იმავე სტანდარტულ მოდელთან შედარებით ბევრად განიერი „კრილოები”, ანუ ფრთები. მათ გაცილებით შორიშორს უდგას ერთმანეთისგან საბურავები. რატომ არის ეს გაკეთებული, რისთვის არის საჭირო?
პასუხი: ცნობისთვის, ეს ავტომობილები აბსოლუტურად განსხვავდება ჩვეულებრივი, სერიული იმავე მოდელებისგან. ის, რასაც ჩვენ „ვეტეცეცეზე“ ვხედავთ, მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სტანდარტულ მოდელს. შიგთავსით, ძრავით, სავალი დეტალებით, სიჩქარეთა კოლოფით – ერთი სიტყვით, ყველაფრით ის განსხვავებულია. რაც შეეხება მის სიგანეს. მსოფლიო სტანდარტებით სპორტული ავტომობილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ საბურავი არ უნდა გამოსცდეს „კრილოს“, ანუ გარეთ არ უნდა გამოდიოდეს. არადა, რადგან ის წრიული რბოლისთვის არის განკუთვნილი, ძალიან განიერი ბაზა სჭირდება. ანუ, რაც უფრო შორს არის საბურავები ერთმანეთისგან, მით უკეთ უხვევს. ამ დროს წონის კარგი გადანაწილება ხდება, რადგან ბაზა განიერი უნდა იყოს. მწარმოებლები იმისთვის, რომ სტანდარტები არ დაარღვიონ, იძულებული არიან, ეს ავტომობილები, გარკვეული ტექნიკური საშუალებებით, რაც შეიძლება, გააგანივრონ, ანუ, საბურავების გამოწევა იწვევს ფრთების გაზრდასაც.
კითხვა: შევიძინე ავტომობილი „ტოიოტა“, რომლის ყუმბარაც კაკუნობს. არსებობს რამე ხერხი, რომ ის დროებით მაინც არ შევცვალო და ხმა გაჩერდეს? დავაზიანებ თუ არა რამეს ასე თუ ვივლი?
პასუხი: საერთოდ, ყუმბარა უმიზეზოდ არ დაზიანდება და, ამას რაიმე გამომწვევი მიზეზი ექნება. მით უმეტეს, „ტოიოტათი“ ძალიან დიდხანს შეგვიძლია, ვიაროთ ისე, რომ ყუმბარა არ დავაზიანოთ. ეს ზოგადად. რაც შეეხება თქვენს პრობლემას: პირველ ყოვლისა ნახეთ, დაზიანებულია თუ არა ყუმბარის შალითა. თუ დაზიანებულია, უნდა გაირეცხოს, ახალი შალითა ჩაეცვას და ხელმეორედ გაიპოხოს. არსებობს ერთი ძველი მეთოდი, რომლის გახმაურებაც ნაწილების გამყიდვლებს ძალიან არ უყვართ და მომხმარებელს ყოველთვის უმალავენ: თუკი თქვენს ავტომობილში მარჯვენა ყუმბარა საღია, (ეს იმ შემთხვევაში, როდესაც მარჯვენა და მარცხენა ყუმბარები ერთმანეთზე მიდის, რადგან, არის მოდელები, როდესაც მათი გადანაცვლება შეუძლებელია. „ტოიოტაზე“ კი შეგიძლიათ ის მარცხნივ გადააყენოთ, ხოლო მარცხენა დაზიანებული ყუმბარა – მარჯვნივ. ეს 95 პროცენტი გარანტიით იმუშავებს და ყუმბარა აღარ იკაკუნებს. ხმა მხოლოდ უკუსვლის დროს ექნება და, ვინაიდან უკუსვლის სიჩქარე ყველაზე იშვიათად გვჭირდება, ამ პრობლემას გადავჭრით. ის იმდენსავე ხანს იმუშავებს, რამდენ ხანსაც ახალი, ჯანსაღი ყუმბარა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3“, დიზელის ძრავაზე. ამ ბოლო დროს რაღაც პრობლემა გაუჩნდა: როდესაც, უბრალოდ, დაძრული მანქანით ვდგავარ, ავტომობილს თავისით ემატება ბრუნი, აღმუვლდება, არადა, გაზს ფეხს არ ვაჭერ. კიდევ რაღაც პერიოდი გავა, ისევ აღმუვლდება და გაჩერდება. ძალიან ბევრ ხელოსანთან ვიყავი, მაგრამ ვერავინ გაიგო, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. იქნებ თქვენ დამეხმაროთ.
პასუხი: სავარაუდოდ, თქვენმა ავტომობილმა დაიწყო ზეთის ჭამა და, შესაბამისად, ბოლვა. ეგრეთ წოდებული საქშენიდან, ზეთის ავზის სავენტილაციო მილიდან, ორთქლს გარკვეული დოზით მოჰყვება ზეთი, რომელიც გროვდება შემწოვ სისტემაში, ანუ შემწოვ კოლექტორში. როდესაც გაზს ფეხს გავუშვებთ, დაგროვილი ზეთი ჩადის სისტემაში, ხვდება „პორშინებთან“ და ხდება მისი აფეთქება. წარმოვიდგინოთ საჰაერო ფილტრი, სადაც გარკვეული დოზით ზეთი შევიდა. ის შემდეგ ჩაედინა საწვავ სისტემაში და მაშინ როდესაც გაზს ფეხს არ ვადგამთ, ანუ საწვავ სისტემას საწვავი (ამ შემთხვევაში დიზელი) არ მიეწოდება, დიზელი საწვავად ზეთს იყენებს, რომელიც ჩვენი ავტომობილის საქშენი მილით ხვდება შემწოვ სისტემაში, ჩაედინება ხელმეორედ ძრავაში, სადაც მისი აფეთქება მოხდა და სწორედ ამ დამწვარი ზეთით მოხდა ძრავის მუშაობა. ამიტომაც იმატებს ავტომობილი ბრუნს. ხოლო როცა დალექილი ზეთი ილევა, ბრუნიც აკლდება და სტაბილურდება. იმისთვის, რომ ასე არ მოხდეს, აძრობენ იმ მილს, რომელიც საქშენში ჩადის და გარეთ აყოფინებენ თავს ისე, რომ პირდაპირ გარეთ მოხდეს მისი გაბოლვა.
გვერდი მოამზადა
სალომე გველესიანმა