ვისზე იყო ეკა ნიჟარაძის შვილი ნაწყენი ახალ წელს და რა შეეშალა თოვლის ბაბუას
ეკა ნიჟარაძე: ვინ თქვა, რომ მსახიობებს საყოფაცხოვრებო პრობლემები არ გვაწუხებს?! ყოვლად სულელური მოსაზრებაა, იმიტომ რომ ჩვენც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და არა – მარსზე. ჩვენს სახლებშიც ისევე ფუჭდება ონკანი, როგორც სხვა პროფესიის ადამიანებთან. აბსოლუტურად ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები ვართ.
– არანაირად პრივილეგირებულები?
– რა თქმა უნდა. რომელმა ონკანმა ან საკეტმა იცის პრივილეგიები?! ხელოსნებს რაც შეეხება, ზოგი მართლა ცდილობს, პატივი გცეს და შედარებით ნაკლებ ფასში გაგიკეთოს. ზოგს, პირიქით ჰგონია, რომ რადგან მსახიობი ხარ და ტელეეკრანზე ჩანხარ, ძალიან ბევრი ფული გაქვს და იმაზე მეტს გეუბნება, ვიდრე სხვას ეტყოდა. ესეც ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეა.
– ქალი რომ ხარ და ლამაზი, ეს ჭრის?
– ხომ გითხარი, ადამიანზეა დამოკიდებული-მეთქი. ზოგზე არაფერი ჭრის – არც სილამაზე და არც პოპულარობა.
– მე ვიცი, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემებს დამოუკიდებლად უმკლავდები.
– დიახ, ბატონო და საკმაოდ ოპერატიულადაც. ვერ ვიტან, როცა სახლში რაღაც არ არის წესრიგში და მაშინვე ვიღებ ზომებს მის გამოსასწორებლად. საერთოდ, მიყვარს კომფორტი და როცა რაღაც წესრიგში არ არის, მით უმეტეს ის, რაც ყოველ წუთს გჭირდება, ეს უკვე დისკომფორტია და მეც სწრაფად ვცდილობ პრობლემის აღმოფხვრას.
– საკუთარი ხელით შეძლებ რამის შეკეთებას?
– როგორ არა! მაგალითად, ონკანს გამოვცვლი. საკეტის დაშლა და აწყობა ჯერ არ მიცდია. შედარებით რთული მექანიზმია, თუმცა, თუ დამჭირდა, ვფიქრობ, არც ეს გამიჭირდება. უბრალოდ, არ ვრისკავ.
– ანუ, ნიჭი გაქვს.
– ნიჭი კი არა, დიდი გამოცდილება მაქვს. (იცინის) იმდენი ხანია, სახლში ყველა პრობლემას მე ვაგვარებ, რომ რაღაც-რაღაცეები ვისწავლე.
– შენ უკვე დიდი ვაჟი გყავს. ის არ ცდილობს, დაგეხმაროს და თვითონ სცადოს ყოფითი პრობლემების მოგვარება?
– როგორ არ ცდილობს. თექვსმეტი წლისაა უკვე და სულ მეუბნება, დედა, მე გავაკეთებო. მაგრამ ისე ვარ მიჩვეული, რომ მე უნდა გავაკეთო, არ ვაცდი. ვიცი, რომ ეს ძალიან ცუდია. მამაკაცია და ყველაფერი უნდა შეეძლოს. ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს. ჯერ სახლში გააკეთოს და მერე – საკუთარ ოჯახში, ცოლს რომ მოიყვანს.
– და არ გაილანძღება ეკა რძლისგან?
– (იცინის) რა თქმა უნდა. მამაკაცი იმიტომ არის მამაკაცი, რომ ყოფითი პრობლემების მოგვარება საკუთარ თავზე აიღოს.
– ხელოსნებს როგორ ეძებ?
– არ ვეძებ, მყავს უკვე. ვინც რემონტი გამიკეთა, იმას ვურეკავ ხოლმე და მოდის, როცა პრობლემას დამოუკიდებლად ვერ ვართმევ თავს. რემონტმაც მთლიანად ჩემს კისერზე გადაიარა. ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული. სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა. თუ რემონტის დროს შენ არ იაქტიურე, შეიძლება, ისეთი რაღაც გაგიკეთონ, საკუთარი სახლი ვეღარ იცნო. თუ იმდენი ფული გაქვს, დაიქირაო ინტერიერის დიზაინერი, სამუშაოების შემსრულებელი და ყველაფერი მათ მიანდო, შენ მარტო მოიწონო მათი ნამუშევარი, კარგია. მაგრამ მე ამის ფუფუნება არ მქონდა. ამიტომ დაწყებიდან დამთავრებამდე თავზე ვადექი. სხვათა შორის, ბოლომდე არც არის დამთავრებული – „ნახევარფაბრიკატია“. (იცინის) ძალიან ვჩქარობდი ჩემს სახლში გადმოსვლას. ზოჯერ სხვისი რჩევა გავითვალისწინე, ზოგიც ჩემი გემოვნებით გადავწყვიტე. მთავარი იყო, მქონოდა კომფორტი, კარგი სამზარეულო, ცხელი წყალი და გათბობა. ავეჯი დღესაც არ მაქვს.
– სამაგიეროდ, ხედი გაქვს კარგი.
– ხედი მართლაც არაჩვეულებრივია. მთელი თბილისი ხელისგულზე მაქვს გადაშლილი. ისეთი სილამაზეა, როგორ ცუდ გუნებაზეც უნდა იყო, გახედავ და დამშვიდდები. მე რომ იმას დავლოდებოდი, ბოლომდე როდის გაკეთდებოდა ყველაფერი, დღესაც დედაჩემთან ვიქნებოდით ამდენი ხალხი ორ ოთახში. ძლივს საკუთარი სივრცე მაქვს. მირჩევნია, ასე ვიყო. როცა გაკეთდება, გაკეთდება და თუ არ გაკეთდება, ესეც არ არის ტრაგედია. ევრორემონტი და ევროგანათება ძალიან მოგვწონს და გვინდა მე და ჩემს შვილებს, მაგრამ ჯერ ამის საშუალება არ არის და ამაზე ნერვებს ნამდვილად ვერ მოვიშლი.
– „ელიავაზე“ ხშირად დარბოდი?
– დავრბოდი რომელია. მანამდე დედაჩემის სახლში მქონდა რემონტი! იქაც ყველაფერი მე გავაკეთე. გადავაკეთე, რომ ცოტა მეტი ფართი ყოფილიყო. მერე უკვე ჩემი ბინის რაღაცეების საყიდლად დავდიოდი და უკვირდათ, შენ კიდევ არ დაამთავრე რემონტიო?
– ესე იგი, „გენერალური რეპეტიცია“ დედაშენის სახლზე გაგივლია.
– ასე გამოვიდა. ისე, რემონტმა შეყოლა იცის, აზარტულია. რაც უფრო დიდხანს გრძელდება, ახალი და ახალი ფანტაზიები გიჩნდება. შენც უფრო იხვეწები, როგორც მშენებელი და როგორც უბრალო მუშა. (იცინის).
– მანქანის საბურავი გამოგიცვლია?
– საბურავი არ გამომიცვლია, მაგრამ ჯაჭვებს ძალიან მოხერხებულად ვუკეთებ. ეს მანქანა, რომელიც ახლა მყავს, ახალია და ჯერ არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ „ნოლ ექვსი“ რომ მყავდა, იმის ენა ძალიან კარგად მესმოდა. ისე, საბურავსაც გამოვცვლი, თუ დამჭირდება.
– სირცხვილი ქართველ მამაკაცებს!
– (იცინის) ქართველ მამაკაცებს ძალიან ბევრი რამის გამო – სირცხვილი, მხოლოდ ამიტომ არა.
– ვინ აკეთებს შენს სახლში გოზინაყს?
– მე და ძალიან გემრიელი გამომდის. როცა ინგრედიენტები არის ნიგოზი და თაფლი, როგორ შეიძლება, გემრიელი არ გამოვიდეს?! სხვათა შორის, არც არავის უსწავლებია. ავდექი და პირდაპირ გავაკეთე. მიმაჩნია, რომ სწორედ გოზინაყია ის აუცილებელი ნუგბარი, რომლის გარეშეც ახალი წელი ძნელი წარმოსადგენია. გოჭის ხორცს და საცივს მაშინ შეჭამ, როცა ამის ფული გექნება, გოზინაყი კი მხოლოდ ახალ წელს კეთდება.
– საახალწლოდ სიამოვნებაში, ანუ საჩუქრებში უფრო მეტს ხარჯავ, თუ პროდუქტში?
– თანაბრად მეხარჯება. რამდენი ფულიც მაქვს – იმის მიხედვით. სიმბოლურ საჩუქრებს მაინც „ყიდულობს“ თოვლის ბაბუა ბავშვებისთვის. ზოგს სჯერა მისი არსებობის, ზოგსაც აწყობს. ჩემს პატარას მართლა სჯერა. შარშან თოვლის ბაბუას შეეშალა და მისი საჩუქარი სხვაგან შეინახა. ძალიან ნაწყენი იყო თოვლის ბაბუაზე. კიდევ კარგი, მერე ვიპოვეთ.
ეკას ვინ ასაჩუქრებს ახალ წელს?
– ბავშვები მიკეთებენ ხოლმე სიურპრიზებს.