კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ აპატიებდა და როდის სცემდა ქმარს დოლჩე, ქალი რომ ყოფილიყო

„ქალის ტყავში“ ყოფნის სიმძიმე სრულად მაშინ შეიცნო, როცა საკუთარი ცოლის მშობიარობას დაესწრო. იმ დღის შემდეგ ქალი განსაკუთრებით დააფასა. მიაჩნია, რომ მამაკაცების უმრავლესობას მკაცრი ხელი სჭირდება,  როცა სათანადოდ არ სცემენ პატივს ქალს. რას იზამდა, თავად რომ ქალი ყოფილიყო?! – მოუსმინეთ დოლჩეს, რომელიც „თბილისელებთან“ განსაკუთრებულად გულახდილი იყო.

გიორგი კალანდარიშვილი: ძალიან რთულია ქალობა. არ მიფიქრია იმაზე, რა მოხდებოდა, მე რომ ქალი ვყოფილიყავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან გამიჭირდებოდა. თუმცა, კაცობაც არანაკლებ რთულია. ორივე სქესს თავისი სირთულეები აქვს. ოჯახიც ორივესთვის ძალიან საპასუხისმგებლო ტვირთია. მე ვერ ვიტყვი, რომ ოჯახში ქალს მეტი მოეთხოვება, არ არის ასე. მამაკაცსაც ძალიან ბევრი მოეთხოვება – ორმოცდაათი ორმოცდაათზეა.

– მაგრამ ქალზე აშკარად მეტი ტვირთია ხოლმე აკიდებული.

– სხვის ოჯახში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩემთან ასე ნამდვილად არ არის. ქალს რატომ უნდა აჰკიდო მეტი, ან რა უნდა აჰკიდო ისეთი, რაც მას არ შეეფერება. ავეჯის გადაზიდვას ხომ ვერ მოსთხოვ? დანარჩენი – პროდუქტის მოტანა იქნება, თუ სხვა საოჯახო საქმე – ცოლ-ქმარმა ერთად უნდა გააკეთოს. თუ საჭიროა, ჭურჭელსაც გავრეცხავ, არ მაქვს ამის პრობლემა. შეიძლება, ისე კარგად არ გამომივიდეს, როგორც ქალს, მაგრამ რაღაცას მოვახერხებ. საერთოდ, გეთანხმებით იმაში, რომ ქალს საქართველოში არ ექცევა ისეთი ყურადღება, როგორსაც ის იმსახურებს, ანუ, არ არის სათანადოდ დაფასებული. ქალის კეთილდღეობა მთლიანად არის დამოკიდებული მამაკაცზე.

– მამაკაცები არ აღიარებენ ხოლმე ამას.

– ესე იგი, მე განვსხვავდები მაგ მამაკაცებისგან. მე იმასაც ვაღიარებ, რომ, რისი ატანაც ქალს შეუძლია, კაცი ვერ გაუძლებდა. თუნდაც ის, რომ ქალი ორსულდება და ბავშვს აჩენს, საკმარისია ამის დასადასტურებლად. ქალად რომ დავბადებულიყავი და მცოდნოდა, ეგ ყველაფერი გადასატანი მაქვს, ნამდვილად გავგიჟდებოდი. მე დავესწარი ჩემი ცოლის მშობიარობას და ყველა ქართველ კაცს ვურჩევ, თავისი ერთი შვილის დაბადებას მაინც დაესწროს, მერე სხვანაირად დააფასებს ცოლს და იმასაც მიხვდება, რისი გადატანა უწევს ქალს. ჩემი ოცნებაა, სამი-ოთხი შვილი მაინც მყავდეს, მაგრამ რასაც ვუყურე... თან, ვერაფრით რომ ვერ ვეხმარებოდი, კინაღამ გავგიჟდი. რაღაც ზებუნებრივ ტკივილებს უძლებდა. ჩემთვის მიუღებელია ის სიტუაცია, როცა ცოლი მშობიარობს, ქმარი კი გარეთ ქეიფობს, „გრიალებს“ და სადღეგრძელოებს სვამს. სხვა რას ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ, მე რომ ქალი ვყოფილიყავი და ქმარს სამშობიარო ბლოკში მარტო დავეტოვებინე, როგორც კი სამშობიაროდან გამოვიდოდი, მაშინვე გავეყრებოდი, აუცილებლად დავშორდებოდი, მე ასე მგონია. ქვემოთ რომ დგანან, იმას ხომ ვერ ხვდებიან, რა ხდება ზემოთ. კი, ვითომ ნერვიულობენ, მაგრამ ეს გვერდით დგომა არ არის. დიდი გულადი რაინდი არ ვარ, მაგრამ, როცა ფიქრობ იმას, როგორ იქნებიან შენი ცოლი და შვილი, ცუდად არ გახდები. გაუძლებ. არ უნდა იფიქრო ის, რომ ვაი, გული წამივაო. არ წაგივა, დისკომფორტი კი უნდა აიტანო. გეუბნები, ქალი რომ ვყოფილიყავი, ქმარს არ ვაპატიებდი, თუ ჩემ გვერდით არ იქნებოდა მშობიარობის დროს. ქალი ამ დროს მარტო არ უნდა იყოს. საერთოდაც, ქალი არასოდეს არ უნდა იყოს მარტო. არც ბავშვი უნდა გაზარდოს მარტომ და არც პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. მან უნდა მოითხოვოს მამაკაცისგან ჩაერთოს ამ ყველაფერში. მე სადილს გიმზადებ? – შენ ბავშვს მიხედე. არ შეიძლება, ის წინ და უკან დარბოდეს და შენ ტირანივით ბრძანებებს იძლეოდე.

– ანუ შენ მიგაჩნია, რომ დღევანდელი ქალები ძალიან ცოტას ითხოვენ?

– ძალიან ცოტასაც არ ითხოვენ, საერთოდ არაფერს ითხოვენ. ბედნიერებისთვის ისიც ჰყოფნით, რომ ქმარი სადღაც მუშაობს. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდია. ქალი ისეთივე ადამიანია, როგორც კაცი და არ უნდა ჩაიკეტოს სამზარეულოში, ქვაბებთან და ტაფებთან. კაცს აზულუქებს ქალი, როცა არაფერს სთხოვს და ჩუმად შრომობს, შინ და გარეთ. უსაქმოდ ყოფნა კაცისთვის მომაკვდინებელია. ის ბუნებით არის მომპოვებელი და როცა ამ ფუნქციას კარგავს, ნელ-ნელა ზულუქდება და ბერდება. ქალმა უნდა მისცეს მას სტიმული. ჩხუბითა და ყვირილით კი არა, მორალურად უნდა დაუდგეს გვერდით და წააქეზოს წარმატებისთვის. მე, შეიძლება, ყველაფერი კარგად არ გამომივიდეს, მაგრამ, თუ ჩემი ცოლი გამამხნევებს და მეტყვის, შენ მეტი შეგიძლია, ხვალ ამას უკეთესად გააკეთებო, მე ძალა მომემატება და მართლა შეუძლებელს შევძლებ. ქალი და კაცი შეხმატკბილებულად უნდა მოქმედებდნენ, უყვარდეთ ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე და უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს. სხვანაირად მათ ერთად ყოფნას აზრი არ აქვს.

– ქალი და კაცი მართლა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს?

– არ მგონია. ვერც იმაში დავეთანხმები ვინმეს, რომ ქალი უფრო შურისმაძიებელია, ვიდრე კაცი. იმდენი შურისმაძიებელი კაცი ვიცი, რამდენიც გაგიხარდება. უბრალოდ, ქალს შურისძიების ქალური მეთოდები აქვს, კაცს – კაცური, ამაშია განსხვავება. კაცებიც მაგარი ჭორიკნები არიან. რომ ჩასხდებიან საჭორაოდ, თემა არ რჩებათ, რაზეც არ ჭორაობენ. (იცინის) ასე რომ, არც ამაში განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ადამიანური ხასიათიდან გამომდინარე, ან ხარ ჭორიკანა, ან – არა, სქესს არ აქვს მნიშვნელობა.

– ქალმა არ შეაცდინა და წააქეზა მამაკაცი აკრძალული ხილი გაესინჯა?

– ეგ ეშმაკმა გააკეთა და არა ქალმა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეშმაკი კაცად არის წარმოდგენილი, მაშინ საკითხავია, ვინ ვინ შეაცდინა. მოკლედ, ეს რთული საკითხია და ამომწურავად ვერ გიპასუხებ. (იცინის).

– მე მივხვდი, არ ეთანხმები იმას, რომ მამაკაცი რამით მეტია ქალზე.

– რა თქმა უნდა. ქალსაც აქვს ძალიან ბევრი პრივილეგია, მაგრამ ქალბატონების უმრავლესობა არ იყენებს ამ პრივილეგიებს.

– როგორი ქალია მამაკაცისთვის გამაღიზიანებელი?

– მეტიჩარა. მე ძალიან ვღიზიანდები, როცა ქალი კაცს რაღაცეებს უკონტროლებს. თავისი ადგილი რომ არ იცის და, რაც მისი საქმე არ არის, იქ ყოფს ცხვირს. ზედმეტი ყველაფერი ცუდია – ყურადღებაც, გაპრანჭვაც და ცნობისმოყვარეობაც. მთელი დღის განრიგის მოყოლის მოთხოვნას და შეკითხვებით სულის ამოხდას დიდხანს ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებს. საშინელებაა ისიც, როცა ქალი ქმრის მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს. განკარგულებებს იძლევა და თავი ყველაფრის მცოდნედ მოაქვს. ზოგიერთ მამაკაცს მოსწონს, როცა ქალი ძალით ისულელებს თავს. მე ესეც არ მომწონს. რაღაცნაირად, ხელოვნურად რომ გამოშტერდებიან ხოლმე, ნერვები მეშლება. ჩემთვის ჩემი ცოლის აზრი ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ არაჩვეულებრივი ზომიერების გრძნობა აქვს, ზედმეტს არასდროს არაფერს გეტყვის. რასაც გეტყვის, ისე გეტყვის, რომ საკუთარი თავის რწმენას შეგმატებს. მე მჯერა ქალური ინტუიციის. ქალები წინასწარ გრძნობენ რაღაც-რაღაცეებს. ისეთ რაღაცას მიხვდებიან, კაცი ორმოცდაათი წლის შემდეგაც რომ ვერ გაიგებს. ამიტომ, ჭკვიანმა კაცმა ცოლის აზრი უნდა გაითვალისწინოს. ორი თანამოაზრის ერთად ყოფნა ძალიან დიდი ძალაა. მით უმეტეს, რომ ზოგიერთები ამტკიცებენ, ქალი და კაცი საერთოდ ერთი არსებააო, მაგრამ ისინი, მგონი, სხვადასხვა განზომილებაში არიან. ყოველ შემთხვევაში, უერთმანეთოდ ყოფნა რომ არ შეგვიძლია, ფაქტია.

– როგორ ფიქრობ, შეიძლება, ქალი დაბადებიდან ავი იყოს?

– ალბათ, არა. ცხოვრება და გარემო აყალიბებს ადამიანს. რატომ უნდა იყოს ავი, თუკი სულ მიეფერებიან? მე რომ ქალი ვიყო და ყოველდღე ვიღაც მეჩხუბებოდეს: რატომ არ არის შარვალი გარეცხილი, რატომ არ გამიუთოვე, რატომ არ გამიკეთე ეს, რატომ ვერ მოასწარი ისო, გავავდებოდი კი არა, ვცემდი ქმარს. სიმართლეს გეუბნები, ვივარჯიშებდი და მერე ვცემდი, ან ვიღაცას ვაცემინებდი. ქმარზე გამწარებულ ქალს მთელი აგრესია შვილზე გადააქვს და ასე ყალიბდებიან აგრესიული, გაბოროტებული ადამიანები. ღმერთმა ჩვენ ყველა სიყვარულისთვის გაგვაჩინა, იმიტომ, რომ ვუყვარვართ, ჩვენ კი დაგვავიწყდა ეს. გეუბნები, მე რომ ქალი ვყოფილიყავი, ჩემს ქმარს ბევრის უფლებას არ მივცემდი. აუცილებლად მოვითხოვდი იმას, რომ ჩემი აზრისთვის, პიროვნებისთვის პატივი ეცა. არ მესმის, რისთვის უნდა ზოგიერთ მამაკაცს ცოლი. დაიქირავოს მონა და ჰყავდეს! ცოლი არ არის მონა, ის შენი სრულფასოვანი პარტნიორია. მოიყვანენ ცოლს და მერე იწყებენ „ბლატაობას“. სანამ უკან დასდევენ, არც ყვავილების ყიდვა ავიწყდებათ, არც დღესასწაულების მილოცვა და დღეში ორმოცდაათჯერ ეუბნებიან მიყვარხარ და უშენოდ არ შემიძლიაო. მერე სად მიდის ეს ყველაფერი, გაუგებარია. მოიყვანენ ცოლს, ამოსდით რქები და იწყებენ მბრძანებლობას.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ქალები აძლევენ ამის უფლებას. კაცი რომ ამას აკეთებს, ეს ქალის ბრალია. აბა, მოითხოვოს, სათანადოდ მოექცეს და პატივი სცეს?! უთხრას, ნუ მბრძანებლობ და წესიერად მოიქეციო?!

– მაშინ, შეიძლება, კაცმა ძალის დემონსტრირება მოახდინოს!..

– ანუ, სცემოს? რას ამბობ! მე რომ ქალი ვიყო და ჩემმა ქმარმა მსგავსი რამე გაბედოს, სერიოზულ შარში იქნება. ვუჩივლებ, ან მოვუყვან ძმას ან მამას და ძალიან მაგრად ვაცემინებ.



ნინო წულუკიძე


скачать dle 11.3