ვინ დატოვა სანაპიროზე შიშველი გიორგი მახარაშვილი და რას ვერ აკეთებს ანუკა ქორქია კომფორტის გარეშე
ყოფილ „ჯეოსტარელს“, მომღერალს და ამავდროულად, ფოტოგრაფ გიორგი მახარაშვილს ძალიან მოსწონს ლამაზი გოგონების გადაღება. როგორც თავად გვითხრა, სიამოვნებით გადაიღებდა დებს ანუკა და ლიკა ქორქიებს. გადაღების საქმე როგორ იქნება, არ ვიცი, აი, ინტერვიუ კი ანუკასგან მართლა აიღო და ბოლოს კარგ ფოტოსესიაზეც შეთანხმდნენ.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ანუკა ქორქია
– მითხარი, როგორ ისვენებ, რას აპირებ, რა გეგმები გაქვს?
– უკვე დავისვენე. გასტროლებზე ვიყავი ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში და მშვენიერი დასვენება გამომივიდა. შვიდ ქვეყანაში ვიყავი ჩემს ანსამბლთან ერთად, ახლა კი, ალბათ, ბათუმში წავალ ცოტა ხნით.
– როგორი იყო შენი ევროტური, მოგვიყევი რამე, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდა.
– ძალიან მაგარი იყო, როგორ შეიძლება ამის გადმოცემა! როგორც ნებისმიერ მოგზაურობაში, აქაც იყო ისეთი მომენტები, რაზეც ძალიან ბევრი ვიცინეთ და რაც, ალბათ, ყოველთვის ძალიან მაგრად გაგვახსენდება. პლაჟზე რომ „უტრუსიკოდ“ დამტოვეს, ეს საშინელი სირცხვილია, მაგრამ მთელი მოგზაურობის დროს ამაზე სახალისო სხვა არაფერი მომხდარა. შხაპის მისაღებად შევედი და, რომ გამოვედი, არც „ტრუსიკი“ დამხვდა, არც „მაიკა“, არც შორტი – მოკლედ, არაფერი. გამოვედი, სხვა რა გზა მქონდა, იქ ხომ არ დავრჩებოდი?! (იცინიან).
– ეს რომელ სანაპიროზე მოხდა?
– ბულგარეთში.
– და, საერთოდ არ გაჰკვირვებიათ?
– არა, ხალხს ყურადღებაც არ მოუქცევია, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა იცინეს ბევრი.
– ჩხუბები, რაღაცეები, არ იყო?
– კი, როგორ არა, მაგრამ, დავჩაგრეთ...
– „დუხით“ დააგდეთ თუ რაოდენობით?
– (იცინიან) მაგრად ვიჩხუბეთ. ისეთი გიჟის სახეები გვქონდა, რომ შეეშინდათ. ბულგარელებიც ძალიან გიჟები არიან, როგორც კი რამე მოხდებოდა, ეგრევე – წამო ვიჩხუბოთო, – ამბობდნენ. რა ვიჩხუბოთ-მეთქი, რა დროს ჩხუბია, მაგრამ მაინც მოგვიწია.
– სცენაზე არ მომხდარა რამე გაუთვალისწინებელი?
– ჩვენთან დაკავშირებით არა, მაგრამ მოცეკვავეებიც იყვნენ წამოსული ჩვენთან ერთად და ერთ-ერთი მოცეკვავე სცენიდან კი არ ჩავარდა, ისე თავისდაუნებურად „ჩაცოცდა“ კიბეზე, რომ ბოლოს იქ ცეკვავდა.
– ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც იყავი, სად უფრო მოგეწონა გოგოები?
– იცი, რა? ცუდი გოგო არ მინახავს, ძირითადად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. არ შემხვედრია გოგო, რომელიც არ ვარგოდა.
– საერთოდ როგორი გოგოები მოგწონს?
– შავგვრემანები...
– უფრო კონკრეტულად მე გეტყვი: მაღალი, შავგვრემანი, ეშხიანი, ფორმებიანი... მაგრამ, გარდა გარეგნობისა კიდევ რა უნდა იყოს ქალში, რაც მოგხიბლავს? ბევრი ბიჭისგან გამიგია, რომ სამჯერ დაინახავენ ვიღაცას და ამბობენ აუ, მაგრად მიყვარსო. მხოლოდ მოწონებით და გარეგნობით შეიძლება, ვინმე შეგიყვარდეს?
– არა, ეგეთი რაღაცეები არ მემართება ხოლმე. არც სამი ნახვით და არც ხუთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. ბევრჯერ არ მყვარებია და ამის სერიოზული გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ასე ტუტუცურად არასდროს შემყვარებია.
– გჯერა იმის, რომ არსებობს ჰორმონი, რომელიც იმ გოგოს ნახვისას გამოიყოფა, რომელიც მერე აუცილებლად გიყვარდება?
– აუ, რა კითხვაა?! გამიმეორე, რა! (იცინიან) საერთოდ, არ მგონია, ეს მეცნიერებასთან და რაიმე ნივთიერებების გამოყოფასთან იყოს დაკავშირებული. სიყვარული არის ემოცია, გრძნობა, სულ სხვა რაღაც. მერე ჰორმონებიც იწყებენ ამბავს, მაგრამ, რომელიმე კონკრეტული ჰორმონი იწვევდეს სიყვარულს – ამის არ მწამს.
– ვიცი, რომ აქსესუარები გიყვარს. ხომ არ გაქვს საათების ან რაღაც მსგავსი აქსესუარების კოლექციები?
– არა, აქსესუარების კოლექცია არ მაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, „მაკდონალდსის“ ჩეკებს ვაგროვებ, ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს და მეგობრებიც კი მაძლევენ ხოლმე. ასეთი ჰობი მაქვს.
– მესიჯებს არ აგროვებ? მილიონი მესიჯი მაქვს შენახული, ტელეფონი უკვე დაღლილია.
– საბედნიეროდ არა. თან, ჩხირით რომ უნდა გააკეთო ეგ ყველაფერი, ისეთი ტელეფონი მაქვს და ყველა სიტყვის დაწერა ისე მეზარება, არ იცი. სამაგიეროდ, ანგარიშზე არ მაქვს არასდროს, რადგან ერთი სიტყვისთვისაც კი ვრეკავ ხოლმე.
– მეც საშინლად მეზარება მესიჯების წერა და საერთოდ ყველაფერი, რაც მესიჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც მაქვს ტელეფონი გატენილი. ბათუმში მივდივარო მითხარი. რატომ მაინცდამაინც ბათუმი?
– ვერ გეტყვი, რომ ბათუმში იმიტომ მივდივარ, რომ უკეთესი ზღვაა ან სანაპირო. თუ სადმე მივდივარ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეგობრებისა და სიტუაციის გამო, სადაც ვიცი, რომ ჩემები დამხვდებიან და კარგად გავერთობი.
– რა არის შენი საყვარელი კერძი?
– ყველაფერი მიყვარს, რაც ქართულ სამზარეულოში შედის: ხინკალი, ქაბაბი... უგემრიელესია.
– დალევა?
– დალევაც მიყვარს, მაგრამ „პახმელია“ არ მქონია არასდროს. სადაც გინდა, იკითხე, მახარაშვილს რომ „პახმელია“ ჰქონდეს, ასეთი რამ არ არსებობს, ეს საგვარეულოა. ამ გასტროლებზეც ძალიან ბევრს ვსვამდით, თან – ყოველდღე.
– მერე, სცენაზე ნასვამები იდექით?
– რა მოხდა მერე?! არა, თუ სერიოზულად გიპასუხებ, ზოგი იმიტომ სვამს ცოტას, რომ სცენაზე შიში და ნერვიულობა არ ჰქონდეს. მერე იყო ქაოსი: ზოგს ტექსტი ერეოდა, ზოგს რა ავიწყდებოდა და ზოგს – რა. გაღიმებული სახეებით გადავხედავდით შეგეშალაო; ის იტყოდა რა მოხდა მერეო – და ვიყავით ასე, ამბებში.
– ალბათ, ბევრი ემიგრანტი ქართველი მოდიოდა თქვენს კონცერტებზე.
– უცხოელებიც მოდიოდნენ, მაგრამ, აი, მხოლოდ ქართველებისთვის, გერმანიაში, შტუდგარდტში ჩავატარეთ კონცერტი. ძალიან ბევრი ცრემლი იყო, (იცინის) ბევრი გვეხუტნენ და ბედნიერად დავცილდით ერთმანეთს.
– თმას როგორ უვლი? მოგწონს შენი ხუჭუჭა თმა?
– ძალიან. (იცინიან) არ ვუვლი საერთოდ. „მივდივარ, მივყვები და ასე მგონია, ისევ ის ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარაა“...
– გარდა იმისა, რომ კარგად მღერი, რას აკეთებ კიდევ კარგად?
– სალათებს ვაკეთებ არაჩვეულებრივს, მაგრამ, სტანდარტულს კი არა, რაც მომხვდება ხელში და რაც სახლში მაქვს, იმისგან ვაკეთებ ხოლმე სინთეზს. ახლა, ჩემს რეცეპტებს ვერ გაგანდობთ, ყველაფერს ხომ არ გაგიმხელთ. აუ, ახლა ისე მეძინება, გუშინ ჩემი დის დაბადების დღე იყო და გვიანობამდე რა ამბავი გვექნებოდა, ხომ წარმოგიდგენია. დილით კი სამსახურიდან დამირეკეს, რომ ბანერი ყოფილა გასაკეთებელი. მოკლედ, დიდი ამბები მქონდა.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიორგი მახარაშვილი
– ახლა შენ მითხარი რას აპირებ, სად უნდა დაისვენო თუ უკვე დაისვენე?
– არა, ჯერ არსად დამისვენია. სავარაუდოდ, ეს ინტერვიუ, რომ გამოვა, იმ დროისთვის უკვე ბათუმში ვიქნები. შარშან და შარშანწინ ვერ ჩავედი, მაგრამ ისე, ძირითადად თურქეთში დავდივარ ხოლმე. ბათუმი – თურქეთი, ბათუმი – თურქეთი – სულ ამ მიმართულებით დავდივარ ზაფხულობით.
– გართობა – სტანდარტული?
– ჰო, სტანდარტული, უბრალოდ, დალევა არ მიყვარს, ამის გარეშეც მშვენივრად ვერთობი.
– მთაში დასვენება ვერ წარმოგიდგენია?
– ვერ წარმომიდგენია, თუმცა ვყოფილვარ. მიყვარს „პახოდები“, ზურგჩანთების გადაკიდება, „ადიალების“ წაღება და ბოდიალი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი დღით. რასაც ჰქვია დასვენება, დასვენებას კომფორტს ვეძახი, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ზღვაზე სულ სხვაა, ჯერ ერთი, ზღვა გაქვს, თან, აუზია, ბევრი ხალხი, უამრავი ნაცნობი გხვდება. და მყავს, რომელთან ერთადაც მშვენივრად ვერთობი.
– შენი და უფროსია თუ შენ?
– მე ვარ ერთი წლით და თხუთმეტი დღით უფროსი, – აი, როგორი ზუსტი პასუხი გაგეცი.
– რით ჰგავხართ ერთმანეთს?
– საერთოდ არაფრით, არც გარეგნობით და არც ხასიათით. არა, არც ისე, რომ რადიკალურად განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, მაგრამ ბევრ რაღაცაში ვერ ვუგებთ ერთმანეთს. ერთადერთი, ხმა გვაქვს ერთნაირი, ტელეფონში საერთოდ ვერ გვარჩევს ვერავინ, დედაჩვენიც კი.
– მითხარი, როგორი ბიჭები მოგწონს და ახლა თუ მოგწონს ვინმე?
– არ გეტყვი. (იცინიან) არასდროს მითქვამს და ახლა შენთან ვიტყვი, რომ მომწონს ერთი ბიჭი. მოწონებით ადრეც მომწონებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად სხვა ამბავია. მართლა ძალიან მომწონს. ასეთ დროს როგორი ტიპი ვხდები, იცი? აბსოლუტურად ვეღარავის აღვიქვამ გარშემო. ეს ერთგულებაც კი არ არის, რაღაც უფრო მეტია. მაგრამ ამისთვის ბევრი რაღაც არის საჭირო – ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში.
– და როგორი ბიჭია?
– იმდენად კარგი ადამიანია, – ისე ამასაც პირველად ვამბობ – რომ ცუდს მასში ვერაფერს ვპოულობ: თბილი, ყურადღებიანი, პიროვნულად უამრავი კარგი თვისებით დაჯილდოებული და გარეგნობითაც საკმაოდ სიმპათიური.
– მაინც, როგორი?
– მაღალია, შავგვრემანი, წარმოსადეგი. ძალიან ძლიერი პიროვნებაა – კიდევ ერთხელ ვამბობ, დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ ზუსტად ისეთი, როგორიც მინდა იმ ადამიანს ჰქონდეს, ვინც მეყვარება. ჯერჯერობით ჩვენ შორის კონკრეტული არაფერი ხდება, მაგრამ რაღაც დასაწყის ეტაპზე ვართ.
– როგორი იუმორი გაქვს?
– სხვათა შორის ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა გაქვსო, მაგრამ უფრო იუმორის გრძნობა კი არა, ენამოსწრებული ვარ და კონკრეტულ სიტუაციაში თუ უცებ რამეს ვიტყვი, ამაზე მერე ყველა იცინის. ანეკდოტებს არ ვყვები საერთოდ (იცინიან), ანუ კურიოზების მოყოლაც მიჭირს.
– სიმღერა იცი?
– ძალიან მიყვარს, ვგიჟდები სიმღერაზე. მე და ჩემი და ძალიან ხშირად დავდივართ ხოლმე კარაოკეზე და ორ ხმაში მშვენივრად ვასრულებთ სიმღერებს. ისე ვერ ვმღერი, რომ ცალკე ვიმღერო, აყოლით უფრო მაგრად გამომდის. ერთხელ ჩემ მეგობარს ვუმღერე და იქ გარშემო ლამის ხალხი დაიშალა. მიყვარს ცეკვა, ვუკრავ, ათწლედიც მაქვს დამთავრებული, ანუ სმენა მაქვს. მე უფრო უცხოური სიმღერები ვიცი, ჩემმა დამ კი თითქმის ყველა ქართული სიმღერა ზეპირად იცის და უნდა ნახო ხოლმე, რა ხდება.
– რას უსმენ?
– უფრო კლასიკას. რეპი არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ რეპერების კონცერტებზე ვიყავი; არ მომწონს მძიმე როკი, თუმცა, მქონდა პერიოდი, როდესაც ძალიან მომწონდა.
– ქართული სიმღერები არ გიყვარს? მეც მხოლოდ ჯაზს ვუსმენდი, მაგრამ „ჯეოსტარის“ შემდეგ ისე შემიყვარდა, რომ არა მხოლოდ ვმღერი, სულ ამას ვუსმენ. სუფრასთანაც ხშირად ვმღერით ხოლმე. არის სიტუაციები, რომელსაც მარტო ქართული სიმღერები უხდება.
– მართალი ხარ, მეც ხშირად ვარ ხოლმე ისეთ სიტუაციაში, როდესაც ქართული სიმღერები ძალიან მომწონს. საკმაოდ ამყოლი ბუნება მაქვს და, შემიძლია, ჩემს მეგობრებს ყველა სიტუაციაში „გავუსწორო“. ნებისმიერ ამბავში გავერთობი, სადაც ჩემიანები იქნებიან, „ჩანგალზე“ იქნება ეს თუ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანში. „აუუ, აქ არ შევალ“, – ასეთი რაღაცეები არ მჭირს.
– ბოლოს მითხარი, როგორ ხარ?
– ძალიან კარგად ვარ, მიხარია, რომ ზაფხულია, ვიპრანჭები, მიხარია სახლიდან გამოსვლა. მიყვარს შემოდგომა და სიგრილეც, მაგრამ ერთიანობაში მაინც მირჩევნია ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ძირითადად ზაფხულია და ცოტათი ცივა (იცინიან).
– რა გჭირდება ბედნიერებისთვის?
– ის, რომ ჩემი ოჯახის წევრები და ის ადამიანები, რომელიც ძალიან მიყვარს, ჯანმრთელად იყვნენ და საყვარელი ადამიანი მყავდეს გვერდით. ანუ, რასაც ჰქვია „ქალური ბედნიერება“, რაზეც მერე ბიჭები ბევრს ხალისობენ ხოლმე, გვითხარით, ერთი, რა არის ეს თქვენი ქალური ბედნიერებაო, არის სწორედ ეს. შენც მითხარი, რა გჭირდება სრული ბედნიერებისთვის?
– სულ რომ ზაფხული იყოს – ეს არ არის აუცილებელი. კონკრეტულად რა მჭირდება ბედნიერებისთვის, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ, ალბათ, ძალიან ბევრი რაღაც. რომ გგონია, ბედნიერებისთვის ეს მეყოფაო, მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ უფრო მეტი გინდა. ამიტომ ახლაც ბედნიერი ვარ.
სალომე გველესიანი