კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


ერთი სახიფათო ისტორია „თოვლის ბაბუის“ ცხოვრებიდან

რამდენიმე წლის წინ, ასე ვთქვათ, თოვლის ბაბუად ვმუშაობდი ახალი წლის დღეებში. უამრავი გამოძახება გვქონდა და, ლამის დილამდე გვიწევდა ხოლმე ოჯახებში სიარული.

ღამის 4 საათი იყო, რომ ყველა შეკვეთა შევასრულეთ, ერთის გარდა, სადღაც დიდუბის ბოლოს უნდა მივსულიყავით კერძო სახლში. მეც და ჩემი ფიფქიაც დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ ვიდექით, თანაც, რაღა დაგიმალოთ და, ორივე (განსაკუთრებით – მე) კარგად შექეიფიანებულებიც გახლდით – მოგეხსენებათ, ყოველ ოჯახში მისვლისას ერთი-ორი ჭიქის დალევა გვიწევდა (ფიფქიაც კარგი ვაჟკაცი შემხვდა). ჩავალაგეთ ხურჯინში დამკვეთის მიერ მოტანილი საჩუქრები: პისტოლეტები, ავტომატები, „ხლაპუშკები“ – ერთი სიტყვით, მთელი არსენალი და გზას გავუდექით. ისეთი გასავათებულები ვიყავით, ჩვენი მანქანა სულ ზიგზაგებით მიდიოდა. კიდევ კარგი, ქუჩაში მოძრაობა არ იყო, თორემ აუცილებლად ავარიას მოვახდენდით.

დამკვეთის სურვილის თანახმად, ჯერ ჭიშკართან უნდა აგვეფეთქებინა ერთი მრავალჯერადი აფეთქების „ხლაპუშკა“, მერე ავტომატები უნდა გადაგვეკიდა მხარზე და „ბოევიკებივით“ მივდგომოდით სახლის კარს, ამ სათამაშო იარაღებიდან „მიგვეშვა“ რამდენიმე ჯერი და ასე ყიჟინით შევცვენილიყავით ოთახში (სხვათა შორის, იმ ავტომატებს მართლაც ნამდვილის ხმა ჰქონდა). ხომ გაგიგიათ, ყველა თავისებურად „უბერავსო“. ეტყობა, ჩვენი მასპინძელი მართლაც მაგრად „უბერავდა“, თორემ ასეთ უცნაურ დაკვეთას რატომ მოგვცემდა. თავიდან, როცა დაკვეთის შინაარსი გაგვაცნეს, გამიკვირდა, ბავშვებს გული რატომ უნდა გავუხეთქოთ-მეთქი, მაგრამ, მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს „ხუმარა“ მასპინძელს (მერე გაირკვა, რომ ერთი ბობოლა „ახალი ქართველი“ ყოფილა) ამ ახალი წლის ღამეს თავისი რამდენიმე ბობოლა „ახალი ქართველი“ ჰყოლია სტუმრად და, ისინი რომ ცოტა შეეშინებინა და მერე თვითონ ეცინა, ამიტომ მოიფიქრა ასეთი „ორიგინალური“ მილოცვა.

ერთი სიტყვით, მივადექით უზარმაზარ ჭიშკარს, რომელიც შეღებული დაგვხვდა. ვიფიქრეთ, სპეციალურად დაგვიტოვესო, შევედით ეზოში. ფიფქიამ ასაფეთქებლებს აუყენა ერთი ბათქა-ბუთქი, მე კი ავტომატი მოვიმარჯვე, რამდენიმე ჯერი „მივუშვი“, წიხლი ვკარი სახლის კარს და ველური ყიჟინით შევვარდი შიგნით. ამასობაში ჩემმა ფიფქიამაც დაამთავრა გარეთა „ბომბარდიროვკა“ და არანაკლები ველური შეძახილებით მომყვა უკან. კიდევ კარგი, არავინ გვხედავდა, თორემ, პოლიციაში თუ არა, ფსიქიატრიულში ნამდვილად გვიკრავდნენ თავს.

მოკლედ, შევცვივდით. უზარმაზარ, მუზეუმივით მოწყობილ ოთახში არავინ დაგვხვდა. სუფრა კი იყო გაშლილი, მაგრამ კაციშვილი არ ჩანდა, თანაც იქაურობა ისე იყო მილეწილ-მოლეწილი, თითქოს ქარბორბალას გადაუვლიაო. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ საკმაოდ ნასვამები ვიყავით, თანაც, რაღა დაგიმალოთ და, როლებშიც შევიჭერით და, ასე პაპუასებივით ყიჟინით, წივილ-კივილითა და პისტოლეტ-ავტომატების სროლით დავიწყეთ ოთახებში სირბილი. მოვირბინეთ ყველა ოთახი და ბოლო კარს რომ ვკარით ფეხი ( მაინც ბოლომდე გვეგონა, რომ დამხვდურები გვეთამაშებოდნენ, ანუ მათი გაქრობა თუ დამალვა ჩვენი უცნაური მასპინძლის სცენარში შედიოდა) და ვიყვირეთ: ძირს დაწექით, თორემ დაგხოცავთ ყველასო, მოხდა სასწაული: იატაკზე მსხდარი რამდენიმე ღიპიანი მამაკაცი, რომლებსაც ხელები შეკრული ჰქონდათ, პირები – ჩვრებით გამოტენილი, თვალები კი – შიშისგან გადმოცვენილი, მაშინვე იატაკს გაერთხა, მათ შორის მორბენალი ორი პიროვნება კი, რომლებიც თოვლის ბაბუისა და ფიფქიას ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი (სხვათა შორის, ის „ფიფქია“ კაი ჯმუხი, დაკუნთული და წვერ-ულვაშიანი ყმაწვილი გამოდგა და, უნდა ვაღიარო, რომ საშინლად არ უხდებოდა ბანჯგვლიან და გაღუნულ ფეხებზე დაუდევრად ამოცმული გამჭვირვალე „კალგოტკა“ და ქუსლიანი თეთრი ფეხსაცმელი, რომელიც ყოველ წუთს აქეთ-იქით უბრუნდებოდა და ხელს უშლიდა სწრაფად მოძრაობაში; აღარაფერს ვამბობ შავი წვერების აქეთ-იქით დაფენილ ხელოვნურ ქერა ნაწნავებსა და უზარმაზარ თავზე დადებულ თეთრ-წითელ ჩაჩზე), იატაკზე გაწოლილ მამაკაცებს ჯიბეებს უსუფთავებდნენ, თან აგინებდნენ და ურტყამდნენ კიდეც.

ჩვენ რომ შევცვივდით, მძარცველები ერთი კი შეკრთნენ, მაგრამ უცებ გაბრაზებულებმა გვიყვირეს, ხომ გითხარით, სანამ არ დაგიძახებთ, ნუ შემოხვალთო – და თავისი საქმე განაგრძეს, თან ერთმანეთს აჩქარებდნენ: დროზე ქენი, სახლი გვაქვს „დასაშმონიო“. რაღა დაგიმალოთ და, ჩვენც შეგვეშინდა. ყველაფერს მოველოდით ამის გარდა და დავიბენით, მაგრამ ეს დაბნევა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა და სიმთვრალე მომენტალურად სადღაც გაქრა. ის იყო, ვაპირებდი, მძარცველი „ბაბუასთვის“ დამერტყა, რომ ჩემმა ფიფქიამ, რომელიც თურმე კარატეში რომელიღაცა ქამრის მფლობელი ყოფილა, ერთი დასჭყივლა, დაითრია თავისი „კოლეგა“ და, სანამ მე გონს მოვიდოდი, „ბაბუაც“ ისე კოხტად მიუწვინა გვერდით, მოგეწონებოდათ. ახლა, მთლად უქმად ხომ არ ვიდგებოდი, ჩემი წილი მეც ვუთავაზე ორივეს, მერე შებორკილი სტუმარ-მასპინძელი ავხსენი და ყველა სათითაოდ მოვასულიერე. მინდოდა, „სასწრაფო“ გამომეძახებინა, მაგრამ მასპინძელმა მთხოვა, არ მინდა, ეს ამბავი გახმაურდეს და, თუ ძმა ხარ, ნურსად მოყვებითო.

სანამ ყველა მოვწესრიგდით და დავშოშმინდით, ამასობაში გათენდა კიდეც ახალი წლის პირველი დღე. ჩვენ ჩვენი მოვალეობა მაინც შევასრულეთ – იქ მყოფები და ოჯახი დავლოცეთ და წამოვედით. გამოსვლისას მასპინძელმა მადლობა გადაგვიხადა, ძმად მიგულეთო – გვითხრა, ჯიბეში ორივეს რაღაც ჩაგვიტენა და ხვევნა-კოცნით გამოგვაცილა. მანამდე კი, მისივე თხოვნით, ორივე მძარცველი გონს მოვიყვანეთ, ჩვენს მანქანაში ჩავისვით და თან წავიყვანეთ (მერე სადღაც გზაში ჩამოვსვით და მკაცრად გავაფრთხილეთ, არსად არაფერი ეთქვათ).

ბანდიტები რომ ჩამოვსვით, მე და ფიფქიამ ჯიბეები მოვისინჯეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მასპინძელს ჩვენთვის 1 000-1 000 დოლარი უჩუქებია. იმ დროს ეს თანხა არც ისე ცოტა იყო, თანაც, აშკარად დავიმსახურეთ.

ამ ისტორიას რომ წაიკითხავთ, შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ამბავი ნამდვილად მოხდა, თუმცა, გამოგიტყდებით, რაღაც-რაღაცეები შევცვალე და გავაფორმე – არ მინდა, ვინმე დაახლოებით მაინც მიხვდეს, ვის შეემთხვა ეს ამბავი. იმედია, თუ ამ წერილს ჩემი მაშინდელი მასპინძელი და მისი სტუმრები წაიკითხავენ, არ მიწყენენ. უკვე რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ და ახლა ეს ისტორია მხოლოდ ღიმილს თუ მოჰგვრის ვინმეს.

თემური, 39 წლის.



როგორ დამენგრა ოჯახი ძველით ახალი წლის ღამეს

ჩვენს საძმაკაცოში ყველანი ცოლიანები ვიყავით, ჯონის გარდა. ერთხელაც, მოვიდა და გვითხრა, ძველით ახალი წლის მეორე დღეს, 15 იანვარს (ანუ ბედობის დღეს), ცოლი მომყავსო. ავტეხეთ ერთი ჟივილ-ხივილი, ბეჭებზე ხელების ტყაპუნი და მილოცვების კორიანტელი დავაყენეთ.

უკვე დეკემბრის ბოლო იყო საახალწლოდ ყველა ჩვენ-ჩვენი ოჯახური პრობლემებით ვიყავით დაკავებული და, ამიტომ, გადავწყვიტეთ, „მალჩიშნიკი“ ძველით ახალ წელს, 13 იანვრის ღამეს ჩემს აგარაკზე მოგვეწყო. ცოლისთვის ამ „ღონისძიების“ შესახებ არაფერი მითქვამს, რადგან, მისი ეჭვიანი ხასიათიდან გამომდინარე, მეშინოდა, ყველაფერი არ ჩაგვშლოდა.

მთელი დარჩენილი დღეები იმაზე ვფიქრობდი, როგორ მომეხერხებინა 13-ში ოჯახიდან თავის დაძვრენა, მაგრამ ფანტაზია არ მყოფნიდა, რამე სარწმუნო მომეფიქრებინა. შობა დღეს კი ნინიკომ თვითონ მითხრა, რაღაცა უნდა გთხოვო და უარი არ მითხრაო. დავთანხმდი – არ გეტყვი-მეთქი. აღმოჩნდა, რომ მის სადაქალოს გადაუწყვეტია, ერთ-ერთის აგარაკზე შეხვდნენ ძველით ახალ წელს ქმრებისა და შვილების გარეშე – ახალგაზრდობა გვინდა, გავიხსენოთო. სიხარულისგან კინაღამ გული გამიჩერდა, მაგრამ, ვითომ დიდი ყოყმანის შემდეგ ძლივს მივეცი თანხმობა, თუმცა, როგორც ოჯახის მზრუნველმა მამამ, მაინც ვკითხე, ბავშვს მარტო ხომ არ დავტოვებთ-მეთქი. ჯერ ერთი, ბავშვი (რომელიც უკვე 17 წლის კაცია) თავის თანაკურსელებთან ერთად ხვდება ძველით ახალ წელს, მეორეც, შენ ხომ სახლში იქნებიო. ამ ინფორმაციამ მთლად შემასხა ფრთები და ცოლს „გამოვუტყდი“ – ჩემი სამსახურიც აპირებს ქეიფს და უარი ვთქვი, მინდოდა, ოჯახში ვყოფილიყავი თქვენთან ერთად, მაგრამ რადგან არც ერთი არ იქნებით სახლში, მაშინ, მეც წავალ და ცოტას გავერთობი-მეთქი. ცოლი სიხარულით დამეთანხმა, ოღონდ, თითის ქნევით გამაფრთხილა: იცოდე, გართობა ზედმეტი არ მოგივიდეს, თორემ, ხომ იცი, ჩიტი ამბავს მომიტანსო. მოკლედ, ცოლთან ყველაფერი მოვაგვარე და მეორე დღესვე ძმაკაცთან ერთად ჩემს აგარაკზე ავედი, რომ იქაურობა ცოტა მომეწესრიგებინა. საერთოდ, რისთვის ავაშენე ამხელა სახლი, არ ვიცი. წელიწადი ისე გავა, ჩემი ცოლი და შვილი დასახედავადაც არ მიდიან იქ.

ერთი სიტყვით, ავედით, მივასუფთავეთ იქაურობა, რამდენადაც ორმა კაცმა შევძელით, სასმელი და არამალფუჭებადი პროდუქტიც ავიტანეთ, ბუხრისთვის შეშა მოვიმარაგეთ და კმაყოფილები დავბრუნდით უკან. 13-ში დღისით კი ახალი წლის შესაფერისი პურმარილიც ავზიდეთ და სიურპრიზად (რა თქმა უნდა, ჩვენი ჯერ კიდევ უცოლო ძმაკაცისთვის) ორი „ტურფა ასულიც“ დავპატიჟეთ.

საღამოს შევიყარეთ მთელი საძმაკაცო, გავშალეთ სუფრა ბუხართან, დავუსვით გელას „ასულები“ აქეთ-იქით და ვართ ერთ გრიალსა და განცხრომაში, ცა ქუდად აღარ მიგვაჩნია და დედამიწა – ქალამნად. შიგადაშიგ, რა თქმა უნდა, ვცეკვავთ კიდეც. მართალია, ქალების სიმცირეს განვიცდიდით (ჩვენ შვიდნი ვიყავით, ისინი – ორნი), მაგრამ მაინც ვახერხებდით რაღაცას. მოკლედ, ისეთი „პრაზნიკი“ მოვუწყვეთ გელას, კინაღამ ცოლის შერთვა გადაიფიქრა.

რაღა ბევრი გავაგრძელო და, ვართ ერთ ამბავში: ლაწირაკი ბიჭებივით ვიქცევით, ვაბზრიალებთ ამ გოგოებს, ვიხუტებთ გულში, ვეარშიყებით, რიგ-რიგობით ვცეკვავთ მათთან. აი, ჩემი ჯერიც დადგა: დავითრიე ერთ-ერთი „ნიმფა“, ჩავეკარი და, ის, იყო, სახე მის ფუმფულა თმაში ჩავრგე, რომ ნელ-ნელა გაიღო ოთახის კარი და ჯერ ერთი ქალის სახე გამოიკვეთა, შემდეგ კი ამ სახემ თითქოს „იბარტყა“ – რამდენიმე კიდევ მოემატა. ერთი კი მოვასწარი, გამეფიქრა, ან სიმთვრალის გამო მეჩვენება, ან რომელიღაც ძმაკაცმა სიურპრიზი მოგვიწყო და ქალები მოგვიყვანა-მეთქი, რომ უცებ საშინელი ტკაცანის ხმა გაისმა. ჯერ შემეშინდა, ნეტავი, რა გასკდა-მეთქი, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ საშინლად რომ ამეწვა ლოყა, მომენტალურად გამოვფხიზლდი და ჩემ წინ ნინიკოს გაცოფებული სახე გამოიკვეთა.

როგორ დამთავრდა „მალჩიშნიკი“, არც კი დაიჯერებთ: ქეიფი გაგრძელდა, ოღონდ იმ ორი ტურფა ასულის გარეშე, სამაგიეროდ, ნინიკოს დაქალები დარჩნენ. მართალია, „გულაობა“ მათთან გამორიცხული იყო, მაგრამ მაინც კარგი დრო ვატარეთ. ნინიკო იქ კი იკავებდა თავს და მხიარულობდა, მაგრამ, სახლში მივედით თუ არა, ჩაალაგა თავისი ნივთები და იმავე საღამოს წავიდა დედამისთან. არც შვილის თხოვნას მიაქცია ყურადღება – შენც ამისი კუდი ხარო, უთხრა და კარი გაიჯახუნა. როგორ არ უხსნიდნენ მერე ჩემი ძმაკაცები, რა ღონისძიებაც გვქონდა იმ დღეს, მაგრამ ნინიკოს არაფრის გაგონება არ უნდოდა. მე კი იმით ვიყავი გაოცებული, რაღა დღეს მოუნდა ჩემს ცოლს ამდენი ხნის მივიწყებული აგარაკის მონახულება. მერე მისმა ერთ-ერთმა დაქალმა მიამბო, თურმე, ვისთანაც შეიკრიბნენ, იმის აგარაკიც იქვე ყოფილა, ჩემი აგარაკის გვერდით. შუქი გადაწვიათ და ნინიკოს უთქვამს, ჩემს აგარაკზე გადავიდეთო, იქ კი ჩვენ დავხვდით...

მთელი წელია, ჩემს ცოლს შერიგებას ვეხვეწები. გამოსაცდელი ვადა დამინიშნა ძველით ახალ წლამდე. ძალიან ვცდილობდი, მთელი ამ თვეების განმავლობაში წესიერი და კარგი ბიჭი ვყოფილიყავი. არ ვიცი, მომცემს თუ არა „ჩათვლას“ ნინიკო და, ბოლოს და ბოლოს, შემირიგდება თუ არა. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ეს ახალი წელი ჩვენი შერიგების წელი იქნება.

ნიკო, 43 წლის.



დაქალები ძველით ახალ წელს სიურპრიზს მიწყობენ

ვარ გაუთხოვარი. ასაკიც აღარ მაქვს იმის შესაფერისი, რომ ვინმეს „ვეფლირტაო“, ამიტომ ძალიან უინტერესო ცხოვრება მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ კარგ ადგილასაც ვმუშაობ, ხელფასსაც ნორმალურს მიხდიან (ჩვენი პირობებიდან გამომდინარე) და საკმაოდ ბევრი მეგობარიც მყავს. მაგრამ, თურმე, ეს საკმარისი არ ყოფილა. როცა ადამიანს პირადი ცხოვრება მოუგვარებელი აქვს, საბოლოო ჯამში, მაინც მარტოსულია.

რაღა დროის ამის გახსენებაა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ძალიან მკაცრად გამზარდეს და ეს ჩემთვის ახლა უკვე საძულველი ფრაზები: „არ შეიძლება“, „სირცხვილია“... – ვერაფრით ამოვფხიკე ტვინიდან. მინდა თუ არ მინდა (არადა, ნამდვილად არ მინდა), სულ თან დამდევს. შემიძლია, ვთქვა, ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა.

40 წელს ისე გადავაბიჯე, მეგობარი მამაკაცი, თუ უფრო ზუსტად ვიტყვი – საყვარელი, არ მყოლია. ახლა კი ვნანობ, მაგრამ რაღა დროს (უფალმა მომიტევოს, რომ ამ მარხვაში ასეთ რამეებს ვამბობ)! არ გეგონოთ, რომ მახინჯი ვარ. საკმაოდ სიმპათიური გახლავართ და, თანაც, ძალიან კომუნიკაბელური. კარგადაც ვუკრავ, ვმღერი და ვცეკვავ. ასე რომ, წვეულებებზე სიხარულით მეპატიჟებიან, მაგრამ როგორც კი მამაკაცთან დაახლოებაზე მიდგება საქმე (მომწონებლები ადრეც მყავდა და ახლაც მყავს, მაგრამ რატომღაც გაცნობიდან ძალიან მალე ყველა ინტიმურ ურთიერთობას მთავაზობს), მაშინვე რაღაც საოცრება მემართება: ვხდები ერთდროულად მშიშარა, ცინიკური და აგრესიული, რაც კაცებს საშინლად აფრთხობს.

მთელი ცხოვრება იმაზე ვოცნებობდი, ჩემს ცხოვრებაში გამოჩენილიყო მამაკაცი, რომელიც დაინახავდა ჩემს შინაგან სამყაროს, მოიპოვებდა და დაიმსახურებდა ჩემს სიყვარულს და მერე სულ ცოტათი როგორც ქალს გამანებივრებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი კაცები არ არსებობენ (ყოველ შემთხვევაში – საქართველოში). რაინდები კი არა, საშუალო მამაკაცებიც კი, მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში არსებობენ. მარტო იმიტომ გათხოვება კი, შვილები რომ გამეჩინა, ნამდვილად არასდროს მდომებია. მე ასე ვფიქრობ: შვილი სიყვარულის ნაყოფი თუ არ არის, თუ ბიჭია, არც თვითონ იქნება რაინდული თვისებების მქონე, თუ გოგოა – აუცილებლად დაკომპლექსებული და უბედო იქნება, რა თქმა უნდა, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ.

ჩემი დაქალები ძალიან ზრუნავენ იმაზე, რომ როგორმე გამათხოვონ, ხან ვის მირიგებენ და ხან – ვის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით და, ალბათ, არც გამოუვათ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველას აქვს ოჯახი, უფრო სწორად, ჰყავს ქმარ-შვილი, მათი ნამდვილად არ მშურს თეთრი შურითაც კი. ზუსტად ვიცი ჩემი ხასიათის ამბავი – ერთ დღესაც ვერ გავჩერდები კაცთან, რომელიც ყოველდღე სვამს, რომელიც ცოლს უხეშად ექცევა, რომელიც ყოველ ლუკმას აყვედრის და, მით უმეტეს, რომელიც თვითონ აქ „გულაობს“, ცოლს კი უკვე მესამედ თუ მეოთხედ უშვებს უცხოეთში ვიღაც ძუნძგლიანი ბებრების მომვლელად (ჩემი ერთ-ერთი მეგობარი წავიდა საბერძნეთში ქმრის ძალდატანებით, მგონი, მეოთხედ). ერთი სიტყვით, ასეთ გათხოვებას, გულწრფელად გეუბნებით, გაუთხოვრობა თუ არ მერჩივნოს. ამას არც არავისთან ვმალავ. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემს დაქალებს ამ ძველით ახალ წელს ჩემთვის რაღაც სიურპრიზი აქვთ ჩაფიქრებული. ეჭვი მაქვს, რომ ახალ გარიგებას „ჩალიჩობენ“, მაგრამ თავს იკლავენ, სულ სხვა რამეაო. ვნახოთ, რა იქნება. თუ რამე საინტერესო მოხდა, პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად მოგწერთ – სხვა გასართობი მაინც არაფერი მაქვს.

პატივისცემით – ნინელი 41 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3