ვისი დაცვა ავალია ალეკო ელისაშვილის უმცროს შვილს და სად იპოვა მან ერეკლე მეფის გადამალული ხმალი
ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის შვილები, სანდრო და ერეკლე, გამორჩეულად პატრიოტი ბავშვები არიან – თავიანთ ასაკთან შედარებით, საქართველოს ისტორიაც კარგად იციან და ვაჟკაცობაზეც ძალიან საინტერესო ვერსიები აქვთ. სანდრო და ერეკლე ჯერ საბავშვო ბაღში დადიან, მაგრამ საკუთარ მომავალზე „ზრუნვა“ უკვე დაიწყეს: ფუსფუსა ბიჭებს ძალიან უნდათ, რომ მუშები გახდნენ და ადამიანებს სახლები აუშენონ. სანდროს კიდევ ერთი ოცნება აქვს – საკუთარი ზოოპარკი უნდა რომ ჰქონდეს, მოკლედ, ელისაშვილების პატარა, მაგრამ ძალიან თბილ ოჯახში, ორი ძალიან ყოჩაღი და გონიერი ბიჭი იზრდება, რომლებსაც დიდი გეგმები და მიზნები აქვთ...
– ბავშვებო, გაგვეცანით.
სანდრო: მე ვარ სანდრო, სამი წლის და ელისაშვილი.
ერეკლე: მე ვარ ერეკლე, მეც ელისაშვილი ვარ, ჩემი გვარი ძალიან მომწონს, აბა სააკაშვილი ხომ არ ვიქნები? სახელიც მაგარი მქვია, ერეკლე მეფეს ერქვა ჩემი სახელი.
– სანდრო, შენ რომელი მეფის სახელი გქვია?
– ვახტანგ გორგასლის... სანდრო ელისაშვილი ძალიან ბევრი იყო.
ერეკლე: ვახტანგ მეფე მაგარი იყო, მაგრამ ერეკლეს არ სჯობდა. ერეკლე ბევრს ომობდა, ბევრი ცოლები ჰყავდა. ბევრი ხმლები, პისტოლეტი და ავტომატი ჰქონდა, კიდევ ატომური ბომბიც, რომელსაც თავის სახლში მალავდა.
– რატომ მალავდა სახლში?
– მტრებს რომ არ მოეპარათ.
სანდრო: ერეკლე მეფე ბოტანიკურ ბაღშიც მალავდა დიდ დანას, მე ის დანა ნანახი მაქვს.
– ამდენი რამე ვინ მოგიყვათ ერეკლე მეფეზე?
– მამიკო სულ მეფეებზე და გმირებზე გველაპარაკება.
ერეკლე: ბაღშიც ბევრს გვიყვებიან, ოღონდ, ალექსანდროვის ბაღში კი არა, იმაში, სადაც ბავშვები დადიან. მე ბაღი ძალიან მიყვარს, იქ ისეთ გემრიელ ბორშს, წიწიბურას და კატლეტს გვაჭმევენ, სახლშიც რომ არ გვაქვს. თან, ისეთი ლამაზი ბავშვები არიან, ჩემი შეყვარებული მარიც ჩემს ბაღში დადის.
სანდრო: მეც მყავს შეყვარებული, ნინუცა ჰქვია. ლოყაზეც მიკოცნია მისთვის, მაგასთან ყველაზე ბევრს ვთამაშობ. ბაღში ვჩხუბობთ კიდეც. ჩემს ძმას ბიჭები რომ ეჩხუბებიან, მე ისე მაგრად დავიცავ ხოლმე, ავხტები და ყველას ვურტყამ.
– ერთმანეთში არ ჩხუბობთ?
– ხო, ყოველდღე. მე ვჯობივარ ერეკლეს როცა ვჩხუბობთ, მამაც ჩაერევა ხოლმე და გვაშველებს, მაგრამ მაინც ვუბრახუნებ. მამიკო ბანდიტს მეძახის.
– მერე, ძმების ჩხუბი შეიძლება?
– არა, მაგრამ...
ერეკლე: ბაღში სულ ვთამაშობთ ომობანას, სანდრო ჯარისკაცი არი ხოლმე, მე გენერალი ვარ. სათამაშო თოფებიც გვაქვს, პისტოლეტებიც. მე ვარ ხოლმე ქართველი მეომარი და მტერს ვეომები.
– მტერი ვინაა?
– მიშა...
– რატომ არის ჩვენი მტერი?
– რაღაცეები გააფუჭა, თვითმფრინავები რომ დაგვესხნენ თავს და დაინახა, მაშინვე მოკურცხლა, რომ დამალულიყო. ვაჟკაცი ესე არ იქცევა, ვაჟკაცი მტერს რომ დაინახავს, თოფი უნდა აიღოს, ესროლოს და მოკლას.
– მიშა არ მოგწონს, მაშინ, ის მითხარი, ვინ მოგწონს?
– აქუ. ერთხელ ქუჩაში შეგვხვდა მანქანით და ხელი აგვიწია.
– მამიკოს ზოოპარკში ხშირად დაჰყავხართ?
– ზოოპარკშიც დავყავართ და მაღაზიებშიც, შოკოლადებს ყიდულობს, ქუდებს და ტანსაცმელებს. ერთხელ ქუჩაში მივდიოდით, მე კისერზე ვეჯექი, ყველა ვინც შეხვდა, უი, როგორ ხარო, მიყვარხარო, მე კი არავინ არ მომიკითხა.
სანდრო: მამიკო ხოლმე არ ყიდულობს, ხოლმე – კიო. მე ვაფუჭებ ხოლმე სათამაშოებს და მეჩხუბებიან.
– მამას სათამაშოების ფული აქვს?
– აბა, ტელევიზორში რომ გამოდის და ბევრს ლაპარაკობს, ფულსაც აძლევენ.
– ტელევიზორში როგორ გამოდის?
სანდრო: იმ სამსახურში არის ტელევიზორი, უკანა კარს გახსნის და შედის, ოღონდ, მარტო იმ ტელევიზორს აქვს კარი, ჩვენ რომ სახლში ტელევიზორი გვაქვს, იმას კარები არა აქ, სხვანაირია.
– როცა გაიზრდებით, თქვენ სად უნდა იმუშაოთ?
ერეკლე: როცა გავიზრდები, მე მუშა უნდა გამოვიდე. ჩვენს სახლთან მუშები ბაღს აკეთებდნენ და მაშინ მომინდა მეც მუშობა.
სანდრო: მე – მეომარი და არქიტექტორი.
– ერეკლე, მუშად სად უნდა იმუშაო?
– სახლების აშენებაზე. სამი სახლი უნდა ავაშენო: ერთი – ჩემთვის და ჩემი ცოლისთვის, თან, შვილებიც ხომ გვეყოლება; ერთი სახლი ჩემი ძმისთვის მინდა, ერთიც – დედასთვის და მამასთვის. მამას სახლში დიდი ლოგინი უნდა იყოს, რომ მამამ ბევრი დაიძინოს.
– ბავშვებო, ახალ წელს რა შეუკვეთეთ თოვლის ბაბუას?
ერეკლე: სათამაშოები და ცხოველები. ჩვენ თოვლის ბაბუა ბებიასგან მოვიტაცეთ, მთელი წელი ჩვენთან უნდა დარჩეს.
– სხვა ბავშვებსაც რომ უნდათ თოვლის ბაბუა?
სანდრო: იმათაც მოიტაცონ ჩვენსავით და ეყოლებათ. ვალერი ბაბუას თოვლის ბაბუა არ უნდოდა, ღვინოს დალევს და მასე იქნება. თან, ვალერის ბევრი იარაღები აქვს და თოვლის ბაბუა აღარ უნდა. დანები, ხმლები და თოფები მამიკოსაც აქვს. ეგ თოფები სულ ჩემია, მაგრამ მტერი რომ მოვა, მამას ვათხოვებ, ომში მტერი ხომ უნდა მოკლას?
– მამიკო ომში იყო?
ერეკლე: იყო პუტინის და რუსების ომში, მაგათ მიშა და ქართველები არ უყვართ და იმიტომ დაგვიწყეს ომი. ვახტანგ მეფე ცოცხალი რომ ყოფილიყო, პუტინს თავს მოაჭრიდა ხანჯლით, მაგიტომ იყო მაგარი. თავზე მგლის მუზარადი იმიტომ ეხურა, რომ ხალხი შეეშინებინა.
– შენ არ გინდა, რომ მუზარადი გქონდეს?
– მინდა. ვახტანგ გორგასლის მუზარადი უნდა ვიპოვო, ბოტანიკურ ბაღში იქნება დამალული. კიდევ მინდა, რომ ჩემი საკუთარი ზოოპარკი მქონდეს და ყველანაირი ცხოველი მყავდეს. ყველაზე მეტად ირემი და კურდღელი მინდა რომ მყავდეს. ჩვენი თოვლის ბაბუა ყველაზე კეთილია, შარშან ჩვენთან მატარებლით მოვიდა, წავიდა და ჩვენ ის მატარებელი დაგვიტოვა...