რატომ დააგლეჯინა კავკასიურ ნაგაზს თავი კიმი ალიაშვილმა, როგორ სცემა მან წყნეთის მილიციელებს და ვის გამო იყვინთავა გაყინულ ტბაში
კავშირგაბმულობის შეშინებული მინისტრი და ჩაქუჩიან-ლურსმნიანი კიმი
კიმი ალიაშვილი ვერიდან საცხოვრებლად საბურთალოზე გადავიდა. ახალ ბინაში ტელეფონი არ დახვდა და მის დასადგმელად რიგში დადგა. კარგა ხანი გავიდა და ტელეფონი არ დაუდგეს. ბრაზობდა, იმუქრებოდა: თუ მივუხტი მინისტრს, მე ვიცი, რასაც ვუზამო. ძმაკაცები ეუბნებოდნენ, რას უზამ, მინისტრი კაცია და ვერაფერს დააკლებო. მოკლედ, ყელში რომ ამოსვლია, ჩაწერილა მინისტრთან მიღებაზე. მაშინდელი კავშირგაბმულობის მინისტრი კობახიძე იყო. შევიდა კიმი მის კაბინეტში და თან შეიტანა ლურსმანი და ჩაქუჩი. მიადგა კედელს და ეს ლურსმანი მიაჭედა. გადაირია მინისტრი: რას აკეთებთ, ბატონო ჩემო, ეს მინისტრის კაბინეტია და რამდენის უფლებას აძლევთ თქვენს თავსო. მოტრიალდა თურმე კიმი და მინისტრს მკაცრი ტონით უთხრა: რას ვაკეთებ და, ერთ კვირაში თუ არ დამიდგამთ ტელეფონს, მოვალ და პირდაპირ ამ ლურსმანზე ჩამოგკიდებო. იმდენად შეშინდა და დაფრთხა საწყალი მინისტრი, კიმი რომ სახლში მივიდა, ტელეფონი უკვე ქსელში ჩართული დახვდა.
სპორტის სასახლეში ნაცემი
მსაჯი და ჩემპიონობაჩამორთმეული ტაშკენტელი პაკი
სპორტის სასახლეში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მიმდინარეობდა კრივში. თბილისში ამ დონის ჩემპიონატი პირველად ტარდებოდა და კიმი ალიაშვილი ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას როგორ დააკლდებოდა?! ერთმანეთს ხვდებოდნენ მოკრივე ხიზანიშვილი და ტაშკენტელი პაკი. პაკი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი იყო, ხიზანიშვილი კი პირველად იბრძოდა ფინალში. ბრძოლა ხიზანიშვილმა მოიგო, მაგრამ მსაჯმა გამარჯვებულად პაკი გამოაცხადა. კიმი ძველი მოკრივე იყო და ძალიან ემოციურად გულშემატკივრობდა ხიზანიშვილს. მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილებამ წყობიდან გამოიყვანა და გაგიჟებული გაემართა სამართლის საძიებლად. მთელი ტრიბუნა უსტვენდა, აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებას, მაგრამ, რას იზამდნენ? არენას მილიციელთა მთელი კოლონა იცავდა. ერთი-ორმა კიმი გაატარა, ვინც არ გაუშვა, იმას დაარტყა და ისე გაიარა. მივიდა მთავარ მსაჯთან. დადგა პირისპირ და რაღაც უთხრა. მანაც პასუხი გასცა, სავარაუდოდ, შეაგინა. მაშინ, დაითრია კიმმა საყელოთი მსაჯი და ისე სცემა, ვერ გამოჰგლიჯეს ხელიდან. დაცვის უფროსი კიმის მეზობელი იყო და არ გააშველა. ისიც ძველი მოკრივე იყო და უყვიროდა: მიდი, კიმი, მიდი, მეც ასე მიქნეს ახალგაზრდობაში, მიდი, სცემე, მაგის დედაცო. არადა, საბჭოთა ისტორიას არ ახსოვს, რომ მსაჯს გადაწყვეტილება შეეცვალა. ხელახლა ნახეს შეჯიბრების ფირი და ჩემპიონობა ხიზანიშვილს მიანიჭეს. ამ ამბის შემდეგ, ჩემპიონი ხიზანიშვილი ხშირად ადიოდა კიმთან სახლში, მასთან მეგობრობდა და სიცილით იხსენებდა იმ დღეს.
27-გრადუსიან ყინვაში ნაჭამი ნაყინი, გაოცებული რუსები და მამისგან „გაწირული“ შვილი
„სოიუზტორგრეკლამაში“, რომელიც მოსკოვს ექვემდებარებოდა, კიმი სარეკლამო განყოფილების გამგედ მუშაობდა. ნაყინის რეკლამა უნდა გადაეღოთ. დაურეკა შვილს, კახას სასწრაფოდ აიღე ბილეთი და მოსკოვში ჩამოდიო. ისიც ჩავიდა. წაუკითხა მამამ სცენარი და უთხრა, ამ როლში შენ უნდა გადაგიღო და, აბა, შენ იცი, თავი არ მომჭრა, არ შემარცხვინოო. არადა, სცენარი ასეთი შინაარსის იყო: გაყინულ ტბაზე ჭრილია გაკეთებული, „მორჟები“ ჩადიან წყალში, ყვინთავენ, ცურავენ, მერე ამოდიან და სიამოვნებით მიირთმევენ ნაყინს. ანუ, ამ რეკლამის არსი ის იყო, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა, ნაყინის ჭამა ზამთარშიც სიამოვნებით შეიძლება და, თანაც, სასარგებლოაო. გადარეულა მისი შვილი – 27-გრადუსიან ყინვაში ნაყინის ჭამა და ყინულიან წყალში ყვინთვა როგორი საქმეა?! მამას უარი ვერ უთხრა და, მისივე რეკომენდაციით, წინასწარ შესაგუებლად, ყოველ დილით 7 საათზე უნდა მიეღო ცივი წყლის შხაპი. დაიწყო კახამ მზადება. თან, აბაზანის კარი ღია უნდა ჰქონოდა, რომ მამას შეემოწმებინა, მართლა ცივი წყლით იბანდა თუ ატყუებდა. ერთი კვირის შემდეგ დაინიშნა გადაღებები. წავიდნენ გაყინულ ტბაზე, იქვე ქოხი იდგა, სადაც ტრენაჟორები იდგა და „მორჟები“ ვარჯიშობდნენ. გადაკრავდნენ 100 გრამ არაყს „მორჟები“, ქუდს დაიხურავდნენ და ხტებოდნენ წყალში. კიმის შვილმა კი არც არაყი დალია, არც ქუდი დაიხურა, ისე გავარდა და გადახტა გაყინულ წყალში. გაგიჟდნენ რუსები, დააჭყიტეს თვალები. გაცურა, გამოცურა, ჩაყვინთა კახამ, მერე ამოხტა წყლიდან, გაიქცა ნაყინის გამყიდველ რუს ქალთან, გამოართავა ორი ნაყინი და ბედნიერი სახით დაიწყო კბეჩა. მოკლედ, რეკლამა ორ დუბლში გადაიღეს. მაგრამ, მერე ატყდა ამბავი, თუ ატყდა: თურმე, გადაღებების დროს, როცა კიმის შვილი გაყინულ წყალში ჩახტა, მამას გულმა ვეღარ გაუძლო და შვილის მხარდასაჭერად ისიც გადახტა წყალში. მაგრამ, ცურვა არ სცოდნია და სადაც ჭრილი იყო, იქ ვეღარ ამოყვინთა. ატყდა ერთი ამბავი არიქა, კიმი დაიხრჩოო. ჩახტნენ „მორჟები“ წყალში და, როგორც იქნა, ამოიყვანეს წყლიდან. საკუთარი შვილის მხარდაჭერის გამო, კიმი კინაღამ იმ ტბაში გაიყინა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. რუსები ქართველი მამა-შვილის გმირობის ამ ამბავს დიდხანს იხსენებდნენ.
გაბრიყვებული კიმი და სიბრაზით დაგლეჯილი ტყავის ქამარი
რამდენჯერაც იყიდა კიმიმ ქამარი, იმდენჯერ გამოართვეს შვილებმა, და ხან გაცვითეს, ხან გააჩუქეს და ხანაც დაუკარგეს. ერთხელაც, გაბრაზდა კიმი, ადგა და უბრალო, სქელი ტყავის ქამარი იყიდა – ამას ხომ მაინც აღარ გამომართმევენო. შვილები მიუხვდნენ და ერთმანეთში მოილაპარაკეს, – მოდი, კიმი „ავაგდოთო“. უთხრეს, ეს ქამარი დიდხანს გაგიძლებს, ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ გაწყვეტ, მაგაზე ღონე არ გეყოფაო. გააქეზეს და ისიც „ავარდა“. ეწყინა შვილების სიტყვები, მე თქვენ გიჩვენებთო, თქვა, ღრმად ჩაისუნთქა, მხრები ოდნავ მოხარა და მუცლის კუნთები ძლიერად დაჭიმა. სულ რამდენიმე წამში ქამარმა ტკაცანი გაადინა და სამ ნაწილად გაიგლიჯა. შვილები ჯერ გაოცდნენ, მერე კინაღამ სიცილით დაიხოცნენ. მაშინ მიხვდა კიმი, რომ შვილებმა „ააგდეს“. მერე თურმე დიდხანს ილანძღებოდა, ამ ვირიშვილებმა როგორ გამაბრიყვეს ამხელა კაციო.
კიმის ორლულიანი თოფი და უბნის ინსპექტორი კუკურა
კიმის ორლულიანი თოფი ჰქონდა, მონკავშირის წევრიც იყო, მაგრამ სანადიროდ წასასვლელად ვერასდროს იცლიდა. მხოლოდ ახალი წლის შესახვედრად თუ გაისროდნენ ხოლმე წყვილ-წყვილად ოჯახის წევრები ფანჯრიდან ჰაერში.
ერთ დღესაც, უბნის ინსპექტორმა კუკურამ მიაკითხა. კიმი არ იყო სახლში და დაუბარა, ხვალ მილიციის უფროსთან მოვიდეს თავისი თოფით, ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაიაროსო. საღამოს, სახლში დაბრუნებულ კიმის გადასცეს ოჯახის წევრებმა კუკურას დანაბარები. მანაც მეორე დღესვე გადაიკიდა თოფი მხარზე და მიიტანა მილიციის უფროსის კაბინეტში. უკითხავს, როდის დამიბრუნებთ უკანო, უპასუხეს, ერთი კვირის შემდეგ მოაკითხე შენს თოფსო და ისიც სახლში დაბრუნებულა. გასულა ერთი კვირა და მიუკითხავს თავისი თოფის წამოსაღებად კიმს მილიციის უფროსისთვის. მას ბოდიში მოუხდია და უთქვამს: ერთ-ერთი მეზობლის საჩივარია შემოსული შენთვის თოფის ჩამორთმევის თაობაზე. ასე რომ, ამ თოფს სხვანაირად ვერ წამოვიღებდით შენგან და ეს ხერხი მოიფიქრა ინსპექტორმა კუკურამ, ბატონოო. დაუმშვიდებია, არ ინერვიულო, გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაგიბრუნებთ თქვენს თოფსო. გაგიჟებულა კიმი, უფროსისთვის უთქვამს, არ მაინტერესებს თქვენი ახსნა-განმარტება, მითხარით, სად არის კუკურაო. საწყალ ინსპექტორ კუკურას ისე შეშინებია, იმ დღესვე დაუწერია სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადება და იმის შემდეგ, სულ გადაკარგულა. აბა რას იზამდა, კიმის მუშტის მოხვედრას, სამსახურის დატოვება არ ერჩია?!
ნაცემი წყნეთელი მილიციელები და გაკოჭილი კიმი
წყნეთის მილიციასთან კიმის შელაპარაკება მოუვიდა. გულში ჰქონდა ჩარჩენილი ძველი წყენა და ხშირად ეუბნებოდა მეგობრებს, საკადრისი პასუხი რომ ვერ გავეცი, ვერ ვისვენებო. რამდენჯერაც დათვრებოდა, იმდენჯერ წყნეთისკენ იწევდა. ძმაკაცები ეუბნებოდნენ, რა დაგემართა, რით ვეღარ დაივიწყე ძველი წყენა, იქ რამეს გეტყვიან, შენც ვერ მოითმენ, აჰყვები და შარს აიკიდებო. ერთხელაც, სადღაც უქეიფია და მარტო ასულა წყნეთში. მთელი წყნეთის მილიცია ისე უცემია მარტოს, ვერ გაუჩერებიათ. ბოლოს რევოლვერის ტარი ჩაურტყამთ თავში და ისე გაუკოჭავთ. სასამართლოზე მოსამართლე საქმეს რომ გაცნობია, გადარეულა ერთმა კაცმა ამოდენა ხალხი როგორ გცემათო. კიმის უთქვამს: ბატონო მოსამართლევ, გამონაკლისი დაუშვით, გამიშვით და ახლავე გაჩვენებთ, როგორც ვცემე ერთმა კაცმა ამდენი ხალხიო.
დაგლეჯილ-დაფლეთილი კიმი და „დამეგობრებული“ დიდი კავკასიური ნაგაზი
ერთხელ კიმი სახლში დაგლეჯილ-დაფლეთილი მივიდა. გადაირივნენ – რა დაგემართა, ნაჩხუბარს არ ჰგავხარ და რამ დაგგლიჯაო. თურმე ნაქეიფარი მოდიოდა და ვიღაცის ეზოში კავკასიური ნაგაზი დაუნახავს უზარმაზარი და ლამაზი. ისე მოსწონებია, გაცნობა გადაუწყვეტია და, როგორც კაცისთვის, ისე გაუწოდებია ხელი ჩამოსართმევად. წარმოიდგინეთ, ის ბომბორა ძაღლი რას უზამდა უცხო ნასვამ კაცს. მივარდნია და სულ დაუკბენია. კბენდა თურმე ძაღლი, კიმი კი უხსნიდა: რა იყო, შე მამაცხონებულო, შენი გაცნობა მინდა, მოყვარე ვარ, მტერი კი არაო. არადა გააფთრებული ნაგაზისთვის რომ დაერტყა ხელი, იქვე სულს გააფრთხობინებდა იმ საწყალს. ასე „გაუცვნია“ და „დამეგობრებია“ იმ ძაღლს კიმი.
საოცრად კეთილი გული ჰქონდა და ასეთი კეთილი, სამართლიანი და თბილი კაცის სახელი დატოვა ამქვეყნად კიმი ალიაშვილმა.