ვის აჩვენა გეი-სტრიპტიზი გურამ ბრეგვაძემ 200 000 ევროს გამო
24 დეკემბრის საღამოს ვაკის „თეატრალურ სარდაფში“ პრემიერა შედგა. „საშობაო ბატი, კომშით“, გურამ ბრეგვაძის სარეჟისორო კარიერაში ალბათ ყველაზე დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. ადამიანურ სისუსტეებზე დადგმული, საოცრად სკანდალური და ცოტა მისტიკური სპექტაკლი უამრავ ადამიანს დააფიქრებს. ყველაზე მთავარი კი ის იქნება თუ გმირებში საკუთარ თავსაც ამოვიცნობთ და თუ ცხოვრების სტილს არ შევიცვლით, იმ მოკლე დროის განმავლობაში მაინც შეგვრცხვეს „რაღაცეების“, სანამ წარმოდგენას ვუყურებთ. სპექტაკლზე სასაუბროდ რეჟისორ გურამ ბრეგვაძეს და მთავარი როლის შემსრულებელ ნიკა ქაცარიძეს ვეწვიეთ.
გურამ ბრეგვაძე: სპექტაკლი მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დაიდგა. მოხდა ისე, რომ ვაკის „სარდაფში“ რაღაც პროექტი და გარკვეული თანხა გამოჩნდა იმისთვის, რომ სპექტაკლი დადგმულიყო თავისი დეკორაციებითა და ყველაფრით. გადავწყვიტე, ძალიან მოკლე დროში სპექტაკლი გამეკეთებინა. 8 დეკემბერს დავიწყე რეპეტიციები და 24-ში სპექტაკლი დავდგით. ევროპულად ვიმუშავეთ, სადაც სპექტაკლები თვრამეტ-ოცდაორ დღეში იდგმება. სპექტაკლს ჰქვია „საშობაო ბატი, კომშით“, სადაც აღწერილია კათოლიკური ოჯახის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის შობის ღამე. იცი, როგორი ტიპები არიან? სერიოზულ ფირმებში რომ მუშაობენ, ძალიან მაღალი ხელფასები რომ აქვთ, მაგალითად, „მაიკროსოფტში“, რომ მუშაობდე, მაგრამ, თან ძალიან ბევრი ვალი აქვთ, დაახლოებით ოთხასი ათასი, ყველაფერი კრედიტებით აქვთ ნაყიდი – სახლი, მანქანები, აგარაკი. დაკონკრეტებული არ არის ევროპის რომელი ქალაქია. ეს გოგო სულ გადასახადებზე ლაპარაკობს.
– ცოლს ვინ თამაშობს?
– მაკა ძაგანია, „სარდაფის“ მსახიობი. ქმრის როლს კი დათო ხახიძე – რუსთავის თეატრის წამყვანი მსახიობი ასრულებს. სპექტაკლში თამაშობს მაკა შალიკაშვილი – რუსთაველის „სარდაფის“ მსახიობი, ნიკა ქაცარიძე კი რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. ერთგვარი ნაკრები მაქვს. ერთი სიტყვით, შობამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ამ ცოლ-ქმრის კარზე ზარია. შემოდის ნიკა ქაცარიძე, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი კონსორციუმის ხელმძღვანელია. აი, შენთან სახლში ბილ გეითსი, აბრამოვიჩისნაირი „სვერხ ოლიგარქი“ ან ბარაკ ობამა რომ მოვიდეს, ხომ წარმოგიდგენია, რა დაგემართებოდა. ზუსტად ასეთი ტიპი მიდის მათთან სახლში, თან, სიხარული და სითბო შემოაქვს, ძალიან დადებითად მოდის. უცებ სპექტაკლში ასეთი „პერევაროტი“ ხდება: ნიკა ცოლ-ქმარს ეუბნება, ვიცი, რომ ვალები გაქვთო, თან ორასიათასევროიან ჩეკს უწერს და ეუბნება – ამ ფულს ვერ გაჩუქებთ, მაგრამ, თუ ერთ პატარა თხოვნას შემისრულებთ, მოგცემთო: მაგიდაზე უნდა ახვიდე, კაბა აიწიო და ტრაკი დამანახვოო. ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, დავეთანხმოთო. გოგო კაბას აიწევს და საჯდომს დაანახვებს. მერე ეს „ოლიგარქი ბიჭს მიუბრუნდება და ეტყვის, სტრიპტიზი მიცეკვეო. ჩანს, რომ ამ ბებერ მილიონერს ვნებები ორივეს მიმართ აქვს, ანუ, ბისექსუალი კი არა, თითქოს უსქესოა. ამ კაცს ცეკვა არ უნდა, მაგრამ უკვე ცოლი იწყებს ჩხუბს – მე რომ გამახდევინე და საჯდომი მაჩვენებინეო?! მოკლედ, ეს კაციც გაიხდის და საოცარ გეი-სტრიპტიზს აჩვენებს.
ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ეს ცოლ-ქმარი მას კლავს, სულ ნაწილ-ნაწილ ჩეხავენ. მთელი ეს სიტუაცია იმხელა ფარსში გადადის, რომ თვითონ ამ ოლიგარქს მიჰყავს ცოლ-ქმარი იქამდე, რომ მოკლან: თვითონ სთავაზობს დანებს – მოდით, მომკალითო. სულ ნაწილ-ნაწილ ჩეხავენ და მაცივარში ინახავენ. ამ დროს მოდიან ბიჭის მშობლები. დედას მაკა შალიკაშვილი თამაშობს, მამას – რეზი ბაღაშვილი. მაგარი სიტუაცია იქმნება, დედ-მამა მათ ქრისტეს დაბადებას ანახვებს, ეს ყველაფერი ბახის ქორალის ფონზე ხდება. მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძეს ეკუთვნის, ძალიან მაგარი თემებია არჩეული. მოკლედ, ესენი ქრისტეს დაბადებას აჩვენებენ და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ისე ცუდად ხდება, რომ მშობლებს ეტყვიან, კაცი მოვკალითო. პათოლოგიური და გიჟური ამბები ხდება: შვილები ხან მოჭრილ ხელს აჩვენებენ, ხან – თავს. ბოლოს მაკა ეუბნება, დედა თქვენ არ გაგწირავთ სულ თქვენ გვერდით იქნებაო, ანუ მშობლები თქვენ გვერდით იქნებიანო და შვილებს ეხუტებიან. მერე კი უცებ ამბობენ, კანონის წინაშე ამის გამო პასუხი უნდა აგოთო. მშობლები იწყებენ მსჯელობას, როგორ უნდა ვუშველოთ, ნახე, ვინ მოკლეს? ამათ ხომ დაიჭერენ და დახვრეტენ, ჩვენც დაგვიჭერენო. ანუ, ხვდები, რა ხდება? მშობელიც კი საკუთარი თავის გადარჩენაზე იწყებს ფიქრს. ცოლსაც ეშინია, რომ ამას არ შეაწმინდონ ხელები და ქმარი და მისი მშობლები არ შეიკრან. უამრავი თემაა ჩაგდებული. ამ სიტუაციაში მშობლები იღებენ ტელეფონს და პოლიციაში იწყებს რეკვას. უცებ მაცივრის კარი იღება და ნიკა ქაცარიძე მთელი გამოდის. ყველას გიჟის სახე აქვს. ნიკას ეკითხებიან, ეს როგორ, რა ამბავიაო და ის პასუხობს: ამაღამ ხომ შობაა და შობის ღამეს სასწაულები ხდებაო. კულმინაცია რა არის, იცი?! – ის გოგო ამბობს: და, კრედიტიო?! (იცინიან) კრედიტი ნაღდიაო. ბოლოს ეს მილიონერი ამბობს, ადამიანებო, იმას კი არ გთხოვთ, სულ სუფთები იყავით და წმინდად იცხოვრეთ, უბრალოდ, ხანდახან სულ ცოტათი მაინც დაფიქრდითო. მაგრამ, ადამიანური ღირსებები მაინც ძალიან ზედაპირულად იჩენს თავს, მხოლოდ გარკვეულ მომენტებში ვხდებით კარგები. კარგად აქვს რობიკო სტურუას ნათქვამი: როდესაც „რიჩარდი“ მიმდინარეობს, დარბაზში მყოფი ხუთასი კაციდან ორას ორმოცდაათი პოტენციური რიჩარდია, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში რიჩარდის მხარეს არ არიანო. ანუ, იმ ორ საათს მაინც არიან კარგები. ამის მიღწევა მინდა მეც. თორემ, „რომეო და ჯულიეტა“ ვნახე და სიყვარული ვისწავლე – ასე არ ხდება. ერთი სიტყვით, ეს გმირები პუფებზე ხტებიან, იმისთვის, რომ ძველი წარსულში დატოვონ და ამ დროს მოდის თოვლი, ძალიან ბევრი თოვლი. შობა მოვიდა.
– ძალიან ბევრი ცუდი ადამიანური თვისება აჩვენე და, ხომ არ გეშინია, მაყურებელი გაგინაწყენდეს?
– არ მგონია. თუმცა, ალბათ ასეთიც იქნება და ისეთიც. არ არის აუცილებელი, რომ შენს სახლში ბონიფაციუსი მოვიდეს და გითხრას, კაბა აიწიეო. მიმაჩნია, რომ ყოველდღე ვიწევთ კაბას, ყოველდღე გვაუპატიურებენ, ყოველდღე მივდივართ კომპრომისზე. ეს გაცილებით მარტივია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ რეალურად ვაკეთებთ. ყველა სამსახურში არსებობენ ბონიფაციუსები. თუმცა, სპექტაკლში არ ვაკონკრეტებ, ბონიფაციუსი რა ტიპია – ანგელოზია თუ ეშმაკი, სქესი აქვს თუ უსქესოა. ჩვენ ხომ არ ვიცით, სინამდვილეში რა ხდება, იქნებ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც აქ არის.
– ნიკა, არ ფიქრობ, რომ ეს სპექტაკლი ცოტა რევოლუციური და სკანდალური იქნება?
ნიკა ქაცარიძე: შესაძლოა, იყოს კიდეც, მაგრამ, ეს საინტერესოა. გურამთან მუშაობა ჩემთვის უცხო არ არის, ერთად ორი სპექტაკლი გვაქვს გაკეთებული და ორივეს დიდი წარმატება ჰქონდა. საკუთარ თავთანაც ერთგვარ ექსპერიმენტს ვატარებ: რამდენს „გავქაჩავ“, რამდენს შევძლებ. თოთხმეტ დღეში სპექტაკლი დავამთავრეთ, ეს არ არის მარტივი.
– მამაკაცის სტრიპტიზს მაყურებელი როგორ გადაიტანს?
გურამი: დათო ხახიძე, წარმოშობით, თუ არ ვცდები, თუშია, მეტსახელად „ჯიხვს“ ეძახიან. უცებ კი „ჯიხვი“ სტრიპტიზს ცეკვავს. ქორეოგრაფია გია მარღანიას ეკუთვნის და, ვფიქრობ, ძალიან მაგრად იმუშავა. ცოტა მეც კი ვწუხდები, ნამეტანი ხომ არ მოგვივიდა-მეთქი (იცინიან). ქმარი რომ გაიხდის, „ტრუსიკს“ ევროგაერთიანების ემბლემა აქვს, ვარსკვლავებით და ამბებით. ევროპაც ხომ, ძირითადად, ტრაკს ათამაშებს. (იცინიან).
ნიკა: ცოტ-ცოტას ყველას ვბწკენთ.
გურამი: პოლიტიკური თემები ძალიან „ლაითად“, იუმორშია გადაწყვეტილი, მაგრამ, ეს არ არის მთავარი, სხვა კრეატივია. თუ ამ სპექტაკლს რაიმე კონკრეტულ მიმდინარეობაში ჩავსვამთ, ეს ახალი დრამაა.
– როგორც ჩანს, მოახერხე იმ ცხოვრებიდან გამორთვა.
– ციხეებსა და ამბებს გულისხმობ?! დიახ, თუმცა ციხიდან სულ მირეკავენ ავტომატური ტელეფონებით, იციან, რომ სპექტაკლი მაქვს და მგულშემატკივრობენ. რაც შეეხება ნარკოტიკებს, შეშვებული ვარ მაგ ამბავს. ნარკომანია როგორი რაღაცაა, იცი? ვერ ვიტყვი, არ ვფიქრობ ან არ მახსენდება-მეთქი. შეიძლება, სულ ვფიქრობ და სულ მინდა, მაგრამ, ჩემმა საქმემ იმხელა სტიმული მომცა, მივხვდი, რომ შეიძლება, სხვა რაღაცეებითაც დავკავდე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდე.
– არ აპირებთ, რომ ევროპაში წაიღოთ ეს სპექტაკლი? აუცილებლად კარგი გამოხმაურება ექნება.
– მათთვის, მგონი, უფრო გასაგები იქნება ეს თემები, მათ სივრცეში ხდება ყველაფერი. სპექტაკლში გამოყენებული მაქვს სავარჯიშო რგოლები, ლახტი და თეფშები. ნიკა რომ მოდის, ქმარს ღიპს დაუნახავს და ეტყვის, რა არის ეს, ხომ იცი ჩემთან სამსახურში ღიპიანები არ მუშაობენო. ის კი უპასუხებს, რა ვქნათ, დღე და ღამე ვვარჯიშობთო. მიხვდით, ეს ვარჯიშიც რა თემაა?! არ მიყვარს, როცა ჩემი სპექტაკლი ძალიან სასაცილო გამოდის. ამ დროს, მგონია, რაღაც მიფუჭდება. უფრო სხვა რაღაცისკენ მინდა მაყურებლის წაყვანა. ყველაფერი საოცარი სისწრაფით ხდება და უნდა მიჰყვე, სისწრაფეში არ უნდა ჩამორჩე.
– ცოლ-ქმარს ერთმანეთში პრობლემები აქვს?
– დიახ, აქვს, ოღონდ, ჩუმი. ეს ქმარი დოღზე თამაშობს და ვალები ძირითადად არც ადარდებს. ცოლ-ქმარი რითი მშვიდდება იცი? „რაკუშკას“ იღებენ და ზღვის ხმას უსმენენ. როგორ იწყება სპექტაკლი, იცი?! ცოლი ზის, ლეპტოპი აქვს გაშლილი და კვნესის ხმას გამოსცემს. პორნოგრაფიას უყურებს. ქმარიც ხშირად შედის პორნოსაიტებზე. ძირითადად, ტერა პატრიკს უყურებენ. ტერა პატრიკი ყველაზე ძვირად ღირებული პორნოვარსკვლავია. საერთოდ, პორნობიზნესში კაცის ფასი დავარდა, ადრე კაცებს გაცილებით მეტ თანხას უხდიდნენ, მაგრამ, რაც „ვიაგრა“ შემოვიდა ყველა კაცი პოტენციური გახდა. კაცის ფასმა დაიკლო და ქალი დაფასდა. ეს ტერა მილიონზე მეტს აკეთებს წელიწადში, რაც ამ ბიზნესში ძალიან დიდ თანხად ითვლება. ამსტერდამში ერთი კაცი მყავს ნანახი, როკო ზიგფრედი, მისი პლასტმასის ასო სამასი ევრო ღირს, გასაბერი როკო კი – თორმეტი ათასი ევრო. სილიკონებით არის გაკეთებული და თბება კიდეც. პორნობიზნესში გავერკვიე, რაღაცეებს გადავხედე პიესიდან გამომდინარე (იცინიან). ისე, ცოტა მეც გადმომიწერია და მინახავს, არავინ თქვას, არასდროს მინახავსო. ანუ, ამ ოჯახში პატარ-პატარა დამალული კონფლიქტები არის, რომლის პროვოცირებასაც გარემოებები ახდენენ. დანარჩენი, თეატრში მოდით და ნახეთ.