კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულები მოახდინა ალფრედო დი სტეფანომ „რეალში“

მადრიდის „რეალში“ თაობები მიდიან და მოდიან, პრეზიდენტები და კაპიტნები იცვლებიან, უცვლელი კი მხოლოდ ერთი კაცია და მას ალფრედო დი სტეფანო ჰქვია. აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, მისი სახელი „რეალთან“  იგივდება და შემთხვევითი არ არის, რომ იგი კლუბის საპატიო პრეზიდენტია.

დი სტეფანო არა მარტო „რეალისთვის“, არამედ მთლიანად ფეხბურთისთვის უნიკალური მოვლენაა. იგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამი ქვეყნის ნაკრებში აქვს ნათამაშები და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მაშინ ფიფას კანონი არ მოქმედებდა, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთი ნაკრების რიგებში აქვს თამაშის უფლება.

დი სტეფანო 1926 წლის 4 ივლისს ბუენოს- აირესში დაიბადა. მთელი კარიერის განმავლობაში იგი მხოლოდ ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. მისი აღმასვლა 1943 წელს უნდა დაწყებულიყო. 17 წლის ასაკში იგი „რივერ პლეიტის“ რიგებში გამოჩნდა, თუმცა ორ სეზონში მოედანზე მხოლოდ ერთხელ ათამაშეს. ამას მწვრთნელთან უთანხმოება მოჰყვა და დი სტეფანო „რივერში“ გატარებული ორი წლის შემდეგ, ერთი სეზონით „ურაკანში“ გაანათხოვრეს. სწორედ ამ კლუბში დაამტკიცა მან, რომ დიდი მომავალი ჰქონდა და 25 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. გულშემატკივართა მოთხოვნით, იგი ძველ კლუბში დაბრუნდა და ლეგენდარული ბომბარდირის, ადოლფო პედერნერის ღირსეულ მემკვიდრედ იქცა. „რივერში“ დაბრუნებულმა დი სტეფანომ 30 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და ნაკრებში გამოძახებამაც არ დააყოვნა. არგენტინის ნაკრებში ექვსი შეხვედრა და ექვსი გოლი – ასეთია დი სტეფანოს მონაგარი.

1949 წელს არგენტინაში რიგითი მშრომელები გაიფიცნენ. მათ სოლიდარობა ფეხბურთელებმაც გამოუცხადეს და მოედანზე გასვლაზე უარი თქვეს. ხელისუფლებამ კლუბების ხელმძღვანელებს ფეხბურთელებზე ზეწოლა მოსთხოვა, რამაც უკუშედეგი გამოიღო და, პრაქტიკულად, ყველა გამორჩეულმა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება მეზობელ კოლუმბიაში გადაწყვიტა. ასე აღმოჩნდა დი სტეფანო კოლუმბიურ „მილონარიოსში“ და ისიც თქვა, არგენტინის ნაკრებში აღარასოდეს ვითამაშებო. ამ გუნდში დი სტეფანომ ოთხი სეზონი გაატარა და ოთხჯერ გახდა კოლუმბიის ჩემპიონი. პარალელურად, მან კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებში ოთხი მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. 1952 წელს კი მადრიდის „რეალი“ 50-წლიან იუბილეს ზეიმობდა და მინი ტურნირი გამართა, რომელში სათამაშოდაც „მილონარიოსიც“ მიიწვია. მაშინ „სამეფო გუნდის“ პრეზიდენტი ლეგენდარული სანტიაგო ბერნაბეუ გახლდათ, სწორედ მისი სახელობისაა დღეს კლუბის სტადიონი. ჰოდა, როცა ბერნაბეუმ დი სტეფანოს თამაში ნახა, დაიფიცა, ეს ბიჭი ჩემს გუნდში ითამაშებსო. „რეალის“ პრეზიდენტმა დი სტეფანოსთან მოლაპარაკებები დაიწყო. საქმეში კატალონიური „ბარსელონაც“ ჩაერია და მისი ყიდვა მანაც მოინდომა. როცა საქმე სატრანსფერო თანხაზე მიდგა, თავი „რივერ პლეიტმა“ წამოჰყო და კონტრაქტი დადო, რომელიც 1955 წლამდე იყო გაფორმებული და რომელსაც დი სტეფანოს ხელმოწერა ჰქონდა. მეორე კონტრაქტი „მილონარიოსმა“ დადო, რომელსაც ასევე დი სტეფანოს ხელმოწერა ამშვენებდა და 1954 წლამდე იყო გათვლილი. ფიფამ საქმის განხილვა დაიწყო და „რივერის“ მხარე დაიჭირა. „მილონარიოსმა“ გაასაჩივრა – კაცი სამი წელია, ჩვენთან თამაშობს და სატრანსფერო თანხა არგენტინულ კლუბს რატომ ერგებაო. საქმეში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერია და „მილონარიოსის“ მხარე დაიჭირა. ფიფა გვერდზე გადგა და გადაწყვიტა, საქმე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მოეგვარებინა. სხდომაზე დი სტეფანოც დაიბარეს და, ყველასთვის მოულოდნელად, იქ სანტიაგო ბერნაბეუც გამოჩნდა. იგი ფეხბურთელს დაელაპარაკა და დი სტეფანომ განაცხადა, რომ კონტრაქტის გაფორმებას „რეალთან“ აპირებდა. ამან „ბარსელონას“ პრეზიდენტი მარტინ კარეტო გადარია – დი სტეფანომ ჩვენთან კონტრაქტი უკვე გააფორმაო. სიტუაცია ისევ აირია – ალფრედოს სამ კლუბთან ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, რეალურად თამაშს კი მეოთხე გუნდში აპირებდა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო: დი სტეფანოს ორი წელი „რეალში“ უნდა ეთამაშა, ამის შემდეგ კი „ბარსელონაში“ გადასულიყო, იქაც ორი წელი ეთამაშა და მერე გადაეწყვიტა, სად ერჩივნა კარიერის გაგრძელება. „ბარსელონას“ გულშემატკივრებს ეს გადაწყვეტილება არ მოეწონათ და კლუბის პრეზიდენტი აიძულეს, გარიგებაზე უარი ეთქვა. საბოლოოდ, „რეალმა“ დი სტეფანოს სანაცვლოდ კატალონიელებს დღევანდელი საზომებით სასაცილო თანხა – 30 ათასი დოლარი გადაუხადა. იმასაც ამბობენ, „ბარსას“ დი სტეფანოზე უარი გენერალმა ფრანკომ ათქმევინა, რადგან ყველამ იცის, რომ იგი „რეალის“ თავგადაკლული ქომაგი იყო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო „სამეფო გუნდში“ დი სტეფანოს ეპოქა და, მან „ბარსას“ პირველივე შეხვედრაში დაუმტკიცა, რომ კატალონიურმა კლუბმა შეცდომა დაუშვა – „რეალმა“ მუდმივი მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ხუთიდან სამი გოლი სწორედ ალფრედომ გაიტანა. მთლიანობაში დი სტეფანომ „რეალის“ მაისურით 262 შეხვედრა ჩაატარა და 216 გოლი გაიტანა, ხოლო ევროთასებზე გამართულ 58 მატჩში მეტოქეთა კარი 49-ჯერ დალაშქრა. ამას გარდა, დი სტეფანომ ჩემპიონთა თასი ხუთჯერ მოიგო.

1964 წელს 38 წლის დი სტეფანო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა. ცხადია, რეალურად, ის ჩვეულ დონეზე ვერ თამაშობდა. „რეალმა“ მისი სურვილი დააკმაყოფილა და, სწორედ მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ალფრედო მოედანზე აღარ გავიდოდა, 38 წლის ასაკში „ესპანიოლთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში 47 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ძველებური შედეგიანობით ვეღარ გამოირჩეოდა და, საბოლოო ჯამში, მხოლოდ 11 გოლის გატანა მოახერხა.

კარიერის დასრულების შემდეგ, 40 წლის დი სტეფანო მთავარ მწვრთნელად მოკრძალებულ „ელჩეში“ დაინიშნა. მერე არგენტინულ „ბოკა ხუნიორსში“ წავიდა, საიდანაც პორტუგალიურ „სპორტინგს“ მიაშურა, მერე ისევ ესპანეთში დაბრუნდა და, ჯერ „რაიო ვალეკანო“ ჩაიბარა, მერე „კასტელონი“, ბოლოს კი – „რეალი“ და ისევ არგენტინაში დაბრუნდა, სადაც „რივერ პლეიტის“ თავკაცი გახდა. არგენტინაში დი სტეფანომ ჩემპიონის ორი ტიტული მოიგო და ისევ ესპანეთში დაბრუნდა, სადაც „ვალენსია“ ჩაიბარა და გუნდი ორჯერ გახადა ესპანეთის ჩემპიონი, ქვეყნის თასი მოაგებინა, ევროსარბიელზე კი თასების მფლობელთა თასზე გაამარჯვებინა.

მას შემდეგ დი სტეფანო „რეალშია“ და გუნდის საპატიო პრეზიდენტია. სამი წლის წინ მადრიდში, ახალი, ექვსიათასიანი სტადიონი გაიხსნა, რომელსაც მისი სახელი მიენიჭა. სხვათა შორის, ფიფას მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი პელეა, მეორე ადგილზე დიეგო მარადონა დასახელდა, მესამეზე – იოჰან კრუიფი, ხოლო მეოთხე ადგილი დი სტეფანოს ერგო.


скачать dle 11.3