რა “წამალი„ შეაქვს პანჩოს სააფთიაქო ქსელში
მომღერალი პანჩო საკუთარ ფანებს არ ივიწყებს და მათთვის ახალი ალბომის ჩაწერას აპირებს, რომელსაც, სხვათა შორის, კახა კალაძე აფინანსებს. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, მომღერალს საკუთარი დისკების აფთიაქში გაყიდვა სდომებია.
– პანჩო, როგორც გავიგე, განზრახული გაქვს, საკუთარი დისკები სააფთიაქო ქსელში შეიტანოთ გასაყიდად, როგორც სამკურნალო საშუალება...
– დიახ, ყველაფერს მოგიყვებით. დისკის დიზაინი მე თვითონ გავაკეთე. თეთრი თეფშია შავ ფონზე, ხოლო გვერდზე უდევს დანა-ჩანგალი. თეფშზე დევს სისხლიანი გული. სახელი მინდოდა დამერქმია „დღეს საქართველოს სიყვარული აკლია“ (მისი ერთ-ერთი სიმღერის სათაური), მაგრამ დავარქვი „მშია“. თეფშის უკანა მხარეს ამოკაწრულია „პანჩოლგინი“. მინდოდა აფთიაქებში გამეტანა – ადვილად გასაკონტროლებელიცაა და თავისი პეწი აქვს, თან აქამდე მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. თუმცა, ეს იდეა როგორ განხორციელდება, არ ვიცი. აფთიაქები მაინცდამაინც კარგად არ შეხვდნენ ამ აზრს.
– „პანჩოლგინში“ ახალი ალბომიდან უნდა შესულიყო სიმღერები?
– არა, ეს ჩაწერილი ალბომია, რომელიც შემთხვევით ჩაიწერა. კახი კალაძეს მილანში ღამის 2 საათზე „პროფილისთვის“ რომ არ ეყურებინა, მოვკვდებოდი და დისკებს ვერ ჩავწერდი. ეს სიმღერები კარგა ხნის დაწერილი მქონდა. დავდიოდი სტუდიებში და ვთხოვდი: ჩამაწერინეთ სიმღერები, ფული არ მინდა-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ... „პროფილის“ წამყვანმა მკითხა, რას აკეთებო და სიმღერებს ვწერ და თაროზე ვაწყობ-მეთქი, ვუპასუხე. ეს გადაცემა უნახავს კახა კალაძეს მილანში, დამირეკა და ჩამიწერეს ალბომი. ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი, დამეხმარა, მე, მეორე ადამიანს, რომ რაღაც გამეკეთებინა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას. მინდა, რომ ასეთი ხალხი ბევრი იყოს.
ახალ ალბომში მაქვს ერთი სიმღერა ახალ წელზე. წინა წელს მინდოდა მისი ჩაწერა და კლიპის გადაღება. რეჟისორი ახლობელია და უფასოდ მიკეთებდა. მხოლოდ ტექნიკური ხარჯებისთვის მინდოდა 1 000 დოლარი. მივედი წამყვან ფირმებში, თან კლიპში მათ 20-წამიან რეკლამებსაც გავაკეთებდი, მაგრამ უარი მითხრეს, ფული არ გვაქვსო...
– თქვენ წეღან ახსენეთ, რომ ყველას რაღაცა შია. თქვენ რა გშიათ?
– ძალიან ბევრი რამ მშია. მშია, რომ სიმღერას დავწერ და ჩაწერის საშუალება არაა. მშია ადამიანურად მოქცევა. გამიკვირდა, ადამიანმა ალბომი რომ ჩამაწერინა. ადამიანობა, მეგობრობა, სიყვარული მშია... ადრე სხვა სიტუაცია იყო. ძალიან ამოყირავდა ყველაფერი.
– და ძველად არ გშიოდათ?
– მე სტუდენტობისას 50 მანეთი მქონდა სტიპენდია. ამ თანხას 10 მანეთსაც დავამატებდი და ლენინგრადში გადავფრინდებოდი და გადმოვფრინდებოდი. რამდენჯერ ბაკურიანშიც დამისვენია ამ თანხით. ძმაკაცობა, მეგობრობა, ბიჭისა და გოგოს ურთიერთობა სხვანაირი იყო. ხალხი არ იყო გაბოროტებული, არ ჭამდნენ ერთმანეთს. იცი, როგორ მომენატრა? მშიერი ადამიანი ძალიან ადვილი სამართავია – ის უბედურდება. დღეს ყველა თავის თავზე ფიქრობს, დღეს ხალხი მშიერია... სკოლაში რომ ვსწავლობდი, ჩემზე ორი წლით უფროსსაც კი პატივს ვცემდი. ამას წინათ მომივიდა პატრულთან კამათი. რესტორნიდან გამოვედი, ნასვამი გამაჩერა პატრულმა და ოცი წლის ბიჭმა „კაჩაობა“ დამიწყო. ცდილობს, მოთმინებიდან გამომიყვანოს. თან ცოლს ურეკავს და ეუბნება: „იცი, ვინ დავიჭირე? „დედა ვატირეს“ რომ მღერისო. „კაპეზეში“ ჩამაგდეს ღამე. ძველადაც იჭერდნენ, მაგრამ ხალხს შორის ურთიერთობაზე, ვამბობ. თოხი დააგდებინეს, ჩამოიყვანეს და უთხრეს, შენ ხარ მთავარიო და გადაუარა იმანაც ნახევარ ქალაქს. ხალხი გამოიცვალა, რა...
– რამე სისულელე თუ ჩაგიდენიათ გოგოს გამო?
– სერენადები მიმღერია წყნეთში ფანჯრების წინ. თბილისშიც მინდოდა, მაგრამ მაღალ სართულზე ცხოვრობდა. (იცინის) ერთ ამბავს მოგიყვებით: ჩემს ერთ ახლობელს, რომელიც ბავშვობაში მიყვარდა, ესემესებს რომ ვწერდი, მუზა მომდიოდა და მესიჯს ლექსებად ვუგზავნიდი. ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, იმ გოგომ გადაწერილი მომიტანა ჩემი ესემესები, რომელზეც ორი სიმღერა დავწერე.
– როგორც ცნობილია, თქვენს ერთ-ერთ სიმღერას „100 წლის შემდეგ“ ცამეტ წელს წერდით...
– ჰო. ისე მოხდა, რომ „100 წლის შემდეგ“ გაიყო, ერთი სტროფი დავწერე და ცამეტი წლის მერე დანარჩენი ორი.
– როგორც ვიცი, ახალ ალბომს წერთ.
– დიახ. ამ ალბომში არის 14 სიმღერა. ერთიც შეიძლება დავამატო. აქედან ორი „სტერეოსთან“ ერთად გადავიღე, ხოლო ერთი რუსულენოვანია. ერთიც ძველი ალბომიდანაა, გადავამღერე. მაინტერესებდა, მე თუ შევიცვალე ალბომებს შორის არსებულ 15-20-წლიან პაუზებს შორის. სხვაობა ფანტასტიკური გამოვიდა. მივხვდი, რომ გავიზარდე (იცინის). მინდა, რომ სამი კლიპი გადავიღო. ჩემთვის პირადად, რაღაც მომენტში, რთულია, ბევრი წინააღმდეგობა მხვდება, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ. სამივე მინდა იყოს უბრალო და გემოვნებიანი. ერთი სიმღერაა – „საქართველოს სიყვარული აკლია“, მეორე – „იყავი გიჟი“ და მესამე სიმღერას ჯერ ვერ მოვუფიქრე სახელი.