გოჩა კეკიშვილის მეორე მსოფლიო რეკორდი
წინასაახალწლოდ ზოგიერთი გოზინაყის კეთებით არის დაკავებული, ზოგი – ნაძვის ხის აწყობით, ზოგიც – მსოფლიო რეკორდების დამყარებით. გოჩა კეკიშვილისთვის 23 დეკემბერს დამყარებული მსოფლიო რეკორდი უკვე მეორე იყო. მან ერთი წუთის განმავლობაში 153-ჯერ შეასრულა წოლმბჯენში აზიდვები, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია. წინა რეკორდი 146 აზიდვა იყო, გოჩამ კი ის შვიდი ერთეულით გააუმჯობესა. 23 დეკემბერს ღონისძიების ორგანიზატორის, კლუბ „რეკორდის“ დაბადების დღეც იყო. ერთი წლის კლუბმა ამ დღეს მსაჯები სამახსოვრო დიპლომებით დააჯილდოვა.