რაში აქვს მხოლოდ თეორიული ცოდნა ნიკა არაბიძეს და როგორ გაატარებდა ის ქალად ყოფნის ერთ დღეს
ხაჭაპურის ცხობა იცის, თუმცა, მხოლოდ თეორიულად და, მიაჩნია, რომ ოჯახის მოვლა არ გაუჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ნიკა არაბიძე ქალად ყოფნის პერსპექტივამ ვერაფრით მოხიბლა და ერთი დღითაც კი არ დაუშვა ქალბატონის „ტყავში“ ყოფნა. მერე ცოტათი „შევაშინეთ“, „დავემუქრეთ“, რომ ჯადოსნურ ღამეს ვთხოვდით მას ქალად გადაქცევას. რა შედეგი გამოიღო ამ „მუქარამ“ ამას ჩვენი საუბრიდან მკითხველი თავად მიხვდება.
ნიკა არაბიძე: მე რომ დავბადებულიყავი ქალად? უიმე, დედა! ახლა ვიფიქრო ამაზე? ისე, კი, შეიძლებოდა, მაგრამ ხომ დავიბადე კაცად? ესე იგი, გადაწყვეტილია ეგ ამბავი და რაღატომ უნდა ვიყო ქალი? მაგრამ, თუ მაინც უნდა წარმოვიდგინო, გეტყვი: მე ისეთ ასაკში ვარ, აუცილებლად გათხოვილი ვიქნებოდი, მეყოლებოდა კარგი, ლამაზი ოჯახი და, გაცხარებულ საშობაო სამზადისში მყოფი, ორი დიდი ჩანთით გავიქცეოდი ბაზარში (იცინის).
– ესე იგი, შენთვის გათხოვილი ქალი ბაზართან ასოცირდება?
– აჰ, არა! არ ასოცირდება ბაზართან, მაგრამ ქალმა უნდა დაგეგმოს ეს ყველაფერი. მთავარი ქალია, ოჯახშიც და ისეც. შემოსავალი და ბაზარში დასახარჯი ფული კი კაცზეა.
– ხაჭაპურის ცხობა გეცოდინებოდა?
– ხაჭაპურის ცხობა ახლაც კი ვიცი, რა უნდა მაგას! თეორიულად ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში ჯერ არ გამიკეთებია. არ გამომივიდოდა ცუდი ხაჭაპური. ისე, კარგი მეოჯახე ვიქნებოდი, ნამდვილად. ოჯახზე გადამკვდარი! (იცინის).
– მამაკაცების უმრავლესობა მეუბნება, ცუდი ყოფაქცევის ვიქნებოდიო.
– რა მოხდა მერე! ახლა, შეიძლება, მეც ვყოფილიყავი ბოზი, თეორიულად. მაგრამ, ოჯახზე გადაყოლას ეგ ხელს არ უშლის, არა! მსუბუქი ყოფაქცევის ქალიც შეიძლება, იყოს კარგი მეოჯახე.
– მგონი, ფიქრობ, გამიმართლა, რომ მამაკაცი ვარო.
– გინდა მათქმევინო, რომ კაცად ყოფნა უპირატესობაა? მთლად ასეც არ არის. ქალად ყოფნასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები და კაცად ყოფნასაც – თავის მინუსები. არც ერთია თავიდან ბოლომდე უპირატესობა და არც მეორე. თანაც, მე ხომ არ ვიცი, რას ნიშნავს, იყო ქალი? ამაშიც მარტო თეორიული ცოდნა მაქვს. პრაქტიკაში როგორ არის, გამიჭირდება ამის მიხვედრა. მამაკაცი რომ ვარ იმის დამსახურებაა ეს თუ, კიდევ სხვა რამის, არ ვიცი. მაგრამ, მყავს ოჯახი, მეგობრები, მაქვს სამსახური, რომელიც მიყვარს და მიმაჩნია, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. გამიმართლა, ნორმალურად ვგრძნობ თავს „კაცის ტყავში“, კი! „კიდევ კარგი, რომ ქალი არ ვარო“ – ეს თუ მითქვამს? ნუ, ასეთიც ყოფილა, ვაღიარებ, მაგრამ ყველა კაცი ამას მაშინ ამბობს, როცა ბავშვის გაჩენაზე მიდგება საქმე (იცინის). ქალი რომ დაწყევლის ვიღაცას და მე მეთქვას, – კიდევ კარგი, ქალი არ ვარო, – ასეთი შემთხვევა არ მქონია. თუმცა, კაცებმაც იციან კარგი წყევლა.
– თანაც, ამბობენ, კაცის წყევლა უფრო მისავალიაო.
– (იცინის) დიახ, და, ამიტომაც, კი არ ვიწყევლები, მხოლოდ ვიგინები. სხვათა შორის, ქალებმაც კი იციან გინება. მაგალითად, მძღოლი ქალები იგინებიან, მაგრამ არ უხდებათ. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, ვიღაც ცუდად რომ ჩაუჭრით მანქანას, მიაწყევლონ – შენ არ გაიხარეო, ან მოუკვდი პატრონსო. კაცებს რეაქცია უფრო გინებაზე აქვთ, წყევლაზე – არა.
– „არ მიდი სახლში ცოცხალიო“ და „წადი მოუსვლელშიო“?
– უჰ, მაგ ნამეტანია. მოუკვდი პატრონსაც საკმარისია.
– ნიკა, როგორ გგონია, ქალები რომ არ ვყოფილიყავით...
– (მაწყვეტინებს, – ავტორი) დედაა! ჩემი სიკვდილი! რა თქვი, ეს? ჩვენ არ ვყოფილიყავითო?! რას ლაპარაკობ! მეორე დღესვე გამვარდნია სული, მე! გულწრფელად ვამბობ, აბა, რაა! რაღად მინდა სიცოცხლე, ქალი თუ არ იქნება?! რა აზრი ექნებოდა ან გამოქვაბულში ყოფნას და ყოფნას საერთოდ?! – არაფერი. ჩვენ, ქალები და კაცები, ერთმანეთს ვავსებთ. შეიძლება, კაცებს ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ, ახლა, თქვენც არ ხართ უნაკლონი, ერთმანეთს მაინც ვაბალანსებთ და უერთმანეთოდ ჩვენი ყოფნა არ გამოვა. მეორე ნახევარიო, რატომ არის ნათქვამი? ესე, იგი, ორივე ნახევარი ძალიან საჭიროა ამ საკითხზე ხაზგასმით უნდა შევთანხმდეთ.
– მიუხედავად იმისა, რომ სამოთხიდან ჩვენს გამო გამოგაგდეს?
– მაგაზე და იმაზე, ნეკნი რომ გვაკლია და გვერდის ტკივილი გვაწუხებს, არ ვამბობ არაფერს (იცინის), მაგ გაპატიეთ უკვე, დიდი ხანია.
– კიდევ რისი პატიება შეიძლება ქალისთვის?
– ბევრი რამე შეიძლება, ვაპატიოთ, წესიერების ფარგლებში. მით უმეტეს, თუ უნებლიეთ შეეშალა რაღაც.
– უნებლიეთ რომ გიღალატოს?
– უნებლიეთ ღალატი როგორია, არ ვიცი მე. ღალატი ღალატია და არც ქალს ეპატიება, არც კაცს. კაცსაც არ უნდა აპატიოთ, არა! მე პატიოსანი კაცი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არაფერი დამიშავებია მაგისთანა. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ დაოჯახებული კაცის აქეთ-იქით ძრომიალის. ევროპაში ერთნაირად აღიქვამენ ქალისა და კაცის ღალატს და ასე უნდა იყოს ჩვენთანაც.
– უცებ, აღმოაჩინე, რომ ყვლაფერი გესმის, რასაც ქალები ფიქრობენ...
– დედაა! თავიდან, შეიძლება, კარგიც იყოს, მაგრამ, თუ გაგრძელდა დიდხანს: ერთ კვირას, ერთ თვეს – მნახავ ასათიანზე. ზუსტ ვადას ვერ გეტყვი, მაგრამ, საბოლოოდ მაინც იქ აღმოვჩნდები. გადავირევი კაცი! ქალებს ერთდროულად იმდენ რამეზე ფიქრი შეუძლიათ, მე სად შემიძლია მაგდენი! შეხედავ – შუქნიშანზეა გაჩერებული, თან ამ შუქნიშანს უყურებს, თან პომადას ისვამს, ან თვალებს იღებავს და მობილურზეც ლაპარაკობს – ამას მარტო ქალი გააკეთებს, ყველაფერს ერთად ასწრებენ. ყურადღების კონცენტრაცია მამაკაცებს გვიჭირს. ჩვეულებრივი, რიგითი მოკვდავი ვარ ასეთივე მოკვდავი მამაკაცების სიაში და განსაკუთრებული ტალანტით არ გამოვირჩევი. თუ რაღაცაზე ვფიქრობ, არც მე მესმის, რას მეუბნება ცოლი (იცინის). ზოგადად, ქალები უფრო ამტანები და ყოჩაღები არიან ბევრ საკითხში. მამაკაცი კი არის ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ გვაქვს ჩვენი სისუსტეები. ვაღიარებ.
– მაშინ, რატომღა გქვიათ ძლიერი სქესი. მარტო იმიტომ, რომ მაგიდას ჩვენზე ადვილად ასწევთ?
– არა! ქალისთვის ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეგვიძლია, მარტო კაცი რომ იზამს. მაგალითად, ყვავილების მიტანა შეყვარებულისთვის. რატომ იცინი? შენ ეს ადვილი გგონია? პირველად ყვავილები რომ დავიჭირე ხელში, მეგონა, მთელი ქვეყანა მე მიყურებდა. ახლა თამამად მიჭირავს, შევეჩვიე.
– პამპერსის გამოცვლა ისწავლე?
– მართალია, სულ ორჯერ გამოვუცვალე ბავშვს, მაგრამ, ვიცი, სწორად ვაცმევ. ერთი ის არის, ცოტა ბევრ დროს ვანდომებ.
– წარმოიდგინე – ერთ დილას იღვიძებ და ქალი ხარ.
– აუჰ, რა ახალი წელი გამითენდა?! დამღუპე, კაცი? რა ვიცი, რა უნდა გავაკეთო მე საცოდავმა? დავურეკავ მეგობრებს და ვეტყვი, რომ ცუდად ვარ და არავინ შემაწუხოს-მეთქი. აბა, რომ მოვიდნენ და დიდი ნაწნავებით დავხვდე, მაგ იქნება კარგი?!
– ერთ დღეს მაინც „გაქაჩე“ ქალობა, მიხედე ოჯახის საქმეს!
– კარგი. ჯანდაბას, ქალი ვარ. მაგრამ, მაინცდამაინც სარეცხს ნუ დავეტაკები! რადგან არ გამოდის სხვანაირად, წავალ სილამაზის სალონში, დავიბან, დავივარცხნი, მანიკიური, პედიკიური და დავხვდები მერე იმ ჩემს ძმაკაცებს, მთლად გული რომ არ გაუსკდეთ! დედაა, რა დამემართა, ეს?!
– ასე, როგორ შეგეშინდა? კარგი, იყავი კაცი, მაგრამ საახალწლოდ მაინც უსურვე ქალებს რამე.
– ოჰ! მრავალ ახალ წელს დასწრებოდეთ! ერთ ას ახალ წელს მე მოგილოცავთ, პირადად. ჯანმრთელობა და სიხარული არ მოგკლებოდეთ და მამაკაცების თავი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა! რადგან ახალი წელი მშვიდობით გამითენდა, და აღარაფერი მემუქრება, ყველაფერს გავაკეთებ თქვენი ბედნიერებისთვის. ცოლს ისე გავანებივრებ, ისეთ საჩუქრებს ვუყიდი, გადასარევს. ქალს, საერთოდ, პატარა სწყინს და პატარა უხარია. არ მოვაკლებ ამ პატარა სიხარულებს. (იცინის).
ნინო წულუკიძე