არც სანთელი დაგვაჭერინეს
გასულ წელს, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ყველაზე მზიანი იდეა (მაშინ) ხალხის რჩეულ (ახლა კი უკვე მინისტრ) პაპუნა დავითაიას მოუმწიფდა და „ჰოლივუდელი“ რეჟისორისთვის აგვისტოს ომზე ფილმის გადაღება ჩაიფიქრა (მოარული ხმებით, მეტწილად საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით). გადაღებები არათუ დაიწყო, ლამის გასრულდა და ქართულმა ელმედიამ შესაშური ინტენსივობითაც გააშუქა ფილმის გადაღების პროცესი. ისიც შეგვახარბეს, რომ ფილმში ბატალური სცენებიც იქნება (პირველად საქართველოს ისტორიაში!) და მას კანის კინოფესტივალზეც წარადგენენ (და მერე რა, რომ კანის კინოფესტივალზე ფილმების მოხვედრა კანის კინოფესტივალის ჟიურიმ უნდა გადაწყვიტოს, ბლოკბასტერს იქ მოხვედის მინიმალური შანსი აქვს). ჩვენ ისევ არ ვიცით, შევა თუ არა ამ ნანინანატრ ბლოკბასტერში გორის ან ჰალსტუხის საჩოთირო ეპიზოდები, სამაგიეროდ, უკვე ვნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ენდი გარსიამ ითამაშა. შესაბამისად, თუ თამარ მეფის ეპოქას „ვეფხისტყაოსანი“ ამშვენებს, „ნაციონალურს“ ბლოკბასტერი დაამშვენებს (იმიტომ, რომ ვერ ირუსთველა პრეზიდენტის ფავორიტმა პოეტმა კაკალაშვილმა). თუმცა მთავარი ინტრიგა მაინც სულ სხვაა: კერძოდ, ფილმში მთავარი როლი კირა ნაითლის „ბოიფრენდმა“ შეასრულა (და მერე რა, რომ ჯერ კინა ნაითლი ვინაა და მერე – მისი „ბოიფრენდი“?!). ხოლო, რაკი ისე გაგვიმართლა, რომ ამხელა ტიტანებმა დაგვაფასეს, ბ-ნ დავითაიას სრულიად უანგაროდ ვთავაზობ იდეას: რაკი ასე დაგვაფასეს (კირა ნაითლმა და მისმა „ბოიფრენდმა“), იქნებ იმდენიც გაგვიხერხონ, რომ პრემიერამდე სანთელიც დაგვაჭერინონ?!