რატომ მოსდიოდა სისხლი თქრიალით გიორგი კალანდაძეს წიწის კოცნისას
მათი სიყვარულის ისტორია ძალიან დიდი მეგობრობით დაიწყო და ალბათ ამიტომაც მიაჩნიათ გიორგი კალანდაძესა და ნათია წიწილაშვილს, რომ მათი გრძნობა მყარი და ღრმაა. საერთო ინტერესებმა, ემოციებმა, დამოკიდებულებებმა „ჩვენი ოფისის“ ორი მსახიობი დიდი ხნით დააკავშირა ერთმანეთს და დღეს ისინი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილია. მათთან ინტერვიუ ბანალური რომანტიზმისგან დაცლილი და, შესაბამისად, ძალიან გულწრფელი იყო.
ნათია წიწილაშვილი: იყო ერთი ბიჭი და ერთი გოგო... რეალურად ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო, სერიალში მოსვლამდე ვიცოდი, რომ, უბრალოდ, არსებობდა ასეთი ბიჭი, გიორგი კალანდაძე, სხვა არაფერი. „ჩიფსების თაობის“ დაწყების შემდეგ კი ძალიან დავმეგობრდით, უახლოესი მეგობრები ვიყავით, აბსოლუტურად ყველაფერს ვუყვებოდი ჩემი პირადი ცხოვრებიდან, თუკი რამე მომხდარა და ხდებოდა. ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი სიყვარულის ისტორია ღრმა მეგობრობით დაწყებულიყო და ასეც მოხდა.
გიორგი კალანდაძე: ტუზი დაეცა! (იცინიან).
ნათია: მოკლედ, დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რომ, თურმე, მიყვარდა. ერთ დღესაც გიორგიმ მითხრა, ძალიან შორს ხომ არ ეძებ შენს სიყვარულს, იქნებ ის ძალიან ახლოს არისო. ამან ცოტა დამაფიქრა.
– გიორგი, შენ როდის მიხვდი, რომ შეგიყვარდა?
გიორგი: ეს ნელ-ნელა დაიწყო, მაგრამ კინოს გადაღება იყო საბოლოო მომენტი, როდესაც მივხვდი, რომ ამ გოგოსთან რაღაც სხვა მინდოდა. ნუ, გარეგნულად რომ არ მოგეწონოს, ეს სიგიჟეა, მაგრამ უფრო ღრმა რაღაცეებს ვგულისხმობ. ფილმში გვაქვს სცენა, სადაც რესტორანში ვსხედვართ და ხელს ვთხოვ. იმ დროს უკვე სიგიჟემდე მიყვარდა.
– იმ კოცნამ რა გადაწყვიტა?
– არაფერი. ეს უკვე ის პერიოდი იყო, როდესაც ძალიან მინდოდა მეკოცნა, მაგრამ ამისთვის შესაფერისი დრო ვერ გამოვნახე. კეთილმა სცენარისტებმა ისეთი სცენა დაგვიწერეს, რომ კი არ ვკოცნით ერთმანეთს, უმოწყალოდ „ვზასაობთ“. ეს იყო ჩვენი პირველი კოცნა და, თან, ძალიან მაგარი.
ნათია: ჩვენ შორის ეს გრძნობა სულ რომ არ ყოფილიყო, ეს კოცნა მაინც ძალიან ბუნებრივი გამოვიდოდა, უბრალოდ, იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი საქმე. მერე ვხუმრობდით, არ ვარგა, თავიდან გადავიღოთ ეს სცენაო.
გიორგი: რაც მთავარია, ამ კოცნის დროს ტუჩი გამიხეთქა და სისხლი თქრიალით მომდიოდა. ძალიან სუსტი კანი მაქვს ტუჩებზე, ზამთარში სულ დამსკდარი მაქვს ხოლმე. წიწიმ კიდევ, ისე მაკოცა, რომ საშინელება დამემართა. თუ დაკვირვებიხართ, იმ სცენაში ტუჩს ვიწმენდ, სისხლი მომდის. აი ასე, პირველივე კოცნის დროს მომაჭამა ტუჩი.
ნათია: მახსოვს ჩვენი პირველი გულახდილი საუბარი. რამდენიმე საათის განმავლობაში ველოდებოდით ჩვენს მეგობარს თუმანიშვილის თეატრის ეზოში და აბსოლუტურად ყველაფერი მოვყევით ჩვენი ცხოვრების შესახებ, ცუდიც და კარგიც.
გიორგი: მგონი, დაქალებმა არ იციან, ისეთი ამბები გავიგე. ამ დროს უკვე დაახლოებულები ვიყავით.
– როგორ ფიქრობთ, კარგია შეყვარებულებისთვის, რომ ერთმანეთზე ყველაფერი იციან, თუ, უნდა იყოს რამე დატოვებული, რაც მხოლოდ შენია?
– არა, ვფიქრობ, თუ ადამიანებს ერთმანეთთან ყოფნა უნდათ, მართლებიც უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ. ერთმანეთისთვის ყოველთვის საინტერესოები უნდა დარჩნენ, მაგრამ არა რაღაცის დამალვის ხარჯზე.
– ეჭვიანები ხართ?
ნათია: მე არა.
გიორგი: იმიტომაც თქვა ასე მკაცრად – „მე არა“, რომ ეჭვიანი ვარ, მაგრამ არასდროს ვჩხუბობთ. ამდენი ხნის განმავლობაში სულ ორჯერ ვიჩხუბეთ. პირველად ძალიან სასაცილო მიზეზი გვქონდა.
ნათია: მე პიცერია „ფანტასტიკოში“ მინდოდა წასვლა, გიორგის – არა. ამაზე დავიწყეთ, შევყევით, შევყევით და გადაღების დროს, მთელი პავილიონის თანდასწრებით, საშინელი სკანდალი მოვაწყვეთ. დამლაგებლით დაწყებული, რეჟისორით დამთავრებული, ყველა სამონტაჟოში იყო, სადაც ბოლო ხმაზე ვყვიროდით, უფრო სწორად ბოლო ხმაზე გიორგი მიყვიროდა. საოცრება მოვახდინეთ.
– სერიალში შენი ვირტუალური მამა ძალიან ცუდად შეხვდა შენს სასიყვარულო ურთიერთობას. რეალურად რა ხდება, როგორ შეხვდნენ თქვენი ოჯახები ამ ყველაფერს?
– თავიდან, როდესაც სახლში სულ ვამბობდი, მე და გიო აქ ვართ, მე და გიო იქ მივდივართ-მეთქი დედა მიხვდა, რომ ჩვენ შორის რაღაც ამბავი დაიწყო. მამა კარგა ხანს ვერ ხვდებოდა. ერთხელაც, მითხრა, ტყემალზე რომ ვზივარ, არ უნდა ვიცოდე, შენს ცხოვრებაში რა ხდებაო?! ვუპასუხე, მეგონა, მიხვდებოდი-მეთქი. მერჩივნა, გეთქვაო, მითხრა და ამით დამთავრდა. გიორგი დედაჩემს კარგად იცნობს, მამაჩემსაც.
გიორგი: ჩემებიც მშვენივრად იცნობენ წიწის. ჩემი დის რესტორნის გახსნაზე მთელ ჩემს სანათესაოს წარვუდგინე. კარგი გოგოაო. საერთოდ, ეს ოჯახისთვის გაცნობა ცოტა უხერხული მომენტია, მაგრამ რადგანაც იმ დღეს მთავარი თემა „გარდენის“ გახსნა იყო და არა წიწის წარდგენა, ამიტომ დისკომფორტი არ უგრძვნია.
– როგორია წიწი?
– ძალიან კარგი, ლაღი, ხანდახან ცოტა „ზანუდა“... ძალიან უყვარს, როდესაც მაბრაზებს, წყობიდან რომ გამოვყავარ.
ნათია: ვაიმე, აი, ვერ წარმოიდგენთ, რა საყვარელია როდესაც ბრაზდება, უსაყვარლესი. მაგრამ, თუ ძალიან გაბრაზდა, მერე აუტანელი ხდება. გაბრაზებას როცა იწყებს, იმ მომენტშია ძალიან საყვარელი, ვგიჟდები. სულ ვაწვალებ, ვცდილობ, გამოვიყვანო მდგომარეობიდან. საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, ზუსტად ისეთი, როგორიც მომწონს და გიორგის ხუმრობებზე სულ მეცინება. რამდენიმე დღის წინ, სწორედ ის ჩვეული მდგომარეობაა, როდესაც გიორგის ნერვებს ვუშლი, შუა პეკინზე მოვდივართ და რაღაც სიტყვებს ვამეორებინებ...
გიორგი: გიორგი, თქვი, რომ წიწი გოგოაო – ასჯერ გამამეორებინა.
ნათია: ამას იმიტომ ვამეორებინებდი, რომ, როდესაც მუშტის დარტყმა ან რამე მსგავსი მოუნდება, საკუთარ თავს უთხრას – „წიწი გოგოა“. ამაზე ვიცინი, ამბავში ვარ და, უცებ, გაქცევა მოვინდომე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და შუა პეკინზე თმით დამიჭირა. ფილმებში რომ გინახავთ – კიკინით რომ იჭერენ მანიაკი მკვლელები მსხვერპლს, ზუსტად ასეთი სცენა იყო.
– რომანტიკული წყვილი ხართ?
გიორგი: საერთოდ არ ვარ რომანატიკული და მიხარია, რომ წიწიც ზუსტად ასეთია. ზღვის ნაპირზე ვსეირნობდეთ ხელჩაკიდულები და ვარსკვლავებს ვუყურებდეთ – ასეთი რამ ჩვენს ცხოვრებაში არ ხდება. (იცინიან) დავიწყოთ იმით, რომ ყველაზე ბანალურ-რომანტიკული, რაც გოგოებს უყვართ, ანუ ყვავილები, წიწის არ უყვარს.
ნათია: ყვავილების ჩუქებას, მირჩევნია, არაფერი მაჩუქონ.
გიორგი: გაიგეთ?! არ მიყვარს ყვავილებიო. (იცინიან) არც ერთს არ გვიყვარს ტელეფონზე საუბარი, ვერ ვიტან. ტელეფონი მხოლოდ იმისთვის მჭირდება, რომ გავიგო, რა უნდათ და მორჩა. „და სხვამდე“ რომ მიდის საქმე, უკვე ცუდად ვხდები. გათენებამდე რომ უმეორებენ ერთმანეთს, ვგიჟდები და მიყვარხარო – ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.
– როგორ ეგუები წიწის თაყვანისმცემლებს?
– რატომ მეკითხები ასეთ ბოროტებას, აი რატომ უნდა შევეგუო ჩემი შეყვარებულის თაყვანისმცემლებს, ხომ არ იცი?! თუ როგორც მსახიობს, ისე გულისხმობ, გეტყვი, რომ ისევე როგორც წიწის, მეც ძალიან ბევრი გულშემატკივარ-თაყვანისმცემელი მყავს. წიწი პოპულარული მსახიობი რომ იყოს და მე, მისი შეყვარებული – ბუღალტერი, მაშინ, ალბათ, სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი. ასე რომ, ვცდილობ გავუგო. უფრო სწორად, წიწის ყველაფერს გავუგებ, რადგან მის გრძნობებში ეჭვი არ მეპარება, ვიცი, ვინც უყვარს. და ვიღაც თავხედს, ტუტუცს, რომელიც თავს უფლებას მისცემს, წიწისადმი გრძნობები თავისუფლად გამოხატოს, ვერაფრით ვერ გავუგებ და, თუ სადმე გადამეყრება, თავსაც მოვაჭრი ძირში! ოღონდ, აუცილებლად. და, მერე შევჭამ.
– შენ?
ნათია: ზუსტად ასე ვარ მეც. არ მქონია შემთხვევა, რომ ვინმეს გიორგისთვის ყვავილები მიეტანოს, მაგრამ ძალიან ზედმეტ, შემაწუხებელ ყურადღებას, ალბათ, ვერ ავიტან. არიან არაადეკვატური ადამიანები.
გიორგი: დებილის გარდა, არავინ არ შეიყვარებს ისეთ ადამიანს, ვინც პოპულარულია, საერთოდ არ გიცნობს და თან შეყვარებული ჰყავს. გეგულება ვინმე ამ ქალაქში, რომელმაც არ იცის, რომ მე და წიწი შეყვარებულები ვართ?! თუ უტიფარი და რეგვენი არ ხარ, მაშინ მიხვდები, რომ უნდა გაჩერდე და იქ შენი ადგილი არ არის. ვინც ვერ ხვდება, გავაგებინებ.
– ამ კითხვას ალბათ ძალიან ხშირად გისვამენ, მაგრამ მაინტერესებს: დაქორწინებას თუ აპირებთ?
– ამ ბოლო დროს ქუჩაში გაბედნიერებას გვილოცავენ. ერთ-ერთ გადაცემაში არასწორად დაგვისვეს კითხვა და მთელმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ დავქორწინდით, გვილოცავს აბსოლუტურად ყველა... არ ვიცი, წიწი რას აპირებს და რას ფიქრობს ამ თემაზე, მაგრამ ამ ბოლო დროს ეს აზრის ხშირად მიტრიალებს თავში. დავბერდით უკვე.
ნათია: ეს ახლა გავიგე. არ ვჩქარობთ, მაგრამ, რაღაც ეტაპზე ასეც იქნება, ერთმანეთი გვიყვარს და ეს ჩვეულებრივი ამბავია.
გიორგი: ფსიქოლოგიურად, მატერიალურად უნდა იყო მზად იმისთვის, რომ ის შენი სიყვარული ამ სხვა ფაქტორების გამო არ გაცვდეს. ასეთი ბევრი მაგალითი მინახავს და არ მინდა, რომ ჩემი სიყვარული ბედის ანაბარა დავტოვო და მასზე არ ვიზრუნო.
სალომე გველესიანი