კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მცენარეა დიდი ფულის მომტანი და როდისაა მისი გახარება აუცილებელი


მალე ახალი წელი დადგება და ყველა თქვენგანი ამ წელს ალბათ, ახალი იმედებით ხვდება. თურმე, ახალ წელს უცხოეთში ტრადიციულად მცენარეებით ხვდებიან, რომ შემდეგი წელი მათთვის ბედნიერების მომტანი იყოს. თუ რომელი მცენარით უნდა შეხვდეთ ახალ წელს, რომ შემდეგი წელი დოვლათისა და ბარაქის მომტანი იყოს, ამას საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან, თენგიზ პაპავასთან, საუბარში გავარკვევთ.


– ბატონო თენგიზ, სად ხვდებიან ახალ წელს მცენარეებით და რატომ არის საჭირო საახალწლოდ ყვავილები?

– უცხოეთის ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ჩინეთში ახალ წელს ასეთი ტრადიცია აქვთ: ისინი აუცილებლად რომელიმე მცენარეს ახარებენ ან იმ წელს იძენენ, რომ შემდეგი წელი მათთვის ფეხბედნიერი იყოს. ახალი წლის წინა დღეებში დიდი ვაჭრობა იხსნება სხვადასხვა ქვეყანაში. ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობს მცენარეს, რათა წარმატება მოუტანოს. საერთოდ, ყველა მცენარეს თავისი დანიშნულება აქვს. ზოგიერთი სამკურნალოდ გამოიყენება, ზოგი სილამაზისა და ინტერიერისთვისაა საჭირო. ახალ წელს, ყველა ჩვენგანი დიდი იმედებით ხვდება და ყვავილებსაც ამ დროს გარკვეული მისია აკისრია. მათი დანიშნულებაა, სახლში კარგად გაიხაროს, ოჯახს ბედნიერება რომ მოუტანოს.

– რომელია ეს მცენარეები და რა წარმატებებს მოგვიტანს?

– ერთ-ერთი საახალწლო მცენარეა ზამიოკულკასი. ის ცნობილია მრგვალი ფორმის ფოთლებით, რომლებიც ოქროს მონეტების სიმბოლოდ მიიჩნევა. ჩინელები ზამიოკულკასის ფოთლებს სწორედ ამ მონეტებს ამსგავსებენ და სჯერათ, რომ ეს მცენარე მათ დიდ ფულს მოუტანს. უძველესი დროიდან ზამიოკულკასი მიიჩნევა, როგორც „ფულის ხე“, რომელსაც ოჯახში არა მარტო ბარაქა, არამედ იღბალიც მოაქვს. ამიტომ გირჩევთ, საახალწლოდ თქვენც გაახაროთ ზამიოკულკასი, რომ ეს წელი თქვენთვის ბედნიერი იყოს.

– როგორ გავახაროთ ეს საახალწლო მცენარე და როგორ ეგუება ის ოთახის პირობებს?

– ეს აფრიკული მცენარე გარეგნულად გვიმრასაც წააგავს და ციკადასაც. აღმართული ღეროების, მუქი მწვანე შეფერილობისა და გამოკვეთილი ფორმის მქონე ეფექტური ზამიოკულკასი ჩრდილში ყოფნას კარგად იტანს და ამიტომ ოთახის პირობებს ადვილად ეგუება. მას ძალიან ღრმად აქვს ნიადაგში ფესვები, რომლებშიც წყლის მარაგია. სწორედ ამის გამოა, რომ ეს მადაგასკარის მცენარე მშრალ ადგილებში კარგად ხარობს, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ნაკლებად პრეტენზიული მცენარეა და არ გაგაწვალებთ. მცენარეს ახალი ფოთლები იშვიათად გამოაქვს და ძალიან ნელა იზრდება. შეიძლება, თქვენ კარგად გაახაროთ, მაგრამ წლები დასჭირდეს, რომ სიმაღლეში მოიმატოს. მცენარის ზომები კი განაპირობებს ზამიოკულკასის მაღალ ფასს.

– შეიძლება ამ მცენარის აყვავილება?

– ამ მცენარეს ბუნებრივ გარემოში ამოსდის თეთრი და მწვანე ფერის ყვავილები, თუმცა ოთახის პირობებში იშვიათად ყვავის. საერთოდ, მცენარე ყვავილობს ზრდასრულ ასაკში ნოემბერ-მარტში, მაგრამ გეტყვით, რომ მას არცთუ ისე ლამაზი ყვავილი აქვს, ამიტომ მის ყვავილობას მოუთმენლად ნუ დაელოდებით. გირჩევთ, მცენარის ღეროების სილამაზით დატკბეთ და სცადეთ, ზამიოკულკასი ჭრელი ან სხვა მოყვავილე მცენარეების ფონად გამოიყენოთ. ის ძალიან ეფექტური იქნება.

– როგორ პირობებში ვამყოფოთ ზამიოკულკასი?

– ზამიოკულკასი მომთხოვნი მცენარე არ არის. ის ყველაზე კარგად იზრდება გაფანტულ სინათლეზე, თუმცა ჩრდილსაც იტანს. ტემპერატურაზეც არ არის პრეტენზიული, მაგრამ სიცივე მაინც არ უყვარს. ამიტომ ზამთრის ტემპერატურა 15-18 გრადუსი მაინც უნდა იყოს. ეს მცენარე უძლებს როგორც მშრალ, ასევე ნოტიო ნიადაგსაც, მაგრამ შეძლებისდაგვარად ზომიერება უკეთესია. ნიადაგში შეგიძლიათ შეურიოთ ნაკელი, ტორფი და სილა თანაბარი რაოდენობით. ზაფხულში გირჩევთ, თვეში ერთხელ მორწყათ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ეს ხელს შეუწყობს გაზრდაში. უყვარს წყლის შეპკურებაც, თუმცა ამის გარეშეც იცოცხლებს. ის არ მოითხოვს განსაკუთრებულ მზრუნველობას. თუ ფოთლები დასცვივა, ესე იგი, სიმშრალეშია. ჩამოვარდნილი ფოთოლი ტენიან მიწაზე რომ დადოთ, დაფესვიანდება და ორ წელიწადში ახალი ზამიოკულკასი გექნებათ.

– რით მრავლდება მცენარე?

– ამ მცენარის გამრავლება რამდენიმე საშუალებით შეიძლება. მსხვილი ეგზემპლარები ჯობია ისე დაანაწილოთ, თითოეული მათგანი თანაბარი სიმაღლის იყოს. თუ თქვენს მცენარეს ჯერ კიდევ არ აქვს გვერდითი ამონაყარი, გამოგადგებათ ფოთლიდან ამონაზარდი კალამი ან ეცადეთ, მოტეხოთ ფოთლიანი ღერო. შემდეგ უნდა მოათავსოთ სილისა და ტორფის თბილ ნაერთში, ზემოდან დააფარეთ შუშა ან პოლიეთილენის პარკი. ეს სითბო ხელს შეუწყობს მცენარის ვეგეტაციას და დაფესვიანებას. გაითვალისწინეთ, რომ თუ გასამრავლებლად მცენარის უფრო დაბალ ნაწილს აიღებთ, საკმაოდ გვიან მიიღებთ განვითარებულ და ლამაზ მცენარეს.

– ხშირად სჭირდება ზამიოკულკასს გადარგვა?

– მცენარე კარგად რეაგირებს თუნდაც ყოველწლიურ გადარგვაზე. რაც უფრო ხშირად გადარგავთ, მით უფრო ლამაზი და ჯანმრთელი იქნება თქვენი მცენარე.

– რა დაავადება შეიძლება, შეეყაროს ამ მცენარეს?

– ზამიოკულკასს ძალიან ეტანება მავნებლები: ობობის ტკიპა და გამხრწნელი. თუ თქვენ მსგავს მავნებელს მცენარეზე შეამჩნევთ, აუცილებლად მორწყეთ ღია მანგანუმის ხსნარით და ეცადეთ, მშრალ და მზიან ადგილას დადგათ.

საერთოდ, სად არის მისთვის შესაფერისი ადგილი?

– მცენარე დადგით აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაზე. ყოველთვის ეცადეთ, არ მოაკლოთ სინათლე და საჭირო პირობები შეუქმნათ. თუ თქვენ ამგვარად მოუვლით ზამიოკულკასს, გარწმუნებთ, ის მშვენივრად შეხვდება თქვენთან ერთად ახალ წელს და დოვლათსა და ბარაქასაც მოგიტანთ.


скачать dle 11.3