კატარინა: „არასდროს ვჩერდებით და, რატომღაც, ყველას ყურადღებას ვიქცევთ“
22 წლის მარიამ ზანგურაშვილმა და 18 წლის კატარინა ჟივადინოვიჩმა, რომელიც მამით სერბი, დედით კი ქართველია, ერთმანეთი „ვა-ბანკში“ გაიცნეს და მალევე დამეგობრდნენ. დღეს ისინი საუკეთესო მეგობრები არიან.
მარიამი: საერთო მეგობრებიც გვყავს და ყველგან ერთად დავდივართ. რაც მთავარია, ერთმანეთს ყოველთვის ვაძლევთ რჩევებს. სხვათა შორის, ჩემს „პაკლოებს“ კატარინასთან უფრო კარგი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე ჩემთან, წამართვეს დაქალი.
კატარინა: მარიამს ძალიან კარგი თაყვანისმცემლები ჰყავს, ყურადღებიანები, თბილები. რამდენიმეს გამოვარჩევდი და, მათ შორის, განსაკუთრებულად – ერთს. ხშირად მთხოვენ ხოლმე დახმარებას – ეს თუ მოეწონება მარიამს, ან ესო.
მარიამი: კატარინასაც კარგი თაყვანისმცემლები ჰყავს, თუმცა ზოგიერთი აბეზარია და მეც მაბეზრებენ თავს. 31 დეკემბერს კატარინას დაბადების დღე აქვს, მაწუხებენ, რა ვაჩუქოთო.
კატარინა: საერთოდ არ მიყვარს თაყვანისმცემლებისგან საჩუქრების აღება, რადგან ასეთ შემთხვევაში ბიჭებს მიაჩნიათ, რომ რაღაც შანსი აქვთ.
მარიამი: ქართველი მამაკაცის ხასიათში ზის: თუ მისგან რამეს აიღებ, მერე გავალდებულებენ.
კატარინა: ამიტომაც არ მიყვარს თაყვანისმცემლებისგან საჩუქრების მიღება. თუმცა, მეგობრებისგან და მარის თაყვანისმცემლებისგან, რომლებთანაც ვმეგობრობ, შემიძლია საჩუქრების აღება. თუ აბეზარი თაყვანისმცემლები გვყავს, ვცდილობთ, ერთიანი ძალებით მოვიშოროთ, პატარა ეშმაკური რაღაც მოვიფიქროთ.
– როგორ ერთობით ერთად?
მარიამი: 31 დეკემბერს კატარინას დაბადების დღეა და, მგონი, კარგი დრო უნდა გავატაროთ.
კატარინა: ცეკვაზე ორივე ვგიჟდებით.
მარიამი: ჩვენი თაყვანისმცემლების უმეტესობას შეხება აქვს ქართულ ცეკვასთან და სიმღერასთან. კატარინა „ერისიონში“ ცეკვავდა, მეც რაღაცას ვახერხებ და, როცა გვეპატიჟებიან, კარგად ვერთობით. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენ გვერდით მყოფი მამაკაცი თავს წარმოაჩენს, ან ცეკვას მოგიძღვნის, ან სიმღერას. ძალიან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ეს ჩემთვის სასიამოვნოა.
კატარინა: სულ ვცეკვავთ, არასდროს ვჩერდებით და, რატომღაც, ყველას ყურადღებას ვიქცევთ. ყოველთვის მაგრად ვერთობით. მეც მსიამოვნებს ყურადღება, მაგრამ, როდესაც ზედმეტად მაქცევენ ყურადღებას, მერე თავს უხერხულად ვგრძნობ.
– მამაკაცთან დაკავშირებით თუ ემთხვევა თქვენი გემოვნება ერთმანეთს?
– ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც კატარინას თაყვანისმცემელი არ მომწონებია და რჩევა მიმიცია. საერთოდ, ძალიან მომწონს ჩამოყალიბებული და საქმიანი მამაკაცები.
კატარინა: არც მე მომწონს ცანცარა მამაკაცები. კაცი უნდა იყოს განათლებული, სერიოზული, უაზროდ არ უნდა ილაპარაკოს, იჭორაოს.
მარიამი: ვცდილობთ, ისეთები ვიყოთ, რომ დავიმსახუროთ, გვერდით სერიოზული და ჭკვიანი მამაკაცები გვყავდეს.
კატარინა: არასერიოზული ურთიერთობები არც ერთს არ მოგვწონს.
– ქასთინგებსაც ხომ არ აწყობთ?
– ზაფხულში ვხუმრობთ ხოლმე, ხომ არ მოვაწყოთ ქასთინგი, ჟიურის წევრებივით დავსხდეთ და ბიჭები ავარჩიოთო.
მარიამი: ზღვაზე უფრო იოლია ბიჭების არჩევა.
– როგორ ფიქრობ, მამაკაცს ყოველთვის ემჩნევა, რა გრძნობები აქვს ქალის მიმართ?
კატარინა: რა თქმა უნდა, ბიჭს ყოველთვის ემჩნევა, გოგონა თუ მოსწონს. როდესაც ვამჩნევთ, რომ ბიჭი გართობის მიზნით არის ჩვენთან, მაშინვე მაგრად ვდგებით.
– მაინც, რა სჭირდება თქვენი გულის დაპყრობას?
მარიამი: დრომ უნდა გამოსცადოს მისი ერთგულება, ურთიერთობა, თამაშობს თუ არა.
კატარინა: დღევანდელი ბიჭები ძალიან ჩქარობენ გოგონებთან ურთიერთობისას. გაგიცნობენ და ერთ კვირაში გეუბნებიან, მიყვარხარო.
მარიამი: ურთიერთობას სტადიების მიხედვით ვიწყებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომელ სტადიაზე როგორ მოიქცევა. თუ ამ ყველაფერს კარგად აკეთებს, რატომაც არა, ის ჩემთვის მისაღებია, მაგრამ, როდესაც ჩქარობს ან რაღაც ეშლება, მერე ვცდილობ, მასთან დისტანცია მქონდეს.
– როგორ ფიქრობ, მამაკაცთან ურთიერთობისას, ინტრიგების, ქალური ეშმაკობების გამოყენება საჭიროა?
მარიამი: შენთან ურთიერთობის სტიმული რომ ჰქონდეს, სულ ფორმაში რომ იყოს, აუცილებელია ქალური ეშმაკობების გამოყენება. ხანდახან ნერვების მოშლაც არის, ანუ, შეიძლება, რაღაცაზე იეჭვიანოს, მაგრამ, შენ უნდა გაატარო ან დაარწმუნო, რომ ეს ასე არ არის.
კატარინა: ხანდახან ეშმაკურ რაღაცეებს ვხლართავთ ხოლმე, „საყვარელი საზიზღრები“ ვართ.
მარიამი: ხანდახან კი თავისით იქმნება ასეთი სიტუაციები და ჩვენც ვიყენებთ.