ზამთრის პრინცესა
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ახალი წელი მაინც ზღაპართან ასოცირდება და დიდსა თუ პატარას ცოტათი მაინც გვჯერა სასწაულის, ამ სასწაულის შესახვედრად სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. მაგალითად, შევეცადოთ, რომ ამ ღამეს მაინც ვიყოთ ჩვენს ოცნებებთან ახლოს. გააკეთეთ ისე, რომ ძალიან არ დაიღალოთ და რაც შეიძლება, ბევრი იმხიარულეთ. ამ ღამეს ყველაფერმა სიამოვნება უნდა მოგიტანოთ. აუცილებლად გამოეწყვეთ შესაბამისად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზედმეტად გამოიპრანჭოთ და მოძრაობა ვერ შეძლოთ, მაგრამ ახალ წელს სახლის ჩუსტებსა და წინსაფარშიც ნუ შეხვდებით. შეიძლება, არ გჯერათ, რომ იმ ღამის განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ, მაგრამ ასე რომ მოხდეს, მერე ყველაფერს შეცვლით. თანაც წარმოიდგინეთ: როცა ყველა ზეიმობს, თქვენ რატომ უნდა იყოთ გამონაკლისი?! იგრძენით თავი პრინცესად. გასაგებია, რომ საზრუნავი ბევრზე ბევრი გაქვთ, რომ რაღაც ისე ვერ გამოვიდა, როგორც გინდოდათ, ფული არც საახალწლო კერძებისთვის გეყოთ და არც საჩუქრებისთვის, მაგრამ მაინც ნუ გაიფუჭებთ განწყობას. დაიჯერეთ, რომ მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება, წარმატებულიც – რა თქმა უნდა. იყავით ამ ერთი, ზამთრის მშვენიერი ღამის პრინცესა და მეორე დღიდან შეუდექით ყველა იმ საქმის განხორციელებას, რომელიც გასულ წელს ვერ მოასწარით.