სად ნახა მიშა ანდღულაძემ “გაჭაჭული„ მეგრელები და რატომ იწყებოდა ყოველ ახალ წელს ომი მის აივანზე
„ქლაბ შოუს“ და „კომედი შოუს“ ორიგინალური, მხიარული და ენაკვიმატი მსახიობი მიშა ანდღულაძე ძალიან გულახდილი ადამიანია. მისი საუბრიდან შევიტყვეთ, რომ თურმე მიშა ბავშვობიდან ყოფილა „ოსტრი“ სიტუაციების მოყვარული. თუ როგორ უხეთქავდა ის გულს მშობლებს ახალ წელს, სად დალია მან პირველად ალკოჰოლური სასმელი და რატომ ვერ აგნებდა სახლის კარს, ამაზე თავად მოგვიყვება.
მიშა ანდღულაძე: ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი კურიოზია. ისე შევეჩვიე ასეთ სიტუაციებს, რომ მგონია, ეს ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა.
– ამბობენ, მიშა კურიოზულად იგინებაო. ეს როდის ხდება და რას ნიშნავს კურიოზული გინება?
– მანქანით რომ მიდიხარ და წინ ვიღაც გიჟივით ჩაგიჭრის გზას, ისე ვცოფდები, სულ კურიოზულად ვაგინებ, აბა, მეტი რა ვქნა? თან, ყველანაირი კურიოზული გინება, „ლაითი“ კი არა (იცინის).
– მიშა, ის თუ გახსოვს პირველად როდის დააგემოვნე ალკოჰოლიანი სასმელი, როდის დათვერი და რა ხდებოდა ამ დროს შენში?
– ჩემი პირველი დათრობა ბუნდოვნად მახსოვს. დაახლოებით, სამი წლის ვიყავი. დედაჩემმა კონიაკი დამალა, მე ვიპოვე და ბოლომდე გამოვცალე. ძლივს გადამარჩინეს. თურმე ვყვიროდი, მწარეა, მწარეა-მეთქი და რომ დამაყენებდნენ ფეხზე, აქეთ-იქით ვვარდებოდი, თავს ვერ ვიკავებდი. მერე ტანზე დამაყარა, მოვიწამლე და კინაღამ გადაირივნენ ჩემი მშობლები. ეტყობა, ეს ალკოჰოლი კარგად გამიჯდა ტანში და დღეს მშვენივრად ვიტან სასმელს, არც მაყრის, არც ვიქცევი და ნასვამი არც ვყვირი. ერთხანს, მაგრად მიყვარდა სმა და დედაჩემი მოფერებით „ლოთს“ მეძახდა (იცინის). ბევრს ვსვამდი, მაგრამ ახლა ყველაფერი „გატაცებადია“. კოლეჯში მეგრელი ჯგუფელი მყავდა. ერთხელაც მოვხვდი მეგრელების სუფრაზე. საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. მოკლედ, ამ სუფრაზე „გაიჩითა“ ორი ტიპი და ორივეს ეს გოგო მოსწონდა. დალიეს და დასცხეს ერთმანეთს. ერთმა მეგრულად „მოუჭირა“, მეორემაც არ დააკლო და წავიდა ალიაქოთი.
– მერე ვერ ჩადექი შუაში მშვიდობის მტრედივით?
– რა შუაში? პირველად მოვხვდი ასეთ სიტუაციაში, შორს ვიჯექი და ვსკდებოდი სიცილით. რომ დააწვრილეს ხმა და მეგრულად ექაჩებოდნენ ერთმანეთს, მაგარი სასაცილო სანახავი იყო. მე აქეთ ვსკდებოდი სიცილით და ისინი იქით იჭაჭებოდნენ. მერე დიასახლისი შემოვიდა, იმანაც დაამატა გაწვრილებული, გაბრაზებული ხმით კივილ-წივილი და... მოკლედ, მაგრად გავერთე. არადა, სულ ვამბობდი, თუ ოჯახს პატივს სცემ, იქ ჩხუბს ვინ ატეხს-მეთქი. იქ დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი.
– ბავშვობაში ასაფეთქებლებით არ უხეთქავდი აივნიდან გამვლელ-გამომვლელებს გულს?
– ბავშვობაში კი არა, ახლაც მიყვარს „ხლაპუშკებით“ ოინბაზობა. რომ ფეთქდება, იმის ხმაზე ვგიჟდები. ერთხელ ვიყიდე მრგვალი ფორმის ასაფეთქებლები, რომელსაც ძალიან დიდი ხმა ჰქონდა. ერთ ახალ წელს კი, ერთმანეთზე იზოლენტით გადავგრიხე ფითილები, აივანზე მივამაგრე ძაფით, მოვუკიდე და შემოსვლა ვეღარ მოვასწარი, ისე დაიბუთქა, ტალღამ შემომაგდო ოთახში. ისე შეზანზარდა სახლი, მამაჩემს მიწისძვრა ეგონა და კინაღამ გული გაუსკდა. დედაჩემი იქით ყვიროდა, ვაიმე დედაო (იცინის). გეგონებოდათ, მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, ზედ ახალ წელსო. მე კი მაგრად „მისწორდებოდა“. არადა, თოვლის ბაბუა არ მოდიოდა ჩემთან, ეტყობა, ასე ცუდად რომ ვიქცეოდი და ვმავნებლობდი, იმიტომ (იცინის). არ დამავიწყდება, ბავშვები კორპუსის სახურავზე ავიდოდით და გუნდებს ვესროდით იქიდან ხალხს. იყო ერთი გინება და ალიაქოთი. ერთხელ, ავძვერით და უამრავი ჩალაგებული გუნდა დაგვხვდა გამზადებული. მეტი რა გვინდოდა? ეზოში მანქანას წმენდდა ერთი კაცი. ამოვიღეთ მიზანში და სწრაფად, სნაიპერული სიზუსტით, ეს გამზადებული გუნდები დავუშინეთ აივნიდან. ვერ მიხვდა, სად გაქცეულიყო, ვერც კარი გამოაღო, ვერც დაიმალა, მოკლედ, დღესაც მახსოვს, როგორ ფაფხურობდა დამფრთხალი. მერე მოახერხა, ჩაჯდა მანქანაში და ისეთი მოცოცხა, უკან არც მოუხედავს. ალბათ, სახლში რომ მივიდა მერე გვაგინა. აბა, მანამდე ისე დაიბნა, მარტო თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. ახლა რომ მახსენდება, მაგარი სასაცილო ბავშვი ვიყავი. ერთხელ გურიაში დასასვენებლად ვიყავი და სიმინდი მოვიპარე. დამინახეს გურულმა ქალებმა და ისე აწიკვინდნენ, პატრულის „სირენა“ მიმიქარავს. აბა, ერთ დღეს ას ცალ სიმინდის ტაროს რომ მოგპარავენ, რას იზამ? აღარც დაიყვირებ? იმ დღეს ოცდახუთი მარტო მე ვჭამე. მერე დაამუღამა ერთმა და გვიან თესავდა ყანას. მოსავალი სექტემბრის ბოლოს რომ უნდა აეღო, იღებდა დეკემბრის ყინვაში. (იცინის). სეზონი კი ჩაგვიგდო, მაგრამ იმის ღორების ცოდვა მე დავიდე კისერზე.
– ისეთი გარეგნობა გაქვს, ვერავისში შეეშლები კაცს. ხომ ასეა?
– თქვენ წარმოიდგინეთ, შევეშალე. ადრე, ოთარ რამიშვილი გვყავდა სტუმრად შოუში, თავის მეუღლესთან ერთად. მეუღლემ ჰკითხა: ოთარ, იცანი ესო? იმანაც ისე გამოხედა, სახეზე ეწერა, რავი აბაო. ცოლმა ისევ უთხრა, რა ვერ იცანი, ოთარ, ჩვენი ლექს-სენია, ბიჭოო (იცინის). იმანაც, ვაა, ლექს-სენი? შენ გენაცვალე, შენი ჭირიმეო. კიდევ კარგი, არ მითხრა, მიდი, აბა, ერთი გამირეპეო. ისე, რომ ამბობენ ცნობილი ადამიანები: ჩვენ გვცნობენ და ფულს არ გვახდევინებენო, რა ვიცი. მე მანქანა რომ ვიყიდე, კი გადამახდევინეს ფული და... ისე, კი დამიკლო ორჯერ... მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ეტყობა, აქ არ ჭრის „ცნობადობა“.
– ვიცი, მოწესრიგებული მძღოლი ხარ, მაგრამ პატრული მაინც გაჩერებს. რა ხდება?
– მართალია, ძალიან მოწესრიგებული მძღოლი ვარ. არც ნასვამი ვჯდები საჭესთან. გამორიცხულია „პავაროტნიკი“ არ ჩავრთო და ისე მოვუხვიო. ხანდახან, ზედმეტიც მომდის ხოლმე და ასე ციმციმ-ციმციმით დავდივარ. ერთხელ კი ზოლიდან ზოლზე გადავედი და არ ჩავრთე, მაინცდამაინც მაშინ გამაჩერეს. ბედი არ გინდა?
– ამბობენ, მიშას ცუდი ორიენტაცია აქვს და ბავშვობაში ხშირად ვერ აგნებდა სახლის კარსო. ამას გიგონებენ მეგობრები, თუ სიმართლეა?
– მართალია, ვერ დავიკვეხნი კარგი ორიენტაციით. ტყეში არ დავიკარგები, მაგრამ ბავშვობაში ხშირად დავკარგულვარ. გლდანში ვცხოვრობდი და პირველი და მეორე მიკრორაიონის ხიდები მერეოდა ერთმანეთში. ხან ქურთის ქალს მივყავდი გზააბნეული სახლში და ხან – სომხის ქალს. არ დამავიწყდება, ერთხელაც ასე ამერია გზა. ვიბოდიალე, ვიბოდიალე და მივხვდი, რომ დავიკარგე. ის კი მოვიფიქრე და ერთი ქურთის ქალი გავაჩერე, ვუთხარი „დომ ხაჩუ“-მეთქი.
– მერე მისამართი ზეპირად იცოდი?
– რად მინდოდა მისამართის ცოდნა? მამაჩემი ემსახურებოდა კორპუსებს ლიფტების მომსახურების „პონტში“. ყველა იცნობდა. ვუთხარი ქურთის ქალს, ბუხუტის შვილი ვარ და „დომ ხაჩუ“-მეთქი. ისიც მიხვდა და მიპასუხა: „ააა, ბუხუწი, ბუხუწიო“. მე ვუხსნიდი, ქალბატონო დეიდა, ბუხუწი კი არა, ბუხუტი, ბუხუტი-მეთქი. ის თავისას „უბერავდა“, ააა, „ბუხუწიი“... მოკლედ, ძლივს მიმიყვანა გზააბნეული ჩემს მშობლებთან. როცა ვიკარგებოდი, მეორე დღეს რომ გავივლიდი უბანში, კაცების ხმა მესმოდა: გაიგეთ კაცო? ეს ბუხუტის ბიჭი მერამდენედ უნდა დაიკარგოს, სახლის გზა ვეღარ უნდა დაიმახსოვროსო (იცინის).
– გოგონას გამო ორიგინალური საქციელი თუ ჩაგიდენია?
– კი, როგორ არა. ერთხელ, ტელეფონზე სასაუბროდ ხუთი თეთრი მქონდა დარჩენილი და ჩემს შეყვარებულს ზარი გავაშვებინე. ორიგინალურად ვუთხარი, მიდი, რაც არის არის, გაუშვი ზარი-მეთქი. ის ბოლო ხუთი თეთრიც მას შემოვავლე თავზე.
– მერე, ეს ორიგინალური კი არა გმირული საქციელია. ამაზე არ გიფიქრია?
– უი, ამაზე კი არ მიფიქრია! მართალი ხარ, ხომ იცი, გმირობა ჩამიდენია და მე კიდევ ვერც მივხვდი.