როგორ გაიქცნენ უცხოეთში 4 მილიონი დოლარით ცნობილი ქართველი გამომძიებელი და შურისმაძიებელი 25 წლის გოგონა
1971 წლის 31 დეკემბერს მოსკოვში, კუტუზოვის შესახვევში მდებარე სამსართულიანი, ფეშენებელური სახლის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად მოედო მთელ შენობას. საახალწლო ზეიმის მომლოდინე მობინადრეები ახალი წლის დადგომამდე ორი საათით ადრე ქუჩაში გამოეფინენ და ეს ისტორიული შენობა ხანძარმა თვალის დახამხამებაში, სულ რაღაც 50 წუთში, გაანადგურა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა მეხანძრეებმა მესამე სართულის ბინაში საშინლად დანახშირებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს და მილიციის საგამოძიებო ჯგუფმა თავისი პირველადი მოკვლევის ოქმში დააფიქსირა, რომ ჩადენილი იყო განზრახ მკვლელობა.
1972 წლის 1 იანვარს მოსკოვის პროკურატურაში აღიძრა საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით, რომელსაც გამოცდილი გამომძიებელი პავლე გელოვანი უძღვებოდა. საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული მოკვლევისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ მოკლული იყო 51 წლის ანტონ როზნერი, იმავე ბინაში ცხოვრობდა, სადაც მისი გვამი იპოვეს, იყო მარტოხელა და მუშაობდა საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურატურის, განსაკუთრებულ საქმეთა უფროს გამომძიებლად. როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, ანტონ როზნერი კაპრონის თოკით იყო მიბმული საწოლზე, პირში ჩოგბურთის ბურთი ჰქონდა ჩაჩრილი, რომ არ ეყვირა, სხეულზე კი მკვლელს ბენზინი გადაუსხამს და ცეცხლი წაუკიდებია... როზნერის ცხედარი უკიდურესად იყო დანახშირებული და გადაბუგულ ოთახში ვერც კაპრონის თოკი იპოვეს და ვერც ჩოგბურთის ბურთი, მაგრამ პათანატომებმა ასეთი დასკვნა იმიტომ გააკეთეს, რომ კაპრონის თოკის დამდნარი ნაწილაკები მოკლულის დანახშირებულ სხეულზე აღმოაჩინეს, ხახაში კი – დანახშირებული ჩოგბურთის ბურთის ნაშთები იპოვეს... გარდა ამისა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ როზნერს თავის ქალის მძიმე, დახურული ტრავმა ჰქონდა მიყენებული. ანუ, ბოროტმოქმედმა ჯერ მძიმე, ბლაგვი საგანი ჩაარტყა როზნერს და გონება დააკარგვინა, შემდეგ კაპრონის თოკით მიაბა საწოლზე, პირში ჩოგბურთის ბურთი ჩასჩარა, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა. გარდა ამისა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა როზნერის ბინის კარის საკეტი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ის სრულ წესრიგში იყო. რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მასპინძელმა ან თავადვე გაუღო კარი მკვლელს, ან მესამე პირმა, რომელსაც როზნერი იცნობდა. დანახშირებულ ბინაში მილიციის ოპერმუშაკებმა ინსულინის ჩასაწყობი ლითონის კოლოფი აღმოაჩინეს, რომელიც, მართალია, ხანძრისგან ძალიან დეფორმირებული იყო, მაგრამ მისი ნამდვილობა მაინც დადგინდა. კოლოფი საწოლის ქვეშ ეგდო და, სავარაუდოდ, ის მკვლელს ეკუთვნოდა, რადგან, გაარკვიეს რომ როზნერი ამ წამალს არ ხმარობდა. ექსპერტების დასკვნით, ინსულინის ეს სახეობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა განსაკუთრებულ კატეგორიას ენიშნებოდა. ამ ტიპის დაავადებულებს სახესა და ზურგზე წითელ-ყვითელი ლაქები აჩნდათ, ამიტომ ოპერმუშაკებმა ამ განსაკუთრებული ნიშნების მქონე ადამიანის ძებნა დაიწყეს, რადგან ვარაუდობდნენ, რომ როზნერი შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმით დაავადებულმა ადამიანმა მოკლა...
სასამართლოს შეცდომა
ანტონ როზნერის მკვლელობა პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი გენერალურ პროკურორს რუდენკოს. მან პირადად დაიბარა გელოვანი და უთხრა:
– პაველ გეორგიევიჩ, ანტონ მოისეევიჩ როზნერის მკვლელობის გახსნა ჩვენი მუნდირის ღირსების საქმეა და თქვენი დიდი იმედი მაქვს...
გელოვანი ჩვეული პროფესიონალიზმით შეუდგა როზნერის მკვლელობის გამოძიებას. 3 იანვარს ოპერატიულმა თანამშრომლებმა 39 წლის ვილენ კარპოვი დააპატიმრეს და მოსკოვის პროკურატურაში პირდაპირ პავლე გელოვანს მიუყვანეს დაკითხვაზე. 39 წლის ვილენ კარპოვი ანტონ როზნერის შორეული ნათესავი იყო. მას შაქრიანი დიაბეტის განსაკუთრებული ფორმა სჭირდა და სწორედ ისეთ ინსულინს ხმარობდა, რომლის ლითონის კოლოფიც როზნერის ბინაში აღმოაჩინეს. მას სახესა და ზურგზე წითელ-ყვითელი ლაქები აღმოაჩნდა ზუსტად ისეთი, რა ნიშნითაც როზნერის მკვლელს ეძებდნენ. როზნერის საქმეში იყო ერთი დეტალიც: მის გადაბუგულ ბინაში მილიციამ მოკვლევისას ვერ აღმოაჩინა როზნერის სატაბელო იარაღი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი. იმის გამო, რომ დამწვარი სახლი ჩანგრეულ-ჩაფერფლილი იყო და მხოლოდ იმ ოთახის იატაკი გადაურჩა დანგრევას, სადაც როზნერის ცხედარი აღმოჩნდა, გამომძიებლების აზრი ორად გაიყო. უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ იარაღი დამწვარი სახლის ნანგრევებში დაიკარგა. გელოვანი კი არ გამორიცხავდა, რომ მოკლულის იარაღი მკვლელმა გაიტაცა...
კაბინეტში მოყვანილ ვილენ კარპოვს პავლე გელოვანმა ჰკითხა:
– სად იმყოფებოდი 1971 წლის 31 დეკემბერს, საღამოს 8-დან 11 საათამდე?
– საკუთარ სახლში. ვიწექი და მეძინა, – ლაკონურად მიუგო გელოვანს კარპოვმა.
პროფესიით მხაზველი, 39 წლის ვილენ კარპოვი, ცოლთან გაშორებული იყო და მარტო ცხოვრობდა. ის შაქრიანი დიაბეტის განსაკუთრებული ფორმით იყო დაავადებული. კარპოვი როზნერის ნათესავი იყო დედის მხრიდან, საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასთან და ხშირად აკითხავდა ხოლმე სახლში, ამიტომ კარპოვს როზნერის მეზობლებიც კარგად იცნობდნენ. ვილენ კარპოვი უკიდურესად გაოცდა, როდესაც შეიტყო, რომ როზნერის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი. ამიტომ მან პავლე გელოვანს უთხრა:
– რას ბრძანებთ, ამხანაგო გამომძიებელო? ანტონ მოისეევიჩი ჩემი ნათესავი იყო და მას მე როგორ ან რატომ მოვკლავდი?
მილიციამ ეჭვმიტანილი კარპოვის ბინაც გაჩხრიკა და, მართალია, იქ როზნერის ტაბელური იარაღი ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ კომოდში როზნერის ბინის გასაღები იპოვეს.
– როზნერის ბინის გასაღებს თქვენთან რა უნდოდა? – ჰკითხა კარპოვს გელოვანმა, რაზეც ეჭვმიტანილმა მშვიდად მიუგო:
– გასაღები ანტონ მოისეევიჩმა მომცა. მხაზველობის პარალელურად, მე მხატვარიც ვარ. დამწვარი ბინიდან მდინარე მოსკოვის თვალწარმტაცი პეიზაჟი იშლება და იმას ვხატავდი. სწორედ ამიტომ მომცა ანტონმა ბინის გასაღები. როგორც იცით, ის ცხონებული დაკავებული კაცი იყო, დილით ადრე გადიოდა სახლიდან და გვიან ღამით ბრუნდებოდა უკან, ეს არის და ეს.
– თუ იცოდით, რომ მოკლულს ტაბელური იარაღი ჰქონდა? – ჰკითხა გელოვანმა.
– რა თქმა უნდა, ვიცოდი. „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტს ანტონ მოისეევიჩი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ერთხელ ვკითხე, რატომ იქცეოდა ასე. მან კი მითხრა, ყოველი შემთხვევისთვისო...
სამსაათიანი ინტენსიური დაკითხვის შემდეგ გელოვანმა კარპოვი უბრალოდ დააკავა. მეორე დღეს კი განმეორებით დაკითხა, დარწმუნდა, რომ უდანაშაულო იყო და გაათავისუფლა. მაგრამ, მალე გამოცდილი ქართველი გამომძიებელი როზნერის მკვლელობის საქმეს ჩამოაშორეს და მის ადგილზე გენერალური პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი, როზნერის გაზრდილი, სტეპან კროტოვი დანიშნეს, რომელსაც კოლეგები ზურგსუკან „ყასაბს“ ეძახდნენ. ის პატიმრების ტანჯვა-წამებით იყო ცნობილი და ამ მეთოდის წყალობით საქმეების გახსნის ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა.
როგორც კი საქმე კროტოვს გადაეცა, მან ვილენ კარპოვი დააპატიმრა და ექვსსაათიანი დაკითხვის შემდეგ კარპოვმა დანაშაული აღიარა... ერთი კვირის შემდეგ კი კროტოვმა უკვე სასამართლოს გადასცა საქმე, თუმცა არც ერთი პირდაპირი სამხილი არ გააჩნდა. ერთადერთი და ძალიან საეჭვო ნივთმტკიცება – როზნერის ბინის გასაღები იყო. სასამართლომ ვილენ კარპოვს დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენი მოსკოვში, ბუტირკის ციხეში, სულ რაღაც თვე-ნახევარში მოიყვანეს სისრულეში.
როზნერის დახვრეტიდან ორი თვის შემდეგ ლენინგრადში 46 წლის იური მერკულოვი მოკლეს. მოკლული პროფესიით მოსამართლე იყო და რვა ტყვიით იყო დაცხრილული. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ მოკლულს ექვსი ჭრილობა სასიკვდილო ჰქონდა. ბალისტიკური ესქპერტიზის დასკვნით, იური მერკულოვი ანტონ როზნერის ტაბელური იარაღით იყო მოკლული. იმ იარაღით, რომელიც მისი ბინიდან ხანძრის შემდეგ გაუჩინარდა. როდესაც ეს მონაცემები მოსკოვში, გენერალურ პროკურატურაში მოვიდა, გენერალურ პროკურორს, რუდენკოს მოახსენეს. მან განრისხებული ტონით თქვა:
– უდანაშაულო კაცი დახვრიტეთ. მკვლელობაც ისევ გაუხსნელია! სასწრაფოდ განაახლეთ დახურული საქმე და ძიება გელოვანმა წარმართოს, კროტოვი კი თვალით არ დამენახვოს!..
„ყასაბი“ კროტოვი ორგანოებიდან გააგდეს. ძიება კვლავ პავლე გელოვანმა განაახლა. ცხადია, სასამართლოს შეცდომის გამოსწორება ვეღარ მოხერხდებოდა, მაგრამ დახვრეტილი კარპოვის რეაბილიტაციაზეც კი არავის უფიქრია...
შურისძიების ვერსია
როგორც კი როზნერის საქმე კვლავ პავლე გელოვანს გადასცეს, მან შურისმაძიებლის ვერსია წამოსწია წინა პლანზე და ლენინგრადში მოკლული იური მერკულოვისა და მოსკოვში მოკლული ანტონ როზნერის საქმეები გააერთიანა. მერკულოვი და როზნერი ძველი კოლეგები იყვნენ. მოსამართლეობამდე მერკულოვმა რვა წელიწადი მოსკოვში, პროკურატურაში იმუშავა და როზნერის თანაშემწე იყო, შემდეგ კი ლენინგრადში გადავიდა და მოსამართლე გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ როზნერი გამოცდილი და დამსახურებული გამომძიებელი იყო, კორუმპირებულ პროკურორთა კატეგორიას განეკუთვნებოდა და არაერთი ადამიანი ჰყავდა გამწარებული. გელოვანმა იცოდა როზნერის ამ თვისების შესახებ და სწორედ ამან აიძულა, განახლებული ძიების საქმეში მთავარ სამუშაო ვერსიად შურისძიება დაეყენებინა. ქართველი პროკურორი ვარაუდობდა, რომ როზნერისა და მერკულოვის მკვლელი მათი ერთობლივი, რვაწლიანი მუშაობისას გამწარებული ერთ-ერთი პატიმარი ან მისი ახლობელი იყო. ამიტომ, გელოვანმა იმ საქმეების შესწავლა დაიწყო, რომლებშიც როზნერსა და მერკულოვს ერთად ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა. ასეთი საქმე კი 87 აღმოჩნდა, რაც, საერთო ჯამში, 300 ტომს მოიცავდა და 60 ათას ფურცელზე მეტი იყო... მაგრამ გამოცდილი ქართველი გამომძიებელი ამ სირთულეს არ შეუშინებია და ხელქვეითებთან ერთად არქივებს ჩაუჯდა. საქმეების შესწავლის შემდეგ, გამომძიებელმა ცხრა საეჭვო საქმე ამოარჩია და მათი გულდასმით შესწავლა დაიწყო.
დადიანის საქმე
ცხრა საეჭვო საქმიდან, რომლებიც გელოვანმა ამოარჩია, მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მალხაზ დადიანის საქმემ.
მოსკოვის ტრიკოტაჟის ფაბრიკის მთავარი ინჟინრის, 50 წლის მალხაზ დადიანისა და მისი ორი მეგობრის, იმავე ფაბრიკის ინჟინრების, ასლან შამბასა და გივი ლომიძის საქმეს როზნერი და მერკულოვი იძიებდნენ. მალხაზ დადიანი ძიებისას გარდაიცვალა მწვავე ინფარქტით, შამბა და ლომიძე კი დახვრიტეს. მათ გამოძიება სახელმწიფო ქონების დატაცებაში ადანაშაულებდა და 2 მილიონ 950 ათას მანეთს ედავებოდა, რომელიც სხვადასხვა მაქინაციის შედეგად, ერთბაშად იქნა გამოტანილი ბანკიდან და გაუჩინარდა. ამ საქმის ძიება 1968 წელს დაიწყო და 1971 წელს დასრულდა. დადიანი 1970 წლის 31 დეკემბერს, როზნერის მკვლელობამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, ციხეში გარდაიცვალა. მორიგემ პატიმარი გულგახეთქილი იპოვა ბუტირკის ციხის ერთადგილიან საკანში. ექსპერტიზამ სიკვდილის მიზეზად მწვავე ინფარქტი დაასახელა. შამბა და ლომიძე კი 1971 წლის 1 თებერვალს დახვრიტეს იმავე ციხეში. საქმე დაიხურა და არქივს გადაეცა, თუმცა, 2 მილიონ 950 ათასი მანეთის კვალი გაქრა და საქმეში ჩაიწერა, რომ ეს უზარმაზარი თანხა დადიანმა, შამბამ და ლომიძემ გაფლანგეს. ამიტომ, მათი ქონების კონფისკაცია მოხდა და საქმეც დაიხურა...
დადიანის საქმის შესწავლამ და უდიდესმა გამოცდილებამ პავლე გელოვანი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მალხაზ დადიანი მოკლეს, მკვლელობის მიზეზი კი ბანკიდან გამოტანილი 2 მილიონ 950 ათასი მანეთი უნდა ყოფილიყო. გამომძიებლის აზრით, ეს თანხა ერთი ადამიანის მიერ იყო გატაცებული და ასეთ ადამიანად მას მოკლული ანტონ როზნერი მიაჩნდა. ქართველი გამომძიებლის ინფორმაციით, ყველაზე ბოლოს დადიანი ცოცხალი სწორედ როზნერმა ნახა, როდესაც მასთან ციხეში მივიდა დაკითხვაზე. გამომძიებლის წამოსვლიდან რამდენიმე საათში კი პატიმარი ინფარქტით გარდაიცვალა...
ყვითელი ჩემოდნები
უდიდესი გამოცდილების მიუხედავად, გამომძიებელი პავლე გელოვანი მხოლოდ 33 წლის იყო და ცოლ-შვილი არ ჰყავდა, რადგან, როგორც თავად უყვარდა თქმა, გამომძიებლობა და ცოლ-შვილი მისთვის შეუთავსებელი ცნებები იყო. თუმცა ქალებს ძალიან სწყალობდა და თვითონაც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა ქალბატონებს შორის.
დადიანის საქმის შესწავლისას პავლე გელოვანმა დაადგინა, რომ გარდაცვლილ მალხაზ დადიანს ერთადერთი ქალიშვილი 25 წლის ლია დარჩა, რომელიც, მამის ქონების კონფისკაციის შემდეგ, ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩა. პავლემ დაადგინა, რომ ლია თბილისში დაბრუნდა და მამამისის მამიდაშვილთან, ნოდარ ჯიქიასთან დასახლდა, რომელიც სოლოლაკში ცხოვრობდა დედასთან და ცოლ-შვილთან ერთად. ლია გაუთხოვარი იყო და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. პავლე გელოვანმა ლია დადიანის დაკითხვა გადაწყვიტა და პირადად გაემგზავრა საქართველოს დედაქალაქში. მაგრამ, მალხაზის მამიდამ – ანამ უთხრა, რომ გოგონა სამი თვის წინ მოსკოვში გაემგზავრა. მიუხედავად ამისა, პავლე გელოვანმა ლია დადიანის სურათი მოიპოვა და, როდესაც ის შეცდომით დახვრეტილ ვილენ კარპოვის მეზობლებს უჩვენა, მასში ვინმე ანა გოგოლაძე ამოიცნეს, რომელიც ადრე ბინას მათ სახლში ქირაობდა...
„მდაა, – ჩაილაპარაკა პავლემ, როდესაც ის დაკითხულის ბინიდან გამოვიდა, – როგორც ვფიქრობდი, ყველაფერი ისე მოხდა. ლია დადიანი ანა გოგოლაძის გვარით ცხოვრობდა და სწორედ მან გაუჩალიჩა კარპოვს დახვრეტა“.
მიუხედავად იმისა, რომ გელოვანი ყოველდღე მოსკოვის პროკურორს აბარებდა ძიების მიმდინარეობის ანგარიშს, მან მაინც ბევრი რამ დაუმალა თავის უფროსს. მთავარი კი ის იყო, რომ გელოვანს არავისთვის გაუმხელია, რომ 2 მილიონ 950 ათას მანეთს ეძებდა. ეს ფული, მისი აზრით, ანტონ როზნერს ჰქონდა გადამალული და დარწმუნებული იყო, რომ ლია დადიანიც ამ ფულის კვალს ადგა. ამიტომ გელოვანმა ჯერ ლია დადიანი მოძებნა, რომელიც მოსკოვში, ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. შემდეგ ფარული თვალთვალი დაუწესა გოგონას და, 1972 წლის 1 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც გოგონამ კურსკის ვაგზლის ავტომატურ შემნახველ საკანში ორი ცალი ყვითელი ჩემოდანი შეინახა, ლია დადიანს გასასვლელთან დაეწია და ჰკითხა:
– თქვენ ლია დადიანი ხართ, მართალს ვამბობ?
– დიახ, რაშია საქმე?
გელოვანმა მას თავისი სამსახურებრივი მოწმობა უჩვენა და უთხრა:
– ხუთიოდე წუთის წინ, ¹1089 საკანში ორი ცალი ყვითელი ჩემოდანი შეინახეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მათში 3 მილიონ მანეთამდეა. გთავაზობთ, ან შუაზე გავიყოთ ეს ფული და ერთმანეთს მშვიდობიანად დავშორდეთ, ან აქვე დაგაკავებთ, საკანს გავხსნით და ჩემოდნებს გავჩხრეკთ!
...ნახევარი საათის მერე ლია დადიანი და პავლე გელოვანი მოსკოვი-თბილისის მატარებელში ჩასხდნენ და თბილისისკენ გამოემგზავრნენ. 1 თვის მერე კი წყვილი სტამბულში ჩავიდა. მათ თან 1 მილიონი დოლარი ჩაიტანეს, რომელიც თბილისში გადაახურდავეს...
P. S. ცოლ-ქმარი ლია დადიანი და პავლე გელოვანი დღესდღეობით ახალ ზელანდიაში ცხოვრობენ.