ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრები უმცირესობაში აღმოჩნდებიან
არანაკლები ინტერესი გამოიწვია მეცნიერთა პროგნოზმა, რომელიც რამდენიმე თვეში კვლავ შეიცვალა. თარიღმა, როდესაც თეთრები უმცირესობაში აღმოჩნდებიან, რვა წლით გადმოინაცვლა. ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის რიცხვი 308 მილიონ ადამიანს შეადგენს, მათ შორის თეთრები ორი მესამედია (საინტერესო ფაქტია ის, რომ ესპანური წარმოშობის ადამიანები თეთრკანიანებად არ ითვლებიან). აქამდე მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ 2050 წლისთვის ამერიკის მოსახლეობის საერთო რიცხვი 399 მილიონს მიაღწევს და თეთრების რაოდენობა 49,9 პროცენტი იქნება. შავკანიანთა წილი პრაქტიკულად არ შეიცვლება და მოსახლეობის საერთო რაოდნეობის 12,2 პროცენტი დარჩება, 15 პროცენტიდან 28 პროცენტამდე გაიზრდება ლათინოამერიკელთა ხვედრითი წილი. აზიელების, ანუ ყვითელკანიანთა, რაოდენობა კი 4,4 პროცენტიდან 6,6 პროცენტამდე მოიმატებს. პროგნოზები ეყრდნობოდა შობადობისა და სიკვდილიანობის მონაცემებს. აგრეთვე, დაშვებულია, რომ იმიგრაცია იმავე ტემპით გაიზრდება, როგორიც ახლაა. ყოველწლიურად ქვეყანაში მუდმივ საცხოვრებლად, დაახლოებით მილიონი ადამიანი ჩამოდის. იმიგრაციის ზრდის შემთხვევაში, თეთრები უმცირესობაში უკვე 2040 წელს აღმოჩნდებიან, აზიელების რაოდენობა კი 8 პროცენტამდე გაიზრდება. მაგრამ, თუ იმიგრაცია შეწყდება, თეთრები კვლავ უმრავლესობაში იქნებიან, თანაც, მათი რაოდენობა 58 პროცენტს მიაღწევს.