როგორ ეძებს ქალაქ ტომსკში მცხოვრები გოგონა თავის ზუგდიდელ მამას და რატომ დაკარგა ერთმანეთთან კონტაქტი მამა-შვილმა
ისტორია: მე ვარ სოფიო სპარტაკის ასული ჩეხანი, ვეძებ მამას, 41 წლის სპარტაკ ნოდარის ძე ჩეხანის. ის დაბადებულია 1968 წლის 28 ივლისს. ჩემი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც მე სამი წლის ვიყავი. მას შემდეგ მამა არ მინახავს. ძალიან მინდა, დამეხმაროთ მის მოძებნაში. ამჟამად მე ტომსკში ვცხოვრობ და დამოუკიდებლად, თქვენი დახმარების გარეშე, მისი პოვნა ჩემთვის შეუძლებელია.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთთან კონტაქტი? მოგვიყევით თქვენი ისტორია.
– მამაჩემი და დედაჩემი – ელენა გარიეს ასული პუშკინსკაია დაქორწინებულები იყვნენ. 1991 წელს დავიბადე მე. სამი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ეს მოხდა 1994 წელს. მას შემდეგ მამა არ მინახავს და არც არაფერი ვიცი მის შესახებ. არც ის ვიცი, რატომ არ მეხმაურებოდა ამ წლების განმავლობაში... მამაჩემის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ წარმოშობით ზუგდიდელია. იქ დაიბადა და გაიზარდა. ზუგდიდში მამაჩემს მშობლები და ძმა უნდა ჰყავდეს. მამაჩემის ძმას, ანუ ბიძაჩემს, თემური ჰქვია. ასაკი ზუსტად არ ვიცი. ძალიან მინდა, მამა ვიპოვო. ძებნა ტომსკიდან დავიწყე, მაგრამ ის აქ არ არის. შესაძლოა, რომ დედაჩემთან დაშორების შემდეგ ის თავის სამშობლოში დაბრუნდა. ალბათ, ის დღესაც ზუგდიდში ცხოვრობს.
ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, რატომ დამივიწყა მამაჩემმა და ერთხელ მაინც, რატომ არ გამომეხმაურა. მე მისი ყურადღების გარეშე გავიზარდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მიყვარს. ის ჩემი მშობელია და მე მისი პოვნა მინდა. შეიძლება, მას სერიოზული მიზეზები აქვს და ამიტომაც ვერ ახერხებს ჩემთან დაკავშირებას. ამას ხომ მე მხოლოდ მისი პოვნის შემდეგ გავიგებ. მანამდე კი თქვენი დახმარების დიდი იმედი მაქვს.
– დედაშენმა თუ იცის, რომ მამას ეძებ და რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით?
– დედამ იცის, რომ მამის პოვნა მინდა. ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. დედას უკვე დიდი ხანია, რაც მეუღლე ჰყავს, ანუ მე მყავს მამინაცვალი, რომლის დიდი მადლობელიც ვარ, რადგან მან გამზარდა, მაგრამ, მამას ქვეყნად ვერავინ შეცვლის და ამიტომ მინდა მისი პოვნა. არც დედას, არც ჩემს მამინაცვალს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მათ ჩემი ესმით და მიგებენ, თუმცა განიცდიან თავისებურად. უნდათ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს.
– შესაძლოა, მამაშენს მეორე ოჯახი ჰქონდეს და მათ შენ შესახებ არაფერი იციან.
– ალბათ მეორედ დაქორწინდა და შვილებიც ჰყავს. ეს ძალიან გამიხარდება. მე მას ვეძებ იმიტომ, რომ მამაჩემია და მაინტერესებს, როგორ არის. მე მისგან არაფერი მინდა, იმის გარდა, რომ ტელეფონით მაინც დავუკავშირდეთ ხოლმე ერთმანეთს. მჯერა, გამიგებენ მამაჩემის მეორე ოჯახის წევრები. ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ მე ნახევარდა ან ნახევარძმა მყავს, ეს უკეთესიც კი იქნება ჩემთვის, რადგან ძალიან გამიხარდება. სიმართლეს ვამბობ. იმედი მაქვს, მის ოჯახს კი არ ეწყინება, პირიქით, გაუხარდება ჩემი გაცნობა.
– მამაშენი რომ ვიპოვოთ, როგორ წარმოგიდგენია თქვენი შეხვედრა ან საუბარი განშორების 13 წლის შემდეგ?
– გულახდილად გეუბნებით, ამას ვერ გადმოგცემთ, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება და შეიძლება, სიხარულისგან ვიტირო კიდეც. ხშირად დამსიზმრებია, თუ როგორ ვხვდებით ერთმანეთს მე და მამაჩემი. მე მას 2006 წლიდან ვეძებ, მაგრამ უშედეგოდ. ვიცი, ზოგიერთისთვის ეს დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ მე მინდა, მამა ახლა მყავდეს გვერდით, როდესაც ცხოვრებას ჯერ კიდევ ვსწავლობ. ვოცნებობ, რომ ახალი წელი მამას პირადად მივულოცო. ეს ჩემი საახალწლო სურვილი და ოცნებაა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ჟურნალისტის შენიშვნა: საბედნიეროდ, ჩვენს რუბრიკაში ნაპოვნ ადამიანთა რიცხვი ყოველკვირეულად იმატებს. ნაპოვნია 45 წლის ამირან არჩილის ძე ჩიგოშვილი, რომელსაც ეძებდა ყოფილი მეუღლე („თბილისელები“ ¹ 47), ასევე მიაგნეს 81 წლის ვალენტინა სტეფანეს ასული ჩეგოვაძისა და მისი ნათლული – 32 წლის ნატალია ალექსანდრეს ასული კოლესნიკოვას კვალს („თბილისელები“, ¹48). სამწუხაროდ, ვალენტინა გარდაცვლილია, ხოლო ნატალია ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება.