„ფორბსმა“ ყველაზე ექსტრავაგანტური რესტორნები დაასახელა
ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი 11 რესტორანი დაასახელა, სადაც უგემრიელესი და ყველაზე უჩვეულო კერძების მირთმევა შეიძლება. მზარეულთა ოსტატობისა და საუკეთესო ინგრედიენტების გარდა, რესტორანში სტუმრობას დაუვიწყარ დღესასწაულად სიურპრიზებიც აქცევს. აღსანიშნავია, რომ იმ რესტორანთა უმეტესობა, რომლებიც ყველაზე მომთხოვნი გურმანების გემოვნებას აკმაყოფილებს, ამერიკის შეერთებულ შტატებშია განლაგებული. მსოფლიოს ექსტრავაგანტური რესტორნების ასეულში პირველ ადგილზე ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთი რესტორანი გავიდა, სადაც სტუმრებს ფრანგი შეფ-მზარეული დენიელ ბულუდა მასპინძლობს. ამ რესტორანში ტურისტებს შამპანურთან ერთად საფირმო კერძის – 50 გრამი კასპიური ზუთხის „ოქროს ხიზილალის“ მირთმევაც შეუძლიათ. ამ ორიგინალური კერძის ფასი 860 დოლარია. მეორე ადგილზე რეიტინგში კალიფორნიის შტატის ქალაქ იანტვილში არსებული რესტორანი „ფრენჩ ლოუნდრი“ გავიდა, სადაც შეფ-მზარეული სტუმრებს 9 კერძისგან შემდგარ ორ მენიუს სთავაზობს. ის კლიენტებს გარანტიას აძლევს, რომ სტუმრები ვერც ერთ კერძში ვერ აღმოაჩენენ ორ ერთნაირ ინგრედიენტს. ამ რესტორანში საფირმო მენიუს მირთმევა 240 დოლარად არის შესაძლებელი. პირველ სამეულში ასევე მოხვდა სტამბულში არსებული ერთ-ერთი რესტორანი, რომელიც „ჩირაგან პალას კემპინსკიშია“ განთავსებული. აქ სტუმარს „ოქროს ტორტის“ მირთმევა შეუძლია, რომელიც ფრანგული ფქვილისა და ხილისგან მზადდება. ამ ტორტის მთავარი ხიბლი 24-კარატიანი საჭმელად ვარგისი ოქროთი ნამცხვრის „დამტვერვაა“. „სულთანის ოქროს ტორტის“ ფასი 1 000 დოლარია.