რუნის შოუ
როგორც ხუტა უფროსი იტყოდა, კარგი გოგოა შოუ, მაგრამ არც უეინ რუნის მეორე ნახევარს, კოლინ მაკლაფლინს დაეწუნება რამე. მოკლედ, „მანჩესტერის“ ფორვარდმა ფულის შოვნის ახალი გზა მონახა და დათანხმდა, სატელევიზიო შოუში მიიღოს მონაწილეობა, სანაცვლოდ კი თვეში ასი ათასი ჩაიჯიბოს. შოუ ძალიან მარტივია: რუნისა და მის ცოლს მთელი დღის განმავლობაში კამერების თანხლებით მოუწევთ სიარული და მთელი მსოფლიო ნახავს, რას აკეთებენ ისინი დილიდან საღამომდე. ცნობილი ადამიანების ცხოვრება ზოგადად საინტერესოა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში, მათთვის კუდში დევნა ალბათ, მოსაწყენი უნდა იყოს, თუმცა, პროექტის ავტორები სხვაგვარად ფიქრობენ
„ბრიტანეთში რუნი დღეისათვის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია და მისი პირადი ცხოვრება ყველას აინტერესებს. ამიტომ, პროექტიც წარმატებული გამოვა“, – აცხადებენ ისინი.
კონტრაქტში წერია, რომ კამერებს არ ექნებათ უფლება, გადაიღონ ინტიმური დეტალები, სააბაზანოში წყვილის ყოფნა და ძილი. კოლინი რამდენიმე თვეში ბავშვს ელოდება და პროდიუსერებს მშობიარობის გადაღება სურთ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ წარმატებით დასრულდა, აი, მაშინ მართლა დავიღუპეთ.