2009 წელს ევროპელთა ნახევარს პესიმიზმი დაეუფლა
გაერთიანებული ევროპის მოქალაქეები სულ უფრო პესიმისტურად არიან განწყობილნი საკუთარი ქვეყნების ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ. სააგენტო „ევრობარომეტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უმუშევრობის ზრდით რეგიონში რესპონდენტთა 50 პროცენტზე მეტია შეწუხებული. როგორც სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს, ევროპის მოსახლეობას ყველაზე მეტად სამსახურის დაკარგვის საფრთხე აშინებს. გამოკითხვა ევროკავშირის 27 სახელმწიფოში ჩატარდა და მასში 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე პესიმისტურად საკუთარი მომავლის მიმართ ესტონელები (68 პროცენტი), ესპანელები (66 პროცენტი), შვედები (63 პროცენტი), ფრანგები (59 პროცენტი) და გერმანელები (63 პროცენტი) არიან განწყობილნი. ევროპელთა პესიმიზმს საკმაოდ სერიოზული საფუძველი აქვს. ბიზნესის ოპტიმიზაციის მიზნით, ევროპული კომპანიები საკუთარ თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებენ. რამდენიმე ცნობილმა კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ მომავალი წლის განმავლობაში მათთან სერიოზული შემცირებებია მოსალოდნელი. კომპანია „არკელორ მიტალი“ 2010 წელს 10 ათასამდე თანამშრომელს შეამცირებს, „ჰულიეთ პაკარდი“ – დაახლოებით 5 ათას ადამიანს. ასეთივე გეგმები აქვთ „ნოკიასა“ და „სიმენსს“. 2009 წლის ბოლოსთვის ევროზონაში უმუშევრობამ 9,8 პროცენტს მიაღწია. ეს უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში სარეკორდო მაჩვენებელია. ევროკომისიის პროგნოზის თანახმად, მომავალ წელს უმუშევრობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და 10 პროცენტს მიაღწიოს.