უმსხვილესი ბანკები მოკრძალებულ საახალწლო საჩუქრებს ამზადებენ
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს მსოფლიო ბაზრებზე ვითარება შედარებით გაუმჯობესდა, ზოგიერთი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელი კლიენტების მიმართ გულუხვობის გამოვლენას მაინც არ აპირებს. არც ამ სტრუქტურების თანამშრომლებს ელით წინ მდიდრული წვეულებები. ბრიტანული „როიალ ბენკ ოფ სკოტლენდი“ საშობაო ზეიმების პერიოდში თითოეულ თანამშრომელზე დაახლოებით 16 დოლარს დახარჯავს. ამგვარი ხელმომჭირნეობა იმასთან არის დაკავშირებული, რომ წელს ბანკმა თავად მიმართა ფინანსური დახმარების თხოვნით სახელმწიფოს. თუმცა, მიუხედავად საზეიმოდ გამოყოფილი მიზერული თანხებისა, „როიალ ბენკ ოფ სკოტლენდი“ მრავალწლიან ტრადიციას არც წელს უღალატებს და თავის თანამშრომლებს მოკრძალებულ პრემიებს გადასცემს. გულუხვობით საშობაოდ არც სხვა ბრიტანული ბანკები გამოირჩევიან: ბანკი HSBC-ის თითოეულ თანამშრომელზე საშუალოდ 32 დოლარს დახარჯავს, „ლოიდსი“ კი – 56 დოლარს. ცნობილმა ამერიკულმა ფინანსურმა კორპორაცია „სიტიგრუპმა“ საჩუქარი იმ კლიენტებს გაუკეთა, რომლებსაც მისგან ვალები აქვთ აღებული და მის გასტუმრებას ვერ ახერხებენ: მათ წელს უკანასკნელად შეეძლებათ, საკუთარ სახლებში შეხვდნენ ახალ წელს. დავალიანების მქონე მოქალაქეების საცხოვრებელ ბინებს მოგვიანებით, 2010 წლის იანვრის მეორე ნახევარში გაიტანენ აუქციონებზე გასაყიდად.