თურქეთში ფულს ცვლიან
თურქეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ადგილობრივი ვალუტის განახლება. 2010 წლის 1 იანვრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ფულის ძველი ერთეულის – „ახალი თურქული ლირის“ მიმოქცევა შეწყდება და მის მაგივრად უბრალოდ „თურქული ლირა“ შემოვა ბრუნვაში. თურქული წვრილი ფულის ბანკებში გადაცვლა მთელი მომავალი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, ძველი მსხვილი კუპიურებისა კი – კიდევ 10 წლის განმავლობაში. თუმცა, 2010 წლის 1 იანვრიდან ძველი ფული ანგარიშსწორების საშუალებად აღარ გამოიყენება. „ახალი თურქული ლირა“ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული წარმატებული ანტიინფლაციური ღონისძიებების შემდეგ, დროებით, 2005 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე შემოიღეს. 2009 წლის 1 იანვრიდან თურქული ვალუტის სახელწოდება კვლავაც „თურქული ლირაა“, 2005-2008 წლებში მოქმედებაში შემოსულ ფულის ნიშნებს კი თანდათანობით ამოიღებენ ბრუნვიდან. ახალი ვალუტა, შესაძლოა, ესტონეთშიც შემოვიდეს ბრუნვაში, ოღონდ, 2011 წლიდან. ამ ბალტიურ სახელმწიფოში ერთი წლის შემდეგ, შეიძლება, საერთო ევროპული ვალუტა, ევრო გამოცხადდეს მიმოქცევაში არსებული ფულის ერთადერთ კანონიერ ერთეულად. ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსების საქმეთა კომისრის, ხოაკინ ალმუნიას განცხადებით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 2011 წლიდან ესტონეთი ევროზონის მე-17 სახელმწიფო გახდება.