რატომ უმალავდნენ სტალინს იარაღს კატო სვანიძის სიკვდილის შემდეგ
იოსებ სტალინს ორი მეუღლე ჰყავდა: კატო სვანიძე და ნადეჟდა ალილუევა.
სტალინისა და კატო სვანიძის ოჯახი დიდი სიყვარულით შედგა. ჯერ კიდევ უცხოეთიდან მოწერილი წერილებიდანაც კარგად ჩანდა სოსოს პატივისცემა და აღტაცება მომავალი მეუღლის მიმართ. რაც შეეხება კატოს, ის აღმერთებდა სოსოს. კატო მკერავი იყო, რაჭველი გოგონა. სტალინმა კატო სვანიძეს მხარი აუბა, რომ მათი ქორწინება ეკლესიური ყოფილიყო. მან ახლომდებარე ეკლესიაში იპოვა მამა კიტა თხინვალელი, რომელსაც იგი სემინარიიდან იცნობდა. შეთანხმებისამებრ, ნეფე-დედოფალმა ჯვარი ღამის 2 საათზე დაიწერა. ეს მოხდა 1906 წლის 15 ივლისის ღამეს. იოსებ სტალინისა და კატო სვანიძის მეჯვარე ცნობილი რევოლუციონერი მიხა ცხაკაია იყო. ქორწილს ოჯახი და მეგობრები დაესწრნენ. ყველა მხიარულობდა, განსაკუთრებით კი – სიძე. ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდა ერთმანეთი. კატო მალე დაორსულდა. ახალგაზრდა სტალინი დიდ დროს ვერ ატარებდა მეუღლის გვერდით, თუმცა, ცდილობდა, როგორც შეეძლო, ესიამოვნებინა და გაენებივრებინა ფეხმძიმე კატო. მალე იაკობიც დაიბადა.
ამ დროისათვის სტალინი თბილისში სხვის სახელზე გაცემული პასპორტით ცხოვრობდა. ჯუღაშვილმა კარგად იცოდა, რომ მას ჟანდარმერია უთვალთვალებდა, ამიტომ ოჯახური ცხოვრება თავიდანვე ვერ აეწყო. სტალინი დღისით მთელი დღე შინ არ იყო, ღამით გვიან ბრუნდებოდა და გამთენიისას ისევ ტოვებდა ოჯახს. ხშირად რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ არ ჩნდებოდა შინ. ყოველივე ამას ჩვენ სტალინის ხასიათს ვერ მივაწერთ. პრაქტიკულად, ასე ცხოვრობდა ყველა ძებნილი რევოლუციონერი იმხანად.
თბილისში ცხოვრება სულ უფრო სახიფათო ხდებოდა ჯუღაშვილისთვის. ამიტომ, მან გადაწყვიტა, ბაქოში გადასულიყო საცხოვრებლად. ბაქო თბილისთან შედარებით დიდი სამრეწველო ქალაქი იყო მუშათა დასახლებებით, რომლებსაც ბაქოს ჟანდარმერია, პრაქტიკულად, ვერ აკონტროლებდა. ასე რომ, სტალინს ბაქოში შედარებით მშვიდად შეეძლო ცხოვრება. ცხადია, სტალინი ბაქოში კვლავ განაგრძობდა რევოლუციურ მოღვაწეობას. კატო და სტალინი მუშათა უბანში, ერთ უბადრუკ ბინაში ცხოვრობდნენ. სტალინი თავს პარტიის სახსრებით ირჩენდა, ამიტომ უკეთესი ბინის დაქირავება მას არ შეეძლო. მათი სახლი ზღვასთან ახლოს იდგა. კატომ საცხოვრებელი მყუდროდ მოაწყო. ცუდმა კვებამ და კასპიის ზღვის ნესტიანმა ჰავამ კატო სვანიძის ჯანმრთელობა შეარყია. ცხადია, სტალინს ცნობილ ექიმებთან ან საავადმყოფოებში მეუღლის სამკურნალო სახსრები არ გააჩნდა, ამიტომაც ავადმყოფის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.
1907 წელს იოსებ სტალინი ევროპაში გაემგზავრა მეორე ინტერნაციონალურ კონგრესზე დასასწრებად. იქ მან თავისი ცოლისძმა, ალიოშა სვანიძე მოინახულა, რომელიც ამ დროისთვის ჯერ კიდევ ლაიფციგში სწავლობდა.
უცხოეთიდან ჯუღაშვილი ცოლ-შვილთან დაბრუნდა ბაქოში. სტალინი დილას გადიოდა სახლიდან და გვიან ბრუნდებოდა. კატო კი, მთელი დღე ბავშვთან იჯდა სახლში და შიშით ელოდა ქმრის დაპატიმრებას. ნერვიულობამ, უძილობამ, ბაქოს სიცხემ და არასწორმა კვებამ თავისი კვალი დაატყო კატო სვანიძის ჯანმრთელობას. ის ეხვეწებოდა სტალინს, უარი ეთქვა თავის იდეებზე და მშვიდად და ნორმალურად ეცხოვრა.
სვანიძეებმა თბილისში შეიტყვეს, რომ კატო ძალიან სუსტად იყო და მშობლიურ სოფელში შეთავაზეს წასვლა. თუმცა, მოსიყვარულე ცოლმა იუარა ბაქოდან წამოსვლა და ქმრის მარტო დატოვება. მალე კატოს ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ მან უკვე თვითონ მოითხოვა საქართველოში დაბრუნება. სტალინი მიხვდა, რომ სწრაფად უნდა ემოქმედა. ოქტომბერში მან კატო თბილისში ჩამოიყვანა და ისევ ბაქოში დაბრუნდა. 13-საათიანმა მგზავრობამ კიდევ უფრო დაასუსტა კატო. როდესაც იოსებ სტალინი თბილისში ჩამოვიდა, ცოლი მომაკვდავი დახვდა. სტალინი ცოლს ნაზად და თავდადებით უვლიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. კატომ სიკვდილის წინ მღვდელი მოითხოვა უკანასკნელი ზიარებისთვის. 1907 წლის 22 ნოემბერს იოსებ სტალინს ცოლი ხელში ჩააკვდა. ქმარმა მისი უკანასკნელი სურვილი შეასრულა და 22 წლის კატო სვანიძე მართლმადიდებლური წესით დაკრძალა. სტალინი განადგურებული იყო. მან თავისი ხელით დაუხუჭა თვალები საყვარელ მეუღლეს. ამის შემდეგ თავს ძალა დაატანა და, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეძლო ცოლის კუბოს უკან დადგომა და სურათის გადაღება ოჯახის წევრებთან ერთად, მერე კი უცებ მოტყდა. ის იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ მეგობრებს მისთვის იარაღის დატოვება შეეშინდათ და ჩამოართვეს.
კატოს გარდაცვალების შესახებ გაზეთ „წყაროში“ მოათავსეს განცხადება.
კატო სვანიძის დაკრძალვის ცერემონია სვანიძეების სახლის გვერდით, იმავე ეკლესიაში ჩატარდა, სადაც სტალინმა და კატომ ჯვარი დაიწერეს. კატო კუკიაზე დაკრძალეს, წმიდა ნინოს ეკლესიის სასაფლაოზე. ჩვეულებრივ თავდაჭერილმა იოსებ სტალინმა მეუღლის დაკრძალვაზე უჩვეულო რამ ჩაიდინა: როდესაც კუბო საფლავში ჩაუშვეს, სტალინიც თან ჩაჰყვა მას და მეგობრებმა იგი ძლივს ამოათრიეს საფლავიდან.
კატოსა და სტალინს 8 თვის ვაჟი – იაკობი დარჩათ.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ჯუღაშვილის შესახებ აღარაფერი ისმოდა, ის ღრმა მწუხარებამ მოიცვა და თითქმის აღარსად ჩნდებოდა. მოგვიანებით სტალინი დედასთან წავიდა გორში. კატოს გარდაცვალების შემდეგ იოსებ სტალინის სტატიები ახალი ფსევდონიმით იბეჭდებოდა: „კ. კატო“ (კობა კატო). იოსებ სტალინს ძალიან უყვარდა კატო სვანიძე და ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენიებდა მას.
იოსებ სტალინის მეორე მეუღლე გახლდათ ნადეჟდა ალილუევა. ბელადი მას ბავშვობიდან იცნობდა. როდესაც ისინი, მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს, ნადია ამ დროისთვის უკვე 16 წლის იყო. ეს კატო სვანიძის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ მოხდა. ნადეჟდას მამა, სერგო ალილუევი, სტალინის მეგობარი იყო. ნადიასა და სტალინის შეხვედრაც მაშინ მოხდა, როდესაც მომავალი ბელადი მეგობრის სახლში იმალებოდა. ჯუღაშვილს ყოველთვის ისეთი ქალიშვილები მოსწონდა, რომელთაც სახლის დალაგებაც შეეძლოთ, სადილის მომზადებაც და მასზე ზრუნვაც, ისე, როგორ კატოსა და დედამისს. ასეთი გახლდათ ნადეჟდაც, რომელიც აღტაცებული იყო სტალინითა და მისი საქმიანობით. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ გოგონას ის შეუყვარდა. მალე სტალინსაც თავდავიწყებით შეუყვარდა ნადეჟდა ალილუევა, რომელიც გაცილებით უმცროსი იყო მასზე. მათ ორი შვილი შეეძინათ – ვასილი და სვეტლანა. ვასილს, მისი ნახევარძმის იაკობისგან განსხვავებით, მამამ უფლება მისცა გვარად „სტალინი“ ეტარებინა.
იოსებ სტალინისა და ნადეჟდა ალილუევას ოჯახი თავიდან ბედნიერი ჩანდა. ალილუევები სტალინის ბინაში გადავიდნენ და მის აგარაკზე ცხოვრობდნენ ზუბალოვოში. ამბობენ, რომ ეს სახლი მანამდე ბაქოს ნავთობმაგნატს ეკუთვნოდა.
ქორწინების შემდეგ ნადიას არასდროს უმუშავია, პირველ წლებში იგი ბავშვების აღზრდითა და დიასახლისის როლით კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ შემდეგ სერიოზულ კარიერაზე დაიწყო ოცნება. მართლაც, ერთ-ერთ სასწავლებელში დაიწყო სწავლა, რომ თავისი ოცნება განეხორციელებინა. 1932 წლის ნოემბერში საზოგადოებამ მოულოდნელად შეიტყო ახალგაზრდა ნადეჟდა ალილუევას გარდაცვალების ამბავი. დედის სიკვდილს სვეტლანა ალილუევა მოგვიანებით ლავრენტი ბერიას აბრალებდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ ნადეჟდა ალილუევას თავისი ლექტორი შეუყვარდა. ცხადია, ეს ხმები თავის დროზე სტალინამდეც მივიდოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ნადეჟდა სტალინმა მოაკვლევინა, ხოლო მეორე, შეუმოწმებელი ვერსიით, – თავისი ხელით მოკლა. რაც შეეხება ნადეჯდა ალილუევას თვითმკვლელობის შესახებ გავრცელებული ხმებს, ეს ვერსია მაშინვე საეჭვოდ იქნა მიჩნეული. საზოგადოებას ეჭვები იმანაც გაუძლიერა, რომ სტალინი მეუღლის დასაფლავებას არ დასწრებია.