როგორ უნდა გააოცოთ ახალი წლის სუფრით სტუმრები, რომელ კერძთან რა სასმელი უნდა დალიოთ და რატომ უნდა მიაღებინოთ ამ დღეს შამპანურს შოკი
ყველა ოჯახში, ახალ წელს სუფრა ტრადიციული კერძებით, ტკბილეულითა და სასმელებით არის სავსე. ნებისმიერი ჩვენგანი ცდილობს, ეს ღამე სასიამოვნო და დიდხანს დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს მისთვის. დიასახლისები მთელი დღეები ემზადებიან, როგორ მოხიბლონ ოჯახის წევრები და ახლობლები საკუთარი კულინარიული შემოქმედებით. ახალ წელს, ვცდილობთ, მივირთვათ საჭმელი, დავაყოლოთ სასმელი, ჩავიტკბარუნოთ პირი ტკბილეულით და მეორე დღისთვისაც შემოვინახოთ თავი. ძნელია, ამ დღესასწაულზე სწორად შევარჩიოთ სასმელი, რომელიც ყველა საახალწლო კერძს მოუხდება, მეორე დღეს კი ნაბახუსევიც არ შეგვაწუხებს და ამით სადღესასწაულო განწყობას არ მოვიშხამავთ.
თუ როგორ შევარჩიოთ სადღესასწაულოდ სასმელი, რომელ კერძს რა მოუხდება და რა მივაყოლოთ, როგორ დავლიოთ ალკოჰოლი ისე, რომ მეორე დღეს კარგად ვიგრძნოთ თავი, ამ თემებთან დაკავშირებით გვესაუბრება სომელიე თეიმურაზ ბენიძე.
– რას გვირჩევთ, საახალწლოდ, სადღესასწაულო სუფრაზე რომელი ღვინო დავდგათ მაგიდაზე?
– მინდა გითხრათ, რომ ახალი წლისთვის სასმელი ყურადღებით და საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ. არ შეიძლება ნებისმიერ კერძს, ნებისმიერი სასმელი მივაყოლოთ და ასე ვისიამოვნოთ ამ დღეს. გირჩევთ, სადღესასწაულო სუფრისთვის არჩევანი ნახევრად ტკბილ, ცქრიალა ღვინოზე ან ტკბილ შამპანურზე შეაჩეროთ. აქვე გეტყვით, რომ შამპანური ჩემი საყვარელი სასმელია და ის ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრაზე უნივერსალურია. ტრადიციულად, ახალ წელს ის ხმაურით უნდა გახსნათ. მართალია, ეს მისთვის შოკის მომგვრელია, მაგრამ მისდამი ასეთი დამოკიდებულება ახალ წელს გვეპატიება და ეს მანაც უნდა გაგვიგოს (იცინის). ახალი წლის ღამეს შეგიძლიათ, შამპანურით მომზადებულ კოქტეილებსაც გაუსინჯოთ გემო ან ის თეთრ ღვინოში აურიოთ და ისე დალიოთ.
– იქნებ, ისეთი კოქტეილის რეცეპტი გაგვიმხილოთ, რომელიც შამპანურით მზადდება და საახალწლო სუფრისთვისაა მისაღები?
– ასეთია კოქტეილი „კირ როიალი“. ახალი წლის ღამეს ის შეუდარებელი, უგემრიელესი და ულამაზესი რამაა. ის კი ასე უნდა მოამზადოთ: ოცდაათი გრამი შავი ქლიავის ლიქიორი ჩაასხით მაღალფეხიან ფუჟერში და დაასხით ქაფქაფა, შუშხუნა შამპანური. სასმელი დატკბება, მიიღებს იასამნისფერს და სასიამოვნო და ფანტასტიკური დასალევია. სხვათა შორის, მას მადისაღმძვრელი ეფექტი აქვს და სუფრასთან დაჯდომისთანავე შეგიძლიათ, დააგემოვნოთ. ამის შემდეგ თამამად გადადით თეთრ ან წითელ ღვინოზე. საერთოდ, სასურველია, არჩევანი თეთრ, მშრალ, კასრში დავარგებულ, ხავერდოვან ღვინოზე შეაჩეროთ. ახალი წლის ღამეს მისი დალევისას გაგვახსენდება ტროპიკული ხილის სურნელი და არომატი. შესახედავად კი მისი ოქროსფერი ლამაზად ჯდება სუფრის ეტიკეტში. 14-15 გრადუსზე ჩაციებული უნდა მიირთვათ გაშლილი, ფეხიანი ჭიქიდან, რომლის ზედაპირიც ოდნავ ვიწროვდება.
– თეთრი ვეფხვის წელი მოდის, ამიტომ სუფრაზე რეკომენდებულია ხორცეული და თევზი. ამ პროდუქტებიდან მომზადებულ კერძებს კი დამეთანხმებით, წითელი ღვინო უხდება.
– საახალწლო სუფრაზე თევზი აუცილებლად უნდა იყოს და მე გირჩევთ, ის ბაჟეში ჩააწყოთ. ზამთარს ნიგვზიანი კერძები უხდება და არა მაგალითად, კალმახი ბროწეულის წვენში ან სხვა რომელიმე სოუსის გარნირით. თეთრი ღვინო კი ნიგვზიან კერძებს უხდება. აი, კუჭმაჭს, კუპატს, მწვადს და ხორცისგან მომზადებულ სხვა კერძებს, აუცილებლად წითელი ღვინო უნდა მიაყოლოთ. თევზისგან მომზადებულ კერძებს წითელი ღვინო ნამდვილად არ უხდება, ის მის გემოს გააფუჭებს, ვერ აღიქვამთ კერძის მთავარ აზრს და სჯობს მას თეთრი ღვინო მიაყოლოთ. რაც შეეხება სალათას და ფხალეულს, რომელიც სადღესასწაულო სუფრის განუყრელი საკვებია, მათ არც ერთი ალკოჰოლური სასმელი არ უხდება და ეს გაითვალისწინეთ. ბევრს ლიქიორის სმა ურჩევნია, მაგრამ მე საახალწლო სუფრაზე ამას აგიკრძალავთ. თუ გინდათ გოზინაყის, ტორტის, ნამცხვრის თუ შოკოლადიანი კანფეტებისგან მიღებული სიამოვნება დიდხანს გაგყვეთ, მიაყოლეთ ცქრიალა შამპანური ან თეთრი, ნახევრად ტკბილი ღვინო და არა – ტკბილი ლიქიორი. აქვე მოგცემთ ერთ დელიკატურ რჩევას, საახალწლო სუფრის შემდეგ, ბევრს სტკივა თავი, ამტვრევს ძვლებში, უგუნებოდ და შეუძლოდაა. ეს გადამეტებულად მიღებული ალკოჰოლის ბრალია და ამ დროს 50 გრამი ჭაჭა ჩაარტყით, მიაყოლეთ შემწვარი ყველი, ხაჭაპური, წვნიანი კერძი და დაიძინეთ. ეს მეთოდი ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და დამიჯერეთ, საღამოს კვლავ საქეიფო მაგიდას მივუჯექი (იცინის). ცუდია, როცა არ იცის ადამიანმა, სუფრასთან რომელ კერძს რომელი სასმელი მიაყოლოს. სამწუხაროდ, სტუმრად მისულს სხვა გზა არ აქვს და ყველა კერძი ერთ კონკრეტულ სასმელთან უნდა დააგემოვნოს. ასე, ვერც კერძის გემოთი ისიამოვნებთ და ვერც სასმელს აღიქვამთ როგორც საჭიროა. მაგრამ, თუ მასპინძელი სუფრის მრავალფეროვნებას გთავაზობთ, არჩევანი სწორად უნდა გააკეთოთ. მაგალითად, ბაჟეს, ბადრიჯანს, ნიგვზიან კერძებს, ხაჭაპურს, პომიდორს და კიტრს რომ არ უნდა მიაყოლოთ წითელი ღვინო, ეს აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ და გაითვალისწინოთ. ასეთ კერძებს თეთრი ღვინოები უხდება ისევე, როგორც ფრინველის ხორცს, თევზს და ყველეულს. წითელი ღვინო კი კეცზე მომზადებულ კუჭმაჭს, მწვადს, ხბოს ჩაშუშულს და სხვადასხვა ხორცისგან მომზადებულ კერძებს უნდა მიაყოლოთ. დამეთანხმეთ, ღვინისა და კერძის გემო სიამოვნებას უნდა განიჭებდეს კაცს და არა პირიქით, ვერ აღიქვამდე რას ჭამ და სვამ. მით უმეტეს ახალ წელს, საზეიმო სუფრასთან მოკალათებული.
– საახალწლოდ ღვინო შევარჩიეთ, მოდით, ახლა ისეთი კერძების რეცეპტებიც გაგვიმხილეთ, რომელიც სადღესასწაულო სუფრაზე უცხოც იქნება, გემრიელიც და მისაღებიც.
– მე რამდენიმე კერძის რეცეპტს შემოგთავაზებთ დიასახლისებს. მოამზადეთ ის სადღესასწაულო სუფრაზე მისატანად და მერწმუნეთ, ოჯახის წევრების, მეკვლისა და შემოსწრებული სტუმრების ქებასა და ოვაციას ნამდვილად დაიმსახურებთ ახალი წლის პირველივე ღამეს (იცინის). მაგალითად, შემწვარი ხორცი ბადრიჯნით და მიწის თხილით, რომელიც ასე მზადდება: კუბიკებად დაჭერით ღორის ან საქონლის ხორცი და ბადრიჯანი, მოასხით მარინადი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ – ერთი სუფრის კოვზი სახამებელი, ორი ჩაის კოვზი სოიის სოუსი და ორი ცალი კვერცხი ათქვიფეთ. გააჩერეთ ეს ყველაფერი დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ, გააცხელეთ ტაფა, ჩაასხით ზეთი და შეწვით ხორცი და ბადრიჯანი ერთად. შემწვარი დაალაგეთ თეფშზე. დაჭერით ცალკე მწვანე ხახვი გრძელ ნაჭრებად, ფირფიტებად ნიორი და მიწის თხილთან ერთად, შეწვით ხუთი წუთის განმავლობაში ხორცისა და ბადრიჯნის შეწვის შემდეგ დარჩენილ ცხიმში ტაფაზე. ეს ყველაფერი გვერდით მიულაგეთ თეფშზე გამზადებულ კერძს და მოასხით ზემოდან მარინადი. ასევე შემოგთავაზებთ რძეში ჩაშუშულ ხბოს ხორცს, რომელიც სადღესასწაულო სუფრისთვისაა მიღებული: ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, სიგრძეზე დაჭრილი სტაფილო, მარილი და პილპილი გემოვნებით, დაასხით წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს და ეს ყველაფერი კარგად მოთუშეთ. რომ წამოდუღდება ჩაამატეთ კარაქი და კარგად ამოურიეთ. ხორცი რომ დარბილდება, მოასხით რძე, მოაყარეთ პიტნა, ზაფრანა, იმბირი და დაახლოებით, 5 წუთი ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი. შეგიძლიათ კერძი სალათის ფურცლებით გააფორმოთ. აქვე გეტყვით თევზი კეფალი როგორ მოამზადოთ ლუდით და ქიშმიშით: ამისთვის დაგჭირდებათ ერთი კილოგრამი კეფალი, 400 მილილიტრი ლუდი, 100 მილილიტრი ღვინის ძმარი, 50 გრამი ქიშმიში, 60 გრამი კარაქი, ლიმონის ცედრა, ოხრახუში, პილპილი და მარილი გემოვნებით. თევზი დაჭერით ულუფებად, მოაყარეთ პილპილი, მარილი და მოასხით ძმარი, გააჩერეთ 1 საათით. ქვაბში ჩაასხით ლუდი, დაამატეთ კარაქი და წამოადუღეთ, ჩაალაგეთ შიგ თევზი, დაამატეთ ქიშმიში და ლიმონის ცედრა. დაახურეთ თავზე და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით, 20 წუთი. შემდეგ გადმოიტანეთ სინზე და მოასხით სოუსი, რომელშიც თევზი იშუშებოდა, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ასევე, ძალიან გემრიელი და საახალწლო სუფრისთვის მისაღები კერძია ორაგული სულგუნით: ორაგული გაჭერით შუაზე ისე, რომ არ გააცალკევოთ, ამოაცალეთ ხერხემლის ძვალი და ფხები, მოაპკურეთ თეთრი ღვინო ან ლიმონის წვენი გემოვნების მიხედვით, დააყარეთ შავი პილპილი და რამდენიმე საათი შედეთ მაცივარში. შემდეგ, გამოიღეთ და ღუმელში შედგმამდე, შუაში ჩაუდეთ სულგუნის ნაჭრები, ზემოდან თევზს დაამატეთ დაფნა, ლიმონის ნაჭრები, მარილი – გემოვნებით და ფოლგაში შეახვიეთ. 200 გრადუსზე შეწვით. შეგიძლიათ, სუფრასთან მიტანამდე ზეთისხილით და ლიმონის ლამაზად დაჭრილი ნაჭრებით მორთოთ.
– დაბოლოს ერთი გემრიელი ტკბილეულის რეცეპტიც გვითხარით, რომელიც ადვილად მზადდება და საახალწლო სუფრასაც დაამშვენებს.
– ასეთია თხილის ბისკვიტი ამარეტოთი. ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ 4 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი ცხელი წყალი, 130 გრამი შაქარი, 200 გრამი დაფქული თხილი, 1 სუფრის კოვზი სოდა, 1 სუფრის კოვზი დარიჩინი. გულისთვის: 400 გრამი ნაღები, 2 პაკეტი ნაღების ფხვნილი, 2 პაკეტი ვანილი, 50 გრამი შოკოლადი, 3 სუფრის კოვზი ამარეტო, 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი. ზემოდან მოსასხმელად კი 125 გრამი მწარე შოკოლადის მინანქარი. კვერცხის ცილა კარგად გათქვიფეთ, ცალკე გათქვიფეთ კვერცხის გული, შაქარი და წყალი. ისე რომ კვერცხი გათეთრდეს და შაქარი კარგად გაიხსნას. თხილი და სოდა დარიჩინთან ერთად, აურიეთ, დაამატეთ ცომს და დაბალ ტემპერატურაზე გამოაცხვეთ. ნაღები გათქვიფეთ ნაღების ფხვნილთან ერთად, შაქრის პუდრი და ვანილი დაამატეთ და ისევ გათქვიფეთ. შემდეგ ჩაამატეთ ამარეტო და შოკოლადი. მომზადებული კრემი წაუსვით გაცივებულ ბისკვიტს და მოასხით შოკოლადის მინანქარი ობობას ქსელივით. მაცივარში შედეთ ცოტა ხნით და ისე მიიტანეთ სუფრასთან.