როგორ იპოვა ლურსმნის ალტერნატივა კახა ჯოხაძემ და რამ დაუტოვა მას მწარე მოგონება ნაძვის ხეზე
კახა ჯოხაძე: ჩემს ოჯახში საყოფაცხოვრებო პრობლემას აგვარებს ის, ვისაც იმ მომენტში სცალია. დედაჩემი, დეიდაჩემი და მე ვინაწილებთ საქმეებს. თუმცა, გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ჩემი მუდმივი მოუცლელობის გადამკიდე, ძირითადად ქალებმა აიღეს თავის თავზე ეს საქმეც. ხელოსნებიც იმათ მოჰყავთ. დეიდაჩემი კი ისეთი ხელმარჯვეა, ძალიან ბევრი რამის შეკეთებას თავად ახერხებს. მე ამ მხრივ უნიჭო ვარ. ხელიდან არაფერი გამომდის.
– გაუნებივრებიხარ ქალებს და ეგ არის.
– (იცინის) შეიძლება, ასეც არის. ძალიან ყოჩაღები არიან. მე დენის ისე მეშინია, „შტეფსელს“ გამოვცვლი კი არა, ახლოს ვერ გავეკარები. ვერც წყლის ონკანს დავშლი, მაგრამ ზარმაცი ნამდვილად არ ვარ. სახლში რაღაცას ვაკეთებ.
– დენს შენ ვერ ეკარები და ონკანს. აბა, რას აკეთებ, ნაგავი გაგაქვს?
– ნაგვის გატანა საქმე არ არის? კიდევ ვაკეთებ რაღაცეებს. გაზქურის შლანგიც გამომიცვლია, ტელეფონის სადენიც გადამიბამს. ეს შედარებით მარტივია. ამ ბოლო დროს ჩაქუჩსაც „გავუგე“. რამდენიმე დღის წინ რაღაც მივაჭედე. არც ლურსმანი გაღუნულა და არც თითები დამიჩეჩქვავს, მაგრამ, რა აღმოვაჩინე, იცი? ლურსმნის შესანიშნავი ალტერნატივა არის ჭიკარტი – მარტივია და კომფორტული. (იცინის) რას ვაკეთებ კიდევ? – საყიდლებზე დავდივარ. ოღონდ, სია უნდა გამატანონ და რაც საჭიროა, ყვეელაფერს მოვიტან, მაგრამ დიდხანს სიარული არ მიყვარს, ვერ ვიბოდიალებ. ზოგმა რომ იცის, დადის, დადის, აფასებინებს, ეძებს, არჩევს... მე ასე არ ვარ. მომეწონება – ვიყიდი – გამოვალ. პრობლემაა, როცა მწვანილის ყიდვას მავალებენ. ვერც ერთს ვერ ვცნობ. ვერაფრით ვისწავლე, რომელი რომელია, მაგრამ არ ვიმჩნევ. თავდახრილი მივადგები ხოლმე დახლს და გამყიდველს ისე ვეკითხები, კამა გაქვთ? ოხრახუში გაქვთ?
– მერე, ერთ დღეს დააწყვე ყველანაირი მწვანილი და იმეცადინე ამოცნობაში.
– ახლა მაგაში მამეცადინე. არა, მირჩევნია, ვერ ვცნობდე.
– საახალწლო სამზადისში აქტიურ მონაწილეობას მიიღებ?
– ვინ მიმაღებინებს?! (იცინის). უჩემოდ გააკეთებენ ყველაფერს. ერთადერთი, შეიძლება ნიგოზი დავჭრა გოზინაყისთვის. დავჭრა, რა, სპეციალური მანქანა გვაქვს, რომელიც ნიგოზს ჭრის და იმაში გავატარებ. ბევრი არაფერი უნდა. ჩაყრი, დაატრიალებ და მორჩა. პურს მივიტან კიდევ.
– პურის მიტანას რა უნდა?
– რა უნდა და რიგში ჩადგომა. აბა?! ჩვენთან ძალიან ადრე აცხობენ პურს და დილაუთენია თუ არ მიხვედი, აღარ შეგხვდება. მახსოვს, შვიდის ნახევარზე მომიწია მისვლა და ერთ ცალზე მეტი აღარ იყო. საახალწლოდ ბევრი შეკვეთები აქვთ ხოლმე.
– ნაძვის ხეს შენ არ დგამ?
– მე – არ მიყვარს ნაძვის ხე და გეტყვი რატომ. მწარე მოგონება მაქვს. პატარა რომ ვიყავი, ახლოს არ მაკარებდნენ. მორთავდნენ, დადგამდნენ და ხელი არ უნდა გეხლო, შემთხვევით სათამაშო რომ არ გაგეტეხა. თანდათან ნაძვის ხემ ჩემთვის აზრი დაკარგა. აღარ მაინტერესებდა უსარგებლო, ბრჭყვიალა ნივთი, რომელთან მიახლოების უფლება არ მქონდა. მით უმეტეს, რომ ორი უზარმაზარი ბუნებრივი ნაძვის ხე მედგა ეზოში. თუ შეხედვა მომინდებოდა, იმათი შეხედვა არ მერჩივნა?! რად მინდოდა ხელოვნური? სამაგიეროდ, დედაჩემს, დეიდაჩემს და ჩემს ცოლს, ნინოს, ისე უყვართ ნაძვის ხის მორთვა, მთელი ამბით რთავენ ოცდახუთ რიცხვში. ჩემს ცოლს მითითება მივეცი, თუ ბავშვებისთვის უნდათ ნაძვის ხე, მორთონ ხის სათამაშოებით, რომ არ გატყდეს და მიუშვან სათამაშოდ, ჩემსავით რომ არ დაემართოთ. მე საჩუქრებს ვუყიდი და თოვლის ბაბუა მიუტანს. ძალიან მინდა, სჯეროდეთ თოვლის ბაბუის არსებობის.
– მეუღლეს სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის?
– ნინოს, არა, რა თქმა უნდა, მაგრამ საჩუქრებს მაინც მიიღებს. წინასწარ ვუთანხმებთ ხოლმე ერთმანეთს ბიუჯეტს, რომელიც საჩუქრებზე დაიხარჯება – არც მეტი, არც ნაკლები არ უნდა დაიხარჯოს. მაგრამ გადახარჯვები მაინც გვაქვს ხოლმე. თან ისე, რომ ერთმანეთს ვატყუებთ, ვითომ ვმალავთ სინამდვილეში რამდენი დავხარჯეთ.
– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნინო არ მუშაობს, შენს საჩუქარში შენივე ფული იხარჯება.
– (იცინის) მართალია. მაგრამ ეფექტი მაინც აქვს, თან, საკმაოდ სასიამოვნო. მიყვარს საჩუქრები. თან, როცა არ იცი, რას გაჩუქებენ. სავარაუდო მონახაზი არსებობს ხოლმე, მაგრამ მაინც სიურპრიზია.
– მეკვლე ყოფილხარ?
– ბავშვობაში საკმაოდ ხშირად. ჯერ ბებია-ბაბუასთან მივდიოდი მეკვლედ, მერე მეზობლებში ჩამომატარებდნენ ხოლმე. მოვიდა ნანა, კახა მოიყვანაო? და გადავდიოდი ოჯახიდან ოჯახში. მეკვლეობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. არ მჯერა, რომ ჩვენი ბედი ვიღაცის ფეხზე შეიძლება, იყოს დამოკიდებული, მაგრამ როგორც ტრადიცია, ძალიან მიყვარს. ჩვენს მეკვლესაც ტრადიციულად, წესების დაცვით ვხვდებით.
შენი საყვარელი საახალწლო კერძი რომელია?
– გაგეცინება და წიწაკის და ჯონჯოლის მწნილი. ოღონდ, არ მითხრა, ჯონჯოლს რად უნდა ახალი წლის ლოდინიო. რა ვქნა, მე ძალიან მიყვარს, როცა საახალწლო სუფრაზე წიწაკის მწნილი და ჯონჯოლი დევს. კიდევ მიყვარს ბაჟე, ოღონდ ქათმის და ინდაურის ხორცის გარეშე. ძალიან დამავალებენ, თუ ბაჟეში არ ჩააწყობენ ხორცს და არ მაწვალებენ. (იცინის) დედაჩემის გაკეთებულ ლობიანზე ვგიჟდები. განსაკუთრებულად გემრიელს აცხობს. მე გოჭსაც მირჩევნია.