რა ავიწყდება თვალდახუჭულ მაკა ზამბახიძეს და როდის ისვრის თვალებიდან „ამურჩიკებს“ ვაჟა მანია
მაკა ზამბახიძე და ვაჟა მანია თავიანთი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე არიან. ორივე მუსიკოსს სასაუბრო თემა მაინც საერთო აქვთ და ექნებათ – ემოციები, სცენაზე დგომის სიხარული და უდიდესი ენერგია, რომელიც მათთან მაყურებლისგან მოდის.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია მაკა ზამბახიძე
– ჩემო საყვარელო და უნიჭიერესო ადამიანო, არ შემიძლია, არ ვთქვა, როგორ პატივს გცემ და როგორ მოქმედებ მაყურებელზე. სცენაზე რომ გამოდიხარ, საოცარ სითბოს აფრქვევ. ღიმილი და სიკეთე მოდის შენგან და სულ იცოდე, რომ ეს არის შენი სავიზიტო ბარათი. გამოდიხარ და ხალხს ეუბნები: მიყვარხართ და თქვენც შემიყვარეთო. „ჯეოსტარში“ რატომ მიხვედი?
– უდიდესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. რაც შეეხება კითხვას, ეს კითხვა ბევრს უჩნდება, რადგან უკვე ჩამოყალიბებული გზა და მიმართულება მაქვს, საითაც უნდა ვიარო. ვიცი, როგორ მუსიკაში ვგრძნობ თავს კარგად. „ჯეოსტარში“ შეიძლება, იმიტომ მივედი, რომ „აკადემიაში“ ბოლომდე ვერ ვთქვი ჩემი სათქმელი; შეიძლება იმიტომაც, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო სიცარიელის პერიოდი და მინდოდა, ის რამე საინტერესოთი შემევსო. ეს შანსი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. „ჯეოსტარი“ ბევრ რამეში დამეხმარა, ჩემს საქმეში ბევრი შესაძლებლობები მაჩვენა. ეს გამოცდა იყო, რადგან უამრავ ჟანრში მოვსინჯე ძალები, ამ გამოცდას გავუძელი და ფინალამდე მივედი.
– ვაჟა, შეყვარებული ხარ?
– არა. ვყოფილვარ შეყვარებული, მაგრამ სიყვარულში „გადავარდნილი“ – არა, ანუ ძლიერი სიყვარული არ განმიცდია.
– მოდი, შენს ბავშვობაზე მომიყევი, სად გაიზარდე?
– დავიბადე სოხუმში, სამ-ნახევარი წლის ვიყავი, როდესაც სოხუმი დავტოვეთ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ტრაგიკული მომენტი იყო – ალბათ, ასაკის ბრალია, რომ ომის მთელი სისასტიკე ვერ აღვიქვი. თუმცა მახსოვს, როგორ განვიცადე ჩემი სახლის დატოვება. ვხვდებოდი, რომ დიდი ხნით წამოვედი იქიდან. თბილისში ჩამოსვლის შემდეგაც არ მქონია ისეთი შეგრძნება, თითქოს, სხვა ქვეყანაში ან უცხო ქალაქში ვიყავი. თბილისი ძალიან კარგად შემხვდა და თავი დაჩაგრულად არასდროს მიგრძნია. გადმოვედით და ჩვეულებრივად გავაგრძელე აქ ცხოვრება.
– როგორ წავიდოდა შენი ცხოვრება, სოხუმიდან რომ არ წამოსულიყავი?
– მიჭირს ახლა ამაზე ლაპარაკი. რატომღაც მგონია, რომ მუსიკაში არ ვიქნებოდი, სხვა რამეს გავაკეთებდი.
– შენს სიმღერაში საერთოდ არ იგრძნობა ის მომენტი, რომ „ომის შვილი“ ხარ და ასეთ არეულობებში გაიზარდე.
– ხომ გეუბნები – არ ასახულა ეს ტრაგედია ჩემს ცხოვრებაზე. პრობლემები, რა თქმა უნდა, ყველას ცხოვრებაშია და ყველას თავისი ტრაგედია აქვს, მაგრამ არ შეიძლება ამაზე მთელი ცხოვრება იფიქრო და მით უმეტეს შენს მსმენელს თავს მოახვიო.
– და-ძმა გყავს?
– და მყავს, ჩემზე ერთი წლით უფროსი – ირინა.
– იცი, რა მაინტერესებს, ეს ყველაფერი თუ წარმოგედგინა, რაც ახლა შენს ცხოვრებაში ხდება – ამდენი აპლოდისმენტი, სიყვარული, პოპულარობა...
– მუსიკას რომ მოვკიდე ხელი, წარმოსახვაში სულ მქონდა, რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენს მუსიკას მსმენელი ეყოლებოდა, მაგრამ რადგან ჯაზს ვმღეროდი, ბევრ მსმენელს არ ველოდი. მომისმენდნენ ძალიან ვიწრო წრეში, მაგრამ გემოვნებიანი და ზუსტად ის ადამიანები, რომელთაც ის მუსიკა მოსწონთ, რაც მე.
– თუმცა „ჯეოსტარმა“ დაამტკიცა, რომ ასეთი სტილის შესრულებითაც შეიძლება უამრავი მაყურებლის სიყვარული და მოწონება დაიმსახურო.
– ამიტომაც გაამართლა ამ პროექტმა. თავიდან ვფიქრობდი, შესაძლოა, ერთ-ორჯერ მომისმინონ, მოეწონოთ, მაგრამ ბოლოს ყველას „ეზედმეტოს“-მეთქი. მართალია, ზოგი მართლა ამბობს, უკვე ზედმეტია ამ ბიჭის ერთი და იგივე სტილი, უკვე ყელშია ამოსულიო, მაგრამ უამრავ ადამიანს მოსწონს. ეს ზუსტად ის არის, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვაკეთო. უბრალოდ, უნდა დავხვეწო და განვავითარო. შესაბამისად, ამ გზიდან ვერ გადავუხვევ. რამდენსაც მოეწონება, მათთვის ვიმღერებ.
– გქონია ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც მუსიკას უშველია?
– მუსიკას უშველია და მუსიკას დავუღუპივარ კიდეც. ერთხელ ისე მოხდა, რომ სარეპეტიციო ოთახი, სადაც ვმეცადინეობდი, აღარ მქონდა და არ ვიცოდი, სად მემღერა. ამან საშინელ დღეში ჩამაგდო. ზოგადად მუსიკაში ძალიან ბევრი სირთულეა და, როდესაც ცხოვრების რთულ პერიოდებზე მკითხე, უპირველესად მაინც მუსიკას დავაყენებდი. თუ ამ სიძნელეების შეგეშინდა და დაბრკოლებები არ გადალახე, ესე იგი, ეს საქმე არ გყვარებია. ბევრჯერ მიფიქრია, გამოვა ჩემგან მუსიკოსი, თუ არ გამოვა-მეთქი. ხანდახან მქონია ყველაფრისთვის თავის დანებების სურვილი, მაგრამ მერე ვხვდები, რომ მუსიკის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. თუ ნიჭი გაქვს, შეიძლება, სხვაგან წახვიდე, სხვა რაღაცის კეთება დაიწყო, მაგრამ ეს ნიჭი მაინც ამოხეთქავს შენში, ვერ დაიჭერ.
– მაყურებლისგან საოცარ სითბოს გრძნობ, არა?! პირადად მე, ამის გამო ვაკეთებ ყველაფერს, ამიტომ მიხარია სიმღერა.
– ის ენერგეტიკა, რომელიც მაყურებლისგან მოდის, თითქოს, ხელშესახები ხდება. მუსიკოსისთვის მაყურებელი ყველაფერია. არასდროს იქნება ეს ენერგია ზედმეტი. მუსიკოსი, რომელიც სცენაზე ადის, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის.
– სცენაზე ასვლა გცვლის?
– უფრო მეტს ვიცინი. (იცინიან) სხვა ყველაფერში იგივე ვარ. სცენაზე აბსოლუტურად არ ვიტყუები – როგორიც ვარ, როგორი განწყობა და ემოციაც იბადება იმ წუთში, ისე ვმღერი. ერთ-ერთი ტურის დროს მთელი კვირის განმავლობაში ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. შემეძლო სცენაზე გამოვსულიყავი და სახეზე ღიმილით მემღერა, მაგრამ არ მოვიტყუე და ვერ მოვიტყუე, შესაბამისად, იმ კვირაში აუთსაიდერიც ვიყავი. თუმცა, ვფიქრობ, რომ ის უფრო საინტერესოა, როდესაც ემოციურად მღერი და არ იტყუები, ვიდრე ნაძალადევად იცინო.
– ერთი რამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია, ასეთი ემოციური, ასეთი მგრძნობიარე ხარ და როგორ არ არის შენ გვერდით გოგო, რომელზეც ამ ყველაფერს დააფრქვევ?
– არის. (იცინიან).
– ვაიმე, რეები წამოვაცდენინე, ცნობილია?
– აი, როგორი ინტრიგანული კითხვაა. მაშინ მე უარესი ინტრიგანი ვარ და გეტყვი, რომ ცნობილია. (იცინიან) მართალია, ჯერ სიყვარულზე საუბარი ადრეა, თუმცა ჩვენ შორის არის მოწონება და სიმპათიები. ანუ, ის არის გამორჩეული ადამიანი, რომელსაც ჩემი დანახვა ძალიან სიამოვნებს.
– აჰა ესე იგი, ცნობილია. უკვე საინტერესოა. როგორ ფიქრობ, როგორ წავა თქვენი ამბები? და საერთოდ, დიდი ხანია, რაც თვალებიდან „ამურჩიკებს“ ისვრი?
– არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ყველაფერი – ამას მომავალი გვიჩვენებს. „ამურჩიკები“ კი – „ჯეოსტარის“ დაწყებასთან ერთად რაღაც განსაკუთრებული დაიწყო. როდესაც ჩემს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომლისთვისაც რაღაცას განსაკუთრებულად ვაკეთებ, ამ დროს საერთოდ არ ვიცვლები. ვიქცევი ძალიან ბუნებრივად და ეს, მგონი, ყველაზე კარგია.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვაჟა მანია
– ხანდახან, როდესაც ძალიან „ჩემს“ სიმღერას ვმღერი, იმდენად ვიჭრები როლებში თითქოს, მიწიდან ვიწევი და ფრთები გამომდის. ცოტა ნირვანული შეგრძნებები მიჩნდება. შენ თუ გქონია ასეთი შეგრძნება?
– რა თქმა უნდა. როდესაც ვმღერი, თუ ამ დროს მაყურებლისგანაც საჭირო ემოცია მოდის, მაშინ თვალებს ვხუჭავ და მავიწყდება, სად ვარ. ხანდახან ისიც კი მავიწყდება, რატი გვერდით მყავს თუ არა.
– მაკა, როგორი ახალი წელი გექნება წელს?
– ძალიან დატვირთული. ეს რამდენიმე წელია, სულ განსხვავებული ახალი წლები მაქვს, რადგან სულ სხვა ამპლუაში მიწევს თორმეტი საათის შეხვედრა, ღია ცის ქვეშ ვიყინები ხოლმე. სახლში არ ვარ შამპანურის ჭიქით ხელში, რაც ადრე ტრადიცია იყო, მაგრამ ძალიან მომწონს. წლევანდელი წელი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ დუეტმა „ჯორჯიამ“ კლიპი გადაიღო. გვინდოდა, ჩვენი პირველი ქართულენოვანი სიმღერა საახალწლოდ მაყურებლისთვის გვეჩუქებინა. მით უმეტეს, რომ ეს არ არის კომერციულად გათვლილი სიმღერა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჰიტად იტრიალებს. საახალწლოა, რომელიც ახალი წლის დღეებში ყველა მაყურებელს და მსმენელს გაახალისებს, ააცეკვებს და კარგ ხასიათზე დააყენებს.
– შენი უცნაური ახალი წლის შესახებ მომიყევი.
– ყველაზე უცნაურად მაინც ის ახალი წელი მახსოვს, როდესაც ბაკურიანში, ისე, რომ არც ვიცნობდი, ვახო ვნახე. მე და რატი ახალ წელს იქ შევხვდით – ეს იურმალამდე ხდებოდა, თან უნდა გვემღერა. როგორც მერე გაირკვა, ვახოს ჩემ მიმართ სიმპათიები სწორედ იმ დღეს გაუჩნდა. თურმე ბილიარდს თამაშობდა, როდესაც მე სარეპეტიციოდ კიბეზე ჩამოვრბოდი. მიყვება: როცა შემოცუნცულდი, ცუდად გავხდიო. უცნაური ის იყო, რომ ზუსტად ერთი წლის თავზე ახალ წელს უკვე ერთად, ცოლ-ქმრის ამპლუაში შევხვდით. როგორც ჩანს, ჩემდაუნებურად ვახო იქ დამებედა და დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ბოლომდე ასე დაბედებულები ვიქნებით.
– შვილი გყავთ?
– ორივეს გვყავს შვილები, თუმცა მარტო ჩვენ კი არა, ყველას ძალიან უნდა, რომ შვილი შეგვეძინოს. სადაც უნდა მივიდე, ყველგან ორსულობას მილოცავენ – გადავირიე. (იცინიან) ამას წინათ რაღაცამ მომწამლა, შეუძლოდ ვიყავი და ვახომ მთელ ქვეყანას მოსდო, ბიჭია, ბიჭიო. (იცინიან) ცუდად ვიყავი და ამდენი ხალხის მოგერიების თავი არ მქონდა, მეორე დღეს კი ყველას ფანტაზიას წერტილი დავუსვი. ძალიან გვინდა, მართლა, უბრალოდ ისევ და ისევ ჩემი საოცრად გადატვირთული გრაფიკის და რეჟიმის გამო თავს ვიკავებთ. ამ საყოფაცხოვრებო ამბებს რომ მოვაგვარებთ, ყველაფერი იქნება. (იცინიან).
– როდესაც გოგო შემოქმედია, მას უჭირს ოჯახისა და კარიერის შეხამება და პრობლემები ჩნდება ხოლმე. შენ შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– საოცრად გამიმართლა ამ მხრივ, რადგან ვახო გიჟდება ჩემს შემოქმედებაზე და ყველაზე აქტიური გულშემატკივარია. ვახო იურმალის მოგებიდან ერთ კვირაში გავიცანი და მან იცოდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სიმღერა იყო. იცოდა ისიც, რომ ასეთი აღმასვლიდან ძირს ვერაფრით დავეცემოდი და ეს არც უფიქრია. პირიქით, ის ჩემი უდიდესი სტიმულია. ერთხელ თქვა კიდეც, რომ ცოლი სამზარეულოში კი არა, სცენაზე მინდაო. ასე რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, არც მეფიქრა ამ ნაბიჯის გადადგმა. „იმედის“ დილის ეთერში ცოლ-ქმართა შეჯიბრება იყო, სადაც მეორე ადგილზე გავედით მე და ვახო. გოგიჩამ აღიარა ვახოს სასიმღერო შესაძლებლობები და უთხრა, ჩემს თვალში „ზვეზდა“ ხარ, კამერებზე ისე მუშაობო. (იცინიან) ახლა აპირებს სოლო კარიერის დაწყებას. გამიმართლა ამ საკითხში. მანამდეც რომ გამეცნო, მაინც არაფერში შემიშლიდა ხელს, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რომ ადამიანს რაც გამოსდის, ის უნდა აკეთოს.
– კარგი კულინარი თუ ხარ და საახალწლო საჭმელებიდან რას აკეთებ ყველაზე კარგად?
– სხვათა შორის, ყველაფერს ვაკეთებ. რასაც ვერ ვაკეთებ, ეს არის საცივი და გოზინაყი და ვერ ვაცხობ ხაჭაპურს. ძალიან მაგარ ჩაქაფულს, ტოლმას და ნიგვზიან ხარჩოს ვაკეთებ. მეტი რაღა დარჩა?! ძალიან კარგ გოზინაყს აკეთებს ჩემი დედამთილი და წელსაც ველოდებით მთელი ოჯახი. სამაგიეროდ, მე მთელ ოჯახს ტელევიზორიდან მივულოცავ ახალ წელს, უიტნი ჰიუსტონის „ობრაზში“ უნდა გავიყინო, შავი ტყავის კაბაში. (იცინიან) რატი იქნება ენრიკე იგლესიასი, მაგრამ ტყავის შარვლის ჩაცმას გადაურჩა.
– როგორ ახერხებ, რომ თვალებში სულ ნაპერწკლები გაქვს?
– არ ვიცი, მგონი, ჩამქრალი და ცუდ ხასიათზე მხოლოდ რატის ვყავარ ნანახი, რადგან რეპეტიციებზე სულ ნერვებს ვუშლი. (იცინიან). რატომ უნდა ვიყო ჩამქრალი, ვერ ვხვდები. მე თუ ჩავქრები, ჩემ გვერდში მყოფ ადამიანებს ზიანს მივაყენებ და აღარ ვეყვარები. ხანდახან ვახოს აქვს პერიოდები, როდესაც რაღაც პრობლემა აქვს და იქ ეკეტება გონება, სხვა ვეღარაფერზე ფიქრობს და ცუდადაა. ამ დროს არ იცი, რა მჭირს. ამიტომ ვცდილობ, ცუდ ხასიათზე არავინ დავაყენო და პირიქით, სიხარული მივანიჭო.