გასკოინი თვითმკვლელობას განაგრძობს
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პოლ გასკოინი, რამდენიმე წელია, რაც ლოთობს. მისი მკურნალობის საკითხი სახელმწიფო დონეზეც კი დაისვა, მაგრამ, რად გინდა: რამდენჯერაც უმკურნალეს, იმდენჯერ გააგრძელა ლოთობა, ბოლოს კი განაცხადა, შემეშვით, მე თავს სმით ვიკლავო და, იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელის ღვიძლი მკურნალობას აღარ ექვემდებარება, მას თავი დაანებეს.
მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გასკოინი წყნარ ცხოვრებას ეწევა. პირიქით, ის ღამის ბარების ხშირი სტუმარია, სადაც თვრება და მერე ჩხუბობს ხოლმე. მორიგი დებოში პოლმა გასულ კვირას ნიუკასლის ერთ-ერთ ღამის ბარში მოაწყო. იგი ბარის სხვა სტუმრებს სთხოვდა, ჩემთან ერთად სიგარეტი მოსწიეთ, ოღონდ, ისე, რომ ყურებიდან ბოლი გამოვიდესო. რა თქმა უნდა, ამის გაკეთების არც სურვილი და, სავარაუდოდ, არც შესაძლებლობა, არავის აღმოაჩნდა და ჩხუბიც ატყდა. ბარის დაცვამ გასკოინი ვერ დააშოშმინა და იძულებული გახდა, პოლიცია გამოეძახებინა. სამართალდამცველებმა ფეხბურთელი დააპატიმრეს, ორი დღე გამოსაფხიზლებელში გაატარებინეს და ძველი დამსახურებების გამო, ჯარიმის გარეშე გაუშვეს. რა თქმა უნდა, გასკოინი ისევ ბარში დაბრუნდა და ალბათ, ახლაც თვითმკვლელობის „პროცედურებს“ განაგრძობს.