„ჩელსის“ აბრამოვიჩის 12 წლის შვილი აკომპლექტებდა
ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ბიზნესმენია. მან საფეხბურთო კლუბის ყიდვის გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელად მიიღო და ამით არა მარტო მეგობრები, არამედ ოჯახის წევრებიც კი გააოცა. თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება რუსმა ოლიგარქმა, რა სისუსტეები აქვს მას და რამდენი სისულელე ჩაუდენია, კლუბის ფეხბურთელები ნელ-ნელა ამხელენ.
პირველად ხმამაღალი განცხადება გუნდის ახალგაზრდა წევრმა, ფრანკო დი სანტომ გააკეთა. იგი მეგობრების წრეში ალაპარაკდა, ხოლო როცა მეორე დღეს მისი ნაუბარი პრესაში დაიბეჭდა, ფრანკომ უარყოფა ვეღარ შეძლო და ყველაფერი დაადასტურა. აი, რა მოყვა მან:
აბრამოვიჩი ლონდონში ხშირად დაფრინავდა და ერთ დღეს იკითხა, ჩვენ ქვემოთ რომ ლამაზი შენობა მოჩანს, რა არისო. როცა უთხრეს, რომ ოლიგარქი ლონდონის „ჩელსის“ სტადიონით – „სტემფორდ ბრიჯით“ მოიხიბლა, რომანმა ჩუმად თქვა – „იყიდეთ“! მას მაშინვე განუმარტეს, რომ მხოლოდ სტადიონს არავინ გაყიდდა და საჭირო იყო, კლუბიც ეყიდა. ასე გადაიხადა აბრამოვიჩმა „ჩელსიში“ 250 მილიონი გირვანქა და „სტემფორდ ბრიჯიც“ დაისაკუთრა.
ნამდვილი „საბავშვო ბაღი“ ამის შემდეგ დაიწყო. აბრამოვიჩმა პირველ ვარჯიშზე თავისი 12 წლის შვილი მოიყვანა, წვრთნას აყურებინა, მერე კი თავზე ხელი გადაუსვა და საჯაროდ ჰკითხა, რომელი ფეხბურთელი მოგწონს, მითხარი და გიყიდიო. ბავშვმა ანდრეი შევჩენკო, რონალდინიო და რობერტო კარლოსი დაასახელა. პირველ წელს მამიკომ ვერც ერთი ვერ იყიდა, რადგან რუსი ოლიგარქის პროექტს ყველა საეჭვო თვალით უყურებდა. თანაც, რონალდინიომ „ბარსელონაში“ სასწაულების კეთება დაიწყო და არსად წასვლას არ აპირებდა, კარლოსი კი დაბერდა. მართალია, აბრამოვიჩმა შევჩენკო წაიყვანა, მაგრამ უკვე მიმქრალი უკრაინელი ვარსკვლავი დიდად ვერ გამოირჩა.
ფეხბურთს უკავშირდება რომანის ახალი რომანის დაწყება: იგი „ჩელსის“ თამაშს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს, როცა დარია ჟუკოვა დაინახა და ვიპ-ლოჟაში მიიპატიჟა. პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ორ თვეში აბრამოვიჩი ცოლს დაშორდა. მარინა აბრამოვიჩს მან თან ხუთი შვილი და ამდენივე მილიარდი დოლარი გააყოლა და დღემდე ჟუკოვასთან ერთად ნებივრობს. თუ ოლიგარქი მანამდე გუნდში ფეხბურთელებს შვილის სურვილით არჩევდა, ახლა დარიას ჯერი დადგა და, გარდა იმისა, რომ ჟუკოვა „ჩელსის“ არც ერთ შეხვედრას არ აცდენს, სხვა გუნდების მატჩებსაც ესწრება და „მისთვის საინტერესო“ ფეხბურთელებს ეძებს.
ერთი შეხედვით რბილი ხასიათის მიუხედავად, აბრამოვიჩი ზედმეტად მკაცრი და ძალიან მომთხოვნია. იგი გუნდის ვარჯიშებზე ხშირად დადის და ფეხბურთელებს საკუთარი ჩაცმულობით აოცებს: ოცდოლარიანი საათი, ასდოლარიანი ფეხსაცმელი, ძველი პერანგი და ზურგზე მოგდებული ძველი სვიტერი – აი, ოლიგარქის ძირითადი აღკაზმულობა. სწორედ ამ ფორმაში ენახვება იგი მოთამაშეებს, თუმცა გუნდის ლიდერებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, პირველ სეზონში ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ, აბრამოვიჩმა გუნდის კაპიტან ჯონ ტერისა და ვიცე-კაპიტან ფრენკ ლამპარდს საკუთარი, ასმილიონიანი იახტა ათხოვა და ორი კვირით სეირნობის უფლება მისცა. ფეხბურთელებს არ მოეწონათ, რომ იახტის ქვეშ დამცავ წყალქვეშა ნავს უნდა ეცურა, მაგრამ აბრამოვიჩმა აუხსნა, რომ წყალქვეშა ნავი არა ფეხბურთელებს, არამედ იახტას იცავდა. შარშან აბრამოვიჩმა ის იახტა მეგობარს აჩუქა, თავად კი ახალი, 350-მილიონიანი იახტა ააგებინა.
თურმე, ყველაზე მეტად რუსი ოლიგარქი მარცხს ვერ იტანს. როცა „ჩელსი“ აგებს, აბრამოვიჩი მზად არის, მილიარდი გადაიხადოს, ოღონდ ტაბლოზე სხვა ანგარიში დაინახოს.
– ერთხელ, არაფრის მომცემი შეხვედრის წინ, აბრამოვიჩი გასახდელში ჩამოვიდა და გვითხრა, თუ ამ მატჩს მოიგებთ, თითოეულს პრემიად ორმოცდაათი ათასს მოგცემთო. რა თქმა უნდა, მოედანზე გაორმაგებული ენერგიით გავედით და მეტოქე დავამარცხეთ. მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ დღეს ჩვენს პრეზიდენტს ყველაზე ძვირფასი ხიზილალა ჩამოუტანეს და არ სურდა, ის ცუდ განწყობაზე ეჭამა. ხიზილალის ტრანსპორტირება და შეძენა, საერთო ჯამში, ოცი ათასი ფუნტი დაჯდა, ფეხბურთელების პრემიამ კი ნახევარ მილიონ ფუნტს გადააჭარბა. სამაგიეროდ, აბრამოვიჩმა ხიზილალა გემრიელად მიირთვა, – ყვება ჯონ ტერი.
სხვათა შორის, „ჩელსის“ კაპიტანი ორი კვირის წინ გუნდის გამოცვლას აპირებდა და იგი პირადად აბრამოვიჩმა დატოვა.
– მან დამირეკა და მითხრა, შენ „ჩელსის“ გული ხარ და თუ გინდა, გუნდი უგულოდ დატოვო, მაშინ წადიო. ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და მე მაშინვე ვუპასუხე, კარიერას აქ დავასრულებ-მეთქი. ახლა ვხვდები, რატომ აქვს მას ამდენი ფული – საჭირო დროს იგი საჭირო სიტყვებს პოულობს,– დაამატა ტერიმ.
და კიდევ ერთი: აბრამოვიჩი ღიად აცხადებს, რომ თუ „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, იგი ქეიფსა და პრემიებში ათ მილიონზე მეტს დახარჯავს. ქეიფი სამ მილიონად არის შეფასებული, პრემია – დანარჩენი შვიდი მილიონია, ჩემპიონთა ლიგის მომგებ მწვრთნელს კი აბრამოვიჩი მილიონს დაჰპირდა. ამჟამად მილიონის მოგების შანსი კარლო ანჩელოტის აქვს. ორი წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოსკოვში შედგა და „ჩელსიმ“ ის მატჩი წააგო. არადა, აბრამოვიჩს რუსთა დედაქალაქში სტუმრად დაახლოებით ორმოცამდე მეგობარი ჰყავდა დაპატიჟებული და მათ სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ამბობ