რით უნდა დაიწყოს ადამიანმა დღესასწაულის აღნიშვნა და როდის გადმოდის მასზე საღვთო მადლი
ახალი, 2010 წელი უკვე კარს მოგვადგა და მის შესახვედრად განსაკუთრებულად ვემზადებით. როგორ უნდა შეხვდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი ახალ წელს, როგორ უნდა აღნიშნოს ზოგადად დღესასწაულები და როგორ უნდა იქცეოდეს მარხვის დროს, ამის შესახებ გვესაუბრება ნაძალადევის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერი (გოგოტიშვილი).
– დღესასწაული სულიერი ზეიმია. ეს, შეიძლება იყოს კონკრეტული წმიდანის ხსენების დღე ან საუფლო დღესასწაული. მსახურებას თავისი რანგები აქვს: რაღაც – უფრო უპირატესია, რაღაც – ნაკლებად უპირატესი. სხვათა შორის, ყოველი კვირა დღე არის დღესასწაული, აღდგომის სწორი დღე. თუ ყურადღებით მოვისმენთ შაბათ-კვირის მსახურებას, სულ აღდგომის საგალობლები იკითხება. ეს იმას ნიშნავს, რომ კვირა აღდგომის სწორია და ჩვენ ამ დღესაც უნდა ვდღესასწაულობდეთ. ათ მცნებაშიც გვაქვს მოცემული, რომ „ექვს დღესა შინა იქმოდეს ადამიანი და მეშვიდე დღე წმიდა ყოს“, ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა შვიდდღიან ციკლში ერთი დღე უნდა დაუთმოს უფალსა და საკუთარ თავს, უნდა უქმოდეს. თუმცა, შეიძლება, დღესასწაული კვირას არ დაემთხვას და შუა კვირაში იყოს, ერის ადამიანს სამსახური აქვს, ვერ გააცდენს. მაგრამ, თუ აქვს შესაძლებლობა, ცოტა დააგვიანოს, მაშინ, ჯობია, წირვაზე წავიდეს, ანუ ადამიანმა დღესასწაულის აღნიშვნა წირვაზე დასწრებით უნდა დაიწყოს: დილით უნდა მივიდეს ტაძარში, დაესწროს წირვას, უნდა მიიღოს საღვთო მადლი, რომელიც უხილავად გადმოდის ტაძარში უფლის, წმიდა დასისა და ანგელოზთა იქ მყოფობით. როდესაც ადამიანი ეკლესიის მრევლია, მოძღვარი ჰყავს, ის აღსარებით, ზიარებით უნდა შეხვდეს დღესასწაულს. ეს არის ზოგადად დღესასწაულის აღნიშვნის წესი. როდესაც დღესასწაული მარხვას ემთხვევა, რა თქმა უნდა, ისევ გრძელდება მარხვა და ადამიანს შეუძლია, გაახსნილოს თევზით. ღვინის დალევა შეიძლება ზომიერად, მაგრამ გახსნილება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ნაყროვანებაში ჩავარდეს. ზომიერების დაკარგვა არც მარხვაში შეიძლება და არც ხსნილში.
– მამაო, როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა შაბათ-კვირა, უქმე?
– უქმეში ჩვენ არ უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ ადამიანმა არაფერი არ უნდა აკეთოს. ამ საკითხზე ზოგს დამახინჯებული შეხედულება შეიძლება ჰქონდეს: რადგან უქმეა, სიკეთის კეთებაც მეკრძალება და არაფერი არ უნდა ვაკეთოო. ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, ეს უქმე იმაში უნდა გამოიყენოს, რომ ღმერთი ადიდოს, ამისთვის მოიცალოს. ჩვენგან გაკეთებული სიკეთე ღმერთს კი არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ეს და, რასაც ვაკეთებთ, იმას ჩვენს თავს ვუკეთებთ. უქმე დღესაც თუ რამე სიკეთეს გავაკეთებთ, ამასაც ხომ ჩვენს თავს გავუკეთებთ?! როდესაც ადამიანი წირვაზე დგას, ის საკუთარ თავს აძლევს იმის საშუალებას, რომ მადლი მიიღოს. იმ წირვის შემდეგ თუ აუცილებელი საოჯახო საქმე არის გასაკეთებელი, რომლის გადადებაც არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ამაზე უარს არ იტყვის, გააკეთებს, მაგრამ, თუ არის იმის საშუალება, რომ თავი შეიკავოს, ჯობია, ხვალ გააკეთოს. იმიტომ, რომ ეს უქმე თავისთავად დღესასწაულს ნიშნავს და ამ დროს რაღაც ყოფიერებამ არ უნდა მიგიტაცოს. თუმცა, უქმე იმასაც არ ნიშნავს, რომ ადამიანმა მცონარებაში გაატაროს, პირიქით, როდესაც მთელი კვირის განმავლობაში დაკავებული, ვერ იცლის ურთიერთობებისთვის, შეუძლია, შემეცნებას დაუთმოს, დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს, კულტურული სიახლეების სანახავად წავიდნენ, წიგნი წაიკითხოს, წმიდა წერილი, წმიდა მამათა ცხოვრება.
– დღესასწაულებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ცრურწმენა არსებობს. ადამიანები ხშირად ამბობენ, ამ დღეს არ შეიძლება საპნის, ნემსის ხმარებაო. ეს, ალბათ, უქმობიდან მომდინარეობს და დამახინჯებული შეხედულებაა.
– ჩვენმა წინაპრებმა, ბებია-ბაბუებმა იცოდნენ, რომ არ იყო სასურველი უქმე დღეს საქმის კეთება. მოგვიანებით, კომუნისტური რეჟიმის დროს, ეკლესიას, სამღვდელოებას ებრძოდნენ, ადამიანებს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაავიწყეს, მაგრამ მათში შემორჩა ის, რაც ბებია-ბაბუებისგან იცოდნენ, რომ უქმე დღეს არაფერი ეკეთებინათ – თუნდაც შრომის იარაღები არ უნდა გამოეყენებინათ. ეს კი შემორჩათ, მაგრამ ისეთი სახით, თითქოს ეს იყოს მთავარი და სხვა დანარჩენს აღარ აქცევდნენ ყურადღებას. თუ ვინმე იუქმებდა, კვირა დღეს არ გამოიყენებდა ნემსს და ძაფს – ეგონა, რომ ამით აღასრულებდა სჯულს და მეტი აღარაფერი იყო საჭირო, იმის იქით აღარ ეძიებდა, თუ რა იყო გასაკეთებელი. რომ მარხვა უნდა შეენახა, ლოცვა უნდა წაეკითხა, მოძღვარი უნდა ჰყოლოდა – ამის საშუალებასაც არ აძლევდნენ. სამწუხაროდ, ასეთი დროც იყო. ადამიანებიც, თითქოს ამას არც ეძიებდნენ, ყველაფერი მოაგვარეს და ისღა დარჩათ, რომ ნემსი და ძაფი არ უნდა გამოეყენებინათ, ასეთი გამოთქმაც არსებობს: თავს თუ არ დაიბანს ორშაბათს, ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება და ამით აეწყობა საქმეო. ანუ, ტრადიციები დროთა განმავლობაში დამახინჯდა, განსაკუთრებით – მიცვალებულებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, რაც ღმერთთან კავშირს, რელიგიას შეეხება, ძალიან ბევრი სიმახინჯე გაჩნდა და დრო სჭირდება, რომ ადამიანებს გავაგებინოთ, სულზე ზრუნვა მეორე და მეათეხარისხოვანი კი არა უმთავრესია, რითაც უნდა ვიწყებდეთ ყოველ დღეს, დღესასწაული იქნება ეს, თუ ჩვეულებრივი სადაგი დღე.
– მამა კახაბერ, ხშირ შემთხვევაში ადამიანები შობის მარხვას არ ინახავენ და მიზეზად ახალ წელს ასახელებენ.
– დანაშაულია იმის თქმა, მარხვას იმიტომ არ შევინახავ, რომ ახალი წელი ემთხვევაო. ვინც ამას იტყვის, მას, გარდა იმისა, რომ არ გააჩნია სარწმუნოება, სიყვარული არც გააჩნია. ეს მარხვა ხომ თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს სულს სჭირდება. თითქოს ვაყვედრით უფალს: არა, ახლა ვერ შევინახავ მარხვას, იმიტომ, რომ საერო დღესასწაული ემთხვევა და სახსნილო საკვები უნდა მივიღოო. არ შეიძლება, როდესაც ღმერთთან ურთიერთობაზე გვაქვს ლაპარაკი, საკვების დონეზე დავიდეს ადამიანი, იმაზე იფიქროს, რა უნდა ჭამოს და როგორ უნდა ჭამოს. ხორცის ჭამა და უჭმელობა კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ ეკლესიასთან ერთობა. როდესაც ეკლესიამ გამოაცხადა მარხვა, მარხვა არის ყველასთვის; გამოაცხადა, რომ დღესასწაულია – დღესასწაულია ყველასთვის. ამ ერთობას ვინც არ ეთანხმება, ის ეკლესიის წევრი არ არის, ეკლესიის გარეთ რჩება. ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რომ მარხვა არ შეინახოს, ვის ეწინააღმდეგება – ეკლესიის მამებს, უფალს, რომელიც თავად მარხულობდა და მოგვცა სახე მარხვისა?! ანუ, როდესაც ადამიანი ეკლესიის წევრი გახდება, მას მოეთხოვება მარხვის შენახვა, რაც ამ სახით მოციქულთა მიერ არის დაწესებული. ძალიან მკაცრი განჩინებებია. არა მარტო დიდმარხვაზე, არამედ ოთხშაბათსა და პარასკევზეც არის მითითებული, რომ ადამიანმა ის მკაცრად უნდა შეინახოს და, ვინც ამას არ დაიცავს, ეწინააღმდეგება მოციქულთა განჩინებას, თვით უფალს, ეკლესიას და, ეკლესიის გარეთ აყენებს თავს. ის ვინმემ კი არ მოკვეთა ეკლესიიდან, არამედ საკუთარი თავი მან გარეთ დააყენა და შეეწინააღმდეგა. ახალი წელი ერთ-ერთი საერო დღესასწაულია, როდესაც ჩვენ კალენდარულად ვიწყებთ ახალი წლის ათვლას. რა ისეთი სულიერი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რადგან ახალი კალენდარული წელი იწყება, აუცილებლად გოჭის ხორცი უნდა ვჭამო? რატომ უნდა მქონდეს ასეთი განცდა?! ამის გამო როგორ უნდა გაწიროს ადამიანმა საკუთარი თავი და დააყენოს ეკლესიის გარეთ?! როგორ შეიძლება, ადამიანი ეკლესიის მრევლი იყოს და არ შეინახოს მარხვა?! ვინც ეკლესიას არ ემორჩილება, ის არ არის მისი შვილი. პირიქით, ადამიანი აქეთ უნდა იხვეწებოდეს, რომ მარხვა შეინახოს და ეკლესიამ დართოს იმის ნება, ღვაწლში იმყოფებოდეს, გაძლიერდეს და ამით ცხოვნების საშუალება მიეცეს.
საკუთარი დანაშაული რომ დამალოს, ადამიანი ყოველთვის სხვაში ეძებს რაღაცას. ამიტომაც, როდესაც მისი უწმიდესობა 31 დეკემბერს 12 საათზე გამოდის და ულოცავს სრულიად საქართველოს ახალი წლის დადგომას, კითხულობენ, რატომ გვილოცავს უწმიდესი ახალ წელსო. საერო დღესასწაული დადგა, უწმიდესი გვილოცავს, ბედნიერებას, სიკეთეს გვისურვებს და, იმის მაგივრად, რომ მადლობა გადაიხადონ, აქეთ იყვედრებიან რატომ გვილოცავს, თუკი დღესასწაული არ არისო. ასე, შეიძლება, სხვა საერო დღესასწაულიც მოგვილოცოს, ამის გამო დამნაშავეა?! ამის მიზეზი კი ის არის, რომ საკუთარი დანაშაული დაფარონ, რადგან პატრიარქმა ახალი წელი მოგვილოცა, ამიტომ უფლება გვაქვს, გავიხსნილოთო. ანუ, ადამიანი იოლ გამოსავალს ეძიებს, რომ თვითონ ნაკლებად დაზარალდეს და ნაკლები ღვაწლი იტვირთოს. არადა, პირიქით უნდა ცდილობდეს, რომ სული გააძლიეროს, იმაზე უკეთესი გახდეს, ვიდრე დღეს არის, ეს კი შრომისა და ღვაწლის გარეშე შეუძლებელია.