რით დაარბილა „უნგარომ“ ტყავის სამოსი
წარმოშობით იტალიელი დიზაინერი, ემანუელ უნგარო, ფრანგ დიზაინერად ძალიან საინტერესო ისტორიის გამო ითვლება. ემანუელის მშობლები იტალიიდან ფრანკოს ფაშისტურ მთავრობას გამოექცნენ და საფრანგეთში დასახლდნენ. უამრავ პრობლემასა და დევნას გამოქცეული ოჯახის შვილი რომ ტანსაცმლის დიზაინერი გამოვიდა, არავის გაჰკვირვებია. უნგაროს მამა, ცნობილი მკერავი გახლდათ და სამხედრო ფორმებსაც კი კერავდა. 22 წლის ასაკში, მანუელი პარიზში გაემგზავრა და სამ წელიწადში იმხელა წარმატებას მიაღწია, რომ კრისტოფერ ბალენსიაგასთან დაიწყო მუშაობა. თუმცა, მანამდე ექვსი წლის განმავლობაში, უბრალო კურიერად მუშაობდა. კერვის ხელოვნებას კი თავად ხვეწდა. მოგვიანებით, უნგარომ პარიზში საკუთარი ბუტიკი გახსნა.
მართალია, უნგარომ პროფესიული წინსვლა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და პიკსაც მალე მიაღწია, მაგრამ, უკვე ასაკში იყო როდესაც ცოლი მოიყვანა. 55 წლის უნგარო ლაურა ბერნაბეიზე დაქორწინდა და მალე ქალიშვილიც შეეძინა, რომელსაც მამის პატივსაცემად კასიმა დაარქვა.
დღესდღეობით „ემანუელ უნგაროს“ მოდის სახლის მთავარი დიზაინერი ესტებან კორტაზარია, რომლის „უნგაროში“ მოღვაწეობას უამრავი სკანდალი ახლდა თან. მათ შორის გახმაურებული ამბავი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავს – ლინდსი ლოჰანს ეხებოდა. ესტებანმა უარი განაცხადა ლინდსი ლოჰანთან მუშაობაზე, რასაც მოდის სახლიდან მისი დროებითი დათხოვნა მოჰყვა. ამჟამად, ის თებერვალში, 2010 წლის ზამთრის კოლექციით წარდგება კრიტიკოსებისა და „უნგაროს“ თაყვანისმცემლების წინაშე.
„მესამედაც იყო შარმი“! – ასე შეფასდა ესტებანის მესამე კოლექცია, რომელიც მან „ემანუელ უნგაროსთვის“ შექმნა. კოლექცია არა მხოლოდ ეყრდნობოდა თავად უნგაროს მიერ ოთხმოციან წლებში ნაჩვენებ თემებსა და კოლექციებს, არამედ პირდაპირ ავლებდა პარალელებს იმდროინდელ კლუბურ ცხოვრებას შორის. ოთხმოციანების ღამის ცხოვრება, მოკლე ქვედაბოლოები, „ლიპებიანი“ პიჯაკები, მოკლე ჭრელი კაბები და ფერადი კოლგოტები სრულფასოვნად გამოხატავდა იმ პერიოდის სულს.
ფერებიდან ყველაზე აქტუალური იყო მკვეთრი და „ჭყეტელა“ ლურჯი, სამოსზე კვადრატებად და სხვა გეომეტრიულ ფიგურებად დაფენილი ეგრეთ წოდებული „სამეფო“ ლურჯი, ნარინჯისფერი და ნაცრისფერი, როგორც მთავარი ტონალობა; „მულტიფერებში“ გაფორმებული გაბერილი კაბები, რომელიც „პოლკას“ საცეკვაო კაბას უფრო მოგვაგონებდა და უნგაროს ცნობილ შავ-ვარდისფერ ტონებში არაჩვეულებრივად იყო შერწყმული. აღსანიშნავია, რომ კორტაზარმა რამდენჯერმე შეაჩერა კოსტიუმების ფერადოვნება და წარმოადგინა ტყავის „ბაიკერული“, ტანზე მომდგარი შარვალი და პიჯაკი, რომელსაც ძალიან უხდებოდა საოცრად ნაზი და ჰაეროვანი შარფი. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით ამშვენებდა კორტაზარის უმშვენიერეს გოგონებს. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ტყავის „ელასტიკები“ და შარვლები განსაკუთრებით მოდური გახდა თბილისშიც. ამიტომ, გაითვალისწინეთ უნგაროს ტენდენციები და ტყავის შავ შარვალს რაიმე რბილი და ქალური ელემენტი შეუხამეთ.
რაც შეეხება ფეხსაცმელს, ისევე, როგორც თანამედროვე დიზაინერების 99 პროცენტი, ესტებან კორტაზარიც ღია, ზაფხულის ფეხსაცმელს გვთავაზობს, რომელიც სქელ კოლგოტთან არის შეხამებული. ღია, დაჭრილი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ფეხსაცმელები სადღესასწაულო იერს უფრო აძლევდა სამოსს, ვიდრე ყოველდღიურს. თუმცა ეს „უნგაროს“ პრეტ-ა-პორტეს კოლექცია იყო.