კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეიძლება მოუნდეს ახალი წლის ღამეს ახალგაზრდა კაცს და როგორ შეიძლება შეაშინოს ცოლი ქმრის საახალწლო ფანტაზიამ


ადამიანი საინტერესო და ინდივიდუალური არსებაა ორიგინალური მიგნებებით, თავისებურებებით, განსხვავებული სურვილებით და მიდრეკილებებით. რა არის პათოლოგია და რა – მხოლოდ განსაკუთრებული ფანტაზიის გამოვლინება, ამის გარჩევა ფსიქოლოგიის პრეროგატივაა. მაგრამ ფაქტია, ის, რაც უცნაურია ერთისთვის, სრულიად ბუნებრივი შეიძლება, აღმოჩნდეს მეორისთვის. ინტერესთა თანხვედრა წყვილს შორის მათ ჰარმონიულ თანაარსებობას უზრუნველყოფს. თუ ცოლ-ქმარს რომელიმე სფეროში რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს, კონფლიქტი თუ არა, მათ შორის დისკომფორტი გარდაუვალია. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს მოუსმენს და ზოგჯერ, უბრალოდ, პარტნიორს აჰყვება თამაშში. მაგრამ ზოგჯერ ამას გარკვეული შიში ახლავს თან, რომელიც ძალიან გვიშლის ხელს ბედნიერებაში.



მარინა (31 წლის): ჩემი პრობლემა ვინმეს შეიძლება, სასაცილოდ მოეჩვენოს. ხალხს ისეთი პრობლემები აქვს, დღიდან დღემდე წამებით გააქვთ თავი. იტყვიან, ამას საქმე გამოელია და თვითონ მოიგონა სანერვიულოო, მაგრამ ყველას თავისი დარდი მისცა ღმერთმა. არავის ვუსურვებ ეჭვით ცხოვრებას. ეს ისეთი საშინელებაა, რას შევადარო, არც ვიცი. ვისაც ეს არ გამოუცდია, ის ვერც გამიგებს. წაეჭვიანება კიდევ სხვაა და ეს ზოგჯერ სასარგებლოც კი არის. სასიყვარულო ურთიერთობა წარმოუდგენელია ეჭვიანობის გარეშე. მაშინ, უბრალოდ, არ გიყვარს.

– თუ ეჭვიანობ, ესე იგი, არ ენდობი.

– გეთანხმებით, ეჭვი უნდობლობაა. ბოლომდე საკუთარ თავსაც ვერ ენდობი. ხომ მართალია? ბრმად მხოლოდ სულელი თუ ენდობა, მაგრამ ეჭვშიც ზომიერებაა საჭირო ისე, როგორც ნდობაში. მე ორი წელია, გათხოვილი ვარ და რომ გითხრა, ეს ორი წელი სულ ეჭვში გავატარე-მეთქი, მოგატყუებთ. არც შეყვარებულობის პერიოდში მქონია ეჭვიანობის საფუძველი. ჩემი ქმარი ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი შეყვარებული იყო. ერთხელაც არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა, ჩემ გარდა სხვა ქალიც ჰყოლოდა, რომელთანაც თავის სექსუალურ ფანტაზიებს ახორციელებდა.

– შეიძლება, გკითხოთ, რამდენი წლისაა თქვენი მეუღლე?

– ოცდათოთხმეტის. ვხვდები, რა გაინტერესებთ და რის თქმა გინდათ, რომ ოცდაათი- ოცდათორმეტი წლის კაცი ქალის გარეშე არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ჯანმრთელი მამაკაცი უქალოდ არ იქნებოდა. მე ამას არ ვგულისხმობ. არასოდეს დავინტერესებულვარ იმით, რომ ჩემამდე ვიღაცასთან დადიოდა. ამაში უჩვეულო არაფერია.

– პირიქით, სწორედ ეს არის ნორმალური.

– მართალი ბრძანდებით. ამაზე არ არის ლაპარაკი. მამაკაცის წარსულში უნდა იყოს ქალი. მე თექვსმეტი წლის ბიჭს არ გავყოლივარ ცოლად, რომ მისთვის პირველი ქალი ვყოფილიყავი. არც მქონია ამის პრეტენზია. მე საკმაოდ დიდხანს არ ვთხოვდებოდი. იმიტომ არა, რომ მთხოვნელი არ მყავდა. რაღაც-რაღაც მოსაზრებების გამო ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს.

– იმიტომ, რომ მამაკაცების ნდობა არ გქონდათ?

– არა. მიზეზი ეს არ ყოფილა. გულახდილად გეტყვით, ამაზე არასოდეს მიფიქრია. თავს გათხოვებაზე იმიტომ ვიკავებდი, რომ ზედმეტად დამოუკიდებელი პიროვნება ვარ. თან ზედმეტად მოწესრიგებული. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეცხოვრა მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ. ხუთი წელი ჩემს ბინაში მარტო ვცხოვრობდი და შევეჩვიე იდეალურ წესრიგს. გაგეცინებათ, მაგრამ, როცა გადაწყვეტილება მივიღე, ზურას გავყოლოდი, საკუთარ თავს ფსიქოლოგიური ტრენინგი ჩავუტარე. „შენ უნდა შეეგუო იმას, რომ აქა-იქ მამაკაცის ნივთები ეყრება. ვიღაც მუდმივად აურევს სახლს, აბაზანის სარკეც სულ მოთხუპნული იქნება-მეთქი“. შეიძლება, ეს ნევროზია, მაგრამ არ მინდოდა, ისეთი ცოლი ვყოფილიყავი, ამ წვრილმანებზე მუდმივად რომ ჩხუბობს. ვერავის გამოასწორებ. ან უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის, ან მარტომ უნდა იცხოვრო. მე დარწმუნებული ვიყავი, როცა ოჯახს შევქმნიდი, შევინარჩუნებდი კიდეც მას. ვემზადებოდი სწორედ ჩემი ხასიათის ამ თვისებების დასაძლევად და არა იმ სიურპრიზისთვის, რომლის წინაშეც სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი. ზურაც საკმაოდ მოწესრიგებული ადამიანია. ძალიან უფრთხილდება ჩემს შრომას და პირიქით, ცდილობს, ჩემს მისვლამდე მოაწესრიგოს, თუ რამე არეულობაა. ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა, მაგრამ სხვა ისეთი პრობლემა შემექმნა, მართლა არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა.

– გიღალატათ?

– საქმე ის არის, რომ არ ვიცი. ძალიან უცნაური მიზეზი მაქვს საიმისოდ, რომ ეს ვიფიქრო. დიდხანს ვიყოყმანე, წავსულიყავი თუ არა ოჯახის ფსიქოლოგთან და ჯერჯერობით ამ განზრახვაზე ხელი ავიღე. მეშინია, სასაცილოდ არ გავიხადო თავი. არადა, ვგრძნობ, პრობლემა ნამდვილად არსებობს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ეჭვით დიდხანს ვერ ვიცხოვრებ. ნერვები ისე მაქვს, შეიძლება, ერთ დღესაც ვეღარ გავუძლო, ოჯახის დანგრევაც არ მინდა. იქნებ ეს ყველაფერი სისულელეა. რატომ დავკარგო ადამიანი, რომელიც მიყვარს?!

– რა პრობლემაა ასეთი?

– მოგიყვებით. იქნებ მე არც ვარ გამონაკლისი. ერთი წელი ჩემს ქმართან ძალიან მშვიდად და ბედნიერად გავატარე. მისი ხასიათი, ჩვევები, ინტელექტი – ყველაფერი მომწონდა და მაკმაყოფილებდა. მართლა არაფერი შემინიშნავს ისეთი, შეშფოთების მიზეზი მქონოდა. ინტიმურ საკითხებშიც ყველაფერი წესრიგში გვქონდა, ყველაფერი – განსაკუთრებული რაღაცეების გარეშე. იმიტომაც ვარ ახლა ასეთ დღეში.

– რას გულისხმობთ განსაკუთრებულ რაღაცეებში?

– ხვდებით, ალბათ – უცნაურობებს ეროტიკულ სფეროში. მე ვიცი, რომ ადამიანებს ამ მხრივ თავისებურებები ახასიათებთ და ეს მათ ტემპერამენტზეა დამოკიდებული. მეუხერხულება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ყველას თავისი გემოვნება აქვს. მე ისიც გამიგია, ცოლ-ქმრის საძინებელში რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი დასაშვებიაო. ინტიმური სფერო იმიტომაც არის ინტიმური, რომ უცხო თვალისგან დაფარული უნდა იყოს. ნამდვილად არ ვარ გონებაშეზღუდული და დრომოჭმულ სტერეოტიპებს გამოკერებული ადამიანი. მართალია, გვიან გავთხოვდი და ზოგიერთი სუპერთანამედროვე ქალიშვილივით ბოიფრენდები არ მყოლია, მაგრამ ცხოვრებას ჩამორჩენილი არ ვარ. თეორიულად ძალიან ბევრი რამ ვიცი, თუმცა თეორია ერთია, პრაქტიკა – მეორე. ერთი წლის განმავლობაში რომ შემემჩნია ჩემი ქმრისთვის ფანტაზიები, არ ვინერვიულებდი და ეჭვიც არ გამიჩნდებოდა. ახლა რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ჩემს მშვიდ, გაწონასწორებულ ქმარს ასეთი სურვილები გაუჩნდა. მეშინია, რომ სასიამოვნო ახალი წელი არ მექნება. ისეთი შემოთავაზება მივიღე ჩემი მეუღლისგან, რბილად რომ ვთქვა, გაოგნებული ვარ.

– ჩემი მშვიდი ქმარიო. მშვიდი ადამიანები არასექსუალურები არიან?

– ამას არ ვამბობ, მაგრამ ტემპერამენტულ ადამიანებს უფრო აქვთ ეროტიკული აფეთქებები. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიმაჩნია. ჩემს ქმარს, ორწლიანი ერთად ცხოვრების განმავლობაში, ერთხელ მაინც რომ ეთქვა მსგავსი რამ, ახლა ასეთი შეშფოთებული არ ვიქნებოდი. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მოხდა.

– კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაზეა საუბარი?

– რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი მეუღლე იმაზე ვსაუბრობდით, როგორ შევხვედროდით ახალ წელს. მე შევთავაზე, რამდენიმე მეგობარს ვუთხრათ და რესტორანში წავიდეთ-მეთქი. მე უკეთესი რაღაც მოვიფიქრეო. ვიფიქრე, ალბათ, შემომთავაზებს ევროპის რომელიმე ქვეყანაში წასვლას-მეთქი და ძალიან გამიხარდა. ჩვენ ამის მატერიალური შესაძლებლობა გვაქვს. წარმოვიდგინე კიდეც, რომ საახალწლო საგზური და ბილეთები ჯიბეში ედო. გამოვიცანი, მითხარი, სად მივდივართ-მეთქი. გაიცინა, არსად არ მივდივართ, მაგრამ შეგვიძლია, სახლშიც მოვიწყოთ ფანტასტიკური დღესასწაული. ეროტიკულ ღამეზე არ გიფიქრია? დავიბენი და მაშინვე ვერაფერი ვუპასუხე. მინდა, განსაკუთრებული ღამე გვქონდეს. ინტერნეტ-მაღაზიაში მოვძებნოთ, საიდან შეიძლება ეროტიკული თეთრეულის გამოწერა და ვიყიდოთ. ყველაზე სექსუალური და გამომწვევი შევარჩიოთ და შენ ჩემი თოვლის პრინცესა იქნებიო. შოკში ჩამაგდო მისმა სიტყვებმა. აქამდე ჩემთვის მსგავსი არაფერი უყიდია. საცვლებს ჩემთვისაც და მისთვისაც ყოველთვის მე ვყიდულობ და რომ გითხრათ, სექსუალურს ვარჩევ-მეთქი, ტყუილი იქნება. თვითონაც არასოდეს უთქვამს, ეროტიკული თეთრეული ჩაიცვიო. რა დაემართა, მაინცდამაინც საახალწლოდ, რატომ მოუნდა სტრიპტიზ-შოუს მოწყობა, ვერ ვხვდები. ამ ყველაფრის მიღმა რაღაც იმალება და გული მიგრძნობს, კარგი არაფერი.

– რატომ გგონიათ? ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით, რომ ასეთი სურვილი შეიძლება, ყველა მამაკაცს გაუჩნდეს.

– შეიძლება, მართალი ხართ, მაგრამ მე მაინც ვერ დავმშვიდდები. აქამდე რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რა უშლიდა ხელს? ახალი წლის დღესასწაული ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთ საკრალურ მნიშვნელობასაც არ ვანიჭებ. მე თამამი ქალი ვარ და მით უმეტეს, ჩემი ქმრის არ მრცხვენია. ხალისით დავთანხმდებოდი ექსპერიმენტზე, მაგრამ ახლა ნამდვილად ცუდ დღეში ვარ. რატომღაც მგონია, რომ ჩემმა ქმარმა საყვარელი გაიჩინა. ვიღაც ჰყავს, ვინც ეს სექსუალური ფანტაზიები გაუღვიძა და ახლა ჩემთანაც უნდა ამის გაკეთება. იცით, როგორ ვნერვიულობ? მოსვენება დავკარგე. რატომ გაუჩნდა ასეთი სურვილი ჩემთან ცხოვრების ორი წლის შემდეგ?

– ვფიქრობ, თქვენი ემოციები გადაჭარბებულია. რატომ არ შეგიძლიათ დაუშვათ, რომ შეიძლება, თქვენს მეუღლეს თქვენი ინტიმური ცხოვრების გამრავალფეროვნება უნდოდეს?

– ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ ვერ ვიჯერებ. შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანები ნეგატიურს უფრო ადვილად ვიჯერებთ, ვიდრე პოზიტიურს. მე არ მითქვამს უარი. შევუკვეთეთ კიდეც ჩემთვის საკმაოდ თამამი და გამომწვევი საცვლები, მაგრამ შინაგანად ისეთი ბრძოლა მაქვს, ნორმალურად ვეღარ ვაზროვნებ, რობოტივით დავდივარ და ისე ვაკეთებ საქმეს. ფიქრით კი ამ ჩემს პრობლემასთან ვარ. გავწამდი. აღარც ახალი წელი მიხარია და საერთოდ აღარაფერი მინდა. თან ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, იქნებ, ამ ჩემს ქმარს ჩემს სასიკეთოდ უნდა რაღაცის გაკეთება? მე კი ტრაგედია შევქმენი ამ ყველაფრისგან. მაგრამ, არსებობს ინტუიცია და ეს ინტუიცია მკარნახობს, რომ რაღაც შემაშფოთებელი ხდება.

– გგონიათ, რომ თქვენი მეუღლის ეს სურვილი თქვენი ოჯახის არსებობას საფრთხეს უქმნის?

– არ ვიცი. სწორედ ამის მეშინია. იმიტომაც მოვედი თქვენთან, რომ ვიმსჯელო და ვიღაცას გავუზიარო ჩემი ეჭვები. იქნებ მართლა ზედმეტად ემოციური ვარ, მაგრამ თუ მართლა არსებობს სხვა ქალი, ჩემზე გამოცდილი და გარკვეული ინტიმურ საკითხებში?! მაშინ ხომ ცუდად არის ჩემი საქმე?!

– მოდი, ამ ყველაფერს სხვა მხრიდან შევხედოთ. თუ შეძენილი ცოდნის გამოყენებას თქვენი მეუღლე თქვენთან ცდილობს, აქვს მნიშვნელობა, სად შეიძინა ეს ცოდნა?

– არ ვიცი, ძნელი სათქმელია, გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თქვენ ფიქრობთ, რომ არ უნდა ჰქონდეს? მშვიდად ვუყურო, როგორ ირბენს ვიღაცასთან „ცოდნის გასაღრმავებლად“? ხომ გამისკდა გული. შეიძლება, ზედმეტად ემოციური ვარ, მაგრამ მგონი, ვერც ერთი ნორმალური ქალი ვერ შეეგუება ამას. მე რომ დარწმუნებული ვიყო, ეს მხოლოდ საახალწლო ხუმრობაა და სხვა არაფერი, განგაშის საფუძველი არ მექნებოდა. მაგრამ, ამაში ვერავინ დამარწმუნებს.

– ოჯახების უმეტესობას პრობლემებს უქმნის ის, რომ ქმრები საკუთარ ცოლებთან ვერ ახორციელებენ თავიანთ ეროტიკულ ფანტაზიებს. მათ სწორედ ისეთი რეაქციის ეშინიათ, რომელიც თქვენ გქონდათ მეუღლის შემოთავაზებაზე.

– რა არის, იცით? შეიძლება, არ მინდა სხვა ქალის არსებობაზე რომ ვიფიქრო, მაგრამ მეფიქრება და რა ვქნა. მე კიდევ ვიმეორებ, თავიდანვე რომ ჰქონოდა ჩემს მეუღლეს ეროტიკული ფანტაზიები, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იქნებოდა. პირიქით რომ ყოფილიყო სიტუაცია, მაშინ რას იფიქრებდა ჩემი ქმარი? ერთ დღეს რომ მომენდომებინა ეროტიკული ექსპერიმენტის ჩატარება, ხომ გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ რაღაც ხდება ჩემ თავს? იქნებოდა მშვიდად? ვიცი, რომ ეს ყველაფერი არ არის გარყვნილება, მაგრამ ნორმალურიც რომ არ არის? მე მინდა, სწორად გამიგოთ. ორი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ შემემჩნია ქმრისთვის, თამამი ექსპერიმენტების სურვილი ჩემთან, მაშინ საერთოდ არ ვინერვიულებდი და არც თქვენთან მოვიდოდი.

– თუ თქვენი მეუღლე ამას წაიკითხავს, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?

– მე მინდა, რომ წაიკითხოს. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს მოხდება. სწორედ ეს არის თქვენთან ჩემი მოსვლის მთავარი მიზეზი. რაღაც მიშლის ხელს, რომ პირდაპირ დაველაპარაკო, მოვუყვე ჩემი ეჭვების შესახებ და თავისი საქციელის ახსნა ვთხოვო. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და პატივს ვცემ მას. „სნეგუროჩკაც“ ვიქნები მისი, თუ მოუნდება და „ფლეიბოის ბაჭიაც“, მაგრამ დაწყნარებული უნდა ვიყო, რომ სხვა ქალმა არ გაუღვიძა ამ ყველაფრის სურვილი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავმოყვარეობის საკითხია, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. შეიძლება, თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა მაქვს, მაგრამ ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ საკუთარი თავი. თუ ჩემი მეუღლე ამას წაიკითხავს, დამელაპარაკება და ამ ეჭვებს გამიქარწყლებს, ძალიან ბედნიერი ვიქნები. სულაც არ ვარ თამამი ექსპერიმენტების წინააღმდეგი. რატომაც არა, მაგრამ მე უნდა ვიყო ჩემი ქმრის შთაგონების წყარო და არა ვიღაც სხვა. ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგეთ. საკმაოდ სერიოზული ადამიანი ვარ და ოჯახიც იმ ასაკში შევქმენი, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება რომ აღარ მეპატიება. მაგრამ რა ვქნა, ვერ ვაპატიებ ჩემს ქმარს ღალატს. შეიძლება, ვცდები, ან ძალიან ეგოისტურად ვაზროვნებ, მაგრამ სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.




скачать dle 11.3