კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „დაუბრონა” სოფო ნიკოლაიშვილის შვილს სამუშაო ადგილი „ნასაში” და როგორ არქმევს ის თავის სახელს მთვარეზე მდებარე კრატერს


ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის უმცროსი შვილი, ლევანი, ძალიან მარჯვე, გონიერი და ყოჩაღი ბიჭია. მართალია, თავის ასაკს ახლა საგულდაგულოდ მალავს, მაგრამ, სამი წლის წინ, როცა ათი წლის იყო, „ნასაში” წერილის გაგზავნაც კი შეძლო. ასტრონომიით გატაცებულმა ლევანმა მსოფლიოს ცნობილ კოსმოსურ ცენტრში სამუშაო ადგილის „დაბრონვაც” შეძლო და იმ ხალხის სიაც შეადგინა, ვინც მისი დახმარებით საქართველოდან კოსმოსში უნდა მოხვდეს. ლევანს კიდევ ბევრი სხვა ოცნებაც აქვს – ძალიან უნდა საქართველოს გაერთიანება და მუსიკალური საკრავი, რომელიც მისი ოჯახის ბიუჯეტის სეკვესტრში მოჰყვა. საახალწლოდ აღარც თოვლის ბაბუის იმედი აქვს, რადგან ხელისუფლებამ მისი თოვლის ბაბუა წლების წინ „დააფრთხო”…


– მე ვარ ლევან მოსეშვილი, ოთხი დღეში მაქვს დაბადების დღე, მაგრამ რამდენი წლის ვხდები, არ გეტყვით, ასაკს არ ვამბობ, ვმალავ (იცინის). ვსწავლობ 57-ე სკოლაში, წელს გადავედი იქ, ადრე სხვა სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ კარგად არ მასწავლიდნენ და იმიტომ შევიცვალე სკოლა. ფიზიკასა და ქიმიაში ზოგ რამეს ვერ ვიგებდი, კარგად ვერ მიხსნიდნენ მასწავლებლები და მერე „ექვსიანებს” მაყოლებდნენ. ახალ სკოლაში ფიზიკას და ქიმიას „ვგლიჯავ“, „ათიანები” გამომყვა. თან ყოველთვის მიყვარდა ეს საგნები. რასაც ვერ ვიტან, არის რუსული ენა, ძალიან სასაცილო აქცენტი მაქვს. რუსულს ინგლისური ჯობია, მაგრამ, ისეთი მასწავლებელი გვყავს, კარგად ვერთობით ხოლმე. ბავშვებს ვერ აწყნარებს და ჩვენც კარგი გასართობი გვიჩნდება.

– როგორც ჩანს, არც ახალი სკოლა მოგწონს.

– მომწონს. მკაცრი მასწავლებლები არიან, მაგრამ, უფრო კარგად მაგებინებენ. ერთი, გეოგრაფიის მასწავლებელს ვერ შევეწყვე, მაგარი მიშისტია. ერთხელ, გვიხსნიდა, როგორ ეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს და აეროპორტი ახსენა. მე ჩემთვის ვთქვი, ჩუმად: მაგრად დაგვეხმარნენ, წყალი ჩამოდის-მეთქი. ეს რომ გაიგო, ერთი ამბავი ატეხა: რას ჰქვია, წყალი ჩამოდის, უკვე გააკეთესო. მას შემდეგ ამ მასწავლებელთან პოლიტიკურ დისკუსიებს ვერიდები.

– რომელ სკოლაში უფრო ბევრი და კარგი მეგობარი გყავს?

– ძველ სკოლაშიც კარგი მეგობრები მყავდა და აქაც. ძველ სკოლაში ვიღაც-ვიღაცეებს ჩემი „დაჩმორება“ უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. კლასში წლოვანებითაც და ტანითაც ყველაზე პატარა ვიყავი და მარტო მე მერეოდნენ. ერთხელაც ერთ ბიჭს მაგრად ვცემე, ძალიან გამამწარა. ჩემს მეგობრებს კი უნდოდათ ჩემი დახმარება, მაგრამ იმათაც ეშინოდათ – ისინი ოთხნი იყვნენ, „პარადი მიჰყავდათ“ და იმათი ყველას ეშინოდა.

– აქ ასეთი რაღაცეები არ ხდება?

– კლასში ნახევარზე მეტი სტიქაროსნები არიან და საქმე ვინ უნდა გაარჩიოს? მეც დავდივარ ეკლესიაში, მეც მინდა სტიქარის ჩაცმა. ახალ სკოლაში გოგოებიც კარგები არიან, მათთანაც ვმეგობრობ. ვინც ბიჭთან მოქცევა არ იცის, მასთან არ გამომდის ურთიერთობა. გოგო რომ გეტყვის, როგორც კაცი კაცს, ისე დაგელაპარაკებიო და საქმეს გაგირჩევს გინებით, იმასთან როგორ უნდა ვიმეგობრო?! ერთი გოგო შემხვდა და ის მირჩევდა საქმეებს. ისე, ახალ სკოლაში უფრო სიმკაცრეა, „შატალოზე“ სულ ერთხელ ვიყავი, თან, ყველამ კი არა, მარტო მე გავაცდინე. ჩემი შეყვარებული გავაცილე მათემატიკაზე და სკოლაში აღარ წავედი.

– შენი შეყვარებული სწავლობს და შენ სკოლას აცდენ? იცოდე, აღარ მოეწონები.

– არ არსებობს, ვიცი, რომ მოვწონვარ. ჩემი „ინფორმატორი“ მყავს და ის მიყვება ყველაფერს. ორი თვეა, რაც ერთმანეთი გვიყვარს. ჯერ ერთხელ გვქონდა პაემანი და კინოში წავედით თორმეტსაათიანზე, ეხლა, მე რაღაცნაირად ვუთხარი, შენთან ერთად ყოფნა მინდა-მეთქი; იმან მითხრა, კაფეში წავიდეთო, მაგრამ ღამე იყო და არ გამოუშვებდნენ.

– სიყვარული როგორ აუხსენი?

– როცა მივხვდი, რომ მენატრებოდა და სულ იმაზე ვფიქრობდი, წავედი მეგობართან ერთად ბაზრობაზე, ვიყიდე პულვერიზატორი, იმის სახლის წინ „გარაჟია”, ზედ ავძვერი და დავაწერე ინგლისურად „აი ლავ იუ”. მერე ახლოდანაც ხომ უნდა მეთქვა? მე და ჩემი მეგობარი ავედით მის სართულზე, ჩემმა მეგობარმა დარეკა ზარი და, როცა ის გოგო გამოვიდა, თვითონ გაიქცა. მერე ვუთხარი: მიყვარხარ-მეთქი და თვითონაც მითხრა – მეცო.

– დედამ და მამამ იციან, რომ შეყვარებული ხარ?

– იციან, მაგრამ ჩემს საქმეებში არ ერევიან. დედა მეუბნება, რაც შეყვარებული გახდი, ჩემს ბიუჯეტს მუსრს ავლებო, მაგრამ თვითონ სად აქვს ბიუჯეტი? თვითონ მამას უზის წილში და მეც მაგის წილში ვზივარ. ეხლა დედა არ მუშაობს, მარტო მამა მუშაობს და ყველას ის გვინახავს.

– მამა სად მუშაობს?

– რაღაცა გრძელი სახელი აქვს მაგის სამსახურს, მოკლედ „მარეგულირებელი კომისია“ ჰქვია, ტელევიზიებსა და ინტერნეტპროვაიდერებს აჯარიმებენ, მაგრამ, ვერ გავიგე, თუ აჯარიმებენ, ჩვენი ინტერნეტი ყოველდღე რატომ ითიშება (იცინის).

– მამას კარგი ხელფასი აქვს?

– ხო, მაგრამ მთელ ხელფასს დედას აძლევს, მერე ყოველდღე ცოტ-ცოტას სთხოვს ხოლმე. როცა მე ცოლს მოვიყვან, ესე არ ვიქნები. ცოლს ჩემს ხელფასს არ გავაკონტროლებინებ, იმდენი მექნება, რომ შუაზე გავუყო ჩემს ცოლს. სოფო როცა მუშაობდა, უფრო კარგად ვიყავით, უფრო მეტი შემოსავალი გვქონდა. ახლა არაა სამუშაო ადგილები, რომ დედამ იმუშაოს. უფრო სწორედ არის, მაგრამ ხელფასებს არ აძლევენ. ასეა ბაბუაჩემიც.

– არ გერჩივნა, მამა პოლიტიკოსი ყოფილიყო?

– მერჩივნა, მაგრამ, მერე მამაჩემსაც დაუწყებდნენ გინებას. ბევრი ფიქრობს, რომ, თუ ოპოზიცია არ გიყვარს, ესე იგი, მიშა გიყვარს, მაგრამ, შეიძლება, არც ერთიც არ გიყვარდეს, მაგალითად, მე არც მიშა მომწონს და არც ოპოზიცია, მარტო გიორგი თარგამაძე მომწონს.

– იმიტომ, რომ მამიკო მის გუნდშია?

– არა, კაცს რომ უყურებ, ადამიანს ჰგავს და რატომ არ უნდა მომწონდეს?

– მიშა რატომ არ მოგწონს? ეგ არ ჰგავს ადამიანს?

– რა ვქნა, არ მომწონს, ოპოზიციაში ვარ. ჩვენი კორპუსი კი შეღება, მაგრამ, უხარისხოდ – ჩაესვა, რა, ჩვენი სახლიც „რედისონივით” და „აჭარასავით” შუშებში, იმტვრევა ჩვენი კედლები!

– სადაა მაგდენი ფული, სახლი შუშებში ჩაგისვან?

– სად იქნება ფული, თვითონ იჯიბავენ და... ერთი დღე რომ პრეზიდენტი ვიყო, იცი, რამდენ რამეს გავაკეთებდი?! ბევრ ხალხს ავამუშავებდი უცბად; როცა მეცოდინებოდა, რომ მოწინააღმდეგე ქვეყანა ძლიერია, ცუდ რაღაცეებს არ დავუძახებდი იმათ პრეზიდენტს.

– შენ არ გინდა, რომ ცნობილი პოლიტიკოსი იყო?

– არა, პოლიტიკოსობას ისევ ჟურნალისტობა მირჩევნია, ოღონდ, გააჩნია, სად ცხოვრობ. მაგალითად, ერაყში ნამდვილად პოლიტიკოსობა ჯობია, საქართველოში – ჟურნალისტობა. საქართველოში ტელეჟურნალისტებს ისე ებმებათ ენა, რომ... ისე, მე მინდა, რომ ვიყო წარმატებული ადამიანი და არა ცნობილი. სულ ტელევიზორში რომ ვიყო, ნაღდად არ მინდა, მე არ ვაპირებ აქ ყოფნას, იქით უნდა წავიდე, ობამასთან..

– მოწვევა ხომ არ მოგივიდა?

– მე გავგზავნე ორი წლის წინ „ნასაში” წერილი, რომ 13 წელიწადში ჩამოვალ და მიმიღეთ-მეთქი, იქიდან პასუხი მომივიდა – მოხარულები ვართ, დაინტერესებული რომ ხარ „ნასათიო”. ნასა ამერიკის პრეზიდენტთან თუ თანამშრომლობს, მგონი, ჩემი წერილი ბუშის მაგიდაზეც კი მოხვდა. უკვე შევავსეთ საბუთები „გრინკარტაზე“, ადგილიც „დაბრონილი“ მაქვს „ნასაში“ (იცინის). მინდა, რომ მარსის რომელიმე რობოტის მართვაზე ვიმუშაო, ეს სულ ერთი პულტით ხდება. ყველა შემთხვევაში ასტრონომი უნდა გამოვიდე, ასტრონავტობაც მომწონს, მაგრამ ასტრონომობა ჯობია.

– გინდა, რომ კოსმოსში გაფრინდე?

– ეგ ვის არ უნდა, მაგრამ 20 000 დოლარი უნდა გადაიხადო, რომ გაფრინდე. ასტრონომი თუ ვიქნები და ახალ ექსპერიმენტებში მივიღებ მონაწილეობას, კოსმოსშიც მოვხვდები.

– საქართველოში ვერ იმუშავებ ასტრონომად?

– აქ ერთი დანჯღრეული ტელესკოპი ექნებათ, როგორ უნდა ვიმუშაო? დედაჩემის ბაბუა, მიხეილ ვაშაკიძე, ცნობილი ასტრონომი იყო, მან ჩაატარა გამოკვლევა „კიბორჩხალას ნისლეულზე“. „ნასამ“ მთვარეზე ერთ-ერთ კრატერს დაარქვა მიხეილ ვაშაკიძის სახელი. როცა მეც ცნობილი ვიქნები, ერთი ჩემი სახელობის კრატერიც იქნება მთვარეზე (იცინის).

– კოსმოსში ვის წაიყვანდი თან?

– ერთი წაყვანა, თუ გული არ გაუსკდება, დედაჩემს წავიყვან, ერთხელ – ჩემს შეყვარებულს. ისე მიდის საქმეები, მგონი, მაშინაც მიშა იქნება ჩვენი პრეზიდენტი 2013 წელს იტყვის, 2016 წლამდე არ წავალ პრეზიდენტობიდანო, ხოდა, წავიყვან კოსმოსში და დაისვენებს საქართველო. მერე ერთ ფილმს გადაიღებს „ნასა” ჩვენს „მოგზაურობაზე,” როგორც „არმაგედონი” გადაიღეს, ისე. მე მსახიობობაც მომწონს და „ნასას“ ოფისში რომ ჰოლივუდმა გადაიღოს რამე, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, ოღონდ, ნაღდი როლი უნდა იყოს და არა სენტიმენტები და ეროტიკა „ნასაში“ (იცინის).

– ასეთ როლზე რატომ იტყვი უარს?

– და მყავს, დედა მყავს, სირცხვილია..

– ქრისტიან-დემოკრატებს არ წაიყვან კოსმოსში?

– არა, ადგილები შეზღუდულია და მაგათი ადგილი სად იქნება?

– კარგი ბიჭი ხარ. ახლა ის მითხარი, „ნასას” გარდა კიდევ რაზე ოცნებობ?

– საქართველოს გაერთიანებაზე, მინდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი დავიბრუნოთ.... კიდევ მინდა, რომ სინთეზატორი მიყიდონ, შემპირდნენ, დეკემბერში გიყიდითო, მაგრამ ფული შემოეხარჯათ, ბიუჯეტში გარღვევა აქვთ.

– იქნებ, თოვლის ბაბუამ მოგიტანოს ახალ წელს?

– რაც მიშამ ჩვენი კორპუსი სტაფილოსფრად შეღება, მას შემდეგ აქ თოვლის ბაბუასთვის თვალი აღარ მომიკრავს, ეტყობა, არ მოსწონს „მიშას ფერები“... (იცინის).


скачать dle 11.3