კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა ჯაბა კილაძის დაბადება მისი მშობლებისთვის საეჭვო და რატომ მალავდნენ მას ორი წელი


რამდენიმე წლის წინ ჯაბა კილაძე არჩევნის წინაშე დადგა – მიუხედავად ფეხბურთის დიდი სიყვარულისა და კარგი მონაცემებისა, მსახიობი გახდა. ოთხი წლის წინ კი, არჩევნის გაკეთება პირად ცხოვრებაში მოუწია, როცა ცოლს დაშორდა. მისი მშობლები შვილის ამ ნაბიჯით გამოწვეულ ტკივილს დღემდე გულში ატარებენ, თუმცა პატარა ლიზის რომ ხედავენ, ყველაფერი მაშინვე ავიწყდებათ. ამჯერად ჩვენ მათ საოჯახო ალბომს გადაგიშლით.

– ქალბატონო ციცინო, როგორ გახსენდებათ ჯაბას დაბადება და ბავშვობა?

– მაშინ, როცა ჯაბაზე ვიყავი ფეხმძიმედ, არ იყო „ეხო“. ღმერთი რასაც მოგვცემდა, ის გვიხაროდა. მუცლის ფორმის მიხედვით, ყველა მეუბნებოდა, გოგოაო. ჩემი ქმარი დამესიზმრა, ვითომ კიკინები ჰქონდა და ვფიქრობდი, ალბათ, თემურს დაემსგავსება-მეთქი. მერე, რომ დაიბადა და მითხრეს, ბიჭიაო, გადავირიე, იმდენად გოგოს მოლოდინში ვიყავით. თემური ღამე შემოვიდა პალატაში, შემოაპარეს. ხომ არის ასეთი გამონათქვამი – ადამიანი თავის ტყავში ვერ ეტეოდაო. მართლაც, აი, მაშინ ვნახე, როგორ ვერ ეტევა ადამიანი თავის ტყავში. სიხარულისგან კინაღამ გასკდა. ვერ გადმოგცემ, ეს რა იყო. ბავშვი პირველ კვებაზე დილით ადრე მოჰყავდათ. სანიტრად ერთი მურთხი გოგო ჰყავდათ, მკლავზე მუთაქებივით რომ დაილაგებდა ამ ბავშვებს, სულ გული მისკდებოდა. მომიგდო ბავშვი და წავიდა. დავხედე, ბავშვი გალურჯებულია. არ მახსოვს არაფერი, მაგრამ სადღაც ხუთ წუთში, მთელი საავადმყოფო ჩემს პალატაში იყო. ექიმებს ვუთხარი – თითი არ დააკაროს ბავშვს, აქ არ დავინახო შემოსული. თვითონ წავიყვან ჩემს შვილს და მოვიყვან-მეთქი. ჩათვალეს, რომ გიჟი ვარ და იმ გოგოს უთხრეს – კარგი, თავი დაანებეო. ერთმა მითხრა: აი, თქვენ რომ ამდენს ლაპარაკობთ, პირბადე არ გიკეთიათო. მე ვუპასუხე: რომელ პირბადეზე მელაპარაკები, ლოგინში შენხელა ტარაკნები დამდიან ზედ. ჩემი შვილია, მინდა ვაკოცებ, მინდა, გადავყლაპავ-მეთქი. იმ ღამით, ნელ-ნელა, ძლივს ავდექი და ბავშვი ბლოკში წავიყვანე. იმ გოგომ რომ დამინახა, იყვირა – აქ არ შემოხვიდეო. ბავშვი მოვიყვანე-მეთქი. ვინ არისო, დახედა: კობიაშვილი-კილაძე. აგერ არის კილაძეო. რადგან კ-ზე იწყებოდა გვარი, ნორმალურად აღარ დახედეს და ჩემი შვილის საწოლში სხვა ბავშვი ჩააწვინეს. მეორე სკანდალი იქ მოვაწყვე. თქვენ გიჟები ხომ არ ხართ, ვინ ხართ-მეთქი. რა თქმა უნდა, ბავშვები არ აირეოდნენ. დღეს სიცილით კი მახსენდება, მაგრამ მაშინ ჩემთვის ეს საშინელება იყო.

– რთულად გასაზრდელი იყო?

– მძიმე გასაზრდელი იყო იმ მხრივ, რომ ალერგიულ ფონზე ადვილად ემართებოდა ბრონქიტი, რაც ასთმურ ბრონქიტში გადაუვიდა. დიდხანს ვიწვალეთ. მთელი ბავშვობა საავადმყოფოში გავატარეთ. არ იყო კაჟივით ბავშვი, რასაც უნდათ, რომ ჭამენ და როგორც უნდათ, რომ დარბიან... რაც შეეხება მის თვისებებს, ბუნებით ლიდერია. ყოველთვის ჰქონდა მეგობრების ორგანიზების უნარი... ერთად გაიზარდნენ და ერთმანეთი ძალიან უყვართ. ოჯახში არასდროს დაგვიმალავს ერთმანეთისთვის რამე და არასოდეს ჰქონდა იმის იმედი, რომ თუ რაღაცას დააშავებდა, მე გავიგებდი და ჩემს იქით ეს ამბავი არ გავიდოდა. თუ რაღაც არ მომეწონებოდა, არ არსებობდა, თემურისთვის არ მეთქვა. რასაც ჩადებ შვილში, ის არსად მიდის, უკან გიბრუნდება დიდი დოზით.

თემური: ბევრი რამ არ იყო სათქმელი ციცინოსთვის. რაღაცეებს ხომ ვხედავდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, ამის გარეშე არ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა მშობელი, მეც ვფიქრობდი, სახლიდან რომ გავიდოდა, ნარკოტიკებს ან რაღაც უბედურებას არ გადაჰყროდა. არ გავუშვებდი შანსს, რომ ამ თემაზე დღეში რამდენჯერმე არ მელაპარაკა. 6 წლის იყო სიგარეტი რომ მოსწია. შევამჩნიე, მალავდა. ეტყობა, იფიქრა, მამაა და თავზე ხელს არ გადამისვამსო. უბრალოდ ვუთხარი, – ვიცი, რატომაც მოგინდა, იმან მოწია, ამან მოსწია და რომ არ ჩამორჩე და შენზე რაღაც არ თქვან, ამიტომ. ეს ყველაფერი გავლილი მაქვს. ხუთი რომ ეწევა, ხუთივეს ქვეცნობიერად უჩნდება იმის სურვილი, რომ შენც მათნაირი იყო. აბა, შენ იყავი ისეთი, როგორიც უნდა იყო და მერე ნახე, თუ ისინი არ მოგბაძავენ-მეთქი. აქედან გამომდინარე, ქიციც იცის და ქიცმაცურიც. ბამბაში და საბანში გახვეული არ გაზრდილა.

– ვიცი, რომ ჯაბა სულ თან დაგყავდათ თეატრში. რას გაიხსენებთ?

– თეატრში ხან ვის ვუტოვებდი, ხან – ვის. ერთ დღესაც თეატრის ორ თანამშრომელ ბიჭს ვთხოვე, – ჯაბა ცოტა ხნით დაიტოვეთ და რომ მოვალ, მერე ორივეს ლუდს მოგიტანთ-მეთქი. დავბრუნდი, ერთი სული მაქვს, როდის მივალ და ვნახავ ბავშვს. შევედი ოთახში და რას ვხედავ, ერთს იქეთ ჩასძინებია, მეორეს – აქეთ. ჯაბუნა კი ხელით აჯანჯღარებს – ოთო, რამაზ!

ძალიან მორცხვი იყო. ერთხელ თეატრში მივდივართ. სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვედით და ვხედავ, თეატრის ეზოში მსახიობები დგანან. ოჰ, ჯაბა-ჯუბა მოვიდაო, – გაუხარდათ. ფეხებზე ამეკრა, დაიმორცხვა. მერე ვუთხარი, – კარგი რა, მამა, კაცი არა ხარ? ვინმეს რომ დაინახავ, ნუ ამეტყეპები უკან, კაცურად უთხარი გამარჯობა-მეთქი. ერთ დღესაც რომ ჰკითხეს, ჯაბა-ჯუბა როგორ ხარო, შეაგინა, – წადი, შენი კარგიც... ეს რა თქვი, არ გრცხვენია-მეთქი და ტირილი დაიწყო. დაიბნა. ვეღარ გაიგო, როგორ მოქცეულიყო.

– ჯაბას სახელთან დაკავშირებითაც საინტერესო ამბები გადაგხდენიათ. მოგვიყევით.

– სამშობიაროდან ხომ უნდა გამომეყვანა და მმაჩის ბიუროში მივედი, რომ დაბადების მოწმობა ამეღო, მკითხეს – რას დაარქმევო. ჯაბას-მეთქი. ერთი მსუქანი ქალი იყო, რომ შეხტა, კინაღამ სკამიდან გადავარდა. როგორ თუ ჯაბას, ქართული სახელი უნდა დაარქვათო. ახლა მე გავბრაზდი. მგელუკა დავარქვა თუ ვეფხია. ჩემი შვილია და რასაც მინდა, იმას დავარქმევ-მეთქი. არა, გინდა თუ არა, გიორგი უნდა დაარქვათო. საშინლად გავბრაზიდი, რაც გინდათ, ის ქენით, თავი დამანებეთ-მეთქი. სამი ცალი 25 მანეთი გადავიხადე სახელში და მაინც გიორგი ჩაუწერეს.

ერთ დღეს რეპეტიციიდან სახლში მოვედი, რაღაცაზე გაბრაზებული. ისევ უნდა წავიდე და გაწამაწიაში ვარ, ციცინოც რეპეტიციაზე გარბის, ჯაბა გარეთ დაწანწალებს. შემოვიყვანე სახლში და საჭმელად დავსვი. არ ჭამდა და გავუბრაზდი, დროზე შეჭამე-მეთქი. ამ დროს კარზე კაკუნია. ვიღაც ქალი შემოვიდა. ჯაბა რატომ არ ჭამ-მეთქი და თავში წამოვარტყი. რაო, უცებ იყვირა ამ ქალმა. დავიბენი. როგორ გეკადრებათო... უკაცრავად, მაგრამ, რა როგორ მეკადრება-მეთქი? ვიფიქრე, იმათი რამე ხომ არ არის, მმაჩის ბიუროში რომ იყვნენ. რა გნებავთ, ქალბატონო-მეთქი. რატომ ზვიადი არ დაარქვითო. მივხვდი, რომ რაღაც ვერ არის და ღიმილით ვუპასუხე – ეს ისე ვეძახი ჯაბას, როცა ვბრაზდები, თორემ ისე ზვიადი ჰქვია-მეთქი.

ერთხელაც, ძველი კინოსტუდიიდან მოვდივართ. ტროლეიბუსში ავედით. ჯაბას მძღოლის გვერდით, წინ უყვარდა ჯდომა. გაქანდა და დაჯდა. დაიძრა და ესეც აფართხალდა. ჯაბა-მეთქი, დავუძახე და ამაზე მთელი ამბავი ატყდა. ციცინოს ვეუბნები, უკან არ გაიხედო, თორემ ან ჩვენ ჩაგვქოლავენ, ან ბავშვს-მეთქი. ვერ მიხვდნენ, ვინ ვის დაუძახა, თორემ იქ ამბავი ატყდებოდა... ეტყობა, იოსელიანის ამბებზე იყვნენ გაბრაზებული. რა ვქნა, იოსელიანის არსებობაც არ ვიცოდი მაშინ. ბაბუაჩემის სიყვარულით დავარქვი ეს სახელი.

ციცინო: ორი წელი მარტყოფში გვყავდა. სახლის სახურავზე ტყვიებს რაკა-რუკი რომ გაჰქონდა და აქ, მოედანზე ტანკები მიდი-მოდიოდნენ, ბავშვი გაგიჟდა. ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, ძალიან დაიზაფრა. მოვკიდეთ ხელი და მარტყოფში წავიყვანეთ. ის ორი წელი მისთვის საოცრება იყო. დედაჩემი, მამიდაჩემი იქ იყვნენ და ბავშვს კარგად უვლიდნენ. აქედან რაღაცეები ჩაგვქონდა. იმათ არც მოშიებიათ და არც სიცივე უგრძნიათ. ძროხა, კურდღლები, მტრედები, ცხენები გვყავდა და ამ ყველაფერს რომ უყურებდა, ძალიან მოსწონდა. ახლაც, რომ ჩავა, ბიჭები მოახტებიან ცხენებს და დააჭენებენ. იმ პერიოდმა მის ბავშვობაში ნათელი კვალი დატოვა.

– მსახიობობის სურვილი როდის შეამჩნიეთ?

– სკოლას ამთავრებდა, რომ თქვა, მსახიობობა მინდაო. მანამდე ფეხბურთზე იყო გადარეული. ოცდაათი წელია, თეატრალურში ვასწავლი, თუმცა ჩემს შვილს არავის მიხმარება არ დასჭირვებია, თვითონ მოვამზადე და გავუშვი. მართლა გამიკვირდა... იმიტომ, რომ სულ ამბობდა აღარ მინდა ამ თეატრის დანახვა, იქ გავიზარდეო. მედეა კუჭუხიძემ დადგა ასეთი სპექტაკლი „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“. სოფიკო ჭიაურელი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, კოტე მახარაძე და სხვები თამაშობდნენ. მე და ჯაბაც ვთამაშობდით, ის – პატარა უფლისწულს, მე – თარჯიმანს. ვხედავ, მე მომჩერებია. მე ნუ მიყურებ, შე ოხერო, მამაშენს შეხედე-მეთქი. მეფეს ვგულისხმობდი. ის კიდევ მაინც გაკვირვებული მიყურებს. დაიბნა ბავშვი, ვერაფერი გაიგო.

– „ჯინსების თაობა“, შეიძლება ითქვას, მისი სავიზიტო ბარათია. სადაც ის მხოლოდ გეგა კობახიძეს კი არ ასახიერებს, გარეგნულადაც ჰგავს. როგორ მოხვდა ამ სპექტაკლში?

– ალბათ, ყველაფერი იღბალია. მეღვინეთუხუცესის დაბადების დღე იყო. იმ დროს თემური ქალაქში არ იყო და ჯაბას ვთხოვე, წამომყევი, მარტო ხომ არ წავალ, კაცურად გვერდით დამიდექი-მეთქი. ძალიან არ უნდოდა, მაგრამ ბევრი თხოვნის შემდეგ, წამომყვა. დოის ერთი პერიოდი ძალიან უნდოდა ამ სპექტაკლის დადგმა და არავინ ადგმევინებდა. ჯაბა რომ ნახა, მთხოვა, შენი შვილი უნდა მათხოვოო. ძალიან დიდი მსგავსება დაინახა ჯაბასა და გეგას შორის. გამიხარდა, შენ ისეთი ადამიანი ხარ, ჩემს შვილს ყველგან განდობ-მეთქი. მაშინ ჯაბა მეორე კურსზე იყო. ეს სპექტაკლი დღემდე წარმატებულია.

– როცა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, როგორ მიიღეთ?

თემური: ყველაზე ბოლოს, ალბათ, მე გავიგე. ამ დროს, ფიქრობ, ყველაფერი კარგად გააკეთო – ნიშნობა, ქორწილი, რომ არ შერცხვე. გამიხარდა, მალე შვილიშვილი მეყოლება-მეთქი, მაგრამ ორი წელი გააჯანჯლეს ბავშვის გაჩენა. ჯაბა 24 წლის იყო. მეც მაგ ასაკში მოვიყვანე ცოლი.

– თამთა ჭელიძესთან მისი დაშორება, ალბათ, თქვენთვისაც მტკივნეული იყო.

– ამაზე დღესაც მტკივა გული, მაგრამ არის ისეთი რაღაცეები, სადაც ვერ ჩაერევი. საერთოდ, ორი ადამიანი რომ კამათობს და იქ მესამე ერთვება, თუნდაც კეთილი სურვილებით, ვბრაზდები. პირველი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი, როცა ოჯახი ინგრევა, ასეთ რაღაცეებს ვერ ვეგუები. ამ სახლში ცხოვრობდნენ, ხმამაღალი სიტყვა, აყალ-მაყალი, ჩხუბი ჩვენთან ურთიერთობაში არ ყოფილა. დღესაც, მიუხედავად ყველაფრისა, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ვურეკავთ. ხან მოდის. როცა მეზობლის დაბადების დღეა, ლიზი მოჰყავს და ბავშვი მაგ დროს ჩვენთანაა. ჯაბა ხედავდა, როგორ განვიცდიდი, რა დღეშიც ვიყავი და ველაპარაკე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჩემი საქმის მე ვიციო, – მითხრა. რაღაცეებში ძალიან პრინციპულია. როცა ცოლი მოიყვანა, ისიც ვუთხარი, – მორჩა, აქეთ-იქით აღარ უნდა გაიხედო-მეთქი. აი, მაგაზე თავს დავდებ. დღე და ღამე ერთად იყვნენ, სადაც მიდიოდნენ, ყველგან ერთად მიდიოდნენ. ეტყობა, ჩათვალა, რომ ასე უნდა იყოს და იქ ჩარევას აზრი აღარ ჰქონდა. შეიძლება, მე და ციცინო ასჯერ გავცილებულიყავით ერთმანეთს, ცხოვრებაა, მაგრამ ეს არც მე დავუშვი რაღაც მომენტში და არც ციცინომ. კი, ჩემი შვილია, სისხლი და ხორცი, მაგრამ კონკრეტულ რაღაცას ის სხვანაირად უყურებს, მე – სხვანაირად.


скачать dle 11.3