კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაშორდება თუ არა თინა კანდელაკი ქმარს და ჩამოვა თუ არა ის თემო დოლიძესთან


მან რუსეთის „წლის ქალბატონის“ ტიტული მიიღო, მაგრამ მისთვის ტიტულებსა და ჯილდოებს უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. გაუკვირდა, როდესაც დავურეკეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ, რადგან, ფიქრობს, რომ თინა კანდელაკი – საქართველოში მიუღებელი სახელი და გვარია. რეალურად კი, მისი სკანდალებითა და ჭორებით სავსე ცხოვრება, შეუძლებელია, საინტერესო არ იყოს ნებისმიერი ქართველისთვის. მათ ხომ კარგად ახსოვთ მეორეარხელი თიკა კანდელაკი, რომელიც ყოველ საღამოს, 7 საათზე, ულამაზესი ღიმილით გვესალმებოდა.


თინა კანდელაკი: ამ წელს უამრავი რამ მოხდა. სამსახურზე თუ ვისაუბრებთ, ძალიან ბევრი რაღაც გახდა ნათელი. აქამდე, ორი კომპანია მქონდა: ერთი აკეთებდა „არარეალურ პოლიტიკას“ და მეორე – „ყველაზე ჭკვიანს“. ორივე კომპანია გაძლიერდა, სერიოზული გახდა და წლის ბოლოს კიდევ ერთი კომპანია დავაარსეთ, რომელიც სატელევიზიო პროდუქციის შესაქმნელად უფრო დიდი მასშტაბების მქონეა. უკვე ვარ იმ კონდიციაში, როდესაც საკუთარ თავს არა მხოლოდ როგორც ჟურნალისტს ან ტელეწამყვანს, არამედ როგორც ბიზნესმენს, ისე ვხედავ.

– თინა, რუსეთის „წლის ქალბატონად“ გაღიარეს. როგორ ხდება ეს, რის მიხედვით ენიჭებათ ადამიანებს ეს ტიტული?

– რუსეთის „კონდენასტის“ უფროსთან, ერთად ვიყავი ვახშამზე და მან მითხრა, რომ ეს გამოკითხვების შედეგად დგება. თუ უცხოეთში ახალი სახეები ძალიან მალე ხდებიან პოპულარულები, შესაძლოა ერთი შოუთი ან ერთი როლით უდიდესი პოპულარობა მოიპოვონ, რუსეთში ასე მარტივად არ არის საქმე. ყველამ იცის, რომ რუსეთში ყველაზე აქტიურები მე და ქსიუშა სობჩაკი ვართ და აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ ჩვენ მივიღეთ ეს ტიტული. სიმართლე გითხრა, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ჩემი კომპანია ადევნებს თვალყურს ასეთ რაღაცეებს, ერთგვარ მონიტორინგს აკეთებს. ჩემი კომპანიისთვის და დედაჩემისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. მე ამის დრო აღარ მაქვს. იმიტომ კი არა, რომ არ მაინტერესებს, უბრალოდ, მართლა სულ საქმეს ვაკეთებ. წელს, ვიცი, რომ „ტეფი“ ავიღე, მაგრამ დაჯილდოებაზე ვერ მივედი.

– როგორ ფიქრობ, გყავს რუსეთში რეალური კონკურენტი?

– მე და ქსიუშა ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მოვიდა დრო, საკუთარი თავი კარგად გავყიდოთ. რა არის წამყვანი? იწყებ კონკრეტული საქმით, კონკრეტული გადაცემით და მერე უკვე საკუთარი თავის მასშტაბირებას აკეთებ, საინტერესო წინადადებები და პროექტები დინებას იწყებს, შეგიძლია, ძალიან სარფიანი სარეკლამო კონტრაქტები აიღო, მაღალი ჰონორარები მოითხოვო. იმაზე დიდი ჰონორარები და კონტრაქტები, რომლებიც, შეიძლება, ჩვენ გვქონდეს, რუსეთში არავის აქვს. მაგრამ შემდეგი ნაბიჯი მაინც ბიზნესია, როდესაც შენ აკეთებ კომპანიას, რომელიც არა მხოლოდ შენს თავს, სხვა ადამიანებსაც უკეთებს პრომოუშენს. მინდა, მქონდეს საკუთარი ტელეარხი. როდესაც ტელეკომუნიკაციები ახალ სიხშირეზე გადავა, მასში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება კონკურენციას, ვართ რუსეთში ხუთი-ექვსი წამყვანი – ყველაზე პოპულარული და „მოთხოვნადი“. თუმცა, თითქმის არავინაა დაკავებული ბიზნესით, ამიტომ, ალბათ, ამ მხრივ გამოვირჩევი.

– როგორ მოხდა შენი და ქსიუშას – შენი ყველაზე დიდი კონკურენტის დამეგობრება?

– ძალიან კარგად ვიცნობ მის ოჯახს. დედამისს ათი წელია, რაც ვიცნობ, შემდეგ გავიცანი მამამისიც. რაც შეეხება დამეგობრებას, საერთო წრე გვყავს, საერთო მეგობრები. ქსიუშას ძალიან უყვარს ქართველები და უამრავ ქართველთან მეგობრობს. ჩემს დაბადების დღეზე „თბილისოს“ გაგონება ვის გაუკვირდება, მაგრამ ქსიუშა სობჩაკის დაბადების დღეზეც თუ „ყვავილების ქვეყანას“ და „თბილისოს“ მღერიან, რთული წარმოსადგენია, მაგრამ ასეა. სხვათა შორის, ჩემი და ქსიუშას დაბადების დღეებს შორის ხუთდღიანი სხვაობაა, რომელიც წინა თვეში იყო და ეს დღეები ერთად აღვნიშნეთ. ჩვენს ტორტში სამოცდათორმეტი სანთელი იყო: ქსიუშა 28-ის გახდა, მე – 34-ის. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა.

– თინა, შენი ოცნების მამაკაცი არსებობს?

– ვერაფერს დავმალავ, თუ ასეთი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება, ყველა გაიგებს, რადგან ჩემს ყოველდღიურობას უამრავი ჟურნალისტი და პაპარაცი ახლავს თან. დღესდღეობით მე და ჩემი ქმარი ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და გაშორებას არც ვაპირებთ. ჩვენ ძალიან ბევრი წელი გავატარეთ ერთად და გადავწყვიტეთ, პატარა პაუზა გაგვეკეთებინა. რით დამთავრდება ეს, ნამდვილად არ ვიცი. რაც შეეხება ოცნების მამაკაცს, ჩემს ასაკში ამ ყველაფრის უკვე ნამდვილად მჯერა. არ ვიცი, რა სიტუაციაა საქართველოში, მაგრამ რუსეთში ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგო უამრავ რამეზე ხუჭავს თვალს იმის გამო, რომ მამაკაცისგან რაღაც „ობრაზი“ შექმნან და მიაღწიონ ვითომ იდეალურ ურთიერთობას.

– იქნებ გაიხსენო დაუვიწყარი ახალი წელი შენს ცხოვრებაში?

– მელანო გაჩნდა 2000 წელს, მილენიუმში. ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო, რადგან მინდოდა, ახალი წლის ღამეს გამეჩინა. ორჯერ წავედით საავადმყოფოში, მაგრამ ორჯერვე უკან გამომაბრუნეს (იცინის). საბოლოოდ, მელანო თერთმეტში გაჩნდა. ეს ახალი წელი მახსოვს რატომღაც განსაკუთრებულად. ადრე ახალი წლის ღამეს ძალიან ბევრი იყო სამუშაო, მაგრამ წელს ასე არ მოვიქცევი. უფრო საინტერესო იქნება, რომ შენთვის და შენი ახლობლებისთვის რამე დაუვიწყარი მოაწყო. ნამდვილად ვარ მისული იმ ფინანსურ მდგომარეობამდე, რომ ახალ წელს მუშაობის მაგივრად ჩემს შვილებთან ვიყო. არის, სხვათა შორის, საინტერესო წინადადებები, თუ არადა, შენ თვითონ გააკეთე, როგორც გინდა, დაპატიჟე, ვინც გინდა, როგორც პუგაჩოვა აკეთებდა თავის დროზე. არ ვიცი, რას ვიზამ, შეიძლება, თავი მოვაბა და გავაკეთო, შეიძლება, ჩემთან მოვიდნენ და მთელი მოსკოვი ახალ წელს ჩემთან აღმოჩნდეს.

– სად ერთობა ახალ წელს მთელი ელიტა?

– სხვადასხვა ადგილას, უამრავი კლუბი და რესტორანია, მაგრამ ჩემთან, სახლში, ოცდამეთორმეტე სართულზე ახალი წლის შეხვედრას რა ჯობია?! რაც შეეხება თბილისურ ახალ წლებს, რაც მახსოვს, ყველა ახალ წელს „მეორე არხზე“ ვხვდებოდით. დაუვიწყარი დრო იყო. არცთუ ისე დიდი იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, ახალგაზრდები ვიყავით, ვაკეთებდით ახალ ტელევიზიას და უბედნიერესად ვგრძნობდით თავს. მანამდე მამაჩემი ბევრგან არ მიშვებდა, მუშაობა რომ დავიწყე, ეს თითქოს ჩემი თავისუფლების გამოხატულება იყო. უბედნიერესი იყო ის დრო, როდესაც ყველანი ერთად ვიყავით „მეორე არხზე“.

– ვიცი, რომ ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსვლას აპირებდი თბილისში. რა მოხდა, გადაიფიქრე?

– დიახ, მე და ქსიუშა ვაპირებდით ჩამოსვლას, მაგრამ, ვფიქრობ, არავისთვის დასამალი აღარ არის ის ფაქტი, რომ თავისუფლად ვერ ჩამოვდივარ. მაგრამ, მეფენიც იცვლებიან და სულ ასე რომ არ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ვფიქრობ, საქართველოში ძალიან ბევრ ახალ წელს შევხვდები...

– ყოველ შემთხვევაში, სადაც ხვდები, იქ „თბილისოს“ მღერი?

– რა თქმა უნდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ძალიან ბოღმა ადამიანი ატყუებს ხალხს და აცხადებს, რომ ის, ვინც ახლა მოსკოვშია, მოღალატეები არიან. აქ ძალიან ბევრი ქართველია, მათ შორის ბევრი ძალიან შეძლებული ქართველი, ქართული ელიტის, ხელოვნების ბევრი წარმომადგენელი. მოსკოვში მცხოვრები სომხები, აზერბაიჯანელები ყველანაირად ცდილობენ თავიანთ ქვეყანაში რაიმე სასიკეთოს გაკეთებას, თან ამას ორგანიზებულად აკეთებენ, ფულს ხარჯავენ, რაღაცის განვითარებას ცდილობენ. ჩვენ აქ ძალიან ბევრნი ვართ. არ დაიჯეროთ, რომ მოსკოვში ცხოვრობს სამი ქართველი – კანდელაკი, პავლიაშვილი და ბრეგვაძე, ეს არის ტყუილი. სამსახურში სულ ქართველებით ვარ გარშემორტყმული, მათ შორის ძალიან წარმატებულები არიან. მირანდა მირიანაშვილი, უნიჭიერესი ქართველი მომღერალი გათხოვილია არაჩვეულებრივ რუს ბიზნესმენზე. წვეულება არ ეწყობა, სადაც სანატრელი არ აქვთ, რომ მირანდამ იმღეროს. მაგრამ, გამოდის, რომ ეს არავის აინტერესებს, რადგან ის მოსკოვშია. ძალიან ბევრ ქართველს აქვს აქ ბიზნესი. რაიმე დღესასწაულია, ღონისძიება თუ სხვა რამ ყველანი ერთად ვართ.

– შენს წარმატებაში რა წვლილი მიუძღვის იმას, რომ კანდელაკი ხარ?

– ძალიან დიდი. ხანდახან საშინლად მეშლება ნერვები იმაზე, რომ მიწევს, ვიღაცეებს რაღაცეები დავაჯერო. ყველას ყოველთვის მოსწონდა და უყვარდა ჩემში ჩემი ქართველობა. სხვათა შორის, ჩემი შემოტანილია ის, რომ დღეს რუსულ ენაში ქართული ხუმრობები დამკვიდრდა. ჩემმა მეგობრებმა: აიტაცეს და ახლა მთელი მოსკოვი ამბობს „კეკელკა“, „გოიმი“... ასეთი შეფასება რომ მინდა და რუსულ შესატყვისს ვერ ვპოულობ, პირდაპირ ქართულად ვამბობ. მერე იწყება კითხვები, რა თქვი, რა თქვიო და რაღაცნაირად ვახერხებ ახსნას. როდესაც „რუბინმა“ ნოუ-კამპზე თამაში მოიგო, თურქმენეთის პრეზიდენტმა მითხრა, მსოფლიომ ახლა გაიგო, რომ არსებობს ასეთი ქვეყანა, არსებობს ყაზანიო. ფეხბურთი საოცრად აერთიანებს. „რუბინის“ წვეულება მიმყავდა. წარმოიდგინე, კანდელაკს მიჰყავდა, ირაკლი ფირცხალავა მღეროდა და „რუბინში“ მოთამაშე სამი ქართველი ფეხბურთელი: კვირკველია, სალუქვაძე, რევიშვილი გემრიელად ერთობოდნენ. ეს არის რეალობა და სხვა არაფერი. ის, რომ საქართველო და ქართველობა უყვართ, ეს ჩემი სიტყვები კი არა, რეალობაა. რუსეთში არ არის ასეთი რაღაცეების გარჩევა. ყველაზე პოპულარული იუმორისტული შოუ – „კომედი ქლაბი“ – სომხების შექმნილია, მისი ხელმძღვანელი, არტურ ჯანიბიჯიანი, ჩემი უახლოესი ძმაკაცია. როგორი მხარდაჭერაც აქ მცხოვრებ სომხებს თავიანთი ქვეყნიდან აქვთ, ისეთი რომ გვქონდეს ქართველებს ჩვენი ქვეყნიდან, ყველაფერში პირველები ვიქნებოდით. ეს ქვეყანა უპრობლემოდ იღებს კარგ იდეებს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის შექმნილია. ახლა რა იუმორიც ტრიალებს მთელ რუსეთში, ეს არის წმინდა წყლის სომხური იუმორი და არავის აზრად არ მოსდის, თქვას, აუ, რად გვინდა სომხური იუმორიო.

– თინა, როდის შეიძლება, თბილისში გელოდოთ?

– ზაფხულში მინდა ჩამოსვლა ჩემს თბილისში. ვაჟა-ფშაველაზე მცხოვრები ძმაკაცები კი სულ მეძახიან და მთხოვენ ჩამოსვლას. ისე, ჩემი ბავშვობის მეგობარი, თემო დოლიძე, ყველაფერს თვალყურს ადევნებს, სულ მიყვება, რას წერენ, რას ამბობენ ჩემზე. ყოველ წელს მეპატიჟება ბათუმში და მეუბნება, რომ ზაფხული სენ-ტროპეს ნაცვლად მასთან ერთად, ბათუმში გავატარო. ვნახოთ, იქნებ ჩამოვიდე კიდეც თემო დოლიძესთან ბათუმში.


скачать dle 11.3