რაში დაეხმარა თემურ ქეცბაიას ბერძენი მილიონერი და რას არ ასწავლის ის თავის ცოლს
ერთი თვეა, რაც თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელია, ქართული ფეხბურთის ქომაგები მისი გუნდისგან დიდ წარმატებებს ელიან – იმის მიუხედავად, რომ, 18 წელია, რაც თემური საქართველოში არ ცხოვრობს, სამშობლოში მაინც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და წლებმა მის პოპულარობას ვერაფერი დააკლო. როგორც თავად ამბობს, ნაკრების თავკაცობა მისი ბედისწერაც იყო და დიდი ცხოვრებისეული გამოცდის წინაშეც აღმოჩნდა, თუმცა ასეთი „გამოცდები“ მას არც წარსულში აკლდა. გალიდან დევნილ ფეხბურთელს წლების წინ საბერძნეთშიც ბევრი სირთულის დაძლევა მოუხდა. როგორია თემურ ქეცბაიას კვიპროსული ცხოვრება, რას უძლებს მისი ბერძენი მეუღლე და ვის მონატრებას ჩამოჰყავს ის თბილისში, ამის შესახებ ეროვნული ნაკრების თავკაცი თავად გიამბობთ.
– როგორ ხართ, როგორ ეჩვევით საქართველოს ნაკრების თავკაცის ამპლუას?
– ვცდილობ, ნელ-ნელა შევეჩვიო. წელიწადში შვიდი-რვა თამაში და ამდენივე შეკრება მოგვიწევს. პირველი ოფიციალური თამაში გვაქვს სექტემბერში, ასე რომ, საკმაოდ დიდი დრო გვრჩება იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ. ხშირი სატელეფონო ურთიერთობა მაქვს ფეხბურთელებთან. როცა კლუბის მწვრთნელი ხარ, მაშინ ყოველდღიური კონტაქტია საჭირო, ახლა, ჯერჯერობით არაა აუცილებელი. იყო საქართველოს ნაკრების წევრი ძალიან დიდი პატივია. ვიცი, რა სირთულეებთანაც არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს არასახარბიელო შედეგები ჰქონდა.
– ეს ძალიან მსუბუქი შეფასებაა. იმასაც კი ხუმრობდნენ, ქართულ ფეხბურთს ჯადო აქვს გაკეთებულიო. თუ გავითვალისწინებთ, რა წარმატებებს მიაღწია თქვენი ხელმძღვანელობით ბერძნულმა გუნდმა, ჯადოს მოხსნის წესები კარგად უნდა იცოდეთ.
– ვნახოთ, ეგ წესები აქ როგორ გამომადგება (იცინის). მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატებები ჰქონდეს და ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი გავამართლო. ბერძნული გუნდიდან საკმაოდ რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში წამოვედი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემ ირგვლივ ისეთი რაღაცეები მოხდა, ეტყობა, ჩემი მოსვლა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ბედისწერაც იყო. როცა ქართული ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები დავიწყე, იმ პერიოდშიც იყო რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ მე სხვა არაფერზე მიფიქრია, თუმცა ამ სიტუაციაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობის ხელმძღვანელობა იოლი გადასაწყვეტი არ იყო. მინდა, რომ რაღაც გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. ეს იყო ერთადერთი შანსი, რომელიც ყველას არ ეძლევა და ამ შანსზე უარს როგორ ვიტყოდი? ზუსტად იმ პერიოდში, როცა ნაკრების მწვრთნელი გავხდი, გარდაიცვალა მამაჩემი. ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. როგორც ჩანს, ცუდი და კარგი ერთად მოდის ცხოვრებაში
– ბოლო წლებში ქართული ფეხბურთი ძალიან პოლიტიზებული გახდა. ყველა პოლიტიკური ჯგუფი თავის კანდიდატურას ლობირებდა მწვრთნელის პოსტზე. თქვენ გაგიწიეს რეკომენდაცია პოლიტიკურ წრეებთან? ბოლოს და ბოლოს, გაემიჯნება ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთს?
– ხომ დავინახეთ, რომ პოლიტიკა და ფეხბურთი ერთმანეთს უნდა ჩამოშორდეს და ორივემ საკუთარი გზით უნდა იაროს?! მე ლობისტები არ მყოლია, ფედერაციის ახალ პრეზიდენტს საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა ვიცოდი, როგორ წარმატებებს მიაღწია მისი ხელმძღვანელობით ზუგდიდის გუნდმა. ის არ ერევა ფეხბურთის სპეციალისტების საქმეში. დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებას ისე არ მიიღებს, ამის შესახებ არავის არაფერი ჰკითხოს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ერთი გუნდი, რათა ქართულმა ფეხბურთმა წინ წაიწიოს.
– ფეხბურთელების ცხოვრებაში ბედნიერი და წარუმატებელი დღეები ერთმანეთს მოულოდნელად ცვლის. ერთი უიღბლო თამაში და, შეიძლება, ძალიან უცებ ჩამოვარდე დიდების მწვერვალიდან. ასეთი დღეები თქვენს ცხოვრებაშიც იყო?
– როგორც ფეხბურთელი, იღბლიანი ვარ. იღბალი ყველა საქმეში საჭიროა, მით უფრო – სპორტში. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ძალიან ბევრჯერ მითამაშია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ის, რომ წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორი. 1990 წელს გავხდი პირველი ეროვნული ჩემპიონატის ჩემპიონი კლუბებს შორის და მომანიჭეს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემი ხელმძღვანელობით კვიპროსის გუნდი და „ოლიმპიაკოსი“ მოხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ეტაპზე. ეს ჩემი სპორტული ბიოგრაფიის ის დღეებია, რაც არასდროს დამავიწყდება. ყველაზე მძიმე პერიოდი მქონდა სულ ახლახან, როდესაც გარდაიცვალა მამაჩემი. მას ძალიან დიდი როლი მიუძღოდა ჩემს წარმატებებში. მასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. თუ რამეს მივაღწიე ცხოვრებაში, ეს არის მამაჩემის დამსახურება. მყავს ერთი ძმა და ერთი და. ბავშვობაში, როდესაც მამა მიხვდა, რომ ფეხბურთის თამაში მინდოდა, ბევრი რამ გადადო გვერდზე და მხარში დამიდგა. თბილისში რომ ჩამოვედი და სპორტულ სკოლა-ინტერნატში ჩავაბარე, პატარა ვიყავი, მერე „დინამოში“ დავიწყე თამაში და დავრჩი თბილისში. ჩემი მშობლები ომის შემდეგ ჩამოვიდნენ თბილისში და საკმაოდ რთული ცხოვრება გადაიტანეს. ძალიან ძნელია, როცა კარგავ სახლ-კარს; როცა გაიძულებენ, უარი თქვა საკუთარ ცხოვრებაზე. ღმერთის წყალობით, ამ ყველაფერს გავუძელით, მაგრამ ისე ძალიან მენატრება აფხაზეთი, დღე არ გავა, რაიმემ იქაურობა რომ არ გამახსენოს.
– თქვენ საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით მაშინაც, როდესაც საბერძნეთში წახვედით. როგორ შეძელით თავის დამკვიდრება, მართლა სიმამრი დაგეხმარათ, რომელიც, როგორც ამბობენ, ბერძენი მილიონერი იყო?
– მე და ჩემს სიმამრს ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ახლა ის ცოცხალი აღარაა. მილიონერი არ იყო, მაგრამ ბიზნესი ჰქონდა. მეც დამეხმარა. თავიდან ძალიან გამიჭირდა თავის დამკვიდრება, არ ვიცოდი ენა, რაც ბევრ ბარიერს მიქმნიდა. ძალიან მიჭირდა იქაურ სიცხესთან შეჩვევა, მერე კი ნელ-ნელა ყველაფერი აეწყო. ბიზნესი არ მაქვს. ჩემი ბიზნესი არის ფეხბურთი. როცა რამდენიმე საქმეს ერთად აკეთებ, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოდის. ამიტომ, მირჩევნია, მარტო ფეხბურთში ვიყო. როგორც ფეხბურთელს, არასდროს მიმიცია გულშემატკივრისთვის იმისი საბაბი, რომ ჩემთვის ცუდად შემოეხედა. როცა ვთამაშობდი, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებდი. ღმერთის წყალობით, ახლა მე და ჩემი მეუღლე ჩვენი რესურსებით გავდივართ იოლად. ადრე ის მამამისის ბიზნესში იყო ჩართული – მოტოციკლებისა და მანქანების მაღაზია ჰქონდათ და მას მართავდა. მე „ჩამოვაშორე“ ოჯახურ ბიზნესს, ახლა მაღაზიას მისი ძმა მართავს, მას კი ოჯახის საქმეები აბარია (იცინის).
– ასეთი რთული მოსავლელი ხართ?
– არც ისე ადვილი პიროვნება ვარ. არაა ფეხბურთელის ცოლობა იოლი, ფეხბურთელის ცხოვრება მარტო მოგება ხომ არ არის. ასე რომ, ჩემი მეუღლე ჩემ გამო ბევრ სირთულეს უძლებს. ჩემი ოჯახის ქალებისთვის ფეხბურთი დომინანტი თემაა. ჩემს ქალიშვილსაც უყვარს ფეხბურთი, ის 13 წლისაა და ყოველთვის დადის თამაშებზე. ადრე იყო დაკავებული სპორტით, მერე ფეხი იტკინა და თავი დაანება.
– საქართველოში საცხოვრებლად არ გადმოდიხართ?
– აქ ჩამოვდივარ თვეში ერთხელ მაინც, ახლა, ალბათ, უფრო ხშირად მომიწევს ჩამოსვლა. ძალიან ძნელია, რომ უცებ მივატოვო იქაურობა და აქეთ გადმოვიდე. ბავშვი სკოლაში დადის, უცებ ვერ შევუცვლი გარემოს. სკოლას რომ დაამთავრებს, მერე ვნახოთ, გამორიცხული არაფერია. ჩემი ცოლი და ქალიშვილი ბევრჯერ არიან ნამყოფი თბილისში, ძალიან მოსწონთ აქაურობა. განსაკუთრებით სამების ტაძრით მოიხიბლნენ. ჩემი ყველა სტუმარი აღფრთოვანებული დარჩა თბილისით.
– მეუღლეს ასწავლეთ ქართული სამზარეულო?
– ეს ძალიან ძნელია და, არც მინდა, რომ ქართული სამზარეულო აითვისოს. მირჩევნია, ქართული კერძები მომენატროს და, აქ რომ ჩამოვალ, უფრო სხვა გემო ექნება. იქ ისე ვცხოვრობთ, როგორც ყველა ნორმალური ოჯახი. გვყავს დიდი სამეგობრო, მაგრამ, რაც არ უნდა კარგად იყო უცხოეთში, მაინც ისე ვერ გრძნობ თავს, როგორც სამშობლოში. მე სიყვარული და პოპულარობა არც იქ მაკლია, მაგრამ აქ სხვანაირ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ. მიხარია ის, რომ ყველგან მაფასებენ, ჯერ როგორც ადამიანს და, მერე – როგორც ფეხბურთელსა და მწვრთნელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. საქართველოში უფრო მეტად მიხარია ის განწყობა, რასაც ვხედავ. ალბათ, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ საქართველოს ნაკრებს ჩავდგომოდი სათავეში.
– ახალ წელს აქ შეხვდებით თუ კვიპროსში?
– კვიპროსში. 18 წელია, რაც ახალ წელს საქართველოში არ შევხვედრივარ, უკვე იქაურ ახალ წლებს შევეჩვიე. ხშირად მეგობრები ჩამოდიან ხოლმე ჩემთან და როგორც ქართველებს გვჩვევია, ისეთ მასპინძლობას ვუწევ მათ. ცოტა კი მერევა ხოლმე ცხოვრების რეჟიმი, მაგრამ ახლობლების სტუმრობა ძალიან მიხარია. დალევა არ მიყვარს, მაგრამ სუფრები იშლება ხოლმე. იქ სადღეგრძელოების თქმა არ იციან და ქართველების გრძელ-გრძელი სადღეგრძელოები ცოტა უკვირთ. მეც იქაურ წესზე გადავედი, არ მიყვარს გრძელი სადღეგრძელოები. სუფრასთან ჩემთვის უჩვეულო ფუნქციას ვითავსებ ხოლმე და თარჯიმანი ვხდები. გრძელ სადღეგრძელოებს მოკლედ ვთარგმნი, ოღონდ, არ ვიტყუები – ტექსტთან მიახლოებით ვამბობ ქართულ სადღეგრძელოებს ბერძნულად... (იცინის).