სისხლდაბედებულები
„შენი ცინიზმი ჩემსას სჯობია“
ღვთის რისხვით თუ კაცთა უგუნურებით, ისე მოხდა, რომ ქუთაისში დიდების მემორიალის ლიკვიდაციას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამიტომაც ამ ტრაგედიას არა მხოლოდ ძლიერი, დაუვიწყარი რეაქციაც მოჰყვა (გარდა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის შენობა, ისევე, როგორც თბილისში, ქუთაისშიც სისხლშენთხეული იქნება). ამის მიუხედავადაც, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ასაფეთქებელი უნდა აფეთქებულიყო და ჩვენ არაფერი გვესაქმება საბჭოთა დიდების ქვაში განსხეულებულ ძეგლებთან (და მერე რა, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგ ქართველთა მონაწილეობით არც ერთი ომი არ მოგებულა). მეორე მხრივ, ოპოზიცია არა შემსრულებლების, არამედ იდეის ავტორების დასჯას ითხოვს და იმაშიცაა დარწმუნებული, რომ მემორიალის აფეთქების მიზანი სწორედ რფ-ს გახელება იყო. თავის მხრივ, რფ-მ, პრინციპით, „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“, ამ ფაქტს ვანდალური და საერთო გმირული ისტორიის გადახაზვის მცდელობა უწოდა, მეტიც, მათ ევროპელ კოლეგებსაც მოუწოდეს ფაქტის დაგმობისკენ. მანამდე ვლ. პუტინმა ძეგლის მოსკოვში აღდგენაზე დასტურიც მისცა, ბ. გრიზლოვმა კი ისიც დაამატა, ჩემი ერთი თვის ხელფასს ჩამოვდივარ ძეგლის აღდგენის ფონდშიო (ეს რუსული აქტივობა ფრიად ლოგიკურია: ცოცხალ ქართველებს, მათ, რა თქმა უნდა, დახოცილი ქართველების მოსაგონარი ძეგლები ურჩევნიათ!). რუსი პოლიტელიტის დასავლელებისადმი მიმართვას მათმა ქართველმა კოლეგამ, კერძოდ, ბ-ნმა მაჭავარიანმა, ცინიკური უწოდა. ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ჩვენი ვიცე-სპიკერის პათოსს, რადგან კარგად გვახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოში სწორედ რუსული ბომბები გვაცვიოდა თავზე. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ იმ აგვისტოს შემდეგ ჩვენი პრეზიდენტი თავის ახალ სასახლეში გადაბარგდა, გამოდის, რომ, სადაც პუტინისას ვიტყვით, არც ჩვენი ცინიზმი უნდა დაგვავიწყდეს!