„აჰ, ნეტავი ერთად იყოს თბილისი და პარიზი“
ანფისა – ქართულად
უდავოა, რომ ქართველი საზოგადოების სექსუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პიონერობა სტეფანესა (იგივე სტ¸პას) და კახუჩელას (იგივე კახაბერს) ეკუთვნით. მათ ამ საპატიო ტიტულში ნაკლებად თუ ვინმე შეეცილება და, ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც მადლიერი შთამომავლობისგან ძეგლებსაც კი გამოჰკრან ხელი, თორემ, სახელების უკვდავყოფა, წყალი არ გაუვა, განაღდებული აქვთ. განაღდებული აქვთ, ვინაიდან, სწორედ მათ მოუვიდათ თავში იდეა, რომ ერთ დროს მინისექსსიმბოლო ნინასთვის საქართველოსდროშიანი აზღუდი ჩაეცმიათ, რომელსაც ეს უკანასკნელი ღირსების ორდენთან ერთად დიდი რუდუნებით ინახავს თავისი სახლის ერთ-ერთ კუთხეში (პატრიოტიც ამას ჰქვია!)! ამიტომაც, სავსებით ბუნებრივი იყო, როდესაც ამ ჩვენს, ლევიტანის ნოსტალგიით გაჟღენთილ ტელეეთერს ნახევრად შიშველი ახალი სექსსიმბოლოც შეემატა, მისი პირველი ღამის სტუმრები კი სწორედ ჩვენი ზემოჩამოთვლილი გმირები გახლდნენ. მართალია, იმ ღამეს სექსუალობა ისევე აკლდა, როგორც ჩვენს ბიუჯეტს – სოციალური პრიორიტეტები, სამაგიეროდ, პიონერები (სტ¸პა და კახაბერი) დაგვპირდნენ, რომ, სხვა თუ არაფერი, პრეზერვატივის გამოყენებას მაინც ასწავლიდნენ თავიანთ ბნელ თანამემამულეებს, განსაკუთრებით, „თინეიჯერებს“. ბუნებრივია, ეს ძალისხმევა მოსახლეობის გასაევროპელებლადაა მიმართული, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ პარიზს „ცისფერი“ მერი ჰყავს, რაც ჭეშმარიტი თავისუფლების სიმბოლოდაა მიჩნეული და, ზედაც დავამატებთ, რომ მაისში ჩვენც გვაქვს არჩევნები, ბრმისთვისაც ნათელია, რომ გასაევროპელებლად უნიკალური შანსიც გვეძლევა. შესაბამისად, ურიგო არ იქნებოდა, მერის პოსტზე ერთი პატიოსანი და პროფესიონალი „ცისფერი“ შეგვერჩია, რომ ნამდვილ ევროპულ სიოს ამ ჩვენს მრავლისმნახველ ბებერ თბილისშიც დაებერა!