მა-ის-ში!
თხის პატრონებს – თხის კუდი
ზოგი ჯადოსნური ღამისთვის ემზადება, ზოგიც – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ოპოზიციაც თავისას ცდილობს (რა თქმა უნდა, არასაპარლამენტო, თორემ, წესით, საპარლამენტოს ისედაც უნდა გამოაკვრევინონ ხელი რაიმეზე), თუმცა, ისიცაა, რომ ხეირიანად ვერც გაერთიანება მოახერხა და ვერც დაშლა. ხოლო, ვიდრე ისინი რაიმეს მოახერხებენ, თბილისის მერი დროს არ კარგავს და მოსახლეობას იმადლიერებს: ამ თუ სხვა მიზნით, თბილისელი პენსიონერები მარტიდან 10 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ (შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენებური ხანდაზმულები თვალსა და ხელს შუა მდიდრდებიან). ამის პასუხად, „ქრისტიან-დემოკრატები“ სვამენ კითხვას: რატომ არ ემატებათ პენსია თბილისის გარეთ მცხოვრებ პენსიონერებს, ოღონდ ამ კითხვას თავადვე პასუხობენ: იმიტომ, რომ მერს პირდაპირი წესით მხოლოდ თბილისში აირჩევენ! ამის პარალელურად, თებერვლიდან, თბილისის მერიისავე ინიციატივით, 23 წელს ზემოთ მყოფი თბილისელები სახელმწიფოს ხარჯზე ინგლისურსა და კომპიუტერზე მუშაობასაც შეისწავლიან. კურსები სამთვიანია და, სწავლების გასრულების შემდეგ, ანუ მაისის დასაწყისში, მერია მათგან წარმატებულების დასაქმებაზეც იზრუნებს. მეტიც, 2 000 სოციალურად დაუცველი ოჯახის თითო-თითო წევრი მშენებლობაზეც დასაქმდება (რა თქმა უნდა, იანვარ-თებერვლიდან). აქედან გამომდინარე კი, უდავოა, რომ მაისის დასაწყისში ბ-ნ უგულავას მადლიერი თბილისელების არმია ეყოლება.
P. S. „და გლეხებს უხარიათ იმის გამო, რომ … წელიწადში ერთხელ, თავისი შვილის დაბადების დღეს, ზაალი გლეხებს მაძღარ ქეიფს უმართავს.
… ის კი აღარ ახსოვდათ, რომ ეს გამოსაღებიც თვითონვე ჩააბარეს გზირებსა და იასაულებს, ჩაფრებსა და მოურავებს, და დღეს თხის პატრონს მხოლოდ თხის კუდიღა უნდა რგებოდა.“